ქართული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ენა
გავრცელებულია საქართველო, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 5 მლნ.-ზე მეტი
ოფიციალური სტატუსი საქართველო
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: ka
ISO 639-2: geo (B) kat (T)
ISO/FDIS 639-3: kat

ქართული ენაქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

ქართული დამწერლობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქართული დამწერლობა.

ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.

ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492—493 წწ). ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოაჩინეს წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I—II საუკუნეებით თარიღდება[საჭიროებს წყაროს მითითებას].

ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში[რედაქტირება]

ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.

მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).

ისტორია[რედაქტირება]

ქართული ენის წარმოშობის თეორიები[რედაქტირება]

ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა[1].

რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.

ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.[1]

ქართული ენის განვითარების საფეხურები[რედაქტირება]

ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.

თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.

ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.

სალიტერატურო ენის ნორმათა ჩამოყალიბების ისტორიიდან[რედაქტირება]

მთავრულები ქართულში[რედაქტირება]

ზოგიერთ უცხო ენაში (რუსული, ინგლისური, სომხური ...) წინადადების პირველი წევრი და კერძო სახელები მთავრულით იწერება. XIX საუკუნეში იყო შემოთავაზება ამ წესის შემოღებისა ქართული ენისთვისაც. დიმიტრი ყიფიანი ამბობდა:

ვიკიციტატა
„რატომ ასომთავრულებს აღარა ვხმარობთ? ევროპული ქრისტიანული მართლწერა გეთაკილებათ, თუ უფრო თათრულსა და არაბულს ამჯობინებთ?“
(ჟურნალი „ივერია“, 1880, N#1; გვ. 103)

მთავრულებს განსაკუთრებით იცავდა სილოვან ხუნდაძე. „სალიტერატურო ქართულში“ მან ჩამოაყალიბა თავისი აზრი. იგი ამბობს, რომ მხედრულში მთავრულებად გამოყენებული იყო ხუცური[2]. ძველად ხშირად წითლური იხმარებოდა, ე.ი. წითელი მელნით ან კინოვარით წერდნენ ხოლმე სათაურებს და „რომელიმე ტექსტის ინიციალებს“. მთავრულები ძალიან უადვილებს მკითხველს კითხვას. მათი შემოღება პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებულიაო[1].

ჰაე და სანი ზმნაში[რედაქტირება]

და პრეფიქსები ყოველთვის დაუსრულებელ დავას იწვევდა . ზოგიერთი გრამატიკოსი ამ ნიშნებს ზმნაში ზედმეტად მიიჩნევდა, ზოგიერთი ხელშეუხებლად მიიჩნევდა. საინტერესოა ის, რომ როდესაც მსჯელობდნენ ჰ და ს ნიშნების თაობაზე, ყურადღებას არ აქცევდნენ მათი გამოყენების მორფოლოგიურ წესს, — საკითხი განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკის თვალსაზრისით და გამოდიოდა, რომ ან ყველა ზმნასთან უნდა ეხმარათ ნიშნები, ან არც ერთთან[1].

კილოები[რედაქტირება]

სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.

შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.

არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.

გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული და თუშური; 6. გურული და აჭარული.

ბესარიონ ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა)მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა)ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.

ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;

საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.

გრამატიკული დახასიათება[რედაქტირება]

თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.


1978 წლის 14 აპრილი[რედაქტირება]

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.

ციტატები[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? .....სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…“
(ილია ჭავჭავაძე)
ვიკიციტატა
„დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან… და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა…“
(იოანე ზოსიმე)

ლიტერატურა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 შოთა ძიძიგური, «სიტყვის ცხოვრება»; 1988, გვ. 143
  2. იგულისხმება ასომთავრული



ქართველური ენები
ქართული | მეგრული | ლაზური | სვანური
ქვეჯგუფი: კავკასიური ენები.