მელქისედეკ ნაკაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელქისედეკ ნაკაშიძე

მელქისედეკ ნაკაშიძის დაკრძალვა, 1934 წ.
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1858
დაბ. ადგილი ოზურგეთი
გარდ. თარიღი თებერვალი, 1934
გარდ. ადგილი ბათუმი
ჟანრ(ებ)ი საეკლესიო გალობა
საქმიანობა მგალობელი, ლოტბარი

მელქისედეკ ნაკაშიძე (დ. 1858, ოზურგეთი — გ. თებერვალი, 1934, ბათუმი) — ქართველი მგალობელი და ლოტბარი, თავადი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელქისედეკ ნაკაშიძე თავად გიორგი ნაკაშიძის უკანონო შვილი იყო. თავადი გიორგი ნაკაშიძე და მისი შვილები, გარდა მელქისედეკისა, რუსეთის არმიაში მსახურობდნენ. გიორგი როსტომის ძე ნაკაშიძე გურიის ფეხოსანთა რაზმის მეთაური და წმინდა გიორგის დროშის მფლობელი იყო; ივანე გიორგის ძე ნაკაშიძემ პირველმა გახსნა ოზურგეთში სამთავრობო სამაზრო სასწავლებელი; ილარიონ გიორგის ძე ნაკაშიძე კი პოლკოვნიკი იყო. გიორგი ნაკაშიძე პენსიაზე გასვლის შემდეგ ოზურგეთში დასახლდა და ცოლად გლეხის, ჭანიშვილის ქალი მოიყვანა, რომელიც ნაკაშიძეებმა არ მიიღეს.

მელქისედეკ ნაკაშიძემ თავისი ცხოვრება საეკლესიო ტიპიკონისა და გალობის შესწავლას მიუძღვნა. მან დაამთავრა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო სასწავლებელი. მელქისედეკ ნაკაშიძე ნესტორ კონტრიძესთან ერთად იმ ცხრა ყმაწვილს შორის იყო, რომლებიც ბერმა ბენედიქტე ბარკალაიამ გალობის შესასწავლად ანტონ დუმბაძეს მიაბარა, შემდეგ კი ათონის მთაზე წაიყვანა. ათონის მთიდან დაბრუნებულმა ძმები დაარწმუნა, რომ ბერად აღვიკვეცე და ეპისკოპოსი გავხდები, ამიტომ მჭირდება მოწმობა, რომ კანონიერი შვილი ვარო. ძმებმა დაუჯერეს და მისცეს მოწმობა, რის შემდეგაც ნაკაშიძემ ბერობა „გადაიფიქრა“, ორჯერ შეირთო ცოლი და ძმებისგან სამკვიდროს წილიც კი მიიღო.[1]

1877 წელს გამწესებულ იქნა გურიის ფეხოსანი რაზმის ეკლესიის მედავითნედ ოზურგეთში. 1878 წელს ნესტორ კონტრიძესთან, მაქსიმე ჩხატარაშვილთან და ივანე ხავთასთან ერთად იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელიც თბილისში გურიიდან მიიწვიეს ძველ საგალობელთა ნოტებზე ჩასაწერად. ნაკაშიძე და სხვა ცნობილი ქართველი მგალობლები მივიდნენ ფილიმონ ქორიძესთან და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო.

1878 წლის 3 ოქტომბერს დაინიშნა ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად სიონის საკათედრო ტაძართან. 1880 წლის 20 ნოემბერს საკუთარი თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს ანჩისხატის მედავითნედ, საიდანაც 1882 წლის 3 აგვისტოს გადაიყვანეს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ნაკაშიძე ერთვებოდა საგაზეთო პოლემიკებში, რომლებიც ეხებოდა დასავლურ-გურულ და აღმოსავლურ-ქართლურ კილოებს შორის უპირატესობის საკითხს. ის ცდილობდა დაესაბუითებინა გურული გალობის უპირატესობა და პირველობა. ნაკაშიძეს თბილისში გალობის სწავლება ცუდ პირობებში უხდებოდა. მას დაუნიშნეს ჯამაგირი ოცი მანეთი. მეცადინეობები ოთხი საათი გრძელდებოდა, მაგრამ პირველი ნოემბრის შემდეგ მოწაფეები სიცივის გამო არ დადიოდნენ გაკვეთილებზე. ცხრა თვე მგალობლებს ჯამაგირიც არ ეძლეოდათ. ნაკაშიძის გალობა მოისმინა მაქსიმე შარაძემ, რომელმაც თხოვა ნაკაშიძეს, მისი საზოგადოების წევრები ემეცადინებინა გალობაში. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. მელქისედეკ ნაკაშიძე და სვიმონ მოლარიშვილი დადიოდნენ გურიის სოფლებში და ხალხს უფასოდ ასწავლიდნენ გალობას.[2] 1886 წლის 16 თებერვლიდან მსახურობდა ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაში. 1889 წლის 3 მარტიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საეკლესიო გალობას.

1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა აკლექსანდრემ განიზრახა ოზურგეთში ქართული გალობა-სიმღერების შემსწავლელი კაბინეტი დაეარსებინა, რისთვისაც სახლი ქალაქის თვითმმართველობამ გამოყო. გადაწყდა, მასწავლებლად მელქისედეკ ნაკაშიძე მოეწვიათ.[3] ნაკაშიძე დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მისიონერად ოზურგეთის მაზრაში (1905-15 წწ).

1908 წელს ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა არტემ ერქომაიშვილმა. არტემი ნაკაშიძეს ნესტორ კონტრიძემ წარუდგინა 1908 წლის შობა დღეს, წირვის შემდეგ. ნაკაშიძეს მოეწონა ყმაწვილის ნიჭი და გიგო ერქომაიშვილს თხოვა, მომეცი ეს ბიჭი, წავიყვან ოზურგეთში და გალობას უფასოდ ვასწავლიო. ერქომაიშვილმა ნაკაშიძისგან 2000-მდე საგალობელი ისწავლა, რომელიც 1966 წელს მაგნიტოფონზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა, 2002 წელს კი ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა. არტემ ერქომაიშვილთან ერთად ნაკაშიძე გალობას ასწავლიდა კონსტანტინე სალუქვაძეს, ილია ხომერიკს, სამსონ ჭანიყვაძეს, დომენტი ინთიბიეს, დიმიტრი პატარავას.

მელქისედეკ ნაკაშიძე აქტიურად მონაწილეობდა გურიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხის მხარდასაჭერად გამოდიოდა ალიხანოვ-ავარსკისა და კრილოვის დამსჯელი ექსპედიციების დროს, სახლში აწყობდა გალობის საღამოებს, იქვე იმართებოდა თვითმოქმედი კოლექტივის წარმოდგენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ალექსანდრე წუწუნავას დები — ეველინა და ცეცილია, ვასო ურუშაძე, ნინუცა ჩიგოგიძე და სხვები.[4] ნაკაშიძის წარდგინებით მთავრობამ გურიაში 80 დეზერტირი ჯარისკაცი შეიწყალა.

სიცოცხლის ბოლო წლები ნაკაშიძემ ბათუმში გაატარა. ბათუმის სკოლებში გალობის მასწავლებლად მუშაობდა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და ამაოდ ითხოვდა პენსიის დანიშვნას. გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალეს თებერვალში, ბათუმში, სოუქსუს სასაფლაოზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელქისედეკ ნაკაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა: მართა — პროფესორ კალიშინსკის მეუღლე — გარდაიცვალა მოსკოვში და შვილები არ დარჩენია; გიორგი გადაასახლეს 1937 წელს. გიორგის ჰყავდა შვილები ვალერიანი და თამარ. ვალერიანის ოჯახის შთამომავლები ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცხოვრობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავბერიძე ი., XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2010. — გვ. 109-122, ISBN 978-9941-9120-7-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. ცინცაძე, „ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში“ გვ. 225 — 1994 წ.
  2. გაზეთი „მწყემსი“, N17 — 1884 წ.
  3. ცნობის ფურცელი, N1053, გვ. 2 1900 წ.
  4. გ. ცხვარაძე, „ლოტბარის გზა“, „ლიტერატურული აჭარა“ N1 გვ. 96 — 1969 წ.