ფილიპე II (ესპანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე II
Felipe II
Portrait of Philip II of Spain by Sofonisba Anguissola - 002b.jpg
გაერთიანებული ესპანეთის მე-2 მეფე
მმართ. დასაწყისი: 16 იანვარი 1556
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი 1598
წინამორბედი: ტიტული დააწესა კარლ V
მემკვიდრე: ფილიპე III
პორტუგალიის და ალგარვის მეფე
მმართ. დასაწყისი: 25 მარტი 1581
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი 1598
წინამორბედი: ენრიკე I
მემკვიდრე: ფილიპე III
სხვა წოდებები: ნეაპოლის მეფე
სიცილიის მეფე
ნიდერლანდების გრაფი
მილანის ჰერცოგი
ბურგუნდიის ჰერცოგი
ჩვიდმეტი პროვინციის მეფე
სამხრეთ ამერიკის იმპერატორი
ჩილეს მეფე
ფილიპინების მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 მაისი 1527
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი 1598
გარდ. ადგილი: ესკორიალი
მეუღლე: 1. მარია პორტუგალიელი
2. მერი I
3. ელიზაბეტა ვალუა
4. ანა ავსტრიელი
შვილები: დონ კარლოსი
ისაბელ კლარა ეუხენია
კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი
ფილიპე III
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ V
დედა: ისაბელ პორტუგალიელი
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი
ხელმოწერა: Firma del Rey Felipe II.svg

ფილიპე II (ესპ. Felipe II de Habsburgo; პორტ. Filipe I; გერმ. Philipp II; ნიდერლ. Filips II; იტალ. Filippo II; დ. 21 მაისი, 1527, ვალიადოლიდი13 სექტემბერი 1598, ესკორიალი) — ესპანეთის მეფე 1556-1598 წლებში, ჰაბსბურგთა დინასტიიდან, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ერთადერთი კანონიერი ვაჟი. ტახტზე ავიდა მამამისის გადადგომის შემდეგ, რომელმაც თავისი იმპერია ძმას, ფერდინანდ I-სა და საკუთარ ვაჟს გაუყო. ფილიპე II-მ მიიღო ესპანეთი, ორივე სიცილიის სამეფო, ნიდერლანდები, ფრანშ-კონტე, მილანი, სამფლობელოები ამერიკასა და აფრიკაში. მისი ტიტულების ჩამონათვალია:

მეფე ფილიპემ განამტკიცა აბსოლუტიზმი. არაგონს, კასტილიასა და კატალონიას ჩამოართვა ფუეროსები, გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი. იყო ფანატიკოსი კათოლიკე. დევნიდა მორისკებს. გაააძლიერა ფეოდალური ჩაგვრა ნიდერლანდში, რითაც დააჩქარა ნიდერლანდის რევოლუცია. 1581 წელს თავის სამფლობელოებს შემოუერთა პორტუგალია. 1588 წელს „უძლეველი არმადის“ დაღუპვამ ძირი გამოუთხარა ესპანეთის საზღვაო ძლიერებას. ფილიპე II სამხედრო დახმარებას უწევდა ფრანგ კათოლიკეებს რელიგიური ომების დროს. 1595 წელს პარიზში ესპანეთის გარნიზონი შევიდა. 1595 წლის ივნისში ანრი ნავარელმა ფონტენ-ფრანსეზთან დაამარცხა ესპანეთის ჯარები და ფილიპე II იძულებული გახდა საფრანგეთის მეფე ანრი IV ეცნო. ესპანეთის ჯარები საფრანგეთიდან განდევნეს. გაუთავებელი ომები დიდ სახსრებს მოითხოვდა. ფილიპე II-მ გაზარდა გადასახადები, მათ შორის ალკაბალაც. სახელმწიფო დეფიციტის მოსაგვარებლად ართმევდა ამერიკიდან შემოტანილ ოქროს, ვერცხლს. 1557, 1575 და 1598 წელს სახელმწიფო გაკოტრებულად გამოაცხადა.

სექციების სია

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელ პორტუგალიელი, ფილიპეს დედა

ფილიპე დაიბადა 1527 წლის 21 მაისს, ესპანეთის დედაქალაქ ვალიადოლიდში. ფილიპეს მამა იყო საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, იტალიისა და ესპანეთის მეფე, ბურგუნდიის ჰერცოგი და ნიდერლანდების გრაფი, კარლ V ჰაბსბურგი, ხოლო ფილიპეს დედა იყო მისი პორტუგალიელი მეუღლე, დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი. ფილიპე მათი პირველი შვილი და შესაბამისად ტახტის მემკვიდრე იყო. მის შემდეგ მის მშობლებს ორი გოგონა შეეძინათ: 1528 წლის 21 ივნისს მარია ჰაბსბურგი, ხოლო 1535 წლის 24 ივნისს ხუანა ჰაბსბურგი. ფილიპეს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა აღზრდამ. მისმა ღრმად მორწმუნე კათოლიკე დედამ ფილიპე ნამდვილ ფანატიკოს კათოლიკედ აღზარდა, ისევე როგორც მისი დები. ფილიპეს დედამისმა მასწავლებლებად ტოლედოს არქიეპისკოპოსი ხუან მარტინეს სილისეო, და ჰუმანისტი ხელოვანი ხუან კრისტობალ კალვეტე დე ესტრელა დაუქირავა. მასწავლებლებს დედოფალმა ისაბელამ მკაცრად უბრძანა ფილიპესთვის უმაღლეს დონეზე ესწავლებინათ ბერძნული, ლათინური, ფრანგული, იტალიური, გერმანული და ინგლისური ენები, აგრეთვე ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია, ჯირითი, საბრძოლო ხელოვნება და  პოლიტიკური ხრიკები. მოგვიანებით როცა ფილიპე წამოიზარდა, არჩევანის წინაშე დადგა ან ესპანეთის კოლონიური იმპერია უნდა ემართა სადაც დედამისი ცხოვრობდა, ან საღვთო რომის იმპერია სადაც მამამისი იყო. ფილიპე დაიბადა,გაიზარდა ესპანეთში და ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ასევე ღრმად მორწმუნე ფილიპესთვის რთული იქნებოდა წმინდა კათოლიკური ესპანეთის დატოვება და პროტესტანტებით სავსე ქვეყანაში გადასვლა სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე კათოლიკობას გმობდნენ, ამიტომაც მან ესპანეთის მეფობა არჩია და ესპანეთის ტახტის მემკვიდრის - ასტურიის პრინცის ტიტული მიიღო, ხოლო საღვთ რომის იმპერიის მამკვიდრედ მისი ბიძა ფერდინანდი გამოცხადდა. 1539 წელს ფილიპეს სამართავად კასტილია გადაეცემა და მისი არასრულწლოვანების გამო რეგენტად დედამისი ისაბელ პორტუგალიელი დაინიშნა. ისაბელას რეგენტობა ესპანეთში გამოირჩევა პორტუგალიელების გავლენის გარზრდით.

ფილიპეს მონარქიის ზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილანის ჰერცოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე ახალგაზრდობაში, ანტონიო მოროს ნახატი

1535 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა მილანის ჰერცოგი ფრანსუა II სფორცა, მას მემკვიდრე არ დარჩენია ამიტომაც მილანის საჰერცოგოზე, რომელიც თანამედროვე ლომბარდიის ტერიტორიებზე მდებარეობდა პრეტენზიას ერთდროულად აცხადებს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I და ფილიპეს მამა კარლოსი. ამის გამო განახლდა იტალიური ომები. მილანისათვის ბრძოლა 3 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ კარლოსმა გაიმარჯვა. ასე რომ აქედან მოყოლებული მილანი საღვთო რომის იმპერიის ვასლურ სახელმწიფოდ იქცა. თავიდან კარლოსმა მილანის ჰერცოგად თავისი თავის დანიშვნა გადაწყვიტა მაგრამ იცოდა, რომ ამით საფრანგეთის მეფეს გააღიზიანებდა ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდეგ კარლოსმა მილანის ჰერცოგად ფილიპეს დანიშვნა განიზრახა. მიუხედავად ამისა ფრანსუა I-ს არც ეს არ მოეწონა, ამიტომ ფილიპე ზედმეტი ცერემონიების გარეშე ჩავიდა მილანში, 1540 წლის 11 ოქტომბერს და ყოველგვარი ზარზეიმის გარეშე მილანის ჰერცოგად აკურთხეს. 1542 წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ომი გაჩაღდა. საფრანგეთის მეფემ ფრანსუამ ამის საპასუხოდ დაიპყრო კარლოსის მმართველობის ქვეშ მყოფი ლუქსემბურგის და რუსოლინის საჰერცოგოები. ამასთანავე ფრანსუამ კავშირი შეკრა ოსმალეთის სულთან სულეიმან I-თან. 1543 წელს საფრანგეთ-ოსმალეთის გაერთიანებულმა ესკადრამ აიღო ქალაქი ნიცა, 1544 წლის 14 აპრილს საფრანგეთის სახმელეთო არმიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა ჩერეზოლესთან ომში. ამავდროულად კარლოსის და ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის ჯარები შეიჭრნენ საფრანგეთში. ინგლისის ჯარმა დაიკავა ბულონი, ხოლო ესპანეთის ჯარებმა სუასონი. გენუაში და სიენაში ანტიესპანუურმა აჯანყებებმა და ოსმალების ფლოტის გამუდმებულმა შეტევებმა კარლ V მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა. 1546 წლის კრესის ზავით იტალიაში სტატუს ქვო შენარჩუნდა.  მიუხედავად ამისა მილანის საჰერცოგო ესპანეთს დარჩა და მმართველად კვლავ ფილიპე გვევლინება. დროთაგანმავლობაში ესპანელთა გავლენა გამყარდა მილანში და ესპანეთის კოლონიად ჩამოყალიბდა.

ნეაპოლისა და სიცილიის მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1553 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ფილიპესა და ინგლისის დედოფალ, მერი ტიუდორის ქორწინებასთან დაკავშირებით. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ მერი დედოფალი იყო, ხოლო ამ პერიოდისათვის ფილიპეს მხოლოდ ჰერცოგის ტიტული ჰქონდა, რაც ამ ქორწინებას შეუძლებელს ხდიდა, ვინაიდან დედოფალი მხოლოდ თავისსავე სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცს გაჰყვებოდა ცოლად. 1554 წელს კი კარლ V-მ ფილიპეს სასარგებლოდ უარი თქვა ნეაპოლისა და სიცილიის მეფობაზე. ამავე წლის 24 ივლისს ფილიპე ნაპოლისა და სიცილიის მეფედ ეკურთხა, რის შემდგომაც იქორწინა მერი ტიუდორზე.

ინგლისისა და ირლანდიის თანამეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი და ფილიპე ერთად

1554 წლის 25 ივლისს ფილიპე და მერი ტიუდორი დაქორწინდნენ. მათ მიენიჭათ შემდეგი ტიტულები: ინგლისისა და ირლანდიის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე-დედოფალი, მილანის ჰერცოგი-ჰერცოგინია და ესპანეთის ტახტის მემკვიდრეები. თუმცა მათ საქორწინო კონტრაქტში ისიც იყო აღნიშნული, რომ მერის გარდაცვალების შემდგომ ფილიპეს პატივი უნდა ეცა ინგლისური კანონებისათვის და არ შეერყია ინგლისის დამოუკიდებლობა. თუ ქორწინებაში ბავშვი გაჩნდებოდა ყველა ზემოთ ხსენებულ სახელმწიფოს ის გააერთიანებდა, თუმცა თუ ქორწინებაში ბავშვი არ გაჩნდებოდა და თანაც პირველი ფილიპე გარდაიცვლებოდა ესპანეთი იღებდა ვალდებულებას მისი ქვრივისათვის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველწლიურად ეხადა 60 000 ოქრო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მერი გარდაიცვლებოდა პირველი თანაც უშვილოდ, მაშინ ფილიპეს უნდა დაეტოვებინა ინგლისი და მას ტახტზე არანაირი პრეტენზია აღარ უნდა ჰქონოდა.

1555 წლიდან მერიმ დაიწყო ეგრედ წოდებული "წმინდა საქმე" და მთელს ინგლისში ასობით ანგლიკანი ამოხოცა. 1556 წელს მათ მიენიჭათ ესპანეთის მეფე-დედოფლის ტიტულიც. აქედან მოყოლებული ფილიპე საცხოვრებლად ესპანეთში გადადის, მერი კი ინგლისში რჩება. რათქმანუდა ასე მემკვიდრე ვერ გაჩნდებოდა, 1558 წელს კი მერი ტიუდორი უშვილოდ გარდაიცვალა. საქორწინო კონტრაქტის გათვალისწინებით ფილიპეს იმ წუთასვე ჩამოერთვა ინგლისისა და ირლანდიის მეფის ტიტული. ფილიპემ კვლავ სცადა მისი აღდგენა და ცოლობა მერის ნახევარდას, ახლა უკვე ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ს სთხოვა თუმცა ელისაბედმა უარი განაცხადა.

17 პროვინციის მონარქი და ბურგუნდიის ჰერცოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1555 წელს ომებითა და სახელმწიფო საქმეებით დაღლილმა კარლ V-მ ტახტიდან გადადგომა გადაწვიტა. მან ტერიტორიები გაუყო თავის ვაჟ ფილიპეს და ძმას, ფერდინანდს. 1556 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში კარლოსი ტახტიდან გადადგა. ამ მოვლენიდან 3 დღის შემდგომ საზეიმო ცერემონიალზე ფილიპეს უბოძა ბურგუნდიის საჰერცოგო და 17 პროვინცია.

ჰოლანდიელები არ იყვნენ კათოლიკური აღმსარებლობის მატარებელი ხალხი, ამიტომაც ისეთი თავგამოდებული კათოლიკე მონარქი როგორიც ფილიპე იყო, ჰოლანდიელებში უფრო ზიზღსა და უპატივცემულობას აღძრავდა ვიდრე, მოწიწებასა და პატივისცემას. ამიტომაც ჰოლანდიელებმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი ომები ატეხეს და სულ მალე ჩრდილოეთ ჰოლანდია სისხლისღვრის ეპიცენტრად იქცა.

ესპანეთის მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1556 წლის 16 იანვარს კერძო ოთახში, ყოველგვარი ცერემონიისა და ზარზეიმის გარეშე კარლოსმა ფილიპეს ესპანეთის მეფის გვირგვინი დაადგა თავზე. ფილიპე ესპანეთში პოპულარული მონარქი იყო ამიტომაც მის გამეფებას ესპანელები აღტაცებითა და სიხარულით შეხვდნენ. ფილიპემ ესპანეთის დედაქალაქი ვალიადოლიდიდან მადრიდში გადაიტანა და იქ აიშენა უაზარმაზარი ესკორიალის სასახლე, სადაც მან დარჩენილი სიცოცხლე გაატარა.

პორტუგალიისა და ალგავრის მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპეს სამფლობელოები 1580 წელს, აღნიშნულია ყვითლად

1578 წელს პორტუგალიის კოლონიური იმპერიის მეფე სებასტიან I ავისი, მაროკოში ომის დროს გარდაიცვალა. სებასტიანს შვილები არ ჰყოლია, აქედან გამომდინარე, პორტუგალიის სამეფო საბჭომ მეფის ძიება დაიწყო. ყველაზე ხელსაყრელი და ამავდროულად კანონიერი კანდიდატი ესპანეთის მეფე ფილიპე II იყო. ვინაიდან ფილიპეს დედა ისაბელა ავისი, სებასტიანის ღვიძლი მამიდა იყო, ფილიპეს დედის ხაზით პორტუგალიის გვირგვინი ეკუთვნოდა. 1580 წელს ფილიპემ პორტუგალიაში ჰერცოგი ალბა გააგზავნა რათა პორტუგალიის მეფის გვირგვინი ხელში ჩაეგდო.  ალბამ მალევე დაიპყრო პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი და სამეფო საბჭოზე ზეწოლის შედეგად ფილიპე II პორტუგალიის მეფედ აირჩიეს. თუმცა პორტუგალიელებმა მოითხოვეს, რომ პორტუგალია არ მიერთებოდა ესპანეთს და განეგრძო დამოუკიდებელი არსებობა, ფილიპე თავიდან ამ დათმობაზე წავიდა. 1581 წლის 16 აპრილს ფილიპე აკურთხეს პორტუგალიისა და ალავგარის მეფე ფილიპე I-ად.  ფილიპემ მალე ეს ქვეყანა ესპანეთის პროვინციად აქცია და დაამყარა აბსოლუტიზმი. 

ხელოვნებისა და კულტურის აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე II-ის მმართველობა დაემთხვა რენესანსის ხანას, როდესაც მთელს ევროპაში მიმდინარეობდა ხელოვნებისა და კულტურის აღორძინება. რენესანსის დროს ბევრ ქვეყანაში რელიგიაზე შეხედულებები შეიცვალა, რამაც დასაბამი მისცა რელიგიურ დაპირისპირებებს. მაგრამ ღრმად მორწმუნე კათოლიკე, ფილიპე მყარად იდგა თავის რელიგიაზე და მის ქვეყანაში რელიგიური თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, კონკრეტულად ესპანეთში არ ყოფილა ერეტიკოსთა გამოსვლები და პაპის წინააღმდეგ აჯანყებები, პირიქით ესპანეთი სხვა ქვეყნებს ეხმარებოდა ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლებში და მეტიც ფილიპე მოუწოდებდა ყველა კათოლიკე მონარქს ერთხელდა სამუდამოდ ამოეძირკვათ  „ სატანის მოციქულები“. ამის მიუხედავად ესპანეთში იწყება ხელოვნების აღორძინების საოცარი ხანა.  ამ პერიოდში მოღვაწეობდა ცნობილი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტესი. ამას გარდა იწყება ესპანელი მხატვრების საოცარი განვითარება და მხატვრობის აღორძინება. იქმნება საოცარი სიზუსტის ნახატები, იხატებიან მდიდრები და სამეფო ოჯახის წევრები რის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ასი პროცენტით მივხვდეთ როგორები იყვნენ ისინი გარეგნულად. აგრეთვე ფილიპე აშენებს სასწავლო დაწესებულებებს მთელი ესპანეთის მაშტაბით : სევილიაში, სალამანკაში, ვალენსიაში, პამპლონაში, მადრიდში, ბილბაოში, კარტახენაში, სარაგოსაში, ბარსელონასა და კორდოვაში. ამ დაწესებულებებში ითარგმნებოდა უამრავი უცხოენოვანი სამეცნიერო და ლიტერატურული ნაწარმოებები რომლებმაც გააათმაგეს ესპანეთის ბიბლიოთეკა, პარალელურად ამ ნათანგმნების გადაწერა და გავრცელება მიმდინარეობდა. ასევე დაიხვეწა ფულის ჭრის ტექნოლოგია, მსხვილი ფულის ერთეულზე ზედა მხრიდან ფილიპე იყო გამოსახული , ქვედა მხრიდან კი მისი გერბი გარშემოვლებული დევიზით. ხოლო პატარა ფულის ერთეულზე გამოსახული იყო ჯერ დედოფალი თავისი გერბითა და დევიზით.   ფილიპემ ამავდროულად განაახლა თეატრები, და ზოგან ახალი თეატრიც ააშენა. ამ თეატრებში იდგმებოდა საოცარი სპექტაკლები, ეს იყო ესპანეთში პირველი შემთხვევა როცა პროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ კარგ სცენაზე, ასევე ქალებს გაუუქმდათ აკრძალვა იმის შესახებ რომ ქალის მსახიობობა დაუშვებელი იყო. ფილიპეს მმართველობისას განვითარდა არქიტექტურაც. მის დროს მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული არქიტექტორები : ხუან ბაუტისტა დე ტოლედო, ფრანსისკო დე მორა, ჯულიერმო ტურიანო და ხუან დე ჰერერა. ფილიპემ დაიწყო ახალი სასახლეებისსა და ტაძრების მშენებლობის ბუმი. მან ააშენებინა ესკორიალის სამეფო სასახლე,  რამდენიმე კათედრალი ვალიადოლიდში, სამეფო რეზიდენციები პამპლონაში, ბილბაოში, სარაგოსაში, ბარსელონაში, ვალენისასა და სევილიეში. ფილიპეს დროს ცნობილმა კომპოზიტორებმა თომას ლუის დე ვიქტორიამ და ფრანსისკო ჯუანერომ შექმნეს საოცარი კომპოზიციები. ამ დროს ესპანეთში იყო ხელოვნებისა და კულტურის აღორძინების ეტაპი.

საშინაო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცი კარლოსი და დინასტიური პრობლემა (1545-1568)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპეს პირველ ცოლთან 1545 წელს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ფილიპეს მამის პატივსაცემად კარლოსი დაარქვეს. კარლოსს კუზი ჰქონდა და ამასთან ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ფილიპე და კარლოსის დედა, მარია პორტუგალიელი ბიძაშვილები იყვნენ. მარია კარლოსის მშობიარობას გადაჰყვა. მიუხედავად კარლოსის პრობლემებისა იგი მაინც ითვლებოდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ, თუმცა რეალურად იგი ვერ გააგრძელებდა ჰაბსბურგთა დინასტიას. მალე ფილიპემ მეორე ცოლი შეირთო, რომელთანაც შვილი საეთოდ არ ჰყოლია რაც კიდევ უფრო ამძიმებდა გვარის გაგრძელების საკითხს. ამას ემატებოდა, ისიც რომ კარლოსს ცოლს არავინ ატანდა, ამგვარად ჩაიშალა ნიშნობა საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტა ვალუასთან, და შემდგომ მეორე ნიშნობა ავსტრიის პრინცესა ანა ჰაბსბურგთან. 1559 წელს ფილიპემ მესამე ცოლი შეირთო, თუმცა ისიც მშობიარობას გადაჰყვა 1568 წელს, მაგრამ ვერც მან ვერ შესძლო მემკვიდრის გაჩენა. ფილიპეს მესამე ცოლთან ორი გოგონა დარჩა. 1568 წელს დონ კარლოსიც გარდაიცვალა და ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ ქალი გვევლინება. 1570 წელს ფილიპემ მეოთხე ცოლი შეირთო, რომელმაც როგორც იქნა შესძლო ფილიპესათვის ჯანმრთელი ვაჟის გაჩენა. ამრიგად მოგვარდა ჰაბსბურგთა დინასტიური პრობლემა.

ალპუარასის აჯანყება (1568-1571)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1567 წელს გრანადის გუბერნატორმა პედრო დე დეზამ ფილიპეს ბრძანებით გამოაცხადა საგანგებო რეჟიმი. ეს გულისხმობდა, რომ გრანადაში აღარ იქნებოდნენ განსხვავებული რელიგიის, ეთნოსის, შეხედულებების და კულტურის მატარებელი ხალხი. ამან გამოიწვია გრანადელების დიდი უკმაყოფილება რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა 1571 წლის ალპუარასის აჯანყებამდე. თუმცა ეს აჯანყება ფილიპემ სასტიკად ჩაახშო.

არაგონის კრიზისი (1590-1591) და ანტონიო პერესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიო პერესი 1579 წლამდე მეფის მდივანი იყო არაგონში. იგი დააპატიმპრეს ხუან დე ესკობედოს მკვლელობისათვის, დონ ხუანი ავსტრიის იმპერატორის სანდო კაცი იყო და მეფის წინააღმდეგ შეთქმულება ჩაშალა, რის შემდეგაც იგი ანტონიომ შურისძიების მიზნით მოკლა. 1588 წელს ანტონიო ციხიდან გაიქცა და სარაგოსამდე გარბოდა. ფილიპემ სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მაშტაბით დაიწყეს მისი დევნა. თუმცა წარსულში თავისი კარგი მმართველობის გამო ანტონიომ არაგონელებს თავი ძალიან შეაყვარათ, ახლა კი იგი სარაგოსაში შეიფარეს. ფილიპემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ამ კაცის სასამართლოსათვის გადაცემა თუმცა არაგონის მოსახლეობა აჯანყდა. ფილიპე II-მ დიდი ძალმომრეობით ეს აჯანყება ჩაახშო და ანტონიო კვლავ ციხეში გაისტუმრა.

ადმინისტრაციული რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 ფილიპეს ძირითადი დასაყრდენი შორეულ ექსპედიციებსა და ომებში იყო კასტილია, კასტილიიდან გამოდიოდა ყველაზე მეტი მეომარი და ოქრო. ამიტომაც ფილიპემ დედაქალაქი ვალიადოლიდიდან მადრიდში გადაიტანა. ფილიპე ისევე როგორც მამამისი კარლოსი იყო აბსოლუტური მონარი, იგი პირადად მართავდა და წყვეტდა ყველაფერს ყოველგვარი პარლამენტისა და საბჭოების გარეშე, და იგი ამას მშვენივრად ახერხებდა. ფილიპე II დადიოდა სამოგზაუროდ საკუთარ სამფლობელოებში, ესპანეთის გარეთ : ჰოლანდიაში, ნეაპოლში, მილანში, ბურგუნდიასა და ფლანდრიაში, რათა უკეთ დაენახა რისი გაკეთება იყო იქ შესაძლებელი და არ სურდა მამამისის ბედი სწეოდა, ამიტომაც ხალხში ხშირად გამოდიოდა და კეთილ და ხალხზე შეყვარებულ მონარქად აჩვენებდა თავს. თავისი მმართველობის განსამტკიცებლად ფილიპემ ესპანეთსა და მის დაქვემდებარებულ ქვეყნებში უამრავი რეფორმები გაატარა :

  •  ესპანეთის დედაქალაქი ვალიადოლიდიდან მადრიდში გადაიტანა, თუმცა სამეფო ოჯახი კვლავაც ესკორიალის სასახლეში განაგრძობდა ცხოვრება, რომელიც ძველ დედაქალაქში იყო. აგრეთვე 1561 წელს ფილიპემ მადრიდში ააშენა უზარმაზარი სასამართლოს შენობა სადაც მართლაც სამართლიანად წყდებოდა ესა თუ ის პრობლემა;
  •  ფილიპემ ააგო უდიდესი სამხედრო ფლოტი „არმადა“ რომელიც ყველა ესპანურ ქალაქსა და სოფელში ჩააყენა რომელსაც ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა. ამით მან უზრუნველყო საზღვაო ზოლიც დაცვა;
  • აგრეთვე გააუმჯობესა საზღვაო საბრძოლო ხომალდები. ააშენებინათ ახალი და უბრო გამძლე გალეონები რომლებიც ძალიან დიდი ზომისა იყო და უფრო მეტი ტვირთის გადატანა შეეძლო. ამ გემებმა ფილიპეს არაერთი წარმატება მოუტანეს.
  • ფილიპემ გააფართოვა თავისი გავლენა ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც კონტროლის მიზნით მუდმივად დაცურავდნენ კარგად შეიარაღებული გემები.
  • ფილიპემ აღმოაჩინა რამდენიმე ახალი ოქროს საბადო რომლებმაც ესპანეთის ისედაც სავსე ხანია კიდევ უფრო შეავსეს. ამით ისარგებლა ფილიპემ და დაიქირავა უმაღლესი დონის ჯაშუშები და მიავლინა სხვადასხვა ქვეყნის სამეფო კარზე, აგრეთვე გაფანტა სხვადასხვა საჰერცოგოსა და საგრაფოებში, ამიტომაც ფილიპემ ყოველთვის წინასწარ იცოდა ვინ აპირებდა აჯანყებას და ვინ ომის დაწყებას, ამიტომაც ყოველთვის იგი ასწრებდა თავდასხმას და იმარჯვებდა. ამ რეფორმით ესპანეთი დამყარდა საოცარი სიმშვიდე და მეფისადმი ერთდროულად პატივისცემა და შიში.
  •  ფილიპე არამხოლოდ საკუთრივ ესპანეთზე არამედ მის კოლონიებზეც ზრუნავდა, მან იცოდა რომ თუ კოლონიებში ყველაფერს კარგად გაუკეთებდათ ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყება არც კი მოუვიდოდათ აზრად. ამიტომაც დაპყრობილ იტალიასა და ბენილუქსში ყოველთვიურად უგზავნიდათ საკმაო თანხას, დააგო ახალი გზები, ააგო კულტურული ცენტრები და კათოლიკური სალოცავები.
  •  ფილიპემ სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა ინდოეთთან. მას ინდოეთიდან შემოჰქონდა ძვირფასი სურნელ-სანელებლები, უცხო ჯიშის ცხოველები, ოქრო-ვერცხლი, უცხო ხილ-ბოსტნეული და ფასდაუდებელი ქსოვილები. ამას გარდა სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა სპარსეთთან, ჰოლანდიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, შოტლანდიასთან და ინგლისთან.
  • 1566 წელს მან გაატარა ფულადი რეფორმა ოქროს ფასის მომატების მიზნით, რაც დადებითად აისახა ესპანეთის ეკონომიკაზე.
  • 1567 წელს ფილიპემ დაიქირავა უძლიერესი ისტორიკოსები და კარტოგრაფები და დაავალა ისტორიული და იმდროის ახალი რუქების შექმნა, აგრეთვე მეფეთა და მათი მეუღლეების იოგრაფიების მოძიება და დაწერა, მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნოლოვანი და უმნიშვნოლო ფაქტის დაწერა. ამით ფილიპემ შექმნა მსოფლიოში უდიდესი არქივი და იტორიული საცავი, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა მნიშვნოლოვანი მოვლენა იყო აღწერილი.

ფინანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონეტა ფილიპეს გამოსახულებით
ფილიპე II 1557 წელს, ანტონიო მოროს ნახატი

ფილიპეს მეფობის პერიოდში ეკონომიკა ნამდვილად არ იყო კარგ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა ხალხი მაინც მდიდრულად ცხოვრობდა. ფილიპეს მმართველობის დროს ესპანეთი სამჯერ გამოცხადდა გაკოტრებულად 1557, 1575 და 1596 წლებში. თუმცაღა ეს მხოლოდ ფილიპეს ბრალი არ იყო. ფილიპეს მემკვიდრეობით უამრავ სახელმწიფოსთან ერთად ერგო ვალი, ოცი მილიონი დუკატის ოდენობით. შესაძლებელია ითქვას, რომ შეძლებისდაგვარად ეს ვალი გადაიხადა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ვალი გახუთმაგებული იყო.  მერი ტიუდორთან ქორწინებისას ფილიპე ესპანეთზე მეტად ინგლისზე ზრუნავდა, ვინაიდან ინგლისის გვირგვინს დაკარგვის საბრთხე ემუქრებოდა, ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის, რომ ესპანეთის ეკონომიკის ნახევარზე მეტს ფილიპე ინგლისს და მის ომებს ახმარდა. ფილიპეს გამეფებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში 1557 წელს ესპანეთი ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად. თუმცა მერის გარდაცვალების შემდეგ, მას მერე რაც ფილიპემ სამუდამოდ დაკარგა ინგლისის გვირგვინი ესპანეთში ეკონომიკის აღორძინება დაიწყო. ფილიპემ რეგიონალურად გაზარდა გადასახადები, ეს იმას ნიშნავს რომ, ყველა ესპანურ საგრაფოსა თუ საჰერცოგოს სხვადასხვა გადასახადი უნდა გადაეხადა, იმის მიხედვით თუ რამდენად მდიდარი იყო ის. ყველაზე საშინელი ტვირთი კასტილიას დააწვა სადაც გადასახადები გაოთხმაგდა. ამას გარდა ფილიპემ მიაგნო ოქროს შოვნის მარტივ გზას, ააგებინა უზარმაზარი საზღვაო ხომალდები და ამერიკის კონტინენტს შეუსია. ამერიკიდან ხომალდებს ტონობით ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები გადმოჰქონდათ ესპანეთში, რამაც ეს სამეფო მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად აქცია. თუმცა როგორც ყოველთვის ესპანეთს მალევე გამოუჩნდნენ სახიფათო კონკურენტები როგორებიცაა : ჰოლანდია, პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი. ამიტომაც ფილიპემ სხვა ევროპული მონარქების მსგავსად იტალიელ ბანკირებს მიმართათ. ამას გარდა ამერიკიდან გამოტანილი საგანძურის 20 %-ს მთლიანად სამეფო ოჯახი ნთქავდა, დანარჩენს კი არისტოკრატია, გლეხები კი კვლავაც საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი ნახევარ ხმელთაშუაზღვას ფლობდა, სხვა ქვეყნების სავაჭრო ხომალდები კი ამ ადგილებში გადაადგილებისათვის უამრავ ფულს იხდიდნან. ესპანეთის ბიუჯეტში აქდან ყოველწლიურად ექვსი მილიონი დუკატი ოქრო შედიოდა. მიუხედავად ამისა ესპანეთის ეკონომიკური ძლიერება კასტილიაზე იყო დამოკიდებული. კასტილიის ძირითად სავაჭრო საქონელს წარმოადგენდა ბამბა, რომელიც ფართოდ გადიოდა ჰოლანდიაში და კასტილიელი ვაჭრებიც დიდ მოგებას ნახულობდნენ. მაგრამ 1568 წელს დაიწყო ჰოლანდიის რევოლუცია, რომელიც ოთხმოც წელს გაგრძელდა. ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის უკიდურესი დაძაბულობის ფონზე ბამბის რეალიზება შეწყდა. ამ ყველაფერმა კატასტროფულად იმოქმედა ესპანეთის ეკონომიკაზე. ესპანეთი ამ პერიოდში მთელს დედამიწაზე იბრძოდა პირველობისათვის და მას სწორედ ახლა სჭირდებოდა ურყევი ეკონომიკა.  ესპანეთმა კვლავ დაიწყო გაკოტრება, მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდებოდა.  1575 წელს ესპანეთის სამეფო ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად.  ფილიპე ყოველ ღონეს ხმარობდა ეკონომიკის ასაყვავებლად, გაზარდა გადასახადები, დაპყრობილ ქვეყნებს დიდი ხარკი დაადო, იტალიელი ბანკირებისგან აიღო უზარმაზარი სესხი. 1576 წელს ფილიპემ გადასახადები დააკისრათ ეკლესიებს და ყველა პირს რომელსაც ერთი გოჯი მიწა მაინც ებადა. ეკლესიების გადასახადებით ქვეყნის ეკონომიკა 20 %-ით გაიზარდა. საბოლოოდ 1577 წელს ესპანეთი კვლავ დაუბრუნდა თავის სიმდიდრესა და ფუფუნებას, ასე იყო დაახლოებით ოცი წელი. 1585 წელს ინგლისის დასაპყრობად ფილიპემ  დაიწყო უზარმაზარი სამხედრო ფლოტის მშენებლობა რომელსაც   „ უძლეველი არმადა“ ეწოდა. ფლოტის მშენებლობისათვის გაიჩეხა თითქმის მთლიანი ესპანეთის ტყეები და მოხმარდა რვა მილიონი დუკატი ოქრო. 1587 წელს ამ ფლოტის მშენებლობა დასრულდა და ლისაბონის პორტიდან დაიძრა ინგლისის ასაოხრებლად, თუმცა ფილიპე დამარცხდა და ესპანეთი საშინლად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ქვეყანაში ამ სამარცხვინო მარცხის გამო ფილიპეს თითქმის ყველა განუდგა და რამდენიმეჯერ გაფიცვაც სცადეს, თუმცა ფილიპემ სისხლით ჩაახრშო. ესპანეთის ეკონომიკა კვლად დაეცა, და 1596 წელს ესპანეთი კვლავ გაკოტრებულად გამოცხადდა. ამის გამო ესპანეთს ჩამოერთვა იმპერიის სტატუსი და მიენიჭა „ ზესახელმწიფოს „ ტიტული. ფილიპეს შთამომავლები უშედეგოდ ცდილობდნენ ქვეყნის უსასრულო ვალებიდან ამოთრევას.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომი საფრანგეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1551 წელს იტალიური ომები კვლავ კარლ V-სა და ანრი II-ს შორის. ფრანგებმა პიემონტში 1555 წელს დაიპყრეს კასალე, კარლ V-ის გადადგომის შემდეგ (1556) ანრი II განაგრძობდა ბრძოლას ფილიპე II- ის წინააღმდეგ. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი). ამ მშვიდობის გარანტიის უზრუნველსაყოფალ ფილიპემ ცოლად შეირთო ანრი II-ის უფროსი ქალიშვილი, ელიზაბეტა ვალუა. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ანრი II.

1589 წლიდან ფილიპე ჩაერთო <nowiki>სამი ანრის ბრძოლაში და დახმარება აღმოუჩინათ კათოლიკურ ლიგას. 1589 წელს ანრი III ვალუა მოკლეს და ტახტის მემკვიდრედ ნავარის მეფე ანრი დე ბურბონი სახელდება. 1590 წლის გაზაფხულზე ანრიმ ივრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მაიენის ჰერცოგი, ეს უკანასკნელი ამალის გარეშე გაიქცა და მანტს შეაფარა თავი. ამის შემდეგ ჰერცოგს აღარ ჰქონდა პარიზში დაბრუნების საშუალება. ანრიმ ისევ სცადა პარიზის დაკავება, მაგრამ კათოლიკეებს ესპანეთის მეფემ, ფელიპე II-მ უშველა, მან პარმის ჰერცოგის მეთაურობით ნიდერლადებიდან არმია დაუპირისპირა ანრის. ანრიმ კი ინგლისის დედოფლისგან ელისაბედისგანმიიღო დიდძალი ფულადი დახმარება, რითაც შეძლო ჯარის შეკრება და მანტის, შარტრის და ნიონის დაკავება. მანტში მან თავისი ახალი შეყვარებული გაბრიელ დ'ეტრე გაიცნო.

1592 წელს ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, რუანის აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. 1593 წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში გენერალური შტატები მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. 23 ივლისს ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან განთქმული ფრაზით უპასუხა: "პარიზი ღირს მესად".

25 ივლისს ანრი დაესწრო კათოლიკურ წირვას სენ-დენის ტაძარში, ეს უმალვე ცნობილი გახდა პარიზში და პარიზელები გაეშურნენ სენ-დენიში ახალი მეფის მისასალმებლად. 1594 წელს იგი შარტრში ძველი ტრადიციის თანახმად აკურთხეს მეფედ და იმავე წლის 22 მარტს იგი უბრძოლველად შევიდა პარიზში. ანრიმ საფრანგეთი ნაწილ-ნაწილ გააერთიანა, ზოგი ქალაქი და პროვინცია "იყიდა", ხოლო სადაც ფულმა და დათმობამ არ გაჭრა, იქ იარაღი გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. 1597 წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. 1598 წელს კი ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.

კონფლიქტები ჰოლანდიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1555 წელს დადებული აუსბურგის ზავის მიხედვით ჰოლანდია და მის შემოგარენში არსებული 17 პროვინცია . იგი კათოლიციზმისა და  აბსოლუტიზმის თავგამოდებული დამცველი იყო, რასაც ჰოლანდიელები ვერაფრით ეგუებოდნენ.  სამხრეთ ნიდერლანდების მდიდარ სავაჭრო ქალაქებში კალვინიზმის გავრცელების შემდეგ, ანტიკათოლიკურმა პროტესტებმა უფრო და უფრო ხშირი ხასიათი მიიღო. 1566 წელს, 400 წევრიანმა ლიგამ, რომლის წევრებს გავლენიანი ფეოდალები წარმოადგენდნენ, უკმაყოფილება გამოაცხადეს ესპანელების მართველობით და მათ მარგარეთ პარმასთან, გაგზავნეს პეტიცია რომ კალვინისტების დევნა შეჩერებულიყო.1566 წლის, აგვისტოს დასაწყისში, ფლანდრიის ონდსკოტის ეკლესიაში შეიჭრა პროტესტანტების ბრბო. მსგავსი სიტუაცია განმეორდა ჩრდილოეთ ნიდერლადნებშიც, ეს მოვლენა „ბილდენსტორმის“ სახელით იყო ცნობილი, რაც კალვინისტების მიერ ორგანიზირებული, მასიური ხატმებრძოლეობრივი მოძრაობა იყო. ისინი თავს ესხმოდნენ ეკლესიებს და სხვა რელიგიურ ნაგებობებს და ანადგურებდნენ ნიდერლანდებში არსებულ მონუმენტებსა და სურათებს. კალვინისტების აზრით, ეს ქანდაკებები წარმოადგენენ კერპებს. ადგილობრივი მმართველები თავს არიდებდნენ მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან. ხატმებრძოლეობამ ფეოდალები ორ ნაწილად დაყო, ვილჰემლ ორანელისა და სხვა დიდგვაროვნები რომლებიც მხარს უჭერდნენ ხატმებრძოლეობას.1568 წლისთვის, ვილჰემლი ბრიუსელიდან ჰერცოგი ალბის გადაყენებას ცდილობდა. პროტესტანტებს სურდათ ნიდერლანდები ოთხი სხვადასხვა მიმართულებით დაეკავათ, ვილჰემლის ძმები გერმანიიდან და ფრანგი ჰუგენოტები კი სამხრეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ. 1568 წლის, 23 აპრილს, რურმონდის მახლობლად, გაიმართა დაილჰაიმის ბრძოლა, სადაც ესპანეთმა გაიმარჯვა, 1568 წლის 23 მაის, კი ჰეილიგერლეს ბრძოლა სადაც აჯანყებულებმა გაიმარჯვეს. 1573 წელს, ალბა ლუის რეკესენსით ჩაანაცვლეს, რომელმაც ჯარში გარკვეული რეორგანიზაცია მოახდინა. თუმცა დაქირავებულებისთვის ფულის გადახუხდელობამ, ჯარი პერიოდულმა აჯანყებებმა მოიცვა, ხოლო 1576 წელს, მათ ანტვერპენი გაძარცვეს, რასაც 8.000 მოქალაქე შეეწირა. ე.წ. „ესპანურმა რისხვამ“ ჩვიდმეტი პროვინციის ერთიანობა განამტკიცა. ვილჰელმ ორანელმა მოახერხა ნიდერლანდებში ანარქიისთვის ბოლო მოეღო და ფართო კონტროლი დაემყარებინა პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე.1579 წელს, კალვინისტების მიერ ოუდენარდის, კორტრიკის, ბრიუგეს და ლეპერის დაკავებამ, ასევე ჩრდილოელ კალვინისტების მიერ აგრესიულმა ქმედებებმა, რამდენიმე სამხრეთ ნიდერლანდიურმა პროვინციებმა არასის კავშირი ჩამოაყალიბეს და მათ ერთგულება ესპანეთის მეფეს გამოუცხადეს. საპასუხოდ, 1579 წლის, 23 იანვარს, ვილჰელმის მეთაურობით, ჰოლანდიის, ზელანდიის, უტრეხტის, გელდერნის და გრონინგენის პროვინციებმა უტრეხტის კავშირი ჩამოაყალიბეს. ზოგიერთი სამხრეთ ქალაქები, როგორებიც იყო ბრიუგე, გენტი, ბრიუსელი და ანტვერპენი ჩრდილოეთის კავშირში გაწევრიანდნენ. ეფეკტიური 17 პროვინცია უკვე ორად დაყოფილ, დაპირისპირებულ ქვეყნებად გადაიქცნენ.მომდევნო წლების განმავლობაში, ახალმა ესპანელმა გამგებელმა ალექსანდე პარმელმა დაიკავა ფლანდრიის და ბრაბანტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უმრავლესობა ქალაქებში ისევ აღდგა კათოლიკური რელიგია. 1585 წელს, ანტვერპენიც მის ხელში გადავიდა, რამაც ნახევარი მოსახლეობის ჩრდილოეთში მიგრაცია გამოიწვია. 1598 წელს ფილიპეს ქალიშვილი ისაბელ კლარა ეუხანია მისთხოვდა ჰოლანდიის მმართველ ალბერტ VII-ს, რითაც ფაქტიურად დაძაბულობა განიმუხტა, მაგრამ ჰოლანდიამ დამოუკიდებლობა მიიღო.

ომები ინგლისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Loutherbourg-Spanish Armada.jpg

მას შემდეგ რაც ფილიპეს მეორე მეუღლე, ინგლისისა და ირლადიის დედოფალი მერი I ტიუდორი გარდაიცვალა, ფილიპეს ჩამოერთვა ინგლის-ირლანდიის თანამეფი ტიტული, ამიტომაც ამ ტიტულის ხელახლა მისაღებად ფილიპემ გადაწყვიტა ექორწინა მერის ნახევარ და ელისაბედ ტიუდორზე, რომელიც ინგლის-ირლანდიის ახალი დედოფალი იყო და თანაც გაუთხოვარი.  ელისაბედი პროტესტანტი და ღრმად მორწმუნე ქალბატონი იყო და მისთვის წარმოუდგენელი იყო სიძეზე ქორწინება, მით უმეტეს, რომ უამრავი სხვა უფრო კარგი შემოთავაზებები ჰქონდა. ფილიპემ უარის შემდეგ გული აიცრუა ელისაბედზე და მის მოსისხლე მტრად იქცა. ფილიპე გამუდმებით ეხმარებოდა და აქეზებდა ელისაბედის წინააღმდეგ შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტს რომელსაც ინგლისის ტახტი ეკუთვნოდა და პრეტენზიასაც გამოთქვავდა. 1569 წელს მარია სტიუარტი შოტლანდიის ტახტიდან ჩამოაგდეს და იძულებული გახდა ინგლისში გაქცეულიყო, სადაც იგი ელისაბედმა დაატყვევა და დილეგში გამოკეტა. ფილიპემ მარიასთან ურთიერთობა მაინც არ გაწყვიტა და ციხეში უგზავნიდა ფულსა და გეგმებს ელისაბედის მოშორებისათვის. ელისაბედი რათქმაუნდა ხვდებოდა ამ ყველაფერს და აცლიდა მარია სტიუარტს ხაფანგში გაბმას, მანამდე კი ელისაბედის ბრძანებით ინგლისელმა მეკობრეებმა დაიწყეს ესპანური სავაჭრო ხომალდების ძარცვა, რაც ესპანეთის ეკონომიკაზე საშინლად უარყოფითად აისახა.  1585 წელს ინგლისელმა მეკობრეებმა ღრმად შეტოპეს და თავს დაესხნენ ესპანურ კოლონიას ამერიკის კონტინენტზე. ეს ფილიპისათვის ბოლო წვეთი იყო და ინგლისს ომი გამოუცხადა, მაგრამ ოფიციალურად ბრძოლისაგან ინგლისიცა და ესპანეთიც თავს იკავებდნენ. 1587 წელს ელისაბედმა მარია სტიუარტს უსაფუძვლოდ შეუთითხნა ღალატის ბრალდება და ამავე წლის 8 თებერვალს დედოფალ მარია სტიუარტს ეშაფოთზე თავი მოკვეთეს. ფილიპემ კათოლიკე დედოფლის მკვლელობა კათოლიკური ეკლესიის შებღალვად აღიქვა და უკვე სერიოზულად დაიწყო ინგლისის დასაპყრობი არმადის მშენებლობა.  ერთ წელიწადში არმადა მზად იყო. ფილიპემ არმადას სათავეში ჰერცოგი მედინა-სიდონია დაუყენა. ჰერცოგს სამხედრო-საზღვაო ფლოტში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერი ორგანიზატორი იყო და მოკლე დროში შეძლო გამოცდილ კაპიტნებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ერთად მათ შექმნეს ჯარი და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, უზარმაზარი ფლოტი საკვებითა და წყლით მოამარაგეს. მათ საგულდაგულოდ შეადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა გემებს შორის სიგნალებს, ფლოტის გადაადგილებას და ჯარის განლაგებას, რომელშიც ერთობლივი ძალები შედიოდა.

ესპანური არმადის მარშრუტი

1588 წლის 29 მაისს არმადამ 130 გემით, 20 000 ჯარისკაცითა და 8 000 მეზღვაურით, როგორც იქნა, დატოვა ლისაბონის ნავსადგური. მაგრამ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით ლა-კორუნიასთან შეჩერებულიყვნენ, რომ გემები შეეკეთებინათ და საკვებისა და წყლის მარაგი აეღოთ. არასაკმარისი საკვებისა და ჯარისკაცებში გაჩენილი დაავადების გამო ჰერცოგმა მედინა-სიდონიამ მეფეს წერილი გაუგზავნა; წერილში მან პირდაპირ განუცხადა მეფეს, რომ, მისი აზრით, გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო. მაგრამ მეფემ დაჟინებით მოსთხოვა ჰერცოგს გეგმის ზედმიწევნით შესრულება. ასე რომ, ამ მოუქნელმა ფლოტმა განაგრძო სვლა და ლისაბონის ნავსადგურის დატოვებიდან ორ თვეში მიაღწია ლა-მანშის სრუტეს. ესპანეთის ფლოტს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პლიმუთის სანაპიროსთან ინგლისელთა ფლოტი ელოდა. ესპანეთსაც და ინგლისსაც ერთი და იმავე რაოდენობის, ოღონდ განსხვავებული დიზაინის გემები ჰყავდათ. ესპანური ხომალდები მაღალი იყო და მცირე რადიუსის ქვემეხები ჰქონდა. ინგლისელებმა დიდი რადიუსის ქვემეხებით ვერ მოახერხეს ესპანეთის ვერც ერთი ხომალდის ჩაძირვა. ინგლისელმა კაპიტნებმა გადაწყვიტეს, როგორმე გაერღვიათ მტრის გემების განლაგება და მიახლოებოდნენ ესპანეთის ფლოტს. ეს მათ 7 აგვისტოს მოახერხეს. მეფის ბრძანებით ჰერცოგი მედინა-სიდონია არმადასთან ერთად პარმის ჰერცოგის ჯართან შესახვედრად გაემართა. ვიდრე პარმის ჰერცოგისგან შეტყობინებას მიიღებდა, მედინა-სიდონიამ კალესთან (საფრანგეთი) ღუზების ჩაშვების ბრძანება გასცა. ესპანეთის ღუზაჩაშვებული და დაუცველი გემებისკენ ინგლისელებმა დენთით დატვირთული და ცეცხლმოკიდებული რვა გემი გაუშვეს. შეშინებული ესპანელი კაპიტნების უმეტესობამ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით გემები ზღვაში გაიყვანა. ძლიერმა ქარმა და დინებამ ესპანელთა გემები ჩრდილოეთისკენ გარეკა. მეორე დღეს გამთენიისას შედგა უკანასკნელი ბრძოლა. ინგლისის ფლოტმა ახლო მანძილიდან გაუხსნა ცეცხლი ესპანეთის გემებს. ამ დროს სულ ცოტა სამი გემი განადგურდა და უამრავი დაზიანდა. ესპანელები უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ტყვია-წამალი თითქმის აღარ ჰქონდათ. ძლიერი შტორმის გამო ინგლისელებმა ბრძოლა მომდევნო დღისთვის გადადეს. მეორე დილას არმადა კვლავ მტრის პირისპირ განლაგდა რკალისებრად და დარჩენილი ტყვია-წამლით საბრძოლველად გაემზადა. მაგრამ ინგლისელებს ჯერ ცეცხლი არ ჰქონდათ გახსნილი, რომ ქარმა და დინებამ ესპანეთის გემები ჰოლანდიის ქვიშიანი სანაპიროსკენ, ზელანდიისკენ წაიღო, რაც მათ დაღუპვას მოასწავებდა. მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ ქარმა მიმართულება შეცვალა და არმადა ჩრდილოეთით შუა ზღვაში, უსაფრთხო ადგილას წაიღო. კალესკენ დასაბრუნებელი გზა ინგლისელებს ეკავათ, ქარი კი ესპანეთის დაზიანებულ გემებს ჩრდილოეთისკენ მიაქანებდა. ჰერცოგ მედინა-სიდონიას ისღა დარჩენოდა, რომ გეგმაზე ხელი აეღო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გემი გადაერჩინა. მან გადაწყვიტა, შოტლანდიისა და ირლანდიის შემოვლით ესპანეთში დაბრუნებულიყო. არმადის დაზიანებულ გემებს უკან დასაბრუნებლად დამქანცველი გზა ელოდათ, საკვები თითქმის აღარ ჰქონდათ და კასრებიდან წყალი ჟონავდა. ინგლისელთა თავდასხმებმა გემების უმეტესობა მწყობრიდან გამოიყვანა და რამდენიმეღა თუ ვარგოდა ზღვაოსნობისთვის. ამასთანავე, ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან არმადა ორკვირიან ძლიერ შტორმში მოჰყვა. ზოგი გემი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი ირლანდიის სანაპიროსთან დაიმსხვრა. ბოლოს, არმადის გადარჩენილ გემთაგან პირველებმა 23 სექტემბერს ძლივს ჩააღწიეს ჩრდილოეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ სანტანდერში. დაახლოებით 60-მა გემმა და ეკიპაჟის ნახევარმა შეძლო ლისაბონში დაბრუნება. ათასობით ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ბევრი დაჭრილი მოკვდა და ბევრიც დაავადებებმა იმსხვერპლა. გადარჩენილებისთვის განსაცდელი ესპანეთის სანაპიროსთანაც არ დამთავრებულა. წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“ აღნიშნულია, რომ ზოგიერთი გემის ეკიპაჟს „საერთოდ არ ჰქონდა საკვები და შიმშილით დაიხოცნენ“, მიუხედავად იმისა, რომ ღუზა ესპანეთის პორტში ჰქონდათ ჩაშვებული. ესპანეთის პორტ ლარედოში ერთი გემი მხოლოდ იმიტომ დაიმსხვრა, რომ „საკმარისი ხალხი არ ჰყავდათ იალქნების დასაშვებად და ღუზის ჩასაშვებად“. ფილიპეს ამ სამარცხვინო მარცხმა თავი მოსჭრა მთელს ევროპაში, უძლეველი არმადის მარცხმა ბოლო მოუღო ესპანეთის ჰეგემონიას მთელს მსოფლიოში რამაც საბოლოოდ ესპანეთი გაკოტრებამდე მიიყვენა.

ომი ოსმალეთის იმპერიასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეპანტოს ბრძოლა

ვინაიდან ფილიპეს მამა კარლოსი ოსმალთა სულთნის სულეიმან I-ის მოსისხლე მტერი იყო, სულეიმანი ფილიპესაც ასე აღიქვამდა. ფილიპემ სპეციალურად ოსმალების დასამარცხებლად და ევროპული  მიწებიდან გასადევნად შეიქმნა საღვთო ლიგა რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ : ესპანეთი, ვენეცია, რომის პაპი, მალტა, გენუა, ტოსკანა, სავოია, ურბინო და პარმა.  1560 წელს საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის მოხდა ჯერბას ბრძოლა რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. ოსმალეთის იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა. 1566 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანი, ტახტზე კი მისი ვაჟი სელიმ II ადის. იმპერიას, ფაქტობრივად, დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა განაგებდა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები ჰაბსბურგებთან. 1568 წელს დადებული ადრიანოპოლის ხელშეკრულების შედეგად, დასრულდა 1566 წელს სიგეტვარის ბრძოლით დაწყებული ომი. ზავის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას დაეკისრა 30,000 დუკატის ხარკის სახით გადახდა. ვინაიდან საღვთო რომის იმპერიას ფილიპეს და და სიძე მართავდნენ, ფილიპეს არ მოეწონა დის მმართველობის შერყევა და ამიტომაც ახალი საბრძოლო გეგმის დასახვა დაიწყეს. მალევე ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა მოლდოვეთი და ვლახეთი. 1569 წელს ასტრახანში მოწყობილი ლაშქრობა, უშედეგოდ დასრულდა. 1570 წელს სელიმმა დაიწყო ომი ვენეციასთან კვიპროსის დასაპყრობად. 1571 წლის 7 ოქტომბერს ლეპანტოდან 60 კმ-ის დაშორებით. ოსმალთა ფლოტმა შეუტია მოკავშირეთა ფლოტს; მაგრამ გალერების ფრონტის წინ წაწეულმა ვენეციის ექვსმა გალეასმა არტილერიული ცეცხლით დაარღვია ოსმალთა ფლოტის (არტილერია არ გააჩნდათ) საბრძოლო წყობა. მაშინ ოსმალეთის გალერები მოწინააღმდეგის პირველი ხაზის გალერების აბორდაჟზე გადავიდნენ. ხომალდებზე ორივე მხრიდან იყო 25-25 ათასი კაცი (მეზღვაურთა გარდა). გაიმარჯვეს გაერთიანებული ფლოტის ჯარისკაცებმა. ოსმალეთის ფლოტი განადგურდა, მათ დაკარგეს 224 ხომალდი, ხოლო მოკავშირეებმა – 15 გალერა. ამ ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ოსმალებმა ააგეს ახალი ფლოტი და ომი წარმატებით დაამთავრეს. 1573 წლის საზავო ხელშეკრულებით ვენეციამ ოსმალეთს კ. კვიპროსი დაუთმო. თუმცა ესპანეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ დიპლომატიით გამოსწორდა. ფილიპეს ამ დროს ფლანდრიაში გაუმწვავდა ურთიერთობები, ამასთან დაინახა,რომ ოსმალებმა სპარსეთთან ომი დაიწყო და ევროპისთვის აღარ ეცალა, ამიტომაც ფილიპემ და სელიმმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.

გაფართოება ამერიკასა და ფილიპინებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთი 1598 წელს

ფილიპეს მემკვიდრეობით ერგო უზარმაზარი კოლონიები ამერიკის კონტინენტზე. მაშინდელი ესპანეთი ეკონტროლებდა თანამედროვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, მაგრამ სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციაში ესპანეთის საშინელი მეტოქე იყო, მისივე მეზობელი პორტუგალია რომელიც ასევე ფლობდა უზარმაზარ კოლონიებს(თუმცა პორტუგალიის კოლონიები ესპანეთისასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა).  ფილიპემ ააგო უდიდესი სამოგზაურო და სამხედრო ხომალდები და მიგელ დე ლოპეს ლეგასპის მეთაურობით დაიწყო ახალი ექსპედიციები, რომლებიც მიზად ისახავდა ახალი ტერიტორიების აღმოჩენას და მათ ესპანეთის დავემდებარებაში გადაყვანას. ექსპედიცია 1565 წელს დაიწყო და დამთავრდა 1571 წელს, ამ ექსპედიციის დროს საგრძნობლად გაიზარდა ესპანეთის ტერიტორიები, აღმოაჩინეს და ესპანეთს დაუქვემდებარეს აზიაში მდებარე ფილიპინების კუნძულები, იქ ააგეს უზარმაზარი ქალაქები როგორებიცაა მანილა, კებუ, ლეგასპი და ასე შემდეგ. ფილიპინების სრული დაპყრობის შემდეგ ესპანელემბა მზერა კვლავ ამერიკისაკენ მიმართეს. 1565 წელს ფილიპეს ბრძანებით ესპანელებმა მოახდინეს ფლორიდის ნახევარკუნძულის სრული კოლონიზაცია. ამავე წელს მექსიკაში ფილიპემ გაზარდა კოლონიები და დააარსა ახალი ქალაქი, აკაპულკო. 1565 წელს ფრანგები სასტიკად დაამარცხეს ფლორიდის სანაპიროებთან. ფილიპემ უსაფრთხოების მიზნით ფლორიდაში დააარსა ქალაქი ავგუსტინი, სადაც მან ჩააყენა 5000 კაციანი არმია რომლებსაც უნდა ეზრუნათ ფლორიდის უკეთ ათვისებაზე.  ასევე გაზარდეს კოლონიები მექსიკის მახლობლადაც საიდანაც ესპანელებმა აურაცხელი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები წაიღეს ესპანეთში. მალევე ფილიპე აარსებს კიდევ ერთ ახალ არგენტინის კოლონიას სამხრეთ ამერიკაში. მის ცენტრალურ ქალაქად კი ბუენოს-აირესი ცხადდება. გარდა ამისა ფილიპემ 5000 ჯარისკაცი გააგზავნა ჩინეთის წინააღმდეგ, ესპანელებმა დაიპყრეს სამხრეთ ჩინური ქალაქი მაკაუ, ასევე ესპანელები აფრიკაში იპყრობენ რამდენიმე კუნძულს და მასზე ესპანურ ქალაქებსა და სოფლებს აშენებენ.  ფილიპეს მმართველობისას ესპანეთის ფართობი ერთიორად გაიზარდა, მაგრამ ახალი ტერიტორიების დაპყრობა მხოლოდ გაფართოების მიზნით არ სურდა ფილიპეს. იგი იქ ავრცელებდა ესპანურ ენას, კათოლიკურ სარწმუნოებასა და ესპანურ წესჩვეულებებს. დღემდე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ესპანურად მეტყველებს და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, ასევე კათოლიკურია ფილიპინებიც რომელის გაქრისტიანებასაც ფილიპეს დაპყრობებმა ჩაუყარა საფუძველი. ესპანელებმა ინდიელებისაგან აითვისეს თამბაქოს მოხმარება, როგორც მათ ინდიელებმა ასწავლეს თამბაქოს მოწევის შედეგად ნებისმიერი ტკივილი ყუჩდებოდა, ამიტომაც თამბაქო ესპანეთში მალევე გავრცელდა ესპანეთიდან საფრანგეთში გავრცელდა, საფრანგეთიდან კი სხვა სახელმწიფოებს. ასევე ახალი მიწებიდან გამოჰქონდათ არნახული სიმდიდრე და მონები.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფილიპემ ესპანეთში გაატარა. იგი ცხოვრობდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სამეფო  ეს-კორიალის რეზიდენციაში.  ფილიპეს გარს უახლოესი ადამიანები ეხვია, მათ შორის იყვნენ : მარია ჰაბსბურგი, რომელიც დაქვრივების შემდეგ ესპანეთში ცხოვრობდა, ასევე მასთან იყვნენ მისი შვილები: ისაბელ კლარა ეუხენია, კატალინა მიკაელა, ფილიპე, რომელიც შემდგომ ფილიპე III გახდა.  1597 წელს უკვე 70 წლის ფილიპეს ცანცერი დაუდგინეს. ფილიპემ სიცოცხლის ბოლო თვეები საწოლში გაატარა, მას თითქმის აღარაფერი შეეძლო, გარდა სიკვდილის ლოდინისა. 1598 წლის 13 სექტემბერს, ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიური იმპერიების 71 წლის მეფე, ფილიპე II ჰაბსბურგი გარდაიცვალა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი მამა დედა დინასტია სამშობლო დაბ.

თარიღი

დაბ.

ადგილი

ქორ.

თარიღი

გარდ.

თარიღი

გარდ.

ადგილი

გარდ.

ასაკი

Maria Manuela of Portugal princess of Asturias.jpg მარია

მანუელა

ჟუან III ეკატერინე

ავსტრიელი

ავისი პორტუგალია 15 ოქტომბერი

1527

კოიმბრა 1543 12 ივლისი

1545

ვალიადოლიდი,

ესპანეთი

17

წლის

Mary I of England.jpg მერი I ჰენრი VIII კატალინა

არაგონელი

ტიუდორი ინგლისი 18 თებერვალი

1516

გრინვინჩი 25 ივლისი

1554

17 ნოემბერი

1558

ლონდონი,

ინგლისი

42

წლის

Isabel de Valois2.jpg ელიზაბეტა ანრი II ეკატერინე

მედიჩი

ვალუა საფრანგეთი 2 აპრილი

1545

პარიზი 22 ივნისი

1559

3 ოქტომბერი

1568

მადრიდი,

ესპანეთი

23

წლის

Anne of Austria Spain.jpg ანა მაქსიმე II მარია

ესპანელი

ჰაბსბურგი ავსტრია 2 ნოემბერი

1549

ვენა 12 სექტემბერი

1570

26 ოქტომბერი

1580

ბადახოსი,

ესპანეთი

30

წლის

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დედა დაბ.

თარიღი

გარდ.

თარიღი

ტიტული მეუღლე
Alonso Sánchez Coello - Prince Don Carlos of Austria - WGA20718.jpg დონ კარლოსი მარია მანუელა

პორტუგალიელი

8 ივლისი 1545 24 ივლისი 1568 ასტურიის პრინცი არ ჰყოლია
მკვდარშობილი ტყუპი გოგონები ელიზაბეტა ვალუა 1564 არ ჰქონია არ ჰყოლიათ
მკვდარშობილი გოგონა ელიზაბეტა ვალუა 1565 არ ჰქონია არ ჰყოლია
Isabel Clara Eugenia (Pantoja de la Cruz).jpg ისაბელ კლარა ეუხენია ელიზაბეტა ვალუა 12 აგვისტო 1566 1 დეკემბერი 1633 ჰოლანდიის დედოფალი

და

ავსტრიის ერცჰერცოგინია

ალბერტ VII
Catalinamicaelaspain67.jpg კატალინა მიკაელა ელიზაბეტა ვალუა 10 ოქტომბერი 1567 6 ნოემბერი 1597 სავოიის ჰერცოგინია შარლ

ემანუელ I

მკვდარშობილი გოგონა ელიზაბეტა ვალუა 3 ოქტომბერი 1568 არ ჰქონია არ ჰყოლია
Alonso Sánchez Coello - Portrait of Infante Ferdinand of Spain - Walters 37551.jpg ფერდინანდი ანა ავსტრიელი 4 დეკემბერი 1571 18 ოქტომბერი 1578 ასტურიის პრინცი არ ჰყოლია
კარლოს ლორენცო ანა ავსტრიელი 12 აგვისტო 1573 30 ივნისი 1575 ესპანეთისა და

პორტუგალიის ინფანტი

არ ჰყოლია
DiegoSpanien.jpg დიეგო ანა ავსტრიელი 15 აგვისტო 1575 21 ნოემბერი 1582 ასტურიის პრინცი არ ჰყოლია
Philip III of Spain.jpg ფილიპე III ანა ავსტრიელი 14 აპრილი 1578 31 მარტი 1621 ესპანეთისა და

პორტუგალიის მეფე

მარგარეტ

ავსტრიელი

მარია ანა ავსტრიელი 14 თებერვალი 1580 5 აგვისტო 1583 ესპანეთისა და

პორტუგალიის პრინცესა

არ ჰყოლია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ALTAMIRA Y CREVEA, Rafael, Ensayo sobre Felipe II, hombre de estado: su psicología general y su individualidad humana, México, Alicante, 1997.
  • ANDERSON, Perry, El estado absolutista, México, Siglo XXI, 2011.
  • Henry Kamen, Philip of Spain (New Haven, Yale University Press, 1999) – the standard modern biographical source.
  • Glyn Redworth, "Philip (1527–1598)", Oxford Dictionary of National Biography, online edition, May 2011 Retrieved 25 Aug 2011
  • Pettegree, Andrew (2002). Europe in the Sixteenth Century. Oxford: Blackwell. <nowiki>ISBN 0-631-20704-X.
  • Benton Rain Patterson, With the Heart of a King: Elizabeth I of England, Philip II of Spain & the Fight for a Nation's Soul & Crown (2007)
  • Rodriguez-Salgado, M.J. "The Court of Philip II of Spain". In Princes Patronage and the Nobility: The Court at the Beginning of the Modern Age, cc. 1450–1650. Edited by Ronald G. Asch and Adolf M. Birke. New York: Oxford University Press, 1991. <nowiki>ISBN 0-19-920502-7.
  • Geoffrey Parker, Imprudent King: A New Life of Philip II (2014).
  • Geoffrey Parker, The Grand Strategy of Philip II (New Haven, 1998).
  • Markus Reinbold, Jenseits der Konfession. Die frühe Frankreichpolitik Philipps II. von Spanien 1559–1571 (Stuttgart, Thorbecke, 2005) (Beihefte der Francia, 61).
  • Harry Kelsey, Philip of Spain, King of England: the forgotten sovereign (London, I.B. Tauris, 2011).