დიმიტრი ერმაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი ერმაკოვი
დაბადების თარიღი 1846
ნახიჩევანი
გარდაცვალების თარიღი 1916
თბილისი
მშობლები მამა: ლუდოვიკო კამბიაჯო
მამინაცვალი: ივანე ერმაკოვი

დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი (დ. 1846, ნახიჩევანი — გ. 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი), 1916, თბილისი) — წარმოშობით იტალიელი, რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალისტი, ეთნოგრაფი. დაჯილდოვებული იყო ბრინჯაოს მედლით (1878)[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ერმაკოვი დაიბადა 1846 წელს ნახიჩევანში[2]. მისი მამა იყო იმ დროისათვის კარგად ცნობილი იტალიელი არიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო, რომელიც ჯერ მუშაობდა ყირიმში, შემდეგ კი მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით კავკასიაში ჩამოვიდა ქალაქ ოდესიდან და მუშაობდა შემახასა და ბაქოს პროვინციაში; დედა — მოლაკნელი გლეხის ქალი.

1860-იან წლებში ახალგაზრდა ერმაკოვმა გაიარა, ანანურთან მდებარე სამხედრო-ტოპოგრაფიულ დეპოს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო ტოპოგრაფების ერთწლიანი კურსი, რომელიც კავკასიის ცალკეულ კორპუსში 1812–1863 წლებში ფუნქციონირებდა. აღნიშნულ პერიოდში ის ეუფლება ადგილის ტოპოგრაფიულ გადაღებასა და საგამომცემლო საქმეს.

1866 წელს ერმაკოვი უახლოვდება პეტრე კოლჩინს და მასთან ერთად თბილისში დვორცოვაიას ქუჩაზე აარსებენ მის პირველ პორტრეტულ ფოტოსახელოსნოს — „მხატვარ კოლჩინის და ერმაკოვის ფოტოგრაფია“ (რუს. „Фотография художника Колчина и Ермакова“). პირველი ფოტოსახელოსნო აქ 1846 წელს ფოტოგრაფებმა ვ. ხლამოვმა და ა. როინაშვილმა გახსნეს, რომელსაც „რემბრანტი“ დაარქვეს. მხატვარ კოლჩინის გავლენამ ერმაკოვზე უკვალოდ არ ჩაიარა და ფოტოსახელოსნოში დადგმულმა სცენებმა თანდათანობით მიიღო მხატვრული პორტრეტის სახე.

1870 წლის 4 ნოემბერს რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა საერთო შეკრება გრაფ ფ. ლიტკეს თავჯდომარეობით. შეხვედრაზე სხვათა გვერდით ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფოტოგრაფმა დ. ერმაკოვმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იმოგზაურა თურქეთის აზიურ ნაწილში (თორთუმის რაიონში) და გადაიღო ბევრი უცნობი ძეგლის ფოტო, რომლებიც გადმოცემულ იქნა საზოგადოების საკუთრებაში[3]. 1871 წლის მარი ბროსეს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ფოტოები საკვლევად მას გადასცა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ. ის ასევე უთითებს იმას, რომ ერმაკოვი თორთუმის რაიონში ტრაპიზონიდან გადავიდა, სადაც ის ასევე აქტიურად უღებდა იქაურ სიძველეებს ფოტოებს. მ. ბროსეს თქმით მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემულ ფოტოებში ასევე მოხვედრილი იყო გურიის, იმერეთის, სვანეთისა და აფხაზეთის ფოტოებიც[4].

1896 წელს გამოიცა ერმაკოვის პირველი კატალოგი, სადაც შეტანილია ტაოს, გურიის, იმერეთისა და სვანეთის ფოტოებო. ცხადია, რომ აღნიშნულ კატალოგში შეტანილი ფოტომასალა ვერ იქნება მასზე გვიან გადაღებული. ხოლო 1870-1896 წლებში ცნობილია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში დ. ბაქრაძის (1873), ა. პავლინოვის (1888) და პ. უვაროვას ექსპედიციები, რომელთა ფოტოებიც ცნობილია საზოგადოებისათვის. ერმაკოვის ფოტოგადაღებებზე საუბრობს დიმიტრი ბაქრაძეც თავის 1873 წლის გურია-აჭარის ექსპედიციაში.

1871 წელს ფოტოგრაფი თავის ნამუშევრებს პირველად გზავნის პარიზში და ხდება საფრანგეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი (ფრანგ. „Société française de photographie“). იმ დროიდან მოყოლებული დიმიტრი ერმაკოვი აქტიურად მონაწილეობს ევროპის საერთაშორისო გამოფენებზე.

დ. ერმაკოვის წერილი. 1872

1872 წელს ერთვება არქეოლოგიურ ექსპედიციაში თურქეთის აზიურ და ევროპულ ნაწილში. დიმიტრი ერმაკოვის მოვალეობა არქიტექტურული ძეგლების ფოტოგრაფირება იყო. შესაძლოა ის ასრულებდა ტოპოგრაფიულ გადაღებებს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს დავალებით. იმავე წლის 18 (30) ნოემბრის ერმაკოვის წერილიდან ჩანს რომ მან ფოტოები ამასიაში გადაიღო[5].

1870-იან წლებში ის თავის ნამუშევრებს გზავნის რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებაში, კონკრეტულად კი თურქეთის სომხეთის ნაწილს.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ 1870-იანი წლების პირველ ნახევარში ერმაკოვი ეცნობა ახალგაზრდა დამწყებ ფოტოგრაფს ანტუან სევრიუგინს, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თეირანში დიპლომატთა ოჯახში. ერმაკოვმა სევრიუგინს გაუღვიძა ეთნოგრაფიული პორტრეტების გადაღების სურვილი და მალევე ბრუნდება სპარსეთში, სადაც 1873 წელს სევრიუგინი ხსნის მის პირველ ფოტოსახელოსნოს. სავარაუდოდ იმავე პერიოდში ერმაკოვი სევრიუგინისაგან სპარსეთში ღებულობს მოწვევას. სპარსეთში მოგზაურობის დროს მან გადაიღო ეთნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და მიიღო „მისი აღმატებულება სპარსეთის შაჰის ფოტოგრაფის“ ტიტული და ჯილდოვდება ლომისა და მზის მეორე ხარისხის ორდენით.

1874 წელს ერმაკოვი (ტრაპიზონი[6]) მონაწილეობას ღებულობს საფრანგეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების მეათე გამოფენაში, სადაც წარდგა თურქეთის ამასიის 17 ფოტოგრაფიული ხედით, შესრულებული სველკოლოდიური მეთოდით, რაზეც ის მედლით დაჯილდოვდა. აღნიშნული, ამავე ასოციაციის 1874 წლის 5 ივნისსა და 3 ივლისის ბიულეტინებშია შეტანილი[7]. თავის 28 წლის ასაკში, დიმიტრი ერმაკოვს მოპოვებული ჰქონდა საერთაშორისო აღიარება.

1875 წელს კონსტატინოპოლში შეეძინა ვაჟიშვილი ივანე.

1875 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია ავლენს დ. ერმაკოვს თურქეთის საქართველოში ფოტოგადაღების საწარმოებლად

1875 წლის 24 სექტემბერს, პარიზის გამოფენაზე წარმატების შემდეგ ის მოწვევას ღებულობს მოსკოვის არქოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტის გრაფინია პრ. უვაროვასაგან რათა აწარმოოს ფოტოგადაღებები კავკასიაში არქეოლოგიურ გათხრებზე[8]. ერმაკოვი მონაწილეობას იღებდა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების, სამაროვნების ფოტოფიქსაციაში და ახდენდა მათ კატალოგიზაციას.

დ. ერმაკოვის 1896 წლის კატალოგის №463 და №464-დან ირკვევა, რომ იგი იმყოფებოდა ამასიაში, სადაც მან აღმოაჩინა წარწერიანი ქვა, ხოლო №646 და №647-დან კი — რომ ასევე წარწერიანი ქვა აღმოაჩინა ანგორაში (ძვ. ანკარა). კატალოგში მისი სახელი დაფიქსირებულია ასევე №1929 ჩანაწერში, საიდანაც ირკვევა, რომ ერმაკოვი იმყოფებოდა შავშეთ-კლარჯეთში, საიდანაც ჩამოიტანა ქართული ეპიგრაფიკული წარწერა და ჩააბარა კავკასიის მუზეუმს ტფილისში.

1876 წლის 21 იანვარს (2 თებერვალს) კავკასიის სამხატვრო საზოგადოების მუდმივ საგამოფენო დარბაზში გამოიფინა დ. ერმაკოვის მიერ თურქეთში გადაღებული ხედები და ტიპაჟები, ასევე ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები და წარწერები[9].

1877 წელს გამოცემულ 1878 წლის კავკასიის კალენდარში, ერმაკოვი წარმოდგენილია კავკასიაში ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების წევრ-კორესპოდენტად ქალაქ ტრაპიზონში[10].

1880 წლის მარტში ტფილისში ჩატარდა არქეოლოგიური ყრილობა, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული დ. ერმაკოვის მიერ ოშკის, ხახულის, დოლისყანის და სხვა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისთვის გადაღებული ფოტომასალის მნიშვნელობა. იქვე ახსენეს მოგზაურების ნარიშკინისა და ერმაკოვის (?) მიერ ამიერკავკასიაში გადაღებული 200-მდე ფოტო, რომლებიც გეოგრაფიულ საზოგადოებას გადაეცა[11].

1877–1878 წლებში ერმაკოვი მუშაობს სამხედრო ფოტოგრაფად რუსეთ-თურქეთის ომში, სადაცრუსეთის არმიის გენერალური შტაბისათვის იღებდა კავკასიის ფრონტის ხაზის ფოტოებს. ერმაკოვის ფოტოების (კატალოგის №2093-2198) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საომარი მოქმედებების დროს ის იმყოფებოდა 41-ე ფეხოსანთა დივიზიის დისლოკაციის ადგილზე. ომის პერიოდში მას საშუალება მიეცა გადაეღო სხვადასხვა რანგისა და პროფესიის ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოსამსახურეთა ტიპები.

ომის დამთავრების შემდეგ ერმაკოვი კვლავ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. ასე 1878 წელს მისი ფოტოები წარდგენილი იყო პარიზის საერთაშორისო გამოფეანზე. 1878/(1879 3 აპრილი) წელს მონაწილეობა მიღებული აქვს მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე, სადაც ასევე ჯილდოვდება მედლით. მოგვიანებით 1879 წელს ფოტოების ნაწილი ახლადდაარსებული მოსკოვის ანთროპოლოგიური მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. 1882 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სამრეწველო-სამხატვრო გამოფენაზე, სადაც მორიგი ბრინჯაოს მედალი მიიღო.

1882 წელს „პარიზის პანორამების საზოგადოებამ“ პეტერბურგსა და მოსკოვში მოაწყო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი ფერმწერის ფილიპიტოს (Henri Félix Emmanuel Philippoteaux) მიერ ყარსის აღება. თავად ფერმწერი ყარსში არასოდეს ყოფილა, მაგრამ ტილო დაუხატია დიმიტრი ერმაკოვის მიერ 1880 წელს ყარსისთვის სპეციალურად გადაღებული ფოტოების მიხედვით[12]. პარიზის პანორამების საზოგადოების დირექტორმა ვაშინგტონმა, დიმიტრი ერმაკოვს შესთავაზა, რომ გადაეღო ასეთივე ფოტოები კონსტანტინოპოლისათვისაც[13].

1883 წლის დეკემბრიდან 1884 წლის მაისამდე იმყოფებოდა სპარსეთში, სადაც გადაიღო მრავალი ხედი და პორტრეტი. გაწეული სამუშაოებისთვის მას მიენიჭა შაჰის სასახლის ფოტოგრაფის ტიტული და დაჯილდოვდა მზისა და ლომის ორდენით[14].

1881 წელს დიმიტრი ერმაკოვი მისი ისტორიაში ღვაწლის გამო არჩეულ იქნა რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების წევრად. 1907 წელს ერმაკოვი არჩეულია მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად.

1884 წელს კავკასიაში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროს მიერ მოვლენილი ჟან მურიე. მან დიმიტრი ერმაკოვთან ერთად მოიარეს მანგლისი. ტფილისის გუბერნიის დათვალიერების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა მოენახულებინა იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი და გურია. გურიიდან უნდა გამგზავრებულიყო ახალციხის მაზრაში, იქედან კი ეჩმიაძინში. მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო დაღესტნისა და ჩრდილოეთ კავკასიის მონახულებით[15].

1898 წლის ოქტომბერში სტუმრად ჩამოსულ ბარონ დე ბაისა და ჰიუჯ კრაფტთან (Hugues Krafft) ერთად იმყოფებოდა ერევნის გუბერნიაში[16].

დიმიტრი ერმაკოვი ბევრს მოგზაურობდა და იღებდა კულტურულ ძეგლებსა და ეთნიკური უმცირესობების ტიპაჟებს. თავისი ფოტოგადაღებებისათვის ის იყენებდა გაუმჯობესებულ სამოგზაურო ფოტოტექნიკას ი. ფილიპპენკოსა და სტერეოსკოპულ კამერას დ. ეზუჩევსკოვისაგან.

XIX საუკუნის დასაწყისიდან ის ფიქრს იწყებს მისი ნამუშევრების შენარჩუნებაზე, რაზეც მიწერმოწერა ჰქონდა პეტერბურგის ალექსანდრე III-ის მუზეუმის კავკასიის განყოფილებასთან 500 ფოტოს გადაცემის თაობაზე.

1910 წელს დიმიტრი ერმაკოვმა თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა სვანეთში საიდანაც მან 1500 ნეგატივი ჩამოიტანა.

ერმაკოვის ფოტოკოლექციის დიდი ნაწილი ინახება საქართველოში ჯანაშიას მუზეუმში, ნაწილი ასლების სახით მოფენილია საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, აშშ-ს, დიდიბრიტანეთის რუსეთის მუზეუმებში.

დიმიტრი ერმაკოვმა თავისი 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა უამრავი ფოტომასალა, რომელთა რაოდენობა 25000-მდე მერყეობს, რომელთა უმრავლესობის ნახვა დღეს შესაძლებელია სიმონ ჯანაშიას თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. 1897 წელს იგი აირჩიეს კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა ხელისშემწყობ საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად; 1907 წელს ხდება მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, 1912 წელს კი - თბილისის კაზმულ ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებელი.

28-го октября, въ 6 час утра скончался
ДМИТРИЙ ИВАНОВИЧЪ
ЕРМАКОВЪ.

დიმიტრი ერმაკოვი გარდაიცვალა 1916 წლის 10 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერს), დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე. მიუხედავად დიდი დამსახურებებისა, მისი არც გარდაცვალება და არც დაკრძალვა არც ერთ იმდროინდელ პერიოდიკაში არ გამოქვეყნებულა ნეკროლოგის სახით, გარდა 1916 წლის 29 ოქტომბრის № 242 „Тифлиский листок-ისა“.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ერმაკოვი დაქორწინებული იყო ანა ბიხოლდზე (რუს. Анна Бихольд, Anna Bicholz), რომელიც იყო ლუდოვიკო კამბიაჯოს ყირიმელი მეგობრის ავსტრიელი წარმომავლობის არქიტექტორის შვილი. მასთან შეეძინა სამი შვილი: ივანე (1875–1942) — ცნობილი ფსიქიატრი, მწერალი და მხატვარი; ალექსანდრე (1877-1924) — ფოტოხელოვანი, გააგრძელა მამის საქმე (თბილისში ნავით მტკვარზე გადაცურვისას დაიხრჩო) და ლუდმილა (გ. 1955) გათხოვდა პოლონელ ლეონარდ ტერპილოვსკიზე მოსკოვში[17]. წყვილის დაშორების შემდეგ, ანა ბიხოლდი თავის ქალიშვილ ლუდმილასთან მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა.

ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, დიმიტრი ერმაკოვს პატრონობდა ეროვნებით რუსი ქალბატონი ანა ზინოვიევნა ლოკში (Anna Zinovievna Loksh). თბილისში დ. ერმაკოვის გარდაცვალების შემდეგ ა. ლოკში გადავიდა მოსკოვში, რომელმაც გაიყოლა ერმაკოვის დარჩენილი ფოტოკოლექცია. ა. ლოკშისაგან ერმაკოვის კოლექციის ნაწილი შეიძინა, რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმმა. ა. ლოკშისა და დ. არსენიშვილის შორის მიმოწერიდან ირკვევა, რომ თბილისის მუზეუმმა ასევე შეიძინა ნაწილი ფოტოებისა ერმაკოვის კოლექციიდან. 1930-1940 წლებში მოსკოვის შჩუსევის სახელობის არქიტექტურულმა მუზეუმმა ა. ლოკშისაგან შეიძინა საქართველოსა და სომხეთის ხუროთმოღვრების 750 ერთეული ფოტო[18].

ა. ლოკშის გარდაცვალების შემდეგ რადგანაც მას და დ. ერმაკოვს შვილები არ ყავდათ, დარჩენილი ფოტოკოლექცია ერმაკოვის შვილიშვილის — მილიტრისა დავიდოვას ოჯახში დარჩა[19].

ინიციალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტო ალბომიდან „კავკასიის ტიპები და ხედები“ (D. Ermakow)

დიმიტრი ერმაკოვის გადაღებულ ფოტოებს ახლავს დამღა მისი ხელმოწერით, რომელზედაც იკითხება დ. ი. ერმაკოვი (დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი), მაგრამ დღევანდელი რუსული მართლწერიდან გამომდინარე აღნიშნულ დამღაში ასო „ი.“ (И.) იკითხება როგორც „ნ.“ (Н.), რის გამოც ზოგი დ. ი. ერმაკოვის ინიციალებს წერს, როგორც დ. ნ. ერმაკოვს (Д. Н. Ермаков). აღნიშნული არამართებულია, რადგანაც XIX საუკუნეში ასოებმა რუსულ დამწერლობაში, განსაკუთრებით კი ასო „ი“-ს გრაფემამ რეფორმა განიცადა და იმ დროს მიღებილი იყო როგორც „Н“-ს მაგვარი, ისე კლასიკური „И“-ს გამოყენება. ამისი ნათელი მაგალითია И. Н. Александров-ის ხელმოწერის დამღა. თავად დ. ერმაკოვი თავის ინიციალებს თანამედროვე კლასიკური ფორმით წერდა.

გვხვდება ასევე დ. ერმაკოვის ინიციალები შესრულებული ლათინური ასოებით (D. Ermakow), ის როგორც წესი ფრანგულენოვან ტექსტებში გვხვდება. როგორც ცნობილია ის აქტიურად აგზავნიდა საფრანგეთში თავის ფოტოებს ფოტოგრაფიულ არსქეოლოგიურ თუ სხვა საზოგადოებებში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად. ლათინური ასოებით შესრულებული ინიციალები ასევე გვხვდება სალონურ ფოტოებზეც.

დიმიტრი ერმაკოვი — ფოტოგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეგატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე დიდი კოლექცია ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და საქართველოს ეროვნულ არქივში (კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი). ერმაკოვის ფოტოკოლექცია შესაძლებალია ინახოს აგრეთვე თეირანის გოლესტანის მუზეუმში. ფოტოთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიის მუზეუმში. მცირე კოლექციების ნახვა შეიძლება ამსტერდამში, ნიდერლანდებსა და პარიზში.

ერმაკოვის ფოტოკოლექციამ დიდი გზა გაიარა ჩვენამდე რომ მოღწეულიყო. აი რას იწერება ექვთიმე თაყაიშვილი:

ვიკიციტატა
„ეს იყო მაშინ, როცა დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული პლასტინკების კოლლექციის სყიდვა განვიზრახე „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის“. კოლლექციის სყიდვას გრაფინია უვაროვისა აპირებდა. ტფილისიდან ამ კოლექციის წაღება ჩვენთვის დიდი ზარალი იქნებოდა. ამიტომ წინდაწინ მოურიგდი ერმაკოვის მემკვიდრე ქალს ფასში, – სულ ორმოცდაათი ათასი მანეთი უნდა მიმეცა. წერა-კითხვის საზოგადოებას ჰქონდა სხვადასხვა თანხები და ამ საზოგადოების გამგეობისაგან დასტური მივიღე თანხის სესხებისა, თუ მას გარანტია ექნებოდა დაბრუნებისა. ჩემი გეგმა იყო, თანხა გაენაღდებინათ ბაქოს ქართველთა მრეწველებს, რომელნიც ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებებს უხვად ეწეოდნენ ხოლმე. მე პირდაპირ იოსებთან მივედი, თუმცა მასთან არ დავბინავებულვარ. გავაცანი ჩემი გეგმა და კატეგორიულად განვუცხადე, როგორც არ იყოს და რა საშუალებითაც არ იყოს, ეს თანხა უნდა მოგვიხერხოთ-მეთქი. იოსებმა მითხრა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ფული ახლა ხელში არა მაქვს და როგორ მოვიქცეო. მე ასეთი წინადადება მივეცი: შენ მხოლოდ განაცხადე, რომ შენ ამ საქმისთვის სდებ ათიათას მანეთს, დანარჩენს იმედია, სხვები გაინაწილებენ, ფულს ან ბანკიდან ისესხებთ, ან წერა-კითხვის საზოგადოებისაგან, და ვალს მერე გადაიხდით-მეთქი. ეს აზრი მოეწონა, მოიწვია ბაქოს ქართული კალონიის კრება, თავმჯდომარე ის იყო. მე მოხსენება გავაკეთე, ავუხსენი დაწვრილებით მნიშვნელობა კოლექციის შეძენისა. ყურადღებით მომისმინეს. პრინციპულად ხელის გაწყობაზე უარი არავის არ უთქვამს, ხოლო ზოგიერთებს თანხა ცოტა არ იყოს ედიდა. ბოლოს ერთხმად მიიღეს აზრი, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისაგან აგვეღო თანხა მათის გარანტიით. აქვე დაასკვნეს და განაცხადეს, ვინ რა წილის შემოტანას კისრულობდა. მე, რასაკვირველია, დიდად კმაყოფილი დავბრუნდი უკან. მაგრამ ტფილისში ჩემს ჩასვლამდის მდგომარეობა შეცვლილიყო: ეს ამბავი შეეტყო კავკასიის მუზეუმის დირექტორს, რომელსაც ჩვენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება თვალში ეჩხირებოდა, როგორც ენერგიული კონკურენტი; წასულიყო ნამესტნიკთან, გამოეთხოვა ნებართვა ერმაკოვის კოლლექციის შეძენისა, ხუთი ათასი მანეთი მოემატებინათ, შეეკრათ პირობა და მთელი კოლექცია დაებეჭდათ, რომ აღარავინ ახლოს ხელი, მანამ ფულს ჩააბარებენ და კოლლექციას გადაზიდავდნენ მუზეუმში. მე ეს ამბავი მაინცდამაინც დიდად არ მწყენია, ვინაიდან, თუ კოლექცია კავკასიის მუზეუმში დარჩებოდა, მოვლილი იქნებოდა, ფასით მაინც შეგვეძლო სარგებლობა საჭიროების დროს. ხოლო ჩვენი გეგმა ამით ჩაიშალა. წერა-კითხვის საზოგადოებას ახლა ვეღარ გამოვართვით თანხა, ბაქოელები თავისუფალი გახდნენ მოვალეობისაგან იურიდიულად, მაგრამ ზოგიერთებმა მაინც გაანაღდეს თავისი დანაპირები, ზოგმა მთლად, ზოგმა ნაწილობრივ. მათ შორის მთლად შემოიტანა თავისი ხვედრი სულ ცოტა ხანში აკაკი ხოშტარიამ; იოსებმა ჩემის წინადადებით გვიყიდა მისი ნათესავის პუპი აბაშიძისაგან ბიზანტიური მილანქრის ჯვარცმის ხატი ორმოცი ათას მანეთად და სხვაც ბევრი დახმარება გაგვიწია კავკასიის ბანკის საშუალებით ნივთების შესაძენად. ბოლოს, კავკასიის დირექტორის განზრახული საქმეც ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტრომ არ შეიწყნარა ნამესტნიკის წინადადება და უარი უთხრა კოლლექციისათვის ფულის გაღებაზე. ამ დროს რევოლუციამაც მოაწია, ფული დაეცა, ერმაკოვის კოლლექცია მაინც ჩვენ შევიძინეთ, ხოლო ახლა, რასაკვირველია, მეტი მივეცით, ოთხმოცდათხუთმეტი ათასი მანეთი. ეს ფული გავიღეთ დავით სარაჯიშვილის მეუღლის ანდერძის გამო შემოსული ფულიდან და შემდეგ სანახევროდ კოლლექცია ჩვენს ტფილისის ქართულ უნივერსიტეტს გავუზიარეთ.[20]

1917 წლის იანვარში ბაქოს ქართველობამ საქართველოს საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების თავჯდომარეს ე. თაყაიშვილს დ. ერმაკოვის ნეგატივების შესაძენად 35 ათასი მანეთი გადასცა[21]. მაისში დ. ერმაკოვის მემკვიდრესთან ფოტოგრაფიული პრეპარატების შესაძენად იმყოფებოდა ვინმე შაბანონი, რომლისთვისაც ერმაკოვის მემკვიდრეს 70 ათასი მანეთი დაუფასებია. აღნიშნული პრეპარატების შეძენა ადრე საქართველოს საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას ჰქონდა განზარახული[22].

ფოტოალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმაკოვის ფოტოატელიეს გამოშვებული აქვს მრავალი ალბომი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს ითვლის. თითოეულ ალბომში შეიძლება სხვადასხვა რაოდენობისა და სხვადასხვა ზომის ფოტოს ნახვა.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი აერმაკოვის ყველაზე დიდი არქივი ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. აღნიშნული კოლექცია მუზეუმს 1930 წელს გადმოეცა. 2000 წელს დაიწყო მუზეუმში არსებული ფოტომასალის რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესი და ის 2010 წელს დასრულდა. კონსერვაციის პროცეში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ნიდერლანდების ფოტომუზეუმი და ნიდერლანდების საქველომქმედო ფონდი „ჰორიზონტი“. მუზეუმში დაცულია 25 000-მდე ფოტოანაბეჭდი, 15 000-მდე მინის ნეგატივი, 5 000-მდე სტერეოფოტო, 125 ალბომი და იმდროინდელი ფოტოტექნიკა[23].

დიმიტრი ერმაკოვი — კოლექციონერი და კომერსანტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის სარეკლამო ფურცელი

დიმიტრი ერმაკოვის ფოტოსახელოსნოს მიერ გამოშვებულ კატალოგებში ასახული 25 ათასამდე ფოტო არ წარმოადგენს თავად დიმიტრი ერმაკოვის ან მისი სახელოსნოს შემოქმედებას. აღნიშნული ფოტოკოლექციაში თავმოყრილია 1916 წლამდე არსებული ყველა ფოტოგრაფის შემოქმედება, რომელიც მოღვაწეობდა კავკასიაში, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ირგვლივ.

ფოტოების კოლექციონერობა ანუ სხვა ავტორთა საკუთარ კოლექციაში მოქცევა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი იყო იმდროინდელი სხვა ფოტოგრაფების შემოქმედებაშიც. თუმცაღა დიმიტრი ერმაკოვი მაინც გამორჩეულად მისდევდა კოლექციონერობას, რომლითაც ავითარებდა კომერციულ საქმიანობას.

მიუხედავდა იმისა რომ თავისი და უფრო მეტად კი სხვისი ფოტოებით მისდევდა კომერციულ საქმიანობას, მის სახელოსნოში შეიქმნა მეტად მნიშვნელოვანი სია-კატალოგები სადაც მითითებული იყო რამდენიმე ნომერი: კატალოგის ნომერი (რუს. № по каталогу), ალბომის ნომერი (რუს. № по альбому) და ყუთის ნომერი (რუს. № ящиков). სწორედ აღნიშნული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი იდენტიფიცირებული იქნას სხვა ფოტოგრაფთა შემოქმედება.

კატალოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმაკოვის ფოტოსახელოსნოს შედგენილი აქვს სამი კატალოგი, აქედან პირველი ორი გამოშვებულია სტამბური მეთოდით (ტირაჟით). პირველში(1896) შესულია ფოტოთა 1-8743, პლუს სტერეოსკოპთა 1-1391 ნუმერაცია, მეორეში(1901წ.) 8744–11308, პლუს სტერეოსკოპთა 1392–1925 ნუმერაცია, ხოლო დანარჩენ ნომრებზე მესამე კატალოგი დიმიტრი ერმაკოვის გარდაცვალების გამო არ გამოცემულა, აღნიშნული ნომრები თავმოყრილია დედნის სახით შემორჩენილ სრულ კატალოგში, რომელიც თბილისის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

1896 წლის კატალოგი [24][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წლის კატალოგის გარეყდა და პირველი გვერდი

ამ წელში გამოშვებული კატალოგი ორი ნაწილისაგან შედგება (289 გვერდზე განთავსებულია ხედები და ტიპები, ხოლო შემდეგ 44 გვერდზე სტერეოსკოპები) და მოიცავს სურათებს შემდეგ ხედებზე:

1901 წლის კატალოგი [25][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წლის კატალოგის გარეყდა და პირველი გვერდი

ამ წელში გამოშვებული კატალოგი ორი ნაწილისაგან შედგება (95 გვერდზე განთავსებულია ხედები და ტიპები, ხოლო შემდეგ 42 გვერდზე სტერეოფოტოები) და მოიცავს სურათებს შემდეგ ხედებზე:

გამოუცემელი კატალოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანარჩენი ფოტოები ძირითადად გაერთიანებულია 1901 წლის შემდეგ გადაღებული ხედები და ტიპები, ასევე სტერეოფოტოები. მასში მოქცეული ფოტოები გადაღებულია შემდეგ ადგილებში:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Catalogue officiel : liste des récompenses / Exposition universelle internationale de 1878, à Paris ; Ministère de l'agriculture et du commerce
  2. Дмитрий Иванович Ермаков
  3. Известия Императорского Русского географического общества. Т. 6, 1870, ст. 322
  4. Marriebbrosset, Mélanges asiatiques tirés du bulletin de l'Academie Imperiale des sciences, Volume 6, St.-Petersbourg, 1873, page 447
  5. Mémoires d'archéologie, d'épigraphie et d'histoire, par Georges Perrot
  6. Catalogue de la Dixéme Exposition de la Société Française de Photographie comprenant les oevres des Photographes Français et Etrangers. Paris, Gauthier-Villars Imprimeur-Libraire, 1874.
  7. Bulletin de la Société française de photographie, 1874
  8. Mémoires de l'Institut national de France / Académie des inscriptions et belles-lettres, 1884
  9. газ. «Кавказ», №9, 1876
  10. Кавказский календарь на 1878 год
  11. газ. «Кавказ», №79, 1880
  12. газ. «Кавказ», №276, 1880
  13. газ. «Кавказ», №50, 1882
  14. газ. «Кавказ», №129, 1884
  15. газ. «Кавказ», №151, 1884
  16. Cheishvili A., Iconographic Heritage of the Caucasus The Photographic Collections of Baron de Baye, 2022, page 134
  17. ИВАН ДМИТРИЕВИЧ ЕРМАКОВ: КОНТУРЫ БИОГРАФИИ И ТВОРЧЕСТВА
  18. Сборник докладов конференции «Фотография в музее»
  19. Dimitri Ermakov: photographer and Collector. Masters of 19th Century Photography, 2014, p. 29-32
  20. „ემიგრანტული ნაშრომები“ გ. შარაძის რედაქტირებით 1991წ.
  21. გაზ. „საქართველო“, №4, 5 იანვარი, 1917
  22. გაზ. „საქართველო“, №95, 4 მაისი, 1917
  23. დიმიტრი ერმაკოვის არქივი
  24. 1896 წლის კატალოგი
  25. 1901 წლის კატალოგი