რუდოლფი (ავსტრიის კრონპრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუდოლფი
Mayerling10.jpg
სრული სახელი
რუდოლფ ფრანც კარლ იოზეფი
წოდებები
ავსტრიის კრონპრინცი, უნგრეთისა და ბოჰემიის სამეფო პრინცი
დაიბადა 21 აგვისტო, 1858
ლაქსენბურგი, ავსტრია
გარდაიცვალა 30 იანვარი, 1889, (30 წლის)
მაიერლინგი, ავსტრია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მეუღლე(ები) სტეფანია ბელგიელი
შვილ(ებ)ი ელიზაბეთ მარია
მამა ფრანც იოზეფ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი
დედა ელისაბედ ბავარიელი
რელიგია კათოლიციზმი

რუდოლფ ავსტრიელი (გერმ. Rudolf von Österreich; დ. 21 აგვისტო, 1858, ლაქსენბურგი, ავსტრია — გ. 30 იანვარი, 1889, მაიერლინგი, ავსტრია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისა და იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის ერთადერთი ვაჟი. ავსტრიის კრონპრინცი, რომლის თვითმკვლელობასაც მოჰყვა მემკვიდრული ხაზის შეცვლა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრონპრინცი 1887 წელს

რუდოლფი დაიბადა 1858 წლის 21 აგვისტოს შლოს ლაქსენბურგში, ვენასთან ახლოს. იგი იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისა და იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის მესამე შვილი და ერთადერთი ვაჟი. მას სახელი ისტორიაში პირველი ჰაბსბურგი მმართველის, გერმანიის მეფე რუდოლფ I-ის (1218-1291) პატივსაცემად დაარქვეს.

თავისი აღმზრდელის, ფერდინანდ ფონ ჰოხშტეტერის გავლენით, რუდოლფი ყოველთვის გამოირჩეოდა მეცნიერებისადმი ინტერესით. იგი ადრეული ასაკიდანვე იკვლევდა და აგროვებდა სხვადასხვა სახის მინერალებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მინერალების კოლექცია ვენაში მდებარე აგრარულ უნივერსიტეტს გადაეცა.

1877 წლიდან ახალგაზრდა კრონპრინცის ხელმძღვანელად გრაფი ბომბელი დაენიშნა, რომელიც მანამდე რუდოლფის ბიცოლის, მექსიკის იმპერატრიცა შარლოტ ბელგიელის სამსახურში იყო და საიმპერატორო ოჯახის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობდა.

რუდოლფი თავის უფროს დასთან, ერცჰერცოგინია გიზელასთან ერთად იზრდებოდა, რის გამოც ისინი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ექვსი წლის ასაკში რუდოლფი დას ჩამოაშორეს, რამეთუ მას, როგორც მომავალ იმპერატორს, კარგი განათლება და სამხედრო გამოცდილება უნდა მიეღო. ამან მათი ურთიერთობა არ შეცვალა მანამ, სანამ გიზელამ ავსტრია არ დატოვა, ვინაიდან იგი ბავარიის ჰერცოგზე დააქორწინეს და იძულებული გახდა მიუნხენში გადასახლებულიყო.

ღრმად კონსერვატორი მამისაგან განსხვავებით, რუდოლფი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდა. ამით იგი უფრო დედას ჰგავდა. ამის მიუხედავად, მას დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

რუდოლფისა და სტეფანიას ქორწინების ალეგორიული ნახატი

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1881 წლის 10 მაისს ვენაში რუდოლფმა ცოლად შეირთო პრინცესა სტეფანია ბელგიელი (1864-1945), ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ჰენრიეტა ავსტრიელის ქალიშვილი. მათი ქორწინება თავიდან ბედნიერი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც 1882 წლის 2 სექტემბერს სტეფანიამ თავიანთი ერთადერთი შვილი, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ მარია გააჩინა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ცნობილია, რომ კრონპრინცი სტეფანიასთან ქორწინებაში იმდენად უბედურად თვლიდა თავს, რომ მან სმა და მეგობრებთან ერთად საროსკიპოებში სიარულიც დაიწყო. საბოლოოდ რუდოლფმა განქორწინების თხოვნით რომის პაპ ლეო XIII-საც კი მიმართა, მაგრამ იმპერატორმა აუკრძალა ამაზე ფიქრი და თხოვნა უკან გამოაწვევინა. 1886 წელს რუდოლფსაც და სტეფანიასაც გონორეას დიაგნოზი დაუსვეს, რამაც მათი ცოლქმრული ცხოვრება სამუდამოდ დაასამარა.

რუდოლფი და მარია

რომანი და სუიციდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1886 წელს რუდოლფმა მაიერლინგში სანადირო სახლი იყიდა. უკვე 1888 წლის ბოლოს, 30 წლის კრონპრინცი პირველად შეხვდა 17 წლის ბარონესა მარია ვეტშერას, რომელთანაც მალევე გააბა რომანი. 1889 წლის 30 იანვარს რუდოლფი და მარია მაიერლინგის სანადირო ლოჟაში გარდაცვლილები იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე მათგანმა თავი ერთდროულად მოიკლა. ვინაიდან თვითმკვლელობა ხელს შეუშლიდა რუდოლფს ქრისტიანული წესებით დაკრძალვაში, მისი ოჯახის წევრებმა ექიმი მოისყიდეს და განაცხადეს, რომ მან ეს „ფსიქიური დისბალანსის“ გამო ჩაიდინა, რის შემდეგაც ის კათოლიკური წესების დაცვით დაკრძალეს ვენაში, საიმპერატორო მავზოლეუმში. რაც შეეხება ვეტშერას, მისი გვამი მალულად გაიტანეს და შუა ღამით ასევე მალულად დაკრძალეს ჰაილიგენკროიცის სოფლის სასაფლაოზე. მაიერლინგის სანადირო ლოჟა იმპერატორმა ფრანც იოზეფმა მონასტრად გადააკეთა და იქ მცხოვრებ მონაზვნებს რუდოლფის სახელზე ყოველდღიური გალობა და ლოცვებში მოხსენიება დაავალა.

იმპერატორი ფრანც იოზეფი, იმპერატრიცა ელისაბედი და პრინცესა სტეფანია გარდაცვლილი რუდოფლის საწოლთან მაიერლინგში

იმპერატორი ფრანც იოზეფი, იმპერატრიცა ელისაბედი და პრინცესა სტეფანია გარდაცვლილი რუდოლფის საწოლთან მაიერლინგში

2015 წელს აღმოაჩინეს ვეტშერას პირადი წერილები, საიდანაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ის და რუდოლფი სუიციდისათვის ერთად ემზადებოდნენ, ვინაიდან მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არ შეეძლოთ ერთად ყოფნა.

რუდოლფის გარდაცვალების შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუდოლფის ტრაგიკულმა სიკვდილმა იმპერატრიცა ელისაბედი სასოწარკვეთაში ჩააგდო. ცნობილია, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ შავ სამოსს იცვამდა და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო იშვიათად ტოვებდა საიმპერატორო სასახლეს. იმპერატრიცა ელისაბედი 1898 წელს შვეიცარიაში ვიზიტისას დანით მოკლა იტალიელმა ანარქისტმა ლუიჯი ლუჩენიმ.

პოლიტიკური თვალსაზრისით, რუდოლფის გარდაცვალებამ იმპერატორი ფრანც იოზეფი მამრობითი სქესის მემკვიდრის გარეშე დატოვა. ამის გამო ტახტის ახალი მემკვიდრე ფრანც იოზეფის ძმის, კარლ ლუდვიგის ვაჟი, ფრანც ფერდინანდი იქცა, რომელიც 1914 წელს ცოლთან ერთად მოკლეს სარაევოში, რასაც მოჰყვა პირველი მსოფლიო ომის დაწყება. თავად იმპერატორი ფრანც იოზეფი 1916 წელს გარადიცვალა და ტახტზე ფრანც ფერდინანდის ძმისწულმა, კარლ I-მა დაიკავა, რომლის არაეფექტურ მმართველობასაც 1918 წელს იმპერიის დაშლა და მონარქიის დამხობა მოჰყვა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barkeley, Richard. The Road to Mayerling: Life and Death of Crown Prince Rudolph of Austria. London: Macmillan, 1958.
  • Franzel, Emil. Crown Prince Rudolph and the Mayerling Tragedy: Fact and Fiction. Vienna : V. Herold, 1974.
  • Hamann, Brigitte. Kronprinz Rudolf: Ein Leben. Wien: Amalthea, 2005, ISBN 3-85002-540-3.
  • Listowel, Judith Márffy-Mantuano Hare, Countess of. A Habsburg Tragedy: Crown Prince Rudolf. London: Ascent Books, 1978.
  • Lonyay, Károly. Rudolph: The Tragedy of Mayerling. New York: Scribner, 1949.
  • Morton, Frederic. A Nervous Splendor: Vienna 1888/1889. Penguin 1979
  • Rudolf, Crown Prince of Austria. Majestät, ich warne Sie... Geheime und private Schriften. Edited by Brigitte Hamann. Wien: Amalthea, 1979, ISBN 3-85002-110-6 (reprinted München: Piper, 1998, ISBN 3-492-20824-X).
  • Salvendy, John T. Royal Rebel: A Psychological Portrait of Crown Prince Rudolf of Austria-Hungary. Lanham, MD: University Press of America, 1988.