ოტო ფრანც ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოტო ფრანც ავსტრიელი
Erzherzog Otto.JPG
სრული სახელი
ოტო ფრანც იოზეფ კარლ ლუდვიგ მარია
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგი
დაიბადა 21 აპრილი, 1865
გრაცი, ავსტრია
გარდაიცვალა 1 ნოემბერი, 1906, (41 წლის)
ვენა, ავსტრია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მეუღლე(ები) მარია იოზეფა საქსონიელი
შვილ(ებ)ი კარლ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი
მამა კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
დედა მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი
რელიგია კათოლიციზმი

ოტო ფრანც ავსტრიელი (გერმ. Otto Franz von Österreich; დ. 21 აპრილი, 1865, გრაცი, ავსტრია — გ. 1 ნოემბერი, 1906, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელისა და მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელის ვაჟი, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის ძმა, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ძმისწული და იმპერატორ ფრანც II-ის შვილთაშვილი. ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ I-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტო ფრანცი დაიბადა 1865 წლის 21 აპრილს გრაცში. იგი იყო ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელისა და მისი მეორე ცოლის, პრინცესა მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელის მეორე ვაჟი. მისი უფროსი ძმა იყო თავად ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. ვინაიდან მამამისი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის უმცროსი ძმა იყო, ოტო ფრანცი და მისი ძმებიც ტახტის პოტენციურ მემკვიდრეებად მიიჩნეოდნენ, თუმცაღა იმპერატორს ჰყავდა ვაჟი, კრონპრინცი რუდოლფი, ამიტომაც მათი გამეფების შანსები დაბალი იყო. მას შემდეგ, რაც 1889 წელს რუდოლფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თანაც ისე, რომ ვაჟები არ დარჩენია, ოტო ფრანცის მამა ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა, თუმცა 1896 წელს ისიც გარდაიცვალა, ამიტომაც მემკვიდრედ მისი ძმა, ფრანც ფერდინანდი გამოცხადდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფრანც ფერდინანდის შთამომავლებს მისი სკანდალური ქორწინების გამო ჩამორთმეული ჰქონდათ მემკვიდრეობა, ფაქტობრივად, ოტო ფრანცი ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე იყო. თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

როგორც ცნობილია, ოტო ფრანცს ძალიან უყვარდა აღვირახსნილი ცხოვრება, იგი ხშირად სტუმრობდა საროსკიპოებსა და დუქნებს, სადაც დაახლოებით 1900 წელს სიფილისითაც დაავადდა. ამის მიუხედავად, მას ცხოვრების წესი არ შეუცვლია. იმ წლის საფხული მან ეგვიპტეში გაატარა, დაბრუნების შემდეგ კი მიატოვა სამეფო კარი და ვენის გარეუბანში გადასახლდა საყვარელთან ერთად, სადაც იგი 1906 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა სიფილისით, 41 წლის ასაკში.

1914 წელს სარაევოში ვიზიტისას მისი ძმა, ფრანც ფერდინანდი მოკლეს, რასაც 1916 წელს ფრანც იოზეფის დაღუპვაც მოჰყვა, რის შედეგადაც ტახტი ოტო ფრანცის ძემ, კარლ I-მა დაიკავა, თუმცა იგი 1918 წელს დაამხეს.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტო ფრანცი და მარია იოზეფა ვაჟებთან ერთად

საიმპერატორო კარის ზეწოლის შედეგად, 1886 წლის 2 ოქტომბერს ცოლად შეირთო პრინცესა მარია იოზეფა საქსონიელი (1867-1944), საქსონიის მეფე გეორგისა და ინფანტა მარია ანა პორტუგალიელის ქალიშვილი. მისი ქორწინება აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ იმპერატორ ფრანც იოზეფის ერთადერთი ძე, კრონპრინცი რუდოლფი უვაჟოდ მოკვდა, რასაც მოჰყვა ოტო ფრანცის უფროსი ძმის, ფრანც ფერდინანდის დაბალი წარმომავლობის ქალზე, სოფია ხოტეკზე ქორწინება, რამაც მათ მომავალ შვილებს მემკვიდრეობის უფლება წაართვა, რითაც, ტახტის მეორე მემკვიდრე სწორედ ოტო ფრანცი იყო, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა მამრობითი სქესის მემკვიდრე, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა პრინცესაზე ქორწინება იყო საჭირო. საქსონიის პრინცესაზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ სოფიამდე ფრანც ფერდინანდი დანიშნული იყო პრინცესა მატილდა საქსონიელზე, საქსონიელებთან ურთიერთობების გაფუჭების შიშით კი ძმის ნაცვლად ოტო ფრანცმა იქორწინა მათ პრინცესაზე. საბოლოოდ, მას მარია იოზეფასთან მხოლოდ ორი ვაჟი შეეძინა:

  1. კარლ I ფრანცი (1887-1922), ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორი, ცოლად შეირთო პრინცესა ზიტა დე ბურბონ-პარმელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. მაქსიმილიან ევგენი (1895-1952), ცოლად შეირთო პრინცესა ფრანცისკა ჰოენლოჰ-ვალდენბურგ-შილინგსფიურსტელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;

ოტო ფრანცისა და მარია იოზეფას ქორწინება უბედური იყო, რის გამოც იგი ცოლის ერთგული არასოდეს ყოფილა. ამის გამო მას თავისი საყვარლის, მარია შლაინცერისაგან ორი უკანონო შვილი ჰყავდა:

  1. ალფრედ იოზეფი, მექსიკასა და ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მსახიობის, იზაბელ დელ პუერტოს მამა;
  2. ჰილდეგარდა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Friedrich Weissensteiner: Franz Ferdinand — Der verhinderte Herrscher, Österr. Bundesverlag, Vienna, 1983
  • Taylor, Edmond, 1908- (1963). The fall of the dynasties : the collapse of the old order, 1905-1922 (first ed.). New York, NY: Skyhorse Publishing. p. 25. ISBN 978-1-63450-601-4. OCLC 907190709.
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern. Von Rudolf I. bis Karl I., Verlag Styria, Graz, 1982, ISBN 3-222-11431-5, p. 342
  • "Archduke Otto of Austria and his fiancee Maria Josepha of Saxony". Grand Ladies; the Belle Epoque.
  • Hof- und Staatshandbuch der Österreichisch-Ungarischen Monarchie (1906), Genealogy p. 2
  • Boettger, T. F. "Chevaliers de la Toisón d'Or - Knights of the Golden Fleece". La Confrérie Amicale. Retrieved 25 June 2019.