ანა ბრეტონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ანა ბრეტონელი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ანა ბრეტონელი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ანა ბრეტონელი
Anne de Bretagne
ბრეტანის ჰერცოგინია
კორონაცია: 10 თებერვალი, 1489
მმართ. დასაწყისი: 9 სექტემბერი, 1488
მმართ. დასასრული: 9 იანვარი, 1514
წინამორბედი: ფრანსუა II
მემკვიდრე: კლაუდია
ავსტრიის ერცჰერცოგინია და რომაელ-გერმანელთა დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 დეკემბერი, 1490
მმართ. დასასრული: 6 დეკემბერი, 1491
წინამორბედი: კათარინა საქსონიელი
მემკვიდრე: ბიანკა მარია სფორცა
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 8 თებერვალი, 1492
მმართ. დასაწყისი: 6 დეკემბერი, 1491
მმართ. დასასრული: 7 აპრილი, 1498
წინამორბედი: შარლოტა სავოიელი
მემკვიდრე: ჟანა დე ვალუა
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 18 ნოემბერი, 1504
მმართ. დასაწყისი: 8 იანვარი, 1499
მმართ. დასასრული: 9 იანვარი, 1514
წინამორბედი: ჟანა დე ვალუა
მემკვიდრე: მერი ტიუდორი
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 აგვისტო, 1501
მმართ. დასასრული: 29 დეკემბერი, 1503
წინამორბედი: იზაბელა დელ ბალცო
მემკვიდრე: ისაბელ კასტილიელი
მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 6 სექტემბერი, 1499
მმართ. დასასრული: 16 ივნისი, 1512
წინამორბედი: ბეატრიჩე დ’ესტე
მემკვიდრე: კლაუდია დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 იანვარი, 1477
დაბ. ადგილი: ნანტი, ბრეტანი
გარდ. თარიღი: 9 იანვარი, 1514, (36 წლის)
გარდ. ადგილი: ბლუა, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: 15 თებერვალი, 1514
სენ-დენის ბაზილიკა, პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: მაქსიმილიან I, ავსტრიის ერცჰერცოგი
(ქ. 1490 - განქ. 1491)
შარლ VIII, საფრანგეთის მეფე
(ქ. 1491 - გარდ. 1498)
ლუი XII, საფრანგეთის მეფე
(ქ. 1499)
შვილები: შარლი, საფრანგეთის დოფინი
კლაუდია, საფრანგეთის დედოფალი
რენე, ფერარას ჰერცოგინია
დინასტია: მონფორები
მამა: ფრანსუა II, ბრეტანის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა დე ფუა
რელიგია: კათოლიციზმი

ანა ბრეტონელი (ფრანგ. Anne de Bretagne, ბრეტ. Anna Breizh, გერმ. Anna von Bretagne, იტალ. Anna di Bretagna; დ. 25 იანვარი, 1477, ნანტი, ბრეტანის საჰერცოგო — გ. 9 იანვარი, 1514, ბლუა, საფრანგეთის სამეფო) — მონფორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ბრეტანის ჰერცოგინია და ეტამპის გრაფინია 1488-1514 წლებში როგორც ფრანსუა II ბრეტონელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგინია 1490-1491 წლებში როგორც მაქსიმილიან I-ის მეუღლე. საფრანგეთის ორგზის დედოფალი 1491-1498 და 1499-1514 წლებში, ნეაპოლის დედოფალი 1501-1503 წლებში და მილანის ჰერცოგინია 1499-1512 წლებში როგორც ჯერ შარლ VIII-ის, ხოლო შემდეგ ლუი XII-ის მეუღლე. საფრანგეთის დედოფალ კლაუდია დე ვალუას დედა.

ანა დაიბადა ბრეტანის საჰერცოგოს დედაქალაქში და იზრდებოდა თავის უმცროს დასთან, იზაბელთან ერთად. იგი იყო ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი მეორე მეუღლის, ნავარის პრინცესა მარგარიტა დე ფუას უფროსი ქალიშვილი და მათი ტახტის მემკვიდრე. 1488 წელს ჰერცოგი ფრანსუა ბრძოლაში დაიღუპა, რის გამოც ტახტზე 11 წლის ანა ავიდა, რომელსაც მაშინვე უამრავი ხელისმთხოვნელი გამოუჩნდა.

თავდაპირველად იგი დანიშნული იყო ინგლისის მეფე ედუარდ V-ზე, თუმცა იგი მალევე დაიღუპა[კომ. 1], რის გამოც ანამ ახალი საქმროს ძიება დაიწყო. მრავალი შემოთავაზების შემდეგ, იგი საბოლოოდ 1490 წელს ცოლად გაჰყვა ავსტრიის უკვე დაქვრივებულ ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს.[კომ. 2] ჯერ კიდევ დამოუკიდებელი, თუმცა უმწეო ბრეტანის ასეთმა დაახლოვებამ ჰაბსბურგებთან, შეაშინა საფრანგეთის მეფე შარლ VIII და დიდი არმიით შეიჭრა ბრეტანში. მან დაიკავა ძირითადი ბრეტონული ციხესიმაგრეები და 1491 წელს ანა იძულებით შეირთო ცოლად. რომის პაპმა მისი და მაქსიმილიანის ქორწინება გააუქმა[კომ. 3] და იგი შარლის ცოლად და შესაბამისად საფრანგეთის ახალ დედოფლად გამოაცხადა[კომ. 4]. 1494 წელს შარლი ნეაპოლში შეიჭრა და თავი მის მეფედ გამოაცხადა, რითაც ანა ნეაპოლის დედოფალიც ხდება. აღსანიშნავია, რომ მართალია დედოფალს დაორსულების პრობლემა არ ჰქონია, თუმცა შარლსა და ანას მემკვიდრე მაინც არ ჰყავდათ, რადგან ყველა მათი შვილი ჩვილობაშივე იღუპებოდა. 1498 წელს კი შარლ VIII უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა[კომ. 5], რის გამოც ტახტზე მისი სიძე და ამავდროულად ბიძაშვილი, ლუი XII ადის.

1499 წლის იანვარში ლუი XII უშვილობის გამო გასცილდა განსვენებული შარლის დას, დედოფალ ჟანა დე ვალუას და ბრეტანის შემომტკიცების მიზნით ცოლად მისივე ქვრივი, ანა ბრეტონელი შეირთო. ამრიგად ანა უკვე მეორედ ხდება საფრანგეთის დედოფალი. მალევე ლუიმ კვლავ განაახლა იტალიური ომები და 1499 წელს ჯერ მილანის, შემდეგ კი უკვე 1501 წელს ნეაპოლის ტახტი დაიპყრო.

ლუისა და ანას მრავალი შვილი შეეძინათ, მაგრამ ორი გოგონას გარდა ყველა ჩვილობაში დაიღუპა. მგომარეობას ისიც ართულებდა, რომ საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონის თანახმად ქალს ტახტზე ასვლა არ შეეძლო, ამიტომაც მათ თავიანთი უფროსი ქალიშვილი — კლაუდია, ცოლად შერთეს მისსავე ბიძაშვილს, ანგულემის გრაფ ფრანსუა დე ვალუას[კომ. 6], რათა ვალუას დინასტია არ შემწყდარიყო და ამასთან ტახტი მათ შვილს დარჩენოდა. თუმცაღა ანას სურდა, რომ კლაუდია მაქსიმილიან I-ის შვილიშვილ კარლოსზე დაექორწინებინა, მაგრამ ამაოდ.

ანა ყველაფერს აკეთებდა ბრეტანის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რის გამოც იგი განსაკუთრებით უყვართ ბრეტონელებს. დღეისათვის, ბრეტანში ანას უამრავი მონუმენტი და მემორიალია შექმნილი. იგი გარდაიცვალა 1514 წელს, 36 წლის ასაკში. მასთან ერთად არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა მონფორების დინასტიამაც, რომელიც ორას წელზე მეტხანს მართავდა ბრეტანს.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ლუიმ ცოლად მერი ტიუდორი შეირთო, იმ იმედით, რომ ვაჟი შეეძინებოდა, თუმცა ქორწილიდან მალევე ისიც დაიღუპა და მერი უკან დაბრუნდა. ამის შემდეგ საფრანგეთსა და ბრეტანში კლაუდია და ფრანსუა გამეფდნენ, მათმა ვაჟმა ანრი II-მ კი საბოლოოდ გააერთიანა ეს ორი სახელმწიფო.

ბრეტანის ისტორიაში, ანა ყველაზე გმირ მმართველად ითვლება, რომელიც ყველანაირად იცავდა ბრეტანის დამოუკიდებლობას. რომანტიზმის ეპოქაში, იგი ბრეტონელი რომანტიკოსების მთავარ თემად იქცა: მასზე დაიწერა უამრავი პოემა, ლექსი და შეიქმნა მისი უამრავი სკულპტურა. ასევე აღსანიშნავია მისი მხატვრული პატრონაჟი ლუარას ხეობაში, სადაც განვლო თავისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი. მეუღლეებთან ერთად, იგი ზრუნავდა ბლუასა და ამბუაზის სასახლეების რესტავრაციაზეც.

შემდგომში ანას შთამომავლები მეფობდნენ საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, იტალიაში, ბულგარეთში, გერმანიასა და სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში.

ბავშვობა და განათლება

ანა ბრეტონელი დაიბადა 1477 წლის 25 იანვარს, ბრეტანის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანტში.[1] იგი იყო ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი მეუღლის, წარმოშობით ნავარელი პრინცესა მარგარიტა დე ფუას უფროსი ქალიშვილი.[2] მისი დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში გაჩნდა მისი დაც, პრინცესა იზაბელ ბრეტონელი. ვინაიდან მის მშობლებს სხვა შვილი აღარ ეყოლათ, ანა მათი ტახტის მემკვიდრედ იქცა, ამიტომაც მის განათლებაზე ადრევე დაიწყეს ზრუნვა. იგი აღსაზრდელად მიაბარეს ჟან ეონის მეუღლეს, ლავალისა და შატობრიანის მადამ ფრანსუაზ დე დინანს. პატარა ანა შეისწავლიდა ქარგვას, სიმღერას, ცეკვას და აგრეთვე ლათინურ, ბერძნულ და ფრანგულ ლიტერატურას.[3] მას დაბადებიდანვე ჰქონდა ფიზიკური დეფექტი, რაც ზედმეტად დაბალ წვივებში გამოიხატებოდა. ამის დასაფარავად, იგი ყოველთვის ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა. მას ისედაც უყვარდა ტრადიციული ბრეტონული კაბები, რომელთათვისაც ძვირადღირებული ნაჭრები და გრძელი შლეიფი იყო დამახასიათებელი, რაც მის ნაკლს ადვილად ფარავდა.

ანა ბრეტონელი ბავშვობაში

1480 წლიდან დაიწყო სერიოზული მოლაპარაკებები ანასა და ინგლისის მეფე ედუარდ V-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. ნიშნობაც შედგა, თუმცა 1483 წელს ედუარდის ბიძამ, მეფე რიჩარდ III-მ ის და მისი ძმა ლონდონის ტაუერში ჯერ გამოკეტა, შემდეგ კი დაახოცვინა, რათა ტახტზე თავად ასულიყო. ამრიგად ოცნება იმაზე, რომ ანა ინგლისის დედოფალი გახდებოდა სამუდამოდ დასამარდა.

როდესაც ანა ცხრა წლის იყო, 1486 წლის 15 მაისს დედამისი, მარგარიტა დე ფუა გარდაიცვალა, რამაც სიტუაცია ძალიან არია. ამ ფაქტმა ანასა და მისი დის ცხოვრება ძირეულად შეცვალა. მათი განათლების მიღების დრო დასრულდა და აქედან მოყოლებული მამასთან ერთად დადიოდნენ ერთი ციხე-სიმაგრიდან — მეორეში. იმავე წელს, ფრანსუას სამეფო კარზე რამდენჯერმე იყო ჩასული ორლეანის ჰერცოგ ლუი დე ვალუას ელჩობა. ლუი საფრანგეთის მეფე შარლ V-ის შვილთაშვილი და მაშასადამე ტახტის მემკვიდრე იყო. ვინაიდან საფრანგეთის მეფე შარლ VIII ამ დროს ჯერ კიდევ დასაოჯახებელი და უშვილო იყო, იგი ფრანსუას ტახტის დაპყრობაში დახმარებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი ბრეტანიდან ფრანგული ჯარების გაყვანას ჰპირდებოდა. მალევე ფრანსუამ მისი დახმარება გადაიფიქრა, რადგან შეიტყო, რომ ლუი მეფე შარლის დაზე, პრინცესა ჟანაზე დაქორწინდა, მას კი ორპირებთან ალიანსის შექმნა არ სურდა.

ჰერცოგმა ფრანსუამ, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფრანგებთან ბრძოლასა და ბრეტანის სუვერენიტეტის შენარჩუნებას შეალია. 1488 წელს, სენ-ობინ-დუ-კორმიერში იგი სასტიკად დამარცხდა და იძულებული გახდა დაედო ვერგერის ხელშეკრულება, რითაც იგი რამდენიმე ქალაქს უთმობდა საფრანგეთს. შარლმა ისიც მოითხოვა, რომ ფრანსუას მისთვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა[კომ. 7], თუმცა ამაზე ფრანსუასგან სასტიკი უარი მიიღო.

წარმომავლობა, ნათესაური კავშირები და შთამომავლობა

მონფორთა დინასტიის საგვარეულო გერბი

ანა მონფორთა ბრეტონული დინასტიის[კომ. 8] უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. მამის ხაზით, იგი იყო ბრეტანის ჰერცოგთა პირდაპირი შთამომავალი. მამამისის დედა, ანუ ბებიამისი, მარგარიტა ორლეანელი, იყო ასული ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტისა[კომ. 9]. აქედან გამომდინარეობს, რომ იგი პირდაპირი შთამომავალია მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის, საფრანგეთის მეფე შარლ V-ისა და მისი ცოლის ჟანა დე ბურბონისა. რაც შეეხება მამის მამას, ანუ ბაბუის მხარეს, იგი ამ მხრივ არის ნავარის მეფე შარლ II-ისა და დედოფალ ჟანა დე ვალუას[კომ. 10] პირდაპირი შთამომავალი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მამის მხრიდან, მის ძარღვებში ჩქეფდა ვალუების, ბურბონების, მონფორებისა და ვისკონტების სისხლი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ლუი VI-ის მეთორმეტე თაობის პირდაპირი შთამომავალი იყო.

კლაუდია და მისი ქალიშვილები. ცენტრში დედოფალი კლაუდია, ქვედა მარჯვენა კუთხეში პრინცესა შარლოტი, ქვედა მარცხენა კუთხეში პრინცესა ლუიზი. ზედა მარჯვენა კუთხეში პრინცესა მადლენი, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში პრინცესა მარგარიტა, უკან კი სავარაუდოდ გამოსახულია ფრანსუა I-ის მეორე ცოლი ელეონორ ავსტრიელი. სურათი ამშვენებს ეკატერინე მედიჩის მოგონებების ალბომს და შექმნილია 1550 წელს.

რაც შეეხება მის წარმომავლობას დედის მხრიდან, მას ბებია-ბაბუად ერგებიან ფუას გრაფი გასტონ IV და ნავარის დედოფალი ელეანორა I. ამ ხაზს რომ გავყვეთ, ანა არაგონის მეფე ხუან II-ისა და მისი ცოლის, ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის შვილთაშვილი იყო. ხუანის მხრიდან იგი ასევე იყო არაგონის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ელეანორა ალბუკერკეს, ხოლო ბლანკას მხრიდან ნავარის მეფე შარლ III[კომ. 11]-ისა და ელეანორა კასტილიელის შვილთაშვილის შვილი. აქედან გამომდინარე, დედის ხაზით, იგი გამოდის ტრასტამარების, ალბრეების, ფუების, ევრეებისა და ავისების შთამომავალი.

ყოველივე ამას გარდა, ანას ღვიძლი მამიდა იყო ორანჟის პრინცესა კატრინ დე ფუა. ასევე მისი ბიძები იყვნენ ნავარის პრინცი გასტონი, არლის ეპისკოპოსი პედრო, ნარბონის ჰერცოგი ხუანი და კორტეს გრაფი ხაიმე ნავარელები, დეიდებად კი მონფერატის მარკიზა მარი, არმანიაკის ჰერცოგინია ხუანა და კანდალის გრაფინია კატრინ ნავარელები ერგებოდნენ. ამრიგად, უნგრეთის დედოფალი ანა დე ფუა-კანდალი მისი ღვიძლი დეიდაშვილი იყო.

მას პირველი ქმრიდან დედამთილ-მამამთილად ერგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ III და დედოფალი ელეანორა პორტუგალიელი, ხოლო მისი მული ბავარიის ჰერცოგინია კანიგუნდა ბავარიელი იყო. მეორე ქმართან ქორწინებით, მისი დედამთილ-მამამთილი გახდნენ საფრანგეთის მეფე ლუი XI და დედოფალი შარლოტა სავოიელი, ხოლო მულებად ერგებოდნენ ბურბონის ჰერცოგინია ანა ფრანგი და საფრანგეთის დედოფალი ჟანა ფრანგი (რომელიც ანას მეორე ქმრის პირველი ცოლი იყო). რაც შეეხება მესამე ქმარს, მისი მხრიდან ანას დედამთილი და მამამთილი იყვნენ ორლეანის ჰერცოგი შარლ დე ვალუა და ჰერცოგინია მარია კლეველი, მულებად კი ერგებოდნენ ალანსონის ჰერცოგინია ჟანა, ნარბონის ჰერცოგინია მარი და ფონტევრედის აბატისა ანა ორლეანელები. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინებიდან ანას ორი გერიც ჰყავდა. მისი გერები იყვნენ სავოიის ჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელი, რომელიც თავიდან დანიშნული იყო ანას მეორე ქმარზე, მეფე შარლ VIII-ზე, ხოლო მეორე გერი იყო ბურგუნდიის ჰერცოგი და კასტილიის მეფე ფილიპე I.

ანას მრავალი შვილიდან, მხოლოდ ორმა გოგონამ შეძლო გადარჩენა. მისი პირველი ქალიშვილის, კლაუდიას მხრიდან ანას სიძე საფრანგეთის მეფე ფრანსუა I იყო, ხოლო მძახლებად ანჟულემის ჰერცოგი შარლ დე ვალუა და ლუიზა სავოიელი ერგებოდნენ. კლაუდიას მხრიდან, მისი შვილიშვილები იყვნენ ბრეტანის ჰერცოგი ფრანსუა III, საფრანგეთის მეფე ანრი II, შოტლანდიის დედოფალი მადლენი, ორლეანის ჰერცოგი შარლი და სავოიის ჰერცოგინია მარგარიტა ფრანგი. მისი შვილთაშვილები კი იყვნენ საფრანგეთისა და შოტლანდიის მეფე ფრანსუა II, ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტი[კომ. 12], ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია[კომ. 13], საფრანგეთის მეფე შარლ IX, საფრანგეთისა და პოლონეთ-ლიტვის მეფე ანრი III, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა და საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა.

რაც შეეხება მის შთამომავლობას მეორე ქალიშვილის, რენეს მხრიდან. ამ მხრიდან, ანას სიძე იყო ფერარას ჰერცოგი ერკოლე II დ'ესტე, ხოლო მძახლებად ერგებოდნენ ფერარას ჰერცოგი ალფონსო I და მისი ცოლი, რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ასული ლუკრეცია ბორჯია. ასევე რენეს მხრიდან, მისი შვილიშვილები იყვნენ გიზის ჰერცოგინია ანა (რომელსაც სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს), ფერარას ჰერცოგი ალფონსო II, ურბინოს ჰერცოგინია ლუკრეცია, ელეონორა და ფერარას ეპისკოპოსი ლუიჯი დ'ესტე. ამ მხრივ, მისი შვილთაშვილებიდან აღსანიშნავია ანრი I დე გიზი.

წინაპრები

პატრიარქატული წარმომავლობა

ბრეტონული მემკვიდრეობა

ბრეტანის საჰერცოგო XV საუკუნის II ნახევარში, დატანილია ღია მწვანედ

ბრეტანში, ასე თუ ისე, ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბრეტანში, საფრანგეთის მსგავსად მოქმედებდა სალიკური კანონი, რომლის მიხედვითაც ქალს მემკვიდრეობისა და ტახტზე ასვლის უფლება არ ჰქონდა, გამონაკლისი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა, თუ მისი გვარიდან ყველა მამაკაცი დაიხოცებოდა. თუმცა, 1365 წელს დადებული ჟერანდის ხელშეკრულების საფუძველზე, მონფორთა დინასტიის ქალებსაც თავისუფლად შეეძლოთ ტახტზე ასვლა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ მას ძმები არ ეყოლებოდა. იმ დროისათვის, როდესაც ანა დაიბადა, ერთადერთი მონფორი მამაკაცი მხოლოდ მამამისი იყო, ვინაიდან ამ დროს ამ დინასტიის წარმომადგენლები უკვე თითქმის გამქრალნი იყვნენ. აქედან გამომდინარე, დაბადებიდანვე მოიაზრებოდა ანა ბრეტანის ტახტის მემკვიდრედ, თუმცა მას კონკურენციას ნიკოლ ბლუელი უწევდა, რომლის დიდი ბაბუა ასევე მონფორი იყო. 1480 წელს, საფრანგეთის მეფე ლუი XI-მ ნიკოლს 50, 000 ეკიუ გადაუხადა, რათა ტახტზე პრეტენზია განეცხადებინა.

მამრობითი სქესის მემკვიდრის არარსებობა მხოლოდ მემკვიდრეობის კი არა, არამედ სრულიად დინასტიის გაქრობის პრობლემასაც წარმოშობდა, თუმცა სანამ ფრანსუა ცოცხალი იყო, იმედიც არსებობდა. 1488 წლის 9 სექტემბერს ფრანსუა ბრძოლის დროს ცხენიდან გადმოვარდა და თავის დარტყმით გარდაიცვალა. ამის შემდეგ 11 წლის ანა უკვე ოფიციალურად ხდება ბრეტანის ჰერცოგინია. იმისათვის, რომ მას საკუთარი თავი და ბრეტანის დამოუკიდებლობა დაეცვა, საჭირო იყო მისი დაქორწინება ვინმე ძლიერ მონარქზე, ვინც შესძლებდა მათი ფრანგებისაგან დაცვას.

ნიშნობები

ინგლისის მეფე ედუარდ V, ანას თავდაპირველი საქმრო

თავდაპირველად, 1480-1483 წლებში ანა დანიშნული იყო ინგლისის მეფე ედუარდ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის ვაჟზე, მეფე ედუარდ V-ზე, თუმცა, როგორც ცნობილია, ნიშნობიდან მალევე ედუარდი მის ძმასთან ერთად ბიძამისმა, გლოსტერის ჰერცოგმა რიჩარდმა დაატყვევა და შემდეგ დაახოცვინა, რის შემდეგაც თავად გამეფდა, როგორც რიჩარდ III.[4] მიუხედავად ამისა, ანას გათხოვება კვლავ ინგლისში იგეგმებოდა, რის გამოც მისი მომდევნო საქმრო ინგლისელი დიდგვაროვანი ედუარდ სტაფორდი გახდა, ბუკინგემის ჰერცოგი. ედუარდ სტაფორდისა და ანა ბრეტონელის ნიშნობა 1488 წელს შედგა, თუმცა 1489 წელს ასევე ინგლისელმა წარჩინებულმა ჰენრი პერსიმ 4, 000 სტერლინგად მეფე ჰენრი VII[კომ. 14]-ს მათი ნიშნობა ჩააშლევინა და ედუარდს თავისი ქალიშვილი, ლედი ელეანორა პერსი მიათხოვა. ამის შემდეგ, ანამ ინგლისელ სასიძოებზე უარი განაცხადა.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, განიხილებოდა ანასა და ვიკონტ ჟან II როანის ქორწინება, თუმცა მარშალმა ჟან IV-მ ისე მოახერხა, რომ ვიკონტს ცოლად ანას და, პრინცესა იზაბელი შერთეს. ამის შემდეგ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ალან I დ'ალბრესთან ქორწინებაზე, რომელიც კატრინ დე როანისა და ჟან I დ'ალბრეს ვაჟი და ბრეტანის პირველი ჰერცოგის შთამომავალი იყო. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ალანს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რის გამოც იგი ქალებზე ხშირად ძალადობდა. ცხადია, როცა ანამ ეს შეიტყო, მაშინვე ჩაშალა საქორწინო მოლაპარაკებები.

ამ ყოველივეს შემდეგ, იგეგმებოდა ანას დაქორწინება მეფე შარლ V-ის შვილთაშვილზე, ორლეანის ჰერცოგ ლუი დე ვალუაზე (შემდგომში საფრანგეთის მეფე ლუი XII და ანას მესამე ქმარი), თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, ვინაიდან ლუიმ ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის უფროსი ასული, ჟანა დე ვალუა შეირთო. ამ ამბიდან მალევე დაიწყო მოლაპარაკებები ორანჟ-ნასაუს პრინც იოჰან IV-თან, რომელიც ანას ღვიძლი მამიდაშვილი იყო. იოჰანმა ჯერ ანაზე მოისურვა დაქორწინება, შემდეგ უარი თქვა და მის დაზე, პრინცესა იზაბელზე დაქორწინების სურვილი გამოთქვა, საბოლოოდ კი ფილიბერტა ლუქსემბურგელი შეირთო ცოლად.

ამდენი ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, ანას თითქმის გადაეწურა საქმროს პოვნის იმედი, თუმცა 1485 წელს, ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა მარია ბურგუნდიელი, ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ის უსაყვარლესი მეუღლე და მისი ორი შვილის დედა. ხანგრძლივი გლოვის შემდეგ, ერცჰერცოგმა მეორე ცოლის შერთვა განიზრახა. ფრანგებზე გადამტერებულმა მაქსიმილიანმა თავისი საბოლოო არჩევანი სწორედ ანა ბრეტონელზე შეაჩერა. მასთან ქორწინებით ხომ იგი ახალგაზრდა, ლამაზ ცოლსაც მიიღებდა და ამასთან შესანიშნავ პლაცდარმს ფრანგებთან საბრძოლველად.

ქორწინება მაქსიმილიანზე

მოლაპარაკებები, მარიონეტული ქორწინება და ომის დასაწყისი

მაქსიმილიან I

1489 წლის 10 თებერვალს შედგა ანას ბრეტანის ჰერცოგინიად კორონაციის ცერემონიალი, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები მისი და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. მაქსიმილიანი ოთხი წლის მანძილზე გლოვობდა თავის საყვარელ და ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს. როგორც თავად ამბობდა, იგი ახალ ქორწინებას აღარც აპირებდა, თუმცა ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად მას მოკავშირეები სჭირდებოდა, რომელთა შეძენის საუკეთესო გზაც სწორედ რომ ქორწინებები იყო. მართალია იგი საფრანგეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა, თუმცა მაქსიმილიანმა თავისი ასული მარგარეტი მაინც დანიშნა საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ზე და დიდი მზითვებით გაუგზავნა იგი პარიზში. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგების ზურგს უკან, ავსტრიელები და ბრეტონელები საქორწინო მოლაპარაკებებს ჩუმად აწარმოებდნენ და ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ 1490 წელს გახდა ცნობილი, რამაც ფრანგების განრისხება გამოიწვია.

ბრეტანის საიდუმლო სამეფო საბჭოს რჩევით, ანა და მაქსიმილიანი 1490 წლის 19 დეკემბერს საჩქაროდ დაქორწინდნენ მარიონეტული წესით[კომ. 15], ისე, რომ ერთმანეთი ნანახიც კი არ ჰყავდათ და ცნობილია, რომ ორივე მათგანი ისე დაიღუპა, რომ ერთმანეთს არც კი შეხვედრიან. ამის შემდეგ ანა ოფიციალურად გახდა რომაელ-გერმანელთა დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია.

ფრანგული ჯარების შემოჭრის შიშით ანა და მისი და, იზაბელი რენის ციხესიმაგრეში შეიკეტნენ სადაც მკაცრი ზამთრის გამო ციხესიმაგრის ცივ და ნესტიან კედლებში იზაბელი საშინლად დაავადდა და 1491 წლის 24 აგვისტოს 12 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც. ერთადერთი და საყვარელი დის გარდაცვალებამ ცხადია, საშინლად იმოქმედა ანაზე, თუმცა, ამან მაინც ვერ გატეხა იგი.

შარლ VIII-მ ომის დაწყებამდე ელჩი გაუგზავნა ანას, რომლის პირითაც შეუთვალა, რომ ომს თავიდან აიცილებდა თუ ბრეტანის საჰერცოგოს ტახტს მას დაუთმობდა, რაზეც მისგან მტკიცე უარი მიიღო. ფრანგებმა უარი ძალიან მძიმედ მიიღეს, რის გამოც შარლ VIII-მ დიდძალი ჯარის შეგროვება დაიწყო ბრეტანში შესაჭრელად, თუმცა ანას მისი უამრავი მოკავშირე ეხმარებოდა, როგორებიც იყვნენ ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VII, მისი ქმარი, ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიან I, მისი მამამთილი, საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ III, კასტილიისა და ლეონის დედოფალი ისაბელ I და ასევე, არაგონის, სარდინიის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ II არაგონელი. ესპანელი, გერმანელი და ავსტრიელი მოკავშირეებისაგან ანამ სულ 2, 000 კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი მიიღო, რასაც მალევე 6, 000 ინგლისელი მეომარიც შეუერთდა. ანას მიემხრნენ ბრეტონელი დიდგვაროვნებიც, რითაც ანა ბრეტონელის არმიის რიცხოვნობამ საბოლოოდ 14, 000 ჯარისკაცს მიაღწია, თუმცა, მარცხი თითქოს თავიდანვე გარდაუვალი იყო, რადგან ფრანგების ჯარი 50, 000 მეომარს ითვლიდა.

საფრანგეთ-ბრეტანის ომი

1490 წლის 15 თებერვალს შედგენილი ინგლის-ბრეტანის ალიანსის ხელშეკრულება

ფრანგების ლაშქარი 1491 წლის 2 იანვარს შეიჭრა ბრეტანში თავად მეფე შარლ VIII-ისა და ალან დ'ალბრეს მეთაურობით, რომლებმაც მაშინათვე ბრეტანის სატახტო ქალაქ ნანტს შემოარტყეს ალყა, თუმცა ამ დროს ანა რენის ციხესიმაგრეში იყო შეკეტილი.

დიდხნიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 1491 წლის 19 მარტს ნანტი დაეცა და ფრანგებიც პირდაპირ ბრეტანის გულში შევიდნენ. 4 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შარლმა ანას თავისი დესპანი გაუგზავნა და მისი პირით კვლავ ტახტის დათმობა მოსთხოვა, რაზეც ისევ უარი მიიღო. აღდგომის მეორე დღეს, მეფის ბრძანებით ფრანგი მარშლები ბრეტანს შეესივნენ და მისი სამი საგრაფო დაიპყრეს, რის შემდეგაც ფრანგებმა ლეგენდარული გენერლის — ჟან ფრანსუა დე კარდონის მეთაურობით თვით ანასკენ აიღეს გეზი. 1491 წლის ივლისში ფრანგებმა რენს შემოარტყეს ალყა, სადაც ანა 12, 000 მეომართან ერთად იყო შეკეტილი და დანებებას არ აპირებდა, რის გამოც ალყა ძალიან გაიწელა.

რენის ალყა

რენის ალყის პარალელურად, ფრანგებმა გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს ვანი, კონკარნე, გინგამპი და რედონი, რის შემდეგაც ბრეტანში ერთადერთი დასაპყრობი ციხესიმაგრე სწორედ რომ რენი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მეომრების უმეტესობას გერმანელები, ესპანელები და ინგლისელები შეადგენდნენ. სულ მალე, როდესაც სიტუაცია უკონტოლო გახდა, ინგლისის მეფე ჰენრი VII-მ ანას 15 დამხმარე ხომალდი გაუგზავნა და შესთავაზა ამ გემებით მისი ნიდერლანდებში სამშვიდობოს ჩაყვანა[კომ. 16], თუმცა ანამ ამაზე უარი განაცხადა. მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ მისი ქმარი მაქსიმილიანი ჩავიდოდა მის გადასარჩენად, თუმცა ამ დროს მაქსიმილიანს საკუთარი პრობლემებიც ბევრი ჰქონდა და ბრეტანში ჩასვლაზე არც კი ფიქრობდა. საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალმა ლუი დე ლა ტრემუალმა რენის ალყისათვის 15, 000 მეომარი გამოყო, რასაც მათი სახელგანთქმული ფრანგული ზარბაზნებიც ემატებოდა, რომელიც ევროპაში ახალი შემოსული იყო და მხოლოდ ფრანგებს ჰქონდათ, რაც მათ აშკარა უპირატესობას აძლევდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანა მედგრად იბრძოდა და რენი ჯერ დაცემას არ აპირებდა. თუმცა ამ დროს, ევროპის შუა საუკუნეების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევა მოხდა.

რენის ციხესიმაგრე, ადგილი საიდანაც ანა ფრანგებს ებრძოდა

ფრანგმა დიდგვაროვანმა და მეფის ნათესავმა, გრაფმა დე ფუამ ბრეტონელების გასულელება გადაწყვიტა, საკმაოდ სულელური ხერხით: მან წმინდა გიორგის მსგავსად გადაიცვა და რენის კარიბჭესთან მივიდა, სადაც ბრეტონელებს უთხრა, რომ მას აუცილებლად უნდა ეთქვა რაღაც ჰერცოგინიისათვის და თუ ისინი არ შეუშვებდნენ იგი თავად შეაღწევდა ქალაქში. ბრეტონელთა მთავარსარდალი დე ფუას ამ ფანდს მიუხვდა და იგი რენში შეიყვანა, სადაც ანას შეახვედრა. 15 წლის ანაც კი მიხვდა, რომ ეს აშკარა ტყუილი იყო და განრისხდა. მან თავის ხუთ მცველს ფუას წმინდა გიორგის მსგავსად წამება და მისი ნაწილ-ნაწილ აკუწვა დაავალა, რის შემდეგაც მისი ნაწილები ბრეტანელებმა ფრანგებს გალავნიდან გადაუყარეს და დასცინეს კიდევაც, რამაც შარლ VIII-ის განრისხება გამოიწვია.

მეორე დღეს, გამთენიისას ბრეტონელებმა გადაწყვიტეს დამცირებული ფრანგები საბოლოოდ დაემარცხებინათ. მათ თავიანთ გერმანელ მოკავშირეებთან ერთად რენის კარიბჭე გახსნეს და ჯერ კიდევ მძინარე ფრანგებს თავს დაესხნენ. გერმანელებმა ბრძოლაში დიდი სიმამაცე გამოიჩინეს, რომლებმაც ფრანგებს კარვები გადაუწვეს, დახოცეს და უკიდურესად გაძარცვეს ისინი, საბოლოოდ კი მათი კიდევ ერთი სარდალი — ფრანსუა დ'ურზე — მოკლეს. რამდენიმე დღეში გერმანელებმა იგივე კვლავ გაიმეორეს, რამაც ფრანგებს აფიქრებინა, რომ რენს ვერ აიღებდნენ და მათ შორის ბევრმა უკან გაბრუნებაზეც დაიწყო ფიქრი, თუმცა მეფე შარლი მაინც არ ნებდებოდა.

ამ ინცინდენტის შემდეგ შარლმა თავისი მიდგომა გაამკაცრა, რაც იმაში გამოიხატა, რომ თავის ჯარებს ახალი მეომრები დაუმატა და რენს ალყა უფრო მჭიდროდ შემოარტყა. ამგვარ პირობებში ქალაქის მდგომარეობა საშინლად გართულდა. ფული და საკვები უკვე იწურებოდა, ინგლისელი და გერმანელი მეომრები კი უკვე წასვლაზე ფიქრობდნენ. ანა იძულებული გახდა გაეყიდა საკუთარი სამკაულები, ძვირფასეულობა და საბოლოოდ მევახშეებისაგან არმიის შესანახად ფულიც კი ისესხა. თუმცა ამ ხერხმა ფაქტია, არ გაამართლა, რადგან ეს ფულიც მალე ამოიწურა, არმიის შენახვას კი დიდი სახსრები სჭირდებოდა. როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ მაქსიმილიანი მის საშველად არ ჩავიდოდა, ბრეტონელმა დიდგვაროვნებმა ანას მაქსიმილიანთან გაცილება და შარლზე დაქორწინება სთხოვეს, რაზეც ცხადია ანასგან სასტიკი უარი მიიღეს.

ანას ამ ქორწინებაზე უარი რომც არ ეთქვა, პრობლემას ისიც წარმოშობდა, რომ ანა მაქსიმილიანზე უკვე დაქორწინებული იყო, შარლი კი მაქსიმილიანის ასულ მარგარეტზე იყო დანიშნული, რომელიც წლების მანძილზე პარიზის სამეფო კარზე ცხოვრობდა. სულ მალე, შარლ VIII-მ ანას მოკავშირე ინგლისელები და ესპანელები დიდძალი თანხის სანაცვლოდ მოისყიდა, რის შემდეგაც მათმა ჯარებმა დატოვეს ბრეტანი და ომიდან გავიდნენ. მეფემ თვით მაქსიმილიანის მოსყიდვაც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ვინაიდან ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ შარლი დანიშნული იყო მარგარეტ ავსტრიელზე და მასთან კავშირის გაწვეტა არ სურდა, შარლმა ანას შესთავაზა, რომ იგი რენს ალყას მოხსნიდა, თუკი ის რომელიმე ფრანგ დიდგვაროვანს გაჰყვებოდა ცოლად, რის სანაცვლოდ მას ნანტის დაბრუნებასაც ჰპირდებოდა. ამის პასუხად, ანამ შარლს შეუთვალა, რომ იგი უკვე იყო დაქორწინებული და რომც არ ყოფილიყო, ის მხოლოდ მეფეს ან მეფის უფროს ვაჟს გაჰყვებოდა ცოლად.

საბოლოოდ, ოთხთვიანი ალყის შემდეგ, 1491 წლის 13 ოქტომბერს რენი დაეცა. იგი ერთობლივად აიღეს ბურბონის ჰერცოგმა, ორანჟის პრინცმა და ორლეანის ჰერცოგმა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად ანა თავისუფლად რჩებოდა. ანას მისი სამეფო საბჭოს წევრები ევედრებოდნენ, რომ შარლს ან მის ნათესავს გაჰყოლოდა ცოლად, რაც მისი მხრიდან იქნებოდა ის მსხვერპლი, რომელიც მის ხალხს თავისუფლებას და ბედნიერებას მოუტანდა.

12 ნოემბერს ანა ბრეტონელი საფრანგეთის სამეფო კომისიის წინაშე წარსდგა, რომელზეც შეამოწმეს იყო თუ არა იგი ჯერ კიდევ ქალწული და შეძლებდა თუ არა ბავშვის გაჩენას. ამ კომისიას ესწრებოდნენ მეფის და, ბურბონის ჰერცოგინია ანა დე ვალუა, ორლეანის ჰერცოგინია ლუი II ვალუა და გრაფი ბერნარ სტიუარტი. მაშინ ქალწულობის შესამოწმებლად გოგონას საშოში მტრედის კვერცხს უდებდნენ და თუ სისხლი წამოვიდოდა, ეს იყო იმის დასტური, რომ იგი მეფეზე ქორწინების ღირსი იყო. ამავე შემოწმების გავლა მოუწია ანასაც, რომელზეც დადასტურდა, რომ იგი ქალწულიც იყო და ამასთან ბავშვების გაჩენაც შეეძლო. 15 ნოემბერს მეფე შარლ VIII თავის დასთან, ჰერცოგინია ანა დე ვალუასთან და ორმოცდაათი გვარდიელის თანხლებით საზეიმოდ შევიდა რენში.

მარგარეტ ავსტრიელი, მაქსიმილიან I-ის ასული და შარლ VIII-ის საცოლე, შემდგომში ისაბელ კასტილიელისა და ფერდინანდ არაგონელის რძალი

მეორე დღეს, მეფემ ბრეტანის ჰერცოგინიასთან პირადი აუდიენცია ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. მათი პირველი შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა, რასაც კიდევ რამდენიმე ასეთი აუდიენცია მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ დროს შეთანხმდნენ ანა და შარლი ქორწინებაზე, რასაც 17 ნოემბერს ნოტრ-დამ-დე-ბონ-ნუველის (ფრანგ. Notre-Dame de Bonne-Nouvelle) სამლოცველოში მათი ნიშნობა მოჰყვა, რომელსაც როგორც ფრანგი, ისე ბრეტონელი დიდგვაროვნები დიდი ზეიმით შეეგებნენ.[5][6]

განქორწინება

ანასა და შარლს, მიუხედავად მათი ფიქტიური ნიშნობისა, ქორწინება არ შეეძლოთ მანამდე, სანამ რომის პაპი ანასა და მაქსიმილიანის ქორწინებას გაუქმებულად არ სცნობდა. თუმცა ამას გარდა, პაპს შარლისა და მარგარეტის ნიშნობაც ბათილად უნდა ეცნო. ყოველივე ამაზე პაპის თანხმობის მიღება ადვილი საქმე არ იყო. რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ მარგარეტისა და შარლის ნიშნობა მალევე ცნო ბათილად, ვინაიდან ეს ძალიან მარტივი საქმე იყო, რადგან ევროპელი მონარქებისათვის უცხო არ იყო არსებული ნიშნობის გაუქმება და სხვა ადამიანზე ქორწინება, თუმცა საქმეს უკვე ქორწინებაში მყოფი ანას განქორწინება ართულებდა.

შუა საუკუნეების ევროპაში მიიჩნეოდა, რომ ღვთის წინაშე ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის გაყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა თუ ეს კავშირი კონსუმირებული არ იყო. ასეთ შემთხვევაში პაპი მიიჩნევდა, რომ ქორწინება რეალურად არც არსებობდა და მისი ანულირებით ღვთის წინაშე არაფერს აშავებდა. ამის დასამტკიცებლად ანა დე ვალუამ რომის პაპთან ლეგატი გააგზავნა, რომელსაც ის კვერცხი გაატანა, რომლითაც ანას ქალწულობა დასტურდებოდა. საფუძვლიანი შესწავლისა და თავად ანას განცხადებითაც, რომ მას მაქსიმილიანი არც კი უნახავს რომის პაპმა ქორწინების ანულირება დაიწყო, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა. საბოლოოდ, 1491 წლის 6 დეკემბერს რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ ანა ბრეტონელისა და მაქსიმილიან ავსტრიელის ქორწინება ანულირებულად ცნო, რის შემდგომაც ორივე მათგანმა ახალი მეუღლის ძებნა დაიწყო.

ქორწინება შარლზე

სკანდალური ქორწინება

უაქსვორკის მუზეუმში აღდგენილი ანა ბრეტონელისა და შარლ VIII-ის ქორწინების სცენა

1491 წლის 6 დეკემბერს, როგორც კი პაპმა ანასა და მაქსიმილიანის ქორწინება გაუქმებულად ცნო, ფრანგებმა დიდი ქორწინებისათვის დაიწყეს მზადება. 1492 წლის 5 თებერვალს ანა და შარლ VIII ლანჟის შატოში დაქორწინდნენ. მალევე, შარლმა მარგარეტს განუცხადა, რომ მასზე ქორწინებას აღარ აპირებდა და უკან, ავსტრიაში დააბრუნა. ყოველივე ამან მაქსიმილიან I ძალიან შეურაცხჰყო. ცოლის წართმევითა და ქალიშვილის უკან მობრუნებით განრისხებულმა ერცჰერცოგმა ესპანეთის, ინგლისის, ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერიის გაერთიანებით ჩამოაყალიბა დიდი კოალიცია, რომელიც ცხადია მიმართული იყო საფრანგეთის წინააღმდეგ, თუმცა ომი არც კი დაწყებულა.

შარლ VIII-მ მის წინააღმდეგ ამხედრებული მოკავშირეები შემდეგი გზებით დააშოშმინა: საღვთო რომის იმპერატორ და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს გადასცა ფრანშ-კომტეს, შაროლუასა და არტუას საგრაფოები, კასტილიის დედოფალ ისაბელ I-სა და მის ქმარს, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს დაუთმო რუსილონის მხარე, ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VII-ს კი დიდძალი ოქრო გაუგზავნა, რის შემდეგაც შარლი და ანა პარიზისაკენ დაიძრნენ, სადაც მისი დედოფლად კორონაცია უნდა შემდგარიყო. ცნობილია, რომ ანამ იმ ძალადობრივი ქორწინების დემონსტრაციის მიზნით, სხვა მრავალ მზითვთან ერთად წაიღო ორი საწოლიც, იმის ნიშნად, რომ იგი შარლთან დაწოლას არ აპირებდა.

უშუალოდ კორონაციამდე, ანამ და შარლმა საქორწინო კონტრაქტი გააფორმეს, რომელშიც გამოსარჩევია ის პუნქტი, სადაც ბრეტანის საჰერცოგო თავის სუვერენიტეტს ინარჩუნებს, მისი ერთპიროვნული მმართველი კვლავ ანაა და შარლი მის ტახტზე პრეტენზიას არ აცხადებს, აგრეთვე წყდება საფრანგეთ-ბრეტანის ომი და ბრეტანს უბრუნდება ფრანგების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა საბოლოოდ ანასა და შარლის შვილის მმართველობისას ბრეტანი ავტომატურად გადადიოდა საფრანგეთის დომენში.

საფრანგეთის დედოფლობა

ანასა და შარლის საოცრად პომპეზური და სკანდალური ქორწილის შემდეგ დაიწყო დიდი მზადება ანას კორონაციისათვის. ძველი ფრანგული ტრადიციის თანახმად, საფრანგეთის ყველა მეფისა და დედოფლის კორონაცია რეიმსში უნდა შემდგარიყო. ეს იმიტომ, რომ ფრანკების გაქრისტიანების ლეგენდად მიიჩნევა, რომ მეფე ხლოდვიგს ზეციდან გამოეცხადა მტრედი, რომელმაც მას ღვთიური ჭურჭლით მიუტანა მირონი[კომ. 17], რომელიც შემდგომში რეიმსში ინახებოდა და ითვლებოდა, რომ საფრანგეთის ყველა მეფე-დედოფალი იმ მირონით უნდა კურთხებულიყო გვირგვინოსან მონარქად, თუმცა ანამ ეს ტრადიციაც შეცვალა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საკმაოდ ჯიუტი ხასიათის ანამ საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა და მისი კორონაციის ცერემონიალი რეიმსის ნაცვლად სენ-დენის სააბატოში დაიგეგმა. ამას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მისი მული ანა დე ვალუა, რომელსაც სულ ორი წლის წინ დიდი ომი ჰქონდა გამართული ფრანგ დიდგვაროვნებთან და მათი თავიდან აბობოქრება არ სურდა. იმპულსური შარლი, რომელიც თავისი ცოლისათვის თავის მოწონებას ყველანაირად ცდილობდა ძალიან მარტივად დათანხმდა. საბოლოოდ, ანა ბრეტონელის საფრანგეთის დედოფლად კორონაცია 1492 წლის 8 თებერვალს, სენ-დენის სააბატოში შედგა.

კორონაციაზე ჩამოსულმა ვენეციის ელჩმა ზაქარია კონტარინიმ დედოფალს დიდძალი ძვირფასეულობა აჩუქა და მასზე თავის დავთარში ასეთი რამ ჩაწერა:

ვიკიციტატა
„დედოფალი 17 წლისაა, ის დაბალია, გამხდარია და მიუხედავად იმისა, რომ ამის დასაფარად ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იყენებს, მაინც აშკარად შესამჩნევია მისი ფეხების დეფორმაცია. მას მუქი ფერის თმა და კანი აქვს და საკმაოდ ლამაზია. მისი გონებრივი შესაძლებლობები აღემატება მის ასაკს და იგი გონივრულად იღებს გადაწყვეტილებებს: არაფერს გააკეთებს ისე, თუ წინასწარ წარმატებაში დარწმუნებული არაა.“

ამ ამბიდან სულ ერთ თვეში ანა შარლისგან დაორსულდა, 1492 წლის 11 ოქტომბერს კი მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც შარლ ორლანდო დაარქვეს და მაშინვე გამოაცხადეს საფრანგეთის დოფინად. ამას მალევე მოჰყვა მეორე ორსულობაც, რა დროსაც მეფე შარლმა ანას საფრანგეთის მასშტაბით მოგზაურობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. შარლს სურდა, რომ ანასათვის დაეთვალიერებინა თავისი სამშობლო, რისთვისაც მალევე შეადგენინა სამოგზაურო მარშუტი, რომელიც ზუსტად ერთ წელს უნდა გაგრძელებულიყო. თავიდან მათი „ბედნიერი“ მოგზაურობა კარგად დაიწყო, თუმცა ორსული ქალისათვის ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდა. 1493 წლის აგვისტოში, ქალაქ კურშაველში ყოფნისას, ეტლითა და ცხენით დაუსრულებელი მგზავრობისაგან ნაადრევი მშობიარობა დაეწო, რა დროსაც მან ვაჟი გააჩინა, რომელიც ძალიან სუსტი აღმონჩდა და სულ რამდენიმე საათში დაიღუპა. ამის შემდეგ ანამ მოგზაურობის გაგრძელება აღარ ისურვა და მეფე-დედოფალი პარიზს დაუბრუნდა.

პარიზში დაბრუნებიდან მალევე დედოფალი კვლავ დაფეხმძიმდა. მიუხედავად წინა შემთხვევისა, ანა დიდად თავს არც ამჯერად უფრთხილდებოდა და აქტიურად ერეოდა შარლის პოლიტიკურ საქმიანობებში. სწორედ ანას მიეწერება შარლის ამბიციებით აღვსება ნეაპოლის ტახტზე, რომელზეც არაგონის მეფის ბიძაშვილი იჯდა. ანას კარგად ჰქონდა შესწავლილი საფრანგეთის სამეფო ოჯახის გენეალოგია და მან დაარწმუნა მეფე, რომ იგი ბებიამისის, საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ცოლის, დედოფალ მარია ანჟუელის პირდაპირი მემკვიდრე იყო. თავად მარია ანჟუელი ნეაპოლის მეფე ლუი II ანჟუელის ასული იყო და ლუის მამრობითი სქესის შთამომავლებიდან მხოლოდ შარლი იყო ცოცხალი, რის გამოც სულ მალე შარლმა პრეტენზია განაცხადა ნეაპოლის ტახტზე, რომელიც რეალურად მას უფრო ეკუთვნოდა ვიდრე ნეაპოლის იმჟამინდელ მეფეს.

პირველი იტალიური ომი

ანა ბრეტონელი ლოცვის დროს

1494 წლის დასაწყისში, ამბიციებით აღვსილმა შარლ VIII-მ პრეტენზია განაცხადა ნეაპოლის ტახტზე და ომი გამოუცხადა მის მეფეს, ტახტზე ახლად ასულ ალფონსო II-ს. მეფე ალფონსომ დახმარება სთხოვა რომის პაპ ალექსანდრე VI-ს, რომლის ვაჟსაც ალიანსის შესაქმნელად თავისი ქალიშვილი, პრინცესა სანჩა მიათხოვა. შარლმა მოკლე დროში მოახერხა დიდი არმიის შეკრება, რომელსაც მალევე მიამატა დაქირავებული შვეიცარიელების დიდი ლაშქარი და რამდენიმე ზარბაზანიც, რომელიც იმ ხანად ევროპაში ჯერ თითქმის არავის ჰქონდა გამოყენებული. 1494 წელს შარლი იტალიაში შევიდა, სადაც იგი სავოიის ჰერცოგმა, მილანის ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ და ფლორენციელმა მედიჩებმა სრულიად უბრძოლველად გაატარეს სამხრეთით, რადგანაც მათ არ სურდათ ფრანგების არმიასთან ბრძოლა, რომელიც მათ უსათუოდ დაამარცხებდა, გაერთიანება კი არავის სურდა. სულ მალე შარლი რომს მიადგა, სადაც პაპი მას გულთბილად დახვდა და თავის გადასარჩენად მანაც უბრძოლველად გაატარა იგი, მეტიც, ნეაპოლის ასაღებად კურთხევაც კი მისცა. 1494 წლის მარტში ანამ თავისი ბრეტონული ლაშქრითურთ დატოვა პარიზი და იტალიისკენ დაიძრა შარლის მისაშველებლად, თუმცა დაახლოებით ლიონთან ორსული დედოფალი ცხენიდან გადმოვარდა და ნაადრევი მშობიარობით მკვდარი გოგონა გააჩინა. ყველაფრის მიუხედავად ანამ გზა განაგრძო და შარლს დაეწია.

ანა და შარლი ერთმანეთს რომში შეხვდნენ, სადაც დედოფალი სულ რამდენიმე თვეში დაფეხმძიმდა. 1495 წლის იანვარში ფრანგებმა რომი უბრძოლველად დატოვეს და ნეაპოლისაკენ დაიძრნენ, სადაც ალფონსო II მაშინვე გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის, ფერდინანდის სასარგებლოდ, თავად კი სიცილიაში გაიქცა, სადაც იგი იმ წელსვე გარდაიცვალა.

საფრანგეთის მეფესა და დედოფალს, ალფონსოსა და მამამისის ტირანული მმართველობით გატანჯული ნეაპოლელები ზარ-ზეიმითა და უბრძოლველად შეხვდნენ, მეტიც, მათ საკუთარი ხელით გადასცეს ქალაქის კარიბჭის გასაღები. ამრიგად შარლი და ანა ნეაპოლისა და იერუსალიმის[კომ. 18] მეფე-დედოფალი გახდნენ, რის აღსანიშნავადაც შარლმა საოცრად დიდი ზეიმი გამართა, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა და საბოლოოდ ორგიად გადაიქცა. არსებობს ისტორიული მოსაზრება, რომ ამ ორგიაზე იმყოფებოდნენ ამერიკელი ინდიელებიც, რომლებმაც მეფე და უამრავი სხვა დიდგვაროვანი სიფილისით დააავადეს, რაც სიფილისის ევროპაში გავრცელებას დაედო სათავედ, თუმცა ამას ბევრი მეცნიერი არ ეთანხმება. ამ ამბიდან ორ თვეში, როდესაც ზეიმიც კი არ ჰქონდათ დასრულებული, ალფონსოს ვაჟი ფერდინანდ II დიდი ჯარებით დაბრუნდა ნეაპოლში, დაამხო შარლი და თავად გამეფდა.

დამარცხებული ანა და შარლი საფრანგეთში დაბრუნდნენ. 1495 წლის მარტში ამბუაზის სასახლის კოშკიდან ჩამოსვლისას დედოფალს ფეხი დაუცურდა და დაგორდა, რა დროსაც ნაადრევი მშობიარობით მან მკვდარი გოგონა გააჩინა. აღსანიშნავია, რომ 1495 წლის დეკემბერში გარდაიცვალა მათი ვაჟი შარლ ორლანდოც, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო, ახლა კი საფრანგეთის მომავალ მეფედ შარლის სიძე, ლუი ორლეანელი მოიაზრებოდა, თუმცა 1496 წელს ანამ ვაჟი გააჩინა, რამაც მათ იმედი მისცა, თუმცა იგი სულ ერთ თვეში დაიღუპა, რის შემდეგაც ანამ მხოლოდ ერთი გოგონას გაჩენა შეძლო, რომელიც ასევე ჩვილი დაიღუპა.

დაქვრივება

დედოფალი ანა ბრეტონელი საფრანგეთის სამეფო ტახტზე თავის ფრეილინებთან ერთად

1498 წლის აპრილში საფრანგეთის მეფე-დედოფალმა დატოვა პარიზი და თავიანთ საყვარელ ამბუაზის სასახლეში გაემგზავრნენ დასასვენებლად და გასართობად. როგორც სამეფო კარის მემატიანე ფილიპ დე კომინე გადმოგვცემს, მეფე შარლი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, როდესაც იგი ჩოგბურთის თამაშის შემდეგ დასასვენებლად წავიდა:

ვიკიციტატა
„7 აპრილს, კვირა დღეს, მეფემ თავის დედოფალს შეუარა, ხელი ჩაჰკიდა და ისეთ ადგილას ჩაიყვანა, რომელიც მას აქამდე არასდროს ენახა. როგორც აღმოჩნდა, მეფეს სპეციალურად მათთვის ჩოგბურთის კორტები მოეწყო, რომელიც აკილებაკის გალერეის გვერდით მდებარეობდა... როგორც ცნობილია, გალერეას ძალიან დაბალი შესასვლელი აქვს, მეფემ კი ამ შესასვლელის კუთხეს ზედმეტად ძლიერად მიარტყა თავი და ძირს უგონოდ დაეცა. უცნაური ისაა, რომ ეს მისი სიმაღლის კაცს დაემართა.“

როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს ტრავმა შარლ VIII-ისათვის ფატალური აღმოჩნდა, რის შესახებაც ცნობებს კვლავ ფილიპ დე კომინე გვაწვდის:

ვიკიციტატა
„ეს შუადღის ორ საათზე მოხდა, მეფე კი უგონოდ ღამის თერთმეტ საათამდე იწვა... დედოფლის ბრძანებით მეფე მისმა მცველებმა სამეფო საწოლში გადააწვინეს, რის შემდეგაც მას თავიდან შეუჩერებელი სისხლდენა დაეწყო, რამაც ცხრა საათში მისი სიცოცხლე შეიწირა... ასე გარდაიცვალა დიდი და ძლევამოსილი მონარქი, სავალალო და უწმინდურ ადგილას.“

საფრანგეთის მეფე შარლ VIII 1498 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა, 28 წლის ასაკში, რა დროსაც მისი ქვრივი, დედოფალი ანა ბრეტონელი 21 წლის იყო. ვინაიდან შარლსა და ანას ტახტის მემკვიდრეები არ დარჩენიათ, საფრანგეთის მეფე შარლის დის, ჟანა დე ვალუას ქმარი, ორლეანის ჰერცოგი ლუი დე ვალუა ხდება, რომელიც ამავდროულად მისი გარე ბიძაშვილიც იყო.

ქორწინება ლუიზე

ქვრივობის პერიოდი და ლუის განქორწინება

ჟანა დე ვალუა, ლუი XII-ის პირველი ცოლი, შარლ VIII-ის და და საფრანგეთის დედოფალი

21 წლის დაქვრივებულმა ანამ ლუის გამეფებისთანავე დატოვა პარიზი და მშობლიურ ბრეტანში დაბრუნდა, სადაც მის ახალ რეზიდენციად ბრესტის სასახლე იქცა. იგი მალევე შეუდგა თავისი საჰერცოგოს სუვერენიტეტის აღდგენისათვის ბრძოლას, რა დროსაც მან თავისი ერთგული ფილიპ დე მონტებანი და ჟან დე შალო პირად მრჩევლებად დანიშნა. მალევე, ანას ბრძანებით ბრეტანში დაიწყო მისივე გამოსახულებიანი ოქროს მონეტების მოჭრა და მისი მიმოქცევაში გაშვება.

ანამ თავის გარშემო ხელოვანები და მეცნიერები შემოიკრიბა, როგორებიც იყვნენ: იტალიელი ჰუმანისტი პაბლო ფაუსტო ანდრელინი, ისტორიკოსი ჟან ლამარ დე ბელჟე და პოეტი ჟან მარო. იგი ასევე მფარველობდა თავისი დროის მუსიკოსებს: იოჰანეს ოკეგჰემს, ანტუან დე ფევინს, ლოიზეტ კომპერსა და ჟან მუტონს. ამრიგად, ბრეტონელები ანას მიიჩნევდნენ როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველ მონარქს, რომელიც ბრეტანის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, რის გამოც მათ ცხადია, ძალიან უყვარდათ იგი.

1499 წელს მოჭრილი ფრანგული მონეტა ანა ბრეტონელის გამოსახულებით, რომელიც ინახება ლიონის სახელმწიფო მუზეუმში

ანას ასეთი აქტიურობა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ფრანგებს დიდად აშინებდა, ვინაიდან მას შვილებიც არ ჰყავდა და ახალგაზრდაც იყო, კვლავ შეეძლო გათხოვილიყო ნებისმიერი სახელმწიფოს მონარქზე, რაც ისევ საფრანგეთს შემოუტრიალდებოდა ცუდად. ფრანგებმა უკვე იცოდნენ, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეეძლო ბრეტანის დამოუკიდებელ სახელმწიფოს[კომ. 19], ამიტომაც მეფე ლუი XII-მ მისი კვლავ შემოერთების მიზნით ანას ცოლად შერთვა განიზრახა. პრობლემას მხოლოდ ის ქმნიდა, რომ ამ დროს ლუი უკვე იყო დაქორწინებული, მისი ცოლი კი განსვენებული მეფე შარლ VIII-ის უფროსი და ჟანა დე ვალუა იყო. სულ მალე ლუიმ ანას დიდი ამალა და საჩუქრები გაუგზავნა და ცოლობა შესთავაზა. ანა ბრეტონელი მალევე დათანხმდა ამ შემოთავაზებას, თუმცა მან საფრანგეთის ელჩს განუცხადა, რომ მხოლოდ მაშინ ჩავიდოდა საფრანგეთში, როდესაც ლუი XII დედოფალ ჟანას გაეყრებოდა.

ანას თანხმობით გახარებულმა ლუი XII-მ სასწრაფოდ გააგზავნა ელჩობა რომის პაპ ალექსანდრე VI-თან და ჟანასთან არსებული ქორწინების ანულირება სთხოვა. იგი პაპ ალექსანდრე VI-ს უმტკიცებდა, რომ ქორწინება აუცილებლად უნდა ეცნო ბათილად. ლუი აცხადებდა, რომ ჟანასთან ქორწინების დროს იგი თოთხმეტი წლის, ანუ არასრულწლოვანი იყო, ასევე მისი მრავალი ფიზიკური ნაკლოვანების გამო არასდროს არ წოლილა მასთან და ამის გამო ფაქტობრივად ქორწინება არც არსებობდა. ამ ფაქტმა დედოფალი ცხადია განარისხა და ლუის საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ მასთან სამჯერ ან ოთხჯერ გაიყო სარეცელი. დედოფალს შემოწმებაც კი ჩაუტარდა, რითაც დამტკიცდა, რომ იგი ქალწული არ იყო. ამით ფაქტობრივად ჟანამ მოიგო დავა, მაგრამ რომის პაპმა ალექსანდრემ ლუის მაინც მისცა განქორწინება.[კომ. 20] 1498 წლის 15 დეკემბერს რომის პაპმა პირადად თავისი ვაჟი — ჩეზარე ბორჯია გააგზავნა საფრანგეთში, რომელმაც მათ განქორწინების საბუთი ჩაუტანა და თანაც იქვე, ჟანას ფრეილინაზე, შარლოტ დ'ალბრეზე დაქორწინდა. სასახლიდან მიმავალმა ყოფილმა დედოფალმა განაცხადა, რომ იგი ყოველდღე ილოცებდა ლუის სულის გადასარჩენად. დედოფლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ ჟანას ბერის ჰერცოგინიობა მიენიჭა, რის შემდეგაც იგი სწორედ ბერის საჰერცოგოში დასახლდა და 6 წელიწადში გარდაიცვალა.[კომ. 21]

მესამე ქორწინება და საქორწინო კონტრატქი

ჟანასთან განქორწინების შემდეგ, ლუი XII-მ სასწრაფოდ დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები ანასთან. მათი მოლაპარაკებები თითქმის მთელ თვეს გაგრძელდა და საბოლოოდ, 1499 წლის 7 იანვარს დადეს საქორწინო კონტრაქტი. ეს კონტრაქტი სულ კონვენციისაგან შედგებოდა, რომელთაგან პირველში ხუთი, ხოლო მეორეში ცამეტი პუნქტი იყო განხილული. კონტრაქტში ყველაფერი დეტალურად იყო განხილული, დაწყებული მზითვიდან, დასრულებული მემკვიდრეობით. აღსანიშნავია, რომ მსგავსად შარლ VIII-თან დადებული საქორწინო კონტრაქტისა, ლუი XII-თან დადებული კონტრაქტიც მოიცავდა იმ პუნქტს, ანასა და ლუის გარდაცვალების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მათ შვილი ეყოლებოდათ, ბრეტანიც და საფრანგეთიც მათ შვილს რჩებოდა, თუმცა ბრეტანის სუვერენიტეტის დასაცავად, ანამ კონტრაქტში ჩაამატა, რომ ბრეტანის ტახტი უფროს ქალიშვილს უნდა დარჩენოდა, საფრანგეთის კი უფროს ვაჟს, რაც ცხადია ხელს უშლიდა ამ ორი ქვეყნის გაერთიანებას. ამ სვლით, ანამ ცხადია შორს გაიხედა და ცოტა ხნით მაინც გაახანგრძლივა ბრეტანის დამოუკიდებლობა, თუმცა ბედის ირონიით წყვილს მხოლოდ გოგონები შეეძინათ და ბრეტანი მაინც გაერთიანდა საფრანგეთთან.

ლუი XII-ისა და ანა ბრეტონელის ქორწინება კონტრაქტის დადებიდან მეორე დღეს, 1499 წლის 8 იანვარს შედგა ნანტის სასახლის სამლოცველოში. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად ანას მეორე ქორწინებისა, ეს ქორწინებაც სკანდალური იყო და საფრანგეთში თუ მის ფარგლებს გარეთ მათ შეუღლებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მათი დაოჯახების მოწინააღმდეგეებიდან აღსანიშნავია ანას მული, ბურბონის ჰერცოგინია ანა დე ვალუა, რომელიც ჟანასა და შარლ VIII-ის უფროსი და იყო და ძალიან გაანაწყენა მათი მეუღლეების შეუღლებამ. პროტესტის ნიშნად ანა დე ვალუამ ქმართან და ქალიშვილთან ერთად სამუდამოდ დატოვა სამეფო სასახლე.

მეორე დედოფლობა საფრანგეთში

ანა ბრეტონელი ბრეტონული საბუთების მოწესრიგებისას საფრანგეთის სამეფო კარზე

ქორწინებიდან სულ რამდენიმე კვირაში დედოფალი ანა დაორსულდა, 1499 წლის 13 ოქტომბერს კი მან ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, რომელსაც კლაუდია დაარქვეს. საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონის გამო, კლაუდიას არ შეეძლო საფრანგეთის ტახტზე ასვლა, ამიტომაც ანამ იგი თავისი, ბრეტანის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ლუი XII არასდროს ერეოდა ანას ბრეტონულ ადმინისტრაციულ საქმიანობაში და იგი მას ამ მხრივ დიდ თავისუფლებას აძლევდა. ანას ძალიან ჯიუტი, თამამი, ჩამოყალიბებული და მტკიცე ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ზოგიერთი ევროპელი მამაკაცი მონარქი მას დაბრკოლებად აღიქვამდა და მის დასამცირებლად ჭორებს უვრცელებდნენ, ვითომდა მას აღვირახსნილი ცხოვრების წესი ჰქონდა, თუმცა თავად ლუი ამ ყოველივეს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ანას პირადი წერილებიდან ვიგებთ, რომ იგი ძალიან კეთილი და ღვთისმოსავი ქალი იყო, რომელსაც უყვარდა ღატაკთა დახმარება. ბრეტონელები მას „კარგ ჰერცოგინიას“ უწოდებდნენ და ცნობილია ისიც, რომ ბრეტანის სამეფო კარზე მან არისტოკრატი გოგონებისათვის სკოლაც კი დააარსა. იგი აგროვებდა უიშვიათეს ხელნაწერებს და თავის ბიბლიოთეკაში ინახავდა. ლუი სრულიად ღიად და თამამად აღიარებდა ანას საოცარ პოლიტიკურ ნიჭს. ცნობილია, რომ იგი დედოფალს ხშირად სთხოვდა რჩევას თუ დახმარებას სხვადასხვა პრობლემის გადაჭრისას. ანა ბრეტონელი თავს საოცრად ართმევდა როგორც საშინაო ადმინისტრაციულ საკითხებს, ისე საგარეო ურთიერთობებს და რაც მთავარია, ამ ყოველივეს იგი როგორც ბრეტანში, ასევე საფრანგეთშიც აკეთებდა.

მეორე იტალიური ომი

შარლის მსგავსად, ანამ ლუის გენეალოგიაც საფუძვლიანად გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ლუისაც ჰქონდა იტალიური ფესვები. ლუის მამის დედა, ორლეანის ჰერცოგინია ვალენტინა ვისკონტი იყო მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტისა და მისი პირველი ცოლის, მილანის ჰერცოგინია იზაბელ დე ვალუას უფროსი ასული. ყოველივე ეს ანამ ლუის წასაქეზებლად და იტალიური ომების განსაახლებლად გამოიყენა. მან მეფეს ჩააგონა, რომ მილანის საჰერცოგოს ტახტის ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრე იყო და ამასთან, მას, როგორც შარლ VIII-ის მემკვიდრეს, უფლებები ნეაპოლზეც ჰქონდა. ლუიმ ცხადია ყოველივე ეს მოიწონა და მალევე პრეტენზია განაცხადა მილანსა და ნეაპოლზე. განსხვავებით ნეაპოლისაგან, რომლის ტახტზეც ესპანეთის მეფის ბიძაშვილი მყარად იჯდა, მილანს ვისკონტთა მონათესავე სფორცები მართავდნენ, რომელთაც რომის პაპთან არცთუ ისე თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. სფორცების დამხობა რთული საქმე არ იყო, თუმცა იტალიაში შეჭრამდე საფრანგეთის მეფე-დედოფალს ჯერ სხვა სახელმწიფოებთან ჰქონდათ ურთიერთობა დასალაგებელი. ცნობილია, რომ საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-თან და ესპანეთის დედოფალ ისაბელ I კასტილიელთან, ანამ თავად აწარმოა მოლაპარაკებები და ორივესთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შეძლო. ამის პარალელურად, ლუიმ მოლაპარაკებები ასევე წარმატებით აწარმოა შვეიცარიელებთან, სავოიელებთან და შოტლანდიელებთან.

ლუი XII და მისი ფრანგული ლაშქარი მილანში ლაშქრობისას

1499 წლის ზაფხულში ლუი XII დიდი ჯარებით შევიდა მილანის საჰერცოგოში, სადაც მან მალევე აიღო როკა დი არაცოს ციხე-ქალაქი, ანონი, ალესანდრია და პავია. ქალაქ პავიაში ფრანგებს მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა ეგულებოდათ, რომელიც მალევე გაიქცა და თავი მაქსიმილიან I-ს შეაფარა, რომელსაც ცოლად მისი ძმის შვილი ბიანკა მარია სფორცა ჰყავდა. ამავე წლის სექტემბერში ფრანგებმა მილანი აიღეს, რომის პაპმა ალექსანდრე VI-მ, რომელსაც ლუდოვიკო მის ბიძაშვილთან, ფორლის გრაფინია კატერინა სფორცასთან კონფლიქტის გამო სძულდა, შურისძიების მიზნით საჩქაროდ გამოაცხადა ლუი მილანის ჰერცოგად, ანა კი ჰერცოგინიად. ლუდოვიკომ მალევე სცადა მილანის დაბრუნება, რასაც მოახერხებდა კიდეც, დედოფალ ანას მიერ გაგზავნილი დაქირავებული შვეიცარიელები რომ არ მიშველებოდნენ ლუის. ამის შემდეგ სფორცა კვლავ ავსტრიაში გაიქცა.

ლუიმ და ანამ მილანში უამრავი ახალი და სასიკეთო რეფორმა გაატარეს, რის გამოც მილანელებს მათი მმართველობა ერჩიათ ტირანი სფორცას დაბრუნებას. ახალმა ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადასახადები შეამცირეს, აღადგინეს მარცვლეულით ვაჭრობა და უფრო ჰუმანური კანონები შემოიღეს, ვიდრე ლუდოვიკოს დროს იყო. მალე ლუიმ გენუაც დაიმორჩილა და მის გუბერნატორად თავისი ბიძაშვილი დანიშნა, რის შემდეგაც, ასევე ანას წაქეზებით, მან ნეაპოლზეც განაცხადა პრეტენზია, თუმცა აქ საქმე ბევრად უფრო რთულად იყო, ვიდრე მილანში. მილანის შემთხვევაში, იგი ჰერცოგ ჯან გალეაცოს პირდაპირი შთამომავალი იყო და გარკვეულწილად ტახტი მართლაც ეკუთვნოდა, თუმცა ნეაპოლზე მას არანაირი უფლება არ ჰქონდა და ამაში მას არც ესპანელი რომის პაპი ალექსანდრე VI დაეთანხმა, რომელიც ესპანელებს დიდად ეხმარებოდა იტალიაში ექსპანსიისას.

მიუხედავად ყველაფრისა, ლუი შეიჭრა ჩრდილოეთ ნეაპოლში და სასტიკად დაარბია ქალაქი კაპუა. ყოველივე ამის შემდეგ იგი დანარჩენ ქალაქებს შეესია და ასევე სასტიკად მოიქცა ქალაქ აპულიაშიც, რის შემდეგაც პაპი იძულებული გახდა შუალედური გამოსავალი ეპოვა და ამიტომაც, 1501 წელს ალექსანდრე VI-მ ჩრდილოეთ ნეაპოლის მეფედ ლუი გამოაცხადა, ხოლო სამხრეთ ნეაპოლის ტახტი კვლავ მეფე ფერდინანდს შეუნარჩუნა. მიუხედავად ესპანელების ძლიერი სამხედრო ჩარევისა, ლუიმ საბოლოოდ მაინც აიღო ქალაქი ნეაპოლი და ფერდინანდი იტალიიდან გააძევა, რითაც იგი მთლიანი ნეაპოლის სამეფოს მეფე გახდა, ანა კი საფრანგეთის მსგავსად, უკვე მეორედ ხდება ნეაპოლის დედოფალი. ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა, 1503 წელს ფერდინანდის ვაჟი ალფონსო დიდი ესპანური ჯარებით დაბრუნდა ნეაპოლში, გააძევა ფრანგები და ტახტი დაიბრუნა. ამის შემდეგ ლუის ნეაპოლის აღება აღარ უცდია. მიუხედავად ამისა, იტალიელებსა და ფრანგებს შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა მილანისათვის. მდგომარეობა 1503 წელს ალექსანდრე VI-ის გარდაცვალებისა და სფორცების მომხრე იულიუს II-ის პაპად არჩევის შემდეგ საგრძნობლად დაიძაბა. პაპმა ლუის მთელი იტალია აუმხედრა და კამბრის ლიგა ჩამოაყალიბა, რომელმაც 1512 წელს საბოლოოდ გააძევა ფრანგები მილანიდანაც, სადაც ტახტზე ლუდოვიკო სფორცას ვაჟი, მასიმილიანო სფორცა დასვეს.

მემკვიდრის პრობლება და უკანასკნელი წლები

ანა ბრეტონელის რიგით მეორე კურთხევა საფრანგეთის დედოფლად 1504 წელს, სენ დენის სააბატოში

1504 წლის 18 ნოემბერს, სენ-დენის სააბატოში ანა ბრეტონელი მეორედ ეკურთხა საფრანგეთის დედოფლად. ლუისთან ქორწინების პერიოდში ანა სულ ცხრაჯერ დაფეხმძიმდა, რომელთაგან ხუთი ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, ორი კი მკვდარი ბავშვის დაბადებით. ბევრი თვლიდა, რომ ეს ყოველივე გამოწვეული იყო ანასა და მისი ქმრის გენების შეუსაბამობით. 1510 წელს ანამ მეორე გოგონა გააჩინა, რომელსაც რენე დაარქვეს. იგი ერთ-ერთია იმ ორი გოგონადან, რომლებმაც ანას შვილებიდან ზრდასრულობამდე მიაღწია, თუმცა ბევრი ფიქრობდა, რომ რენე მალევე დაიღუპებოდა, რადგან დაბადებისას იგი ძალიან სუსტი იყო და ხშირადაც ავადმყოფობდა. 1512 წელს ანამ უკანასკნელი და მკვდარი ვაჟი გააჩინა, რომლის დაბადების შემდეგაც მას ინფექცია შეეჭრა და საშინელი ციებ-ცხელება დაემართა. დედოფლის გადარჩენა ექიმებმა ძლივს მოახერხეს და ბავშვის გაჩენა საერთოდ აუკრძალეს. ამის შემდეგ ანა ლუის იტალიაში გაჰყვა, რათა ომის მსვლელობა ეკონტროლებინა და რჩევები მიეცა. იტალიაში ბრძოლისას ლუი ხშირად ავადმყოფობდა, რა დროსაც დედოფალი ქმრის მედდად გადაიქცა. ანა მას ყოველთვის სათუთად უვლიდა და ლოცულობდა მისი გამოჯანმრთელებისათვის.

ვინაიდან ანასა და ლუის ვაჟი არ შეეძინათ, მათ მემკვიდრედ მათივე უფროსი ასული — კლაუდია იქცა. მართალია ბრეტანში ტახტზე კლაუდიას ასვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლება არ იყო, თუმცა საფრანგეთში სალიკური სამართალი მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ქალს არ ჰქონდა ტახტზე ასვლის უფლება, ამიტომაც კლაუდიას საფრანგეთის ტახტზე ასაყვანად, მისი გათხოვება გახდა საჭირო, რათა იგი მამაკაცთან ერთად მჯდარიყო სამეფო ტახტზე. ანას ძალიან უნდოდა თავისი ასულის დაქორწინება ავსტრიისა და ესპანეთის ტახტის მემკვიდრე კარლ ფონ ჰაბსბურგზე, რომელიც ანას პირველი ქმრის, მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი და ტახტის მემკვიდრე იყო 1506 წლიდან. ეს ქორწინება რომ შემდგარიყო, საფრანგეთში ჰაბსბურგები გამეფდებოდნენ, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა საფრანგეთის ჰაბსბურგთა პროვინციად ქცევა, ისევე, როგორც შემდგომში ეს ჩეხეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და სხვა მრავალ სახელმწიფოში მოხდა, რაც ლუის არ სურდა. სწორედ ამიტომ, ლუი XII-მ ანას დაუკითხავად შეარჩია საქმრო კლაუდიასთვის. ეს იყო ანგულემის ჰერცოგ შარლ დე ვალუას ვაჟი ფრანსუა დე ვალუა, რომელიც ლუის ბიძაშვილიც იყო და ვალუაც, რასაც დინასტიის შეცვლა არ მოჰყვებოდა. 1506 წლის 20 მაისს, პლეს-ლე-ტურის სასახლეში შედგა ფრანსუასა და კლაუდიას ქორწინება. ყოველივე ამით ანა დიდად უკმაყოფილო იყო და გულში იმედს კვლავ ინახავდა, რომ მათი ქორწინება დაინგრეოდა და კლაუდიას მაინც მიათხოვებდა კარლს, თუმცა ამაოდ.

1508 წლის 7 აგვისტოს, დედოფალი ანა ბრეტონელი ლუარას ხეობაში გაემგზავრა დასასვენებლად და სამოგზაუროდ. მას ამბუაზის სასახლის წინ, მდინარეზე გადასასვლელ ხიდთან მხლებლები დაფდაფებით დახვდნენ, რამაც მისი ცხენი დააფრთხო. შეშინებულმა ცხენმა დედოფალი უნაგირიდან გადმოაგდო და ტყეში გაიქცა. მისი ცხენი მართალია ვეღარ იპოვეს, თუმცა დედოფალს მალევე მიეშველნენ და დახმარება აღმოუჩინეს. ამბუაზიდან იგი დიდი ინტერესით აკვირდებოდა იტალიური ომების მიმდინარეობას. რომის პაპი იულიუს II, რომელსაც სძულდა ფრანგები, ლუი XII-ს იტალიიდან გასვლას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შერისხვითა და ტახტის ჩამორთმევით ემუქრებოდა, რამაც ძალიან შეაშფოთა მეტად მორწმუნე ანა ბრეტონელი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ლუისა და პაპს შორის დაძაბულობის განმუხტვაზე. საბოლოოდ, მისი გულმოდგინე შრომის შედეგად, ლუიმ დატოვა იტალია და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო საფრანგეთის მეფისა და რომის პაპის თბილი ურთიერთობის აღდგენა.

გარდაცვალება

მისი ბოლო მშობიარობის შემდეგ, ანას ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. ამის შემდეგ, იგი სრულად აღარ გამოჯანმრთელებულა და გამუდმებით ტკივილებს უჩიოდა. სამეფო კარის ქრონიკები გვაუწყებენ, რომ დედოფალს თირკმელში კენჭები ჰქონდა. კენჭის გავლა საშინელ ტკივილს აყენებდა ანას, რომელსაც ვერაფერი უყუჩებდა, ყოველივე ეს კი მისი სიცოცხლის ბოლო სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. განსაკუთრებულად გამწვავებული ტანჯვა 1513 წლის დეკემბრიდან დაიწყო. სულ მალე, დაახლოებით ათ დღეში, 1514 წლის 9 იანვარს, კენჭის გავლისაგან გამოწვეულ ტკივილს ანამ ვეღარ გაუძლო და 36 წლის ასაკში, ბლუას სასახლეში გარდაიცვალა.[7] ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო და დედოფალმა გარდაცვალებით დაისვენა კიდეც. ბევრი ფიქრობდა, რომ დედოფლის ასეთი ნაადრევი გარდაცვალება უმეცარი და არაკომპეტენტური ექიმების ბრალი იყო.

გლოვა და დაკრძალვა

ანას გარდაცვალებისთანავე, ბლუას სასახლის შუქურაზე ტრადიციული შეძახილი გაისმა: „La reine est morte!, la reine est morte!, la reine est morte!“, ანუ „დედოფალი მოკვდა!, დედოფალი მოკვდა!, დედოფალი მოკვდა!“.[8] ყოველივე ეს ძალიან განიცადა ლუი XII-მ, რომელმაც ანას გასაოცარი დაკრძალვა მოუწყო. როდესაც იგი გარდაიცვალა, 1514 წლის 9 იანვარს, ორშაბათი დღე იყო, რის შემდეგაც პარასკევამდე ქირურგები გარკვეულ პროცედურებს უტარებდნენ მის სხეულს. ლუის ბრძანებით მათ ანას გული ამოკვეთეს და შემდგეგ ოქროს ყუთში მოათავსეს, რომელიც დღემდე ინახება. როგორც საფრანგეთის მირონცხებული დედოფლის, ანას დაკრძალვა სენ-დენის სამეფო სააბატოში დაიგეგმა. თუმცა, მისი სურვილისამებრ, მისი გული ბრეტანში, ნანტში გადაასვენეს და მისი მშობლების საფლავის გვერდით დაასვენეს.

ლუი XII ანას გარდაცვალებამ გაანადგურა. მემატიანე გვამცნობს, რომ მეფე რვა დღის მანძილზე იყო ოთახში გამოკეტილი და მეუღლეს ტიროდა. პარასკევ დღეს, ღამით, მეფის ბრძანებით გარდაცვლილი დედოფლის ნეშტი სამეფო სასახლის მთავარ დარბაზში გადაასვენეს. ანას სხეულის თავზე აბრეშუმის გობელენი იყო ჩამოკიდებული, რომელზეც ამოქარგული იყო მისივე გერბი. დედოფლის სხეული ოქროს ძაფით ნაქსოვ დიდ კაბაში იყო ჩაცმული, თავზე გვირგვინი ედგა და ხელში სკიპტრა ეკავა. მის ცხედარს თავი ოქროს ბალიშზე ედო და თავად სხეულიც ლურჯ, ოქროს ჯვრებ ამოქარგულ აბრეშუმზე იწვა.

დედოფალი სასახლის მთავარ დარბაზში რამდენიმე კვირა ესვენა. მის გარშემო შეკრებილნი იყვნენ შავებში შემოსილი კათოლიკე ბერები, რომლებიც მას უგალობდნენ და გარდაცვლილთა ლოცვებს უკითხავდნენ. მის დასატირებლად დიდგვაროვნები მთელი საფრანგეთიდან ჩავიდნენ. მის ცხედართან შეიკრიბა აბსოლუტურად ყველა ფრანგი ჰერცოგი, გრაფი და ბარონი, თავიანთ ცოლებთან და შვილებთან ერთად. ამ დროს, სასახლიდან გამუდმებით ისმოდა ტირილისა და გოდების ხმა, რასაც დროდადრო მგალობელთა ხმა ენაცვლებოდა. ორშაბათს საღამოს მისი სახე გაწმინდეს და დედოფლის ცხედარი ტყვიით მოჩუქურთმებულ ხის კუბოში გადაასვენეს. კუბოს სახურავი მთლიანად სპილენძით იყო დაფარული, რომელზეც ლათინურად გრძელი ეპიგრაფი იყო ამოტვიფრული.

ანა ბრეტონელის დაკრძალვის წინა ცერემონიები მთელი თხუთმეტი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ყოველდღე, ყოველ საათში იწყებოდა გალობა და ბერების ხმამაღალი ლოცვა, რასაც ქალების გაუთავებელი ტირილი მოსდევდა. ცნობილია, რომ მეფე დილიდან დაღამებამდე კუბოსთან იყო. მეფე ლუის სასახლეში, გარდა ფრანგი და ბრეტონელი არისტოკრატებისა, თავი უცხოურმა დელეგაციებმა და დაბალი ფენის ხალხმაც მოიყარა. აგრეთვე ცნობილია, რომ ანას სიძე, ანგულემის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა მისი გარდაცვალებიდან სამი სეზონის მანძილზე სამგლოვიარო სამოსით დადიოდა.

საბოლოოდ, ხანგრძლივი გლოვის შემდეგ დადგა დაკრძალვის დღეც. დილით, ანას ცხედარი სამეფო სამლოცველოში გადაასვენეს, სადაც სამეფო კარის მოძღვარმა, მამა გიიომ დე პარვიმ საკმაოდ დიდი ქადაგება წაიკითხა და ვრცლად ისაუბრა ანას განვლილ ცხოვრებაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მის უკანასკნელ წელზე გაამახვილა. ქადაგების დასრულების შემდეგ დედოფლის სხეული შავი ხავერდით დაფარულ ოთხბორბლიან ვაგონზე დაასვენეს და კუბოს თავი დააფარეს. ვაგონში შებმული იყო ექვსი შავი, საოცრად შეკაზმული ცხენი. ცხენებს თავი ხავერდისა და თეთრი ატლასისაგან შეკერილი დეკორატიული საფარი ჰქონდათ ჩაცმული, ისე, რომ მხოლოდ თვალები უჩანდათ.

ვაგონს უკან მეფე მიჰყვებოდა, რომლის უკანაც ორი შეიარაღებული რაინდი იდგა, გვერდით კი მას ექვსი მშვილდოსანი მიჰყვებოდა. გზა, რომელიც სასახლიდან ბაზილიკამდე იყო გასავლელი მთლიანად გადაკეტილი იყო და არავის უშვებდნენ. ბრბოს შესაკავებლად ჯებირებთან სპეციალურად დაქირავებული შვეიცარიელი ჯარისკაცები იდგნენ. ხალხის უზარმაზარი მასა ერთიანად გრგვინავდა და ლოცულობდა. ორშაბათს, 13 თებერვალს, ანას სხეული პარიზის სასახლიდან ნოტრ-დამ-დე-შანის (ფრანგ. Notre-Dame-des-Champs) საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.[9] სამშაბათს კი მსვლელობა განაგრძეს ნოტრ-დამიდან სენ-დენისკენ.

ლუი XII-ისა და ანა ბრეტონელის აკლდამა სენ-დენის ბაზილიკაში

პარიზის ქუჩები შავი და ლურჯი ნაჭრებით იყო მორთული, რაც თავისთავად საყოველთაო გლოვაზე მიანიშნებდა. ქუჩაში გამოსულ დაბალი ფენის ადამიანებს ხელში სანთლები ეჭირათ და დედოფლისთვის ლოცულობდნენ. მსვლელობას ისედაც უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა და გზის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად წინ ჯარისკაცები მიდიოდნენ და მოედნებს ათავისუფლებდნენ. დაკრძალვაზე საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ ანას ნათესავებიც, მის დაკრძალვაზე მივიდნენ პარიზელი პარლამენტარებიც.

საკათედრო ტაძრის ინტერიერი და ექსტერიერი მთლიანად შავი, დედოფლის გერბიანი ხავერდის დროშებით იყო გაფორმებული. ყველა სამსხვერპლო შავ-თეთრი აბრეშუმით იყო შემკული. ცნობილია, რომ ამ დროს ტაძარში ერთად 3, 800 სანთელი იყო დანთებული. როდესაც სხეული კათედრალში დაასვენეს, ლუის ბრძანებით სანთლების რაოდენობა 12, 000-მდე გაზარდეს. ოთხშაბათს, 15 თებერვალს, მანის კარდინალმა ანას სხეული აკურთხა და დაკრძალვისთვის მოამზადა. ამას მოჰყვა სამეფო, მოკრძალებული სადილი, რასაც მსვლელობის განახლება მოჰყვა სენ-დენისაკენ. აღსანიშნავია, რომ მსვლელობას ყველა, მათ შორის მეფეც ფეხით მიჰყვებოდა, თუმცა ანას კუბო კატაფალკაზე იყო დასვენებული და ისე მიასვენებდნენ. საბოლოოდ მიადგნენ სენ-დენის სააბატოს, სადაც ანას დახურული სასახლე რვა სვეტისაგან შემდგარ სამსხვერპლოზე დაასვენეს, ღვთისმშობლის ქანდაკების ქვეშ, მის კუბოზე კი მისი ფრეილინების მიერ ნაქარგი აბრეშუმი გადააფარეს, რომელზეც მისივე გერბი იყო ამოქარგული.

ამის შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი. მანის კარდინალმა ლოცვა დაიწყო, რის ფონზეც ანა აკლდამაში ჩაასვენეს. კარდინალმა მას ერთი მუჭა მიწა მიაყარა და ლოცვა განაგრძო, შემდეგ კი მეფესა და მის ნათესავებს მიუბრუნდა და მიწის მიყრა სთხოვა. მანის კარდინალმა ამ დროს სპეციალურად მისთვის დაწერილი ტექსტი წაიკითხა: „უდიდესი ქრისტიანი, დედოფალი და ჰერცოგინია, ჩვენი სუვერენული ქალბატონი და მბრძანებელი მკვდარია.“ მიწის მიყრამდე, ლუიმ ანას მისი გვირგვინი ჩააყოლა და მალევე მოშორდა სამარხს. მთელი დღის მანძილზე ხალხს საშუალება მიეცა მოენახულებინა და მოელოცათ დედოფლის აკლდამა. სამეფო დელეგაციის წასვლის შემდეგ სენ-დენის ორივე კარიბჭე გახსნეს და დაბალი ფენის ხალხი შეუშვეს, რომელთაც ძალიან უნდოდათ ანას საფლავზე მისვლა. შაბათს, 18 თებერვალს, სამეფო კარზე ანას პარაკლისი გადაუხადეს და დიდი სადილი მოაწყვეს, რომელსაც ანას ნახევარ-ძმა, ავოგურის ბარონი ჟან ბრეტონელი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, სამეფო კარი თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

შემდგომი პერიოდი

ანას გარდაცვალებიდან სულ ცხრა თვეში, ლუი XII მესამედ დაქორწინდა. მართალია მას ახალი ცოლის შერთვა არ სურდა, თუმცა უვაჟობის გამო იძულებული გახდა ხელახლა დაქორწინებულიყო. 1514 წლის 9 ოქტომბერს ლუიმ ცოლად შეირთო ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VII-ისა და დედოფალ ელიზაბეთ იორკელის სილამაზითა და გონიერებით სახელგანთქმული ასული მერი ტიუდორი. მართალია თავად მერისაც არ სურდა მოხუც ლუისთან შეუღლება, თუმცა მისი აზრი ამ დროს დიდად არავის აღელვებდა. ქორწინება ცხადია უბედური იყო, თუმცა ის უნაყოფოც აღმოჩნდა. ქორწილიდან სულ სამ თვეში, 1515 წლის 1 იანვარს ლუი XII გარდაიცვალა, ისე, რომ დედოფალმა მერიმ დაორსულება ვერ მოასწრო. ქორწინებამდე მერიმ თავის ძმას, მეფე ჰენრი VIII-ს პირობა ჩამოართვა, რომ თუ ლუი მასზე ადრე გარდაიცვლებოდა, მას უფლებას მისცემდა მშობლიურ ინგლისში დაბრუნებულიყო და თავის საყვარელზე, სუფოლკის ჰერცოგ ჩარლზ ბრანდონზე დაქორწინებულიყო, რაც ასეც მოხდა.

ლუისა და ანას გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტზე მათი ქალიშვილი კლაუდია და მისი ქმარი ფრანსუა I ადიან. საფრანგეთთან ერთად, კლაუდიას მემკვიდრეობით ერგო ჯერ კიდევ სუვერენული ბრეტანი, რომლის ტახტსაც იგი ძალიან უფრთხილდებოდა და ფრანსუას მისი ხელყოფის უფლებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, კლაუდიაც მალევე, 1524 წელს გარდაიცვალა, ბრეტანის ჰერცოგი კი მისი უფროსი ვაჟი ფრანსუა III გახდა, რომელიც ამასთან საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეც იყო. 1536 წელს ფრანსუა III მისმა რძალმა ეკატერინე მედიჩიმ მოწამლა, რის გამოც ბრეტანის ჰერცოგი და საფრანგეთის დოფინი მისი ქმარი და კლაუდიას უმცროსი ვაჟი ანრი გახდა. 1547 წელს ფრანსუა I-ის დაღუპვის შემდეგ ანრი II საფრანგეთის მეფეც ხდება, რასაც 1547 წლის 31 მარტს ოფიციალურად მოჰყვა ბრეტანის საფრანგეთის სამეფო დომენში გადასვლა, რითაც დასრულდა ბრეტანის სახელმწიფოებრივობის ხანა.

საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1789-1799), ისევე როგორც სხვა ბევრი ფრანგი მონარქის განსასვენებელი, 1793 წლის 18 ოქტომბერს რევოლუციონერებმა გახსნეს ლუი XII-ისა და ანა ბრეტონელის აკლდამა, მათი ნეშტები გაძარცვეს, საფლავიდან ამოიღეს და გვერდით დაასვენეს. მიუხედავად ამისა, მათი აკლდამის მონუმენტი განადგურებას გადაურჩა. 1824 წელს, ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ, ლუი XVIII-მ ისინი საფლავში დააბრუნა და სრული კათოლიკური წესების დაცვით ხელახლა დაკრძალა.

ოჯახი

მშობლები

ანას მშობლების საფლავი ნანტში

ბრეტანის ჰეცოგი ფრანსუა II დაიბადა 1433 წლის 23 ივნისს. იგი იყო ჰერცოგ რიშარდ ეტამპელისა და მისი ცოლის, მარგარიტა ორლეანელის ვაჟი. მამამისი ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ფრანსუა მხოლოდ 5 წლისა იყო. ვინაიდან ამ დროს ქვეყნის მართვა თავად არ შეეძლო, რეგენტად დედამისი დაინიშნა, რომელმაც 1458 წელს ფრანსუა მისსავე ბიძაშვილ მარგარიტა ბრეტონელზე დააქორწინა. ფრანსუას მასთან მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა, რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ქორწინებიდან სულ 11 წელიწადში, 1469 წელს მარგარიტა ბრეტონელი გარდაიცვალა, 25 წლის ასაკში. ვინაიდან მას მემკვიდრე არ ჰყავდა, მეორე ქორწინება გახდა საჭირო.

რაც შეეხება ანას დედას, მარგარიტა დე ფუას, იგი დაიბადა 1449 წელს პამპლონაში, ნავარის სამეფოში. იგი იყო ნავარის დედოფალ ელეანორა I-ისა და ფუას გრაფ გასტონ IV-ის ასული. დედის ხაზით, იგი არაგონის მეფე ფერდინანდ I-ის შთამომავალი იყო. ასევე საფრანგეთს გადამტერებულმა ნავარის დედოფალმა ელეანორამ, თავისი ქალიშვილის ბრეტანის დაქვრივებულ ჰერცოგზე მითხოვება და მასთან ალიანსის შექმნა განიზრახა, საფრანგეთის წინააღმდეგ.

ფრანსუა II-ისა და მარგარიტა დე ფუას ქორწინება 1474 წლის 24 ივნისს შედგა. ქორწინებიდან სამ წელიწადში მარგარიტამ მათი პირველი შვილი და ტახტის მემკვიდრე გააჩინა, რომელსაც ანა დაარქვეს. მომდევნო 1478 წელს კი მან მეორე გოგონა გააჩინა, სახელად იზაბელი. ამის შემდეგ მათ შვილები აღარ ჰყოლიათ, რის გამოც ანა მათი მემკვიდრე გახდა. 1486 წელს მარგარიტა საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა, რასაც სულ ორ წელიწადში, 1488 წელს ფრანსუა II-ის ბრძოლაში დაღუპვა მოჰყვა. ამ ამბიდან სულ ორ წელიწადში დაიღუპა ანას დაც, პრინცესა იზაბელი, რის გამოც, შესაძლოა ითქვას, რომ იგი სრულიად მარტო დარჩა.

მეუღლეები

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ქორწინებაში იყვნენ მამა დედა წოდება დინასტია
მაქსიმილიან I 22 მარტი, 1459,

ვინერ-ნოიშტადტი,

ავსტრია

12 იანვარი, 1519,

ველსი, ავსტრია,

(59 წლის)

18 დეკემბერი, 1490-

6 დეკემბერი, 1491,

(განქორწინდნენ)

ფრიდრიხ III,საღვთო რომისიმპერატორი ელეანორა პორტუგალიელი ავსტრიის

ერცჰერცოგი,

საღვთო რომის

იმპერატორი და

გერმანიის მეფე

ჰაბსბურგები
შარლ VIII 30 ივნისი, 1470,

ამბუაზი,

საფრანგეთი

7 აპრილი, 1498,

ამბუაზი,

საფრანგეთი,

(27 წლის)

6 დეკემბერი, 1491 -

7 აპრილი, 1498,

(შარლი

გარდაიცვალა)

ლუი XI, საფრანგეთის მეფე შარლოტა სავოიელი საფრანგეთისა

და ნეაპოლის

მეფე

ვალუები
ლუი XII 27 ივნისი, 1462,

ბლუა, საფრანგეთი

1 იანვარი, 1515,

ტურნელი,

საფრანგეთი,

(52 წლის)

8 იანვარი, 1499 -

9 იანვარი, 1514,

(გარდაიცვალა ანა)

შარლი, ორლეანის ჰერცოგი მარია კლეველი საფრანგეთისა

და ნეაპოლის

მეფე, მილანის

ჰერცოგი

შვილები

ანა ბრეტონელს, თავის პირველ ქმართან, იმპერატორ მაქსიმილიანთან შვილები არ ჰყოლია, რადგან ისინი ერთმანეთს არც კი შეხვედრიან. მას თავის მეორე ქმართან, მეფე შარლ VIII-თან ჰყავდა შემდეგი შვილები:

  1. შარლ ორლანდი (დ. 11 ოქტომბერი, 1492 — გ. 16 დეკემბერი, 1495), საფრანგეთის დოფინი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;[10]
  2. ფრანსუა (აგვისტო, 1493), ანა მასზე 1493 წლის დამდეგს დაფეხმძიმდა, რის შემდეგაც დედოფალი მეფესთან ერთად სამეფო ციხესიმაგრეებში მოგზაურობდა, სწორედ კურშაველში ყოფნისას, გადაღლილ ანას მასზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბავშვი ძალიან სუსტი იყო და დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა;
  3. მკვდარშობილი გოგონა (მარტი, 1494), მასზე ორსული ანა ჯერ პარიზიდან ამბუაზში გაემგზავრა, იქიდან კი ლიონში ჩავიდა, სადაც იგი თავის ქმარს შეუერთდა იტალიურ ომებში, რა დროსაც დედოფალი ცხენიდან გადმოვარდა და ნაადრევი მშობიარობით მკვდარი გოგონა გააჩინა;[11]
  4. მკვდარშობილი გოგონა (მარტი, 1495), მესამე მშობიარობიდან მალევე ანა კვლავ დაფეხმძიმდა. მართალია ამჯერად იგი უკვე ფრთხილად იქცეოდა, მაგრამ მას ამბუაზის ციხესიმაგრის მაღალი კოშკიდან ჩამოსვლისას, ზედმეტად გრძელი კაბის გამო ფეხი დაუცურდა და კიბეზე დაგორდა, რის გამოც ნაადრევი მშობიარობით კიდევ ერთი მკვდარი გოგონა გააჩინა;
  5. შარლი (დ. 8 სექტემბერი, 1496 — გ. 2 ოქტომბერი, 1496), საფრანგეთის დოფინი. მართალია იგი თავის დროზე, დაზიანების გარეშე დაიბადა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო და ჩვილობაშივე დაიღუპა. მისმა გარდაცვალებამ ანა ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, რამაც იგი აიძულა მულინში, ბრეტანში გამგზავრებულიყო ცოტა ხნით;[10]
  6. ფრანსუა (ივლისი, 1497), საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცოტა ხნიანი დოფინი. გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  7. ანა (20 მარტი, 1498), გარდაიცვალა რამდენიმე საათში;

ანას თავის მესამე ქმართან, მეფე ლუი XII-თან ჰყავდა რამდენიმე შვილი:

  1. კლაუდია (დ. 13 ოქტომბერი, 1499 — გ. 20 ივლისი, 1524), საფრანგეთის დედოფალი, ბრეტანისა და მილანის ჰერცოგინია. ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძაშვილს, მეფე ფრანსუა I-ს. მათი შვილები იყვნენ ბრეტანის ჰერცოგი ფრანსუა III, საფრანგეთის მეფე ანრი II, ორლეანის ჰერცოგინია შარლი, შოტლანდიის მეფე მადლენი და სავოიის ჰერცოგინია მარგარიტა ფრანგი;
  2. მოშლილი ფეხმძიმობა (1500);
  3. მკვდარშობილი ვაჟი (21 იანვარი, 1503);[10]
  4. მოშლილი ფეხმძიმობა (1503 წლის დამლევს);
  5. მოშლილი ფეხმძიმობა (1505);
  6. მოშლილი ფეხმძიმობა (1508);
  7. მოშლილი ფეხმძიმობა (1509);
  8. რენე (დ. 25 ოქტომბერი, 1510 — გ. 12 ივნისი, 1574), ცოლად გაჰყვა ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე II დ'ესტეს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის გიზის ჰერცოგინია ანა, ფერარას ჰერცოგი ალფონსო II, ურბინოს ჰერცოგინია ლუკრეცია, ელეონორა დ'ესტე და ასევე ფერარას ეპიკოპოსი ლუიჯი დ'ესტე;[2]
  9. მკვდარშობილი ვაჟი (იანვარი, 1512).

პიროვნული მახასიათებლები

ანა ბრეტონელი მაღალი და ინტელიგენტი ქალი იყო, რომელიც თავისი დროის უმეტეს ნაწილს ბრეტანის ადმინისტრაციულ საქმიანობას უთმობდა. იგი აღწერილია როგორც მკაცრი, ამაყი და დახვეწილი მანერების მქონე ადამიანი.[12] მან მთელი თავისი ცხოვრება ბრეტანის ავტონომიის დაცვას და საფრანგეთის გვირგვინს გარეთ საჰერცოგოს არსებობას შეალია, თუმცა მიუხედავად მისი დაუღალავი შრომისა, ბრეტანი მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელიწადში შეუერთდა საფრანგეთს.

ანა ასევე იყო ხელოვნების მფარველი და მუსიკის დიდი მოყვარული. მას გობელენების დიდი კოლექცია ჰქონდა, რომელიც დღეისათვის ნიუ-იორკის კლუასტერის მუზეუმშია დაცული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანზე ასახულია ანა ბრეტონელისა და ლუი XII-ის ქორწინების სცენა, რომლის ანალოგიც არ არსებობს. აგრეთვე შემონახულია მისი ოთხი გადარჩენილი წერილი, მისი უძვირფასესი წიგნები და მათი ავტორთა ვინაობებიც კი.[13]

იგი ძალიან ერთგული და მოსიყვარულე დედა იყო. ანა თითქმის მთელ დროს თავის შვილებთან ატარებდა. ცნობილია, რომ ანა ბრეტონელმა თავის ვაჟ შარლ ორლანდოს ლოცვების წიგნი და სამეფო ფიცი ზეპირად ასწავლა, რომელიც მას მაშინ უნდა დაედო, როდესაც საფრანგეთის მეფე გახდებოდა, თუმცა იგი მცირეწლოვანი დაიღუპა. სამწუხაროდ, ანა ბრეტონელის ვაჟებიდან, შარლ ორლანდოს გარდა, ვერცერთმა ვერ იცხოვრა რამდენიმე კვირაზე მეტხანს. ბრანტომის მემუარების მიხედვით, ანამ ინოვაცია მოახდინა სამეფო კარზე, სადაც მან თავისი ქალიშვილებისათვის საუკეთესო განათლების მისაცემად პატარა სკოლა მოაწყო.

შარლ VIII-ზე ქორწინებისას იგი მხოლოდ 14 წლის გოგონა იყო, თუმცა მასთან ქორწინების დროს ანა შვიდჯერ იყო ორსულად. როდესაც იგი ლუი XII-ს გაჰყვა ცოლად, უკვე 22 წლის იყო და ლუისთან ქორწინებისას იგი ცხრაჯერ დაფეხმძიმდა. საბოლოოდ, თავისი ცხოვრების 36 წლის მანძილზე, ანა ბრეტონელი სულ თექვსმეტჯერ იყო ორსულად, თუმცა მისი ამდენი შვილიდან მხოლოდ ორმა გოგონამ მიაღწია სრულწლოვანებამდე. სწორედ შვილების ნაადრევი გარდაცვალება და გაუთავებელი მშობიარობა გახდა მისი ჯანმრთელობის მთავარ მტრად, რამაც იგი ძალიან დაასუსტა და საბოლოოდ მისი სიცოცხლეც შეიწირა.

კულტურული მემკვიდრეობა

სკულპტურები

თავის სიცოცხლეშივე, ჯერ ბრეტონელებისთვის, შემდეგ კი ფრანგებისთვისაც, ანა სრულყოფილი დედოფლისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. ბრეტონელებმა მას მეტსახელად „კარგი ჰერცოგინიაც“ კი შეარქვეს. მომდევნო საუკუნეებში, მისდამი პოპულარობა და სიყვარული ხალხში კიდევ უფრო გაიზარდა. გარდაცვალების შემდეგ იგი თითქოს მიივიწყეს, რადგანაც საფრანგეთის გამუდმებულ საშინაო-საგარეო ომებში იქნა ჩათრეული და მისთვის აღარ ეცალათ, თუმცა XIX საუკუნიდან უკვე იწყება მისი კულტის აღორძინება. იგი თანდათან ბრეტანის ეროვნულ გმირად გადაიქცა, რის გამოც როგორც ბრეტონელებმა, ისე ფრანგებმა, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად უამრავი სკულპტურა შექმნეს და ასობით ადგილს უწოდეს მისი სახელი.


ტელესერიალები

  • 2011 წელს გამოვიდა უნგრული სერიალი სახელად „ბორჯიები“, რომელიც რომის პაპ ალექსანდრე VI-ისა და მისი შვილების თავგადასავლებზეა. აქ, ჩეზარე ბორჯიას საფრანგეთში ვიზიტისას, 2 სეზონის 7-8 სერიებში ჩანს ანა ბრეტონელიც, რომლის დაქორწინებაზე დათანხმებასაც ლუი XII ჩეზარეს მიანდობს, აქ ანას როლი ელენა სუბეირანდი თამაშობს;
  • 2012 წელს გამოვიდა ესპანური სერიალი სახელად „ისაბელი“, რომელიც დედოფალ ისაბელ I კასტილიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. აქ ანა აქტიურად ჩანს, როდესაც იგი ტახტზე ჯერ ახლადაა ასული და ფრანგებთან წინააღმდეგ ბრძოლისას დახმარებას ისაბელს სთხოვს. აქ ანა ბრეტონელის როლი მარტა ბელმონმა შეასრულა;

თეატრი

XX საუკუნეში მოღვაწე, გამოჩენილმა ფრანგმა დრამატურგმა და მწერალმა ბრუნო ტანგაიმ დაწერა თავისი ცნობილი პიესა „Hervé de Portzmoguer“, სადაც მთავარ როლს დედოფალი ანა ბრეტონელი თამაშობს. ამ დრამატულ პიესაში აღწერილია შარლ VIII-ის ტრაგიკული გარდაცვალება, ლუი XII-ის განქორწინება და მისი შემდგომში ანაზე სკანდალური ქორწინების ისტორია. იგი დღემდე დიდი წარმატებით იდგმება სრულიად ევროპის მასშტაბით, თუმცა მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს.

მუსიკა

  • ლუი XII-ის ბრძანებით, ფრანგმა კომპოზიტორმა ანტუან დე ფევინმა (1470-1512) ანას დაკრძალვისათვის დაწერა მესა, რომელსაც „ანა ბრეტონელის რეკვიემი“ ეწოდა;
  • 1700 წელს იტალიელმა კომპოზიტორმა ჯაკომო ანტონიო პერტიმ დაწერა მიუზიკლი, სახელად „პაოლა ტაუმატურკოს წინასწარმეტყველური ენა“, რომელიც ნაწილობრივ ეხება ანა ბრეტონელს;
  • ფრანგმა მუსიკოსმა ჟილ სერვანტმა დაწერა თავისი საალბომო სიმღერა, სახელწოდებით „შუადღისას ქალაქიდან მოიტაცეს“, რაც ისევ და ისევ ანა ბრეტონელისა და შარლ VIII-ის იძულებით ქორწინებას ეძღვნება;
  • ბრეტონელმა კომპოზიტორმა აგნესა ბოვემ დაწერა ოპერა, სახელად „ანა ბრეტონელი“;
  • მისი დაკრძალვის დღეს ანონიმურმა პიროვნებამ მიუძღვნა საკმაოდ ვრცელი ლექსი, რომელიც შემდგომში აღმოჩენილ და სიმღერად გადაკეთებულ იქნა ტრიო იანის მიერ;
  • მისი გარდაცვალების შემდეგ ბრეტანში ანას ცხოვრების შესახებ არაერთი ხალხური გამოთქმა თუ სიმღერა შეიქმნა, რომელსაც საბოლოოდ თავი მოუყარეს და 2009 წელს ერთ მიუზიკლად გააერთიანეს, შემდეგში კი ნანტის სამეფო ოპერაში დადგეს, სადაც ანა ბრეტონელის როლი სესილი კოლბერმა ითამაშა;
  • ფრანგულმა როკ-ბენდმა „Soldat Louis“-მა ანაზე დაწერა სიმღერა, სახელად „ჯერ კიდევ ბავშვი ჰერცოგინია, რომელიც სამეფო გზას გაუყენეს“;
  • აღსანიშნავია, რომ 1995 წლიდან მოყოლებული, ქალაქ ლუარა-ატლანტიკში ყოველწლიურად იმართება ანა ბრეტონელის სახელობის მუსიკალური ფესტივალი. გამონაკლისი მხოლოდ 2016 წელს დაიშვა, როდესაც ლუარა-ატლანტიკის ნაცვლად ფესტივალი ქალაქ შატობრიანში ჩატარდა;

არქიტექტურა

ისტორიული ნაგებობები

ქალაქ იველინის წმ. პეტრეს სახელობის ეკლესია, რომელიც ასწლიანი ომის დროს დაინგრა და ანას ბრძანებით აღადგინეს
  • ანას ბრძანებით ააგეს ნანტის ციხესიმაგრე, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ნანტის სამეფო სასახლედ გადააკეთეს. ეს ციხესიმაგრე ბრეტანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო და არის. თავდაცვის მიზნით, ასევე ანას ბრძანებით, ციხე-სიმაგრეს გალავანზე შვიდი კოშკი ჰქონდა მიშენებული. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქალაქ ნანტის მერიამ ამ ნაგებობის მასშტაბური აღდგენა განახორციელა. ეს სასახლე დღეისათვის ბრეტანის ისტორიული ემბლემაა, რომლის 32 ოთახით მუზეუმადაა გადაკეთებული და ყოველწლიურად ათასობით ტურისტს მასპინძლობს;
  • XV საუკუნის მიწურულს, საფრანგეთ-ბრეტანის საზღვარზე ანას თხოვნით ააშენეს პატარა სასახლე, რომელსაც მონრუილ-ლ'არგილე ეწოდა. როგორც ცნობილია, ეს შენობა შემდგომში ანას ლუი XII-ისათვის უჩუქებია, როგორც თავისი სიყვარულის სიმბოლო. შემდგომში ლუი და მისი შთამომავლები ამ სასახლეს ნადირობისას ღამის გასათევად იყენებდნენ.
  • „ანა ბრეტონელის კოშკი“, რომელიც XV საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული ქალაქ იველინში, ასევე ანას ბრძანებით, თუმცა მას სახელი შემდგომში ხალხმა თავად შეარქვა მისი გარდაცვალების შემდეგ;
  • წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესია ქალაქ იველინში. იგი თავდაპირველად XI საუკუნეში ააგეს, თუმცა გამუდმებული ომიანობის გამო თანდათან ჩამოინგრა. მისი აღდგენა-რესტავრაცია ანა ბრეტონელმა იკისრა, რომელმაც ეკლესია ბევრად უფრო ვრცელი და ლამაზი გახადა, ვიდრე თავდაპირველად იყო;
  • დედოფლის აბანოები, რომელიც ანა ბრეტონელის ბრძანებით გააკეთეს ბლუას სასახლეში. იგი პირველი აბანოები იყო საფრანგეთში, რის გამოც მისი ისტორიული მნიშვნელობა დიდია;
ბრეტანში, სამეფო სასახლის გვერდით მდგარი კოშკი, რომელიც ანას ბრძანებით ააგეს. დღეს მას ანა ბრეტონელის კოშკს უწოდებენ


სხვა ძეგლები

უამრავი ქუჩა, ადგილი და შენობა ატარებს მის სახელს:

  • ბრეტანის თითქმის ყველა ქალაქში არსებობს ქუჩა შემდეგი სახელწოდებით: „ანა ბრეტონელი“ ან „ჰერცოგინია ანა“, ქალაქ რენში კი მის სახელს ატარებს მთავარი ბულვარი;
  • ქალაქ ნანტისა და ქალაქ კიბერონის მთავარი ქუჩები სწორედ „ჰერცოგინია ანა“-ს სახელს ატარებს;
  • ბრეტანის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: სენ-მალო, გინამპი, მორლე და ა.შ., ქალაქის შესასვლელ აბრაზე აღნიშნულია „აქ იყო ჰერცოგინია ანა“, რაც შემდეგ ლეგენდას უკავშირდება: 1505 წელს, როდესაც მეფე ძლიერ დასნეულდა, ანა ბრეტანის წმინდა ადგილებში წავიდა მოსალოცად, რის შემდეგაც მეფე მალევე განიკურნა. ამის შემდეგ, დღემდე შემორჩა ის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ხალხი ზუსტად იგივე მარშუტს გადის რაც ანამ გაიარა და ახლობელი ადამიანებისათვის ლოცულობენ. იმ ქალაქებს, რომლებიც ანამ ამ დროს გაიარა, შესასვლელთან ასეთი წარწერა აქვთ;
  • ქალაქ ლოსმინეს საშუალო სკოლა ანა ბრეტონელის სახელობისაა;
  • რენისა და სენ-ერბლენის კოლეჯები ანას სახელს ატარებს;
  • ქალაქ რენის საჯარო სკოლა „ჰერცოგინია ანას“ სახელს ატარებს;
  • ასევე ანა ბრეტონელის სახელობისაა ქალაქ ლოკრონას საჯარო სკოლა;
  • ნანტის, დინანისა და უზანის სასტუმროები „ჰერცოგინია ანას“ სახელობისა;
  • ვანში, სენ-მალოში, ლა პლენ-სურ-მერსა და რენში, მთავარი სასტუმროების სახელია „ანა ბრეტონელი“;
  • სასახლე, ქუჩა და სავაჭრო ცენტრი ქალაქ ლესნევენში ანა ბრეტონელის სახელს ატარებს, სადაც იგი რამდენიმე დღით იმყოფებოდა მოსალოცად;

საჭმელები და სასმელები

  • ნორმანდიული ყველი კამემბერი, რომელსაც ანას პატივსაცემად დაარქვეს სახელი
    ასევე ქალაქ სომურში შექმნილ განსაკუთრებული შოკოლადის სახეობას, მის პატივსაცემად „ჰერცოგინია ანა“ უწოდეს;
  • ჰერცოგინია ანა, კომპანია „ლანსელოტის“ მიერ ბრეტანში წარმოებული ლუდის ხაზის სახელწოდებაა;
  • ასევე 1930 წელს ანას სახელი ეწოდა ერთ-ერთ ფრანგულ ყველ კამემბერს, რომლის ეტიკეტზეც აწერია „ანა ბრეტონელი“;
  • 2014 წელს ღვინის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიამ ერთ-ერთ ღვინოს ანას პატივსაცემად „ბრეტონელთა რაინდი“ დაარქვა;

ანა ბრეტონელის მოპარული გული

ოქროს ყუთი რომელშიც ანა ბრეტონელის გული ინახება

მისივე ანდერძის თანახმად, ანას სხეული ლუი XII-ის გვერდით დაკრძალეს სენ-დენის სააბატოში, ხოლო მისი გული ამოკვეთეს, მოოქროვილ ყუთში ჩადეს და მისი მშობლების საფლავის გვერდით დამარხეს ნანტში. იმ უძვირფასეს ოქროს ყუთზე, რომელშიც მისი გული დევს, ამოტვიფრულია შემდეგი რამ:

ვიკიციტატა
„ამ პატარა გემით,
სუფთა ოქროს სამყაროში,
განისვენებს მასზე უფრო დიდი გული,
რომელიც მსოფლიოს დედოფალს ეკუთვნოდა.

მისი სახელი იყო ანა,
საფრანგეთის ორგზის დედოფალი,
ჰერცოგინია ბრეტონელებისა,
სუვერენული მონარქისა.“

2018 წლის აპრილში ნანტის მუზეუმიდან მძარცველებმა მოიპარეს უძვირფასესი ოქროს ყუთი, რომელშიც ანას გული ინახება. ამ ფაქტს ბრეტანში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ანა ბრეტონელი ბრეტონელთა უსაყვარლესი მონარქია და ისინი მას თავიანთ ეროვნულ გმირად აღიქვამენ, მსგავსმა ფაქტმა კი ცხადია მათი განცვიფრება გამოიწვია.

საფრანგეთის პოლიციამ მძარცველები სულ ერთ კვირაში დააპატიმრა და ანას 500 გრამიანი გული თავისი ოქროს ყუთით უკან, ნანტის მუზეუმს დაუბრუნა. როგორც აღმოჩნდა, მძარცველები ქვეყანაში არალეგალურად ჩასული იმიგრანტები იყვნენ.

ბრეტანის ხელისუფლებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, იმის თაობაზე, რომ ქურდებს რეალურად ბრეტონელთა შეურაცხყოფა არ უნდოდათ. მათ უბრალოდ ოქროს ექსპონათი ეგონათ ის და ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მის შიგნით ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქალი მონარქის გული ინახებოდა. აქევე აღსანიშნავია, რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისა, ისინი მის რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ.

ტიტულები

ანა ბრეტონელის სამეფო მონოგრამა
  • მონტფორტის გრაფინია: 9 სექტემბერი, 1488 — 9 იანვარი, 1514;
  • ბრეტანის ჰერცოგინია: 9 სექტემბერი, 1488 — 9 იანვარი, 1514;
  • რომაელთა დედოფალი: 19 დეკემბერი, 1490 — 6 დეკემბერი, 1491;
  • ავსტრიის ერცჰერცოგინია: 19 დეკემბერი, 1490 — 6 დეკემბერი, 1491;
  • გერმანიის დედოფალი: 19 დეკემბერი, 1490 — 6 დეკემბერი, 1491;
  • საფრანგეთის დედოფალი: 6 დეკემბერი, 1491 — 7 აპრილი, 1499; 8 იანვარი, 1499 — 9 იანვარი, 1514;
  • მილანის ჰერცოგინია: 6 სექტემბერი, 1499 — 5 თებერვალი, 1500; 17 აპრილი, 1500 — 16 იანვარი, 1512;
  • ნეაპოლის დედოფალი: 1 აგვისტო, 1501 — 29 დეკემბერი, 1503;
  • იერუსალიმის დედოფალი: 1 აგვისტო, 1501 — 29 დეკემბერი, 1503;
  • ეტამპის გრაფინია: 11 აპრილი, 1512 — 9 იანვარი, 1514.

გერბი

ცნობები:

ანა ბრეტონელის გერბი შეიქმნა 1491 წელს, მისი შარლ VIII-ზე ქორწინებისთანავე და მას გარდაცვალებამდე ატარებდა.

ცნობილია, რომ იგი მას ქვრივობის დროსაც ატარებდა და მასზე მეორე ქორწინების შემდეგაც არ შეუტანიათ არანაირი

ცვლილება.

სიმბოლიკა:

სხვა დედოფლებთან შედარებით, მისი გერბი უფრო ნაკლებად პომპეზურია. იგი შედგება ორად გაყოფილი დაფისაგან,

რომლის მარჯვენა მხარესაც აღნიშნულია ფრანგული საომარი კარვის თავი ნაცრისფერ ფონზე, რაც ბრეტანის

საჰერცოგოსთან ერთად იყო მონტფორტთა დინასტიის გერბიც. ცხადია ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იგი მონტფორტია და

თანაც ბრეტანის ჰერცოგინია.

რაც შეეხება მარცხენა მხარეს, მასზე ასახულია სამი ყვითელი, ფრანგული ჯვარი ლურჯ ფონზე. ეს არის როგორც ვალუას

დინასტიის, ისე მაშინდელი საფრანგეთის სახელმწიფო ემბლემა. ვინაიდან ეს ყოველივე გერბის მარცხნივაა, ჩვენ

ვხვდებით, რომ იგი გათხოვილი იყო ვალუას დინასტიის წარმომადგენელზე, რომელიც მართავდა საფრანგეთს.

ლიტერატურა

ფრანგულენოვანი

  • Antoine Le Roux de Lincy, Vie de la reine Anne de Bretagne, femme des rois de France, Charles VII et Louis XII, 1858.
  • Arthur Le Moyne de La Borderie et Barthélémy-Ambroise-Marie Pocquet du Haut-Jussé, Histoire de Bretagne, t. 4 : 1364-1515, Rennes / Paris, J. Plihon et L. Hommay / Alphonse Picard, 1906 (lire en ligne [archive]). Réédition : Mayenne, Joseph Floch, 1972.
  • Antoine Dupuy, Histoire de l'Union de la Bretagne à la France, vol. 1 et 2, Paris, Librairie Hachette, 1880, 447+501 p..
  • Jean Kerhervé, L'État breton aux xive et xve siècles, Paris, Maloine, 1987, 2 volumes ISBN 2-224-01703-0.
  • Jean-Pierre Leguay et Hervé Martin, Fastes et malheurs de la Bretagne ducale, 1213-1532, Rennes, Éditions Ouest-France, coll. 1982, 435 p. ISBN 2-85882-309-X, présentation en ligne.
  • Philippe Tourault, Anne de Bretagne, Paris, Perrin, 1990, 323 p. ISBN 2-262-00694-6.
  • Réédition : Philippe Tourault, Anne de Bretagne, Paris, Perrin, coll. „Tempus“ (no 527), 2013, 317 p., poche ISBN 978-2-262-04369-8.
  • Collectif d'universitaires des universités de Brest, Nantes, Rennes, Toute l’histoire de Bretagne, dans l’Île de Bretagne et sur le continent, Morlaix, éditions Skol-Vreizh, 1996, 800 p., in-8o.
  • Georges Minois, Anne de Bretagne, Paris, Fayard, 1999, 571 p. ISBN 2-213-60334-0.
  • Dominique Le Page (dir.), Pour en finir avec Anne de Bretagne ? : actes de la journée d'étude organisée aux Archives départementales de la Loire-Atlantique le 25 mai 2002, Nantes, Archives départementales de Loire-Atlantique : Conseil général de Loire-Atlantique, 2004, 132 p. ISBN 2-86044-025-9, OCLC 294283619.
  • Didier Le Fur, Anne de Bretagne : miroir d'une reine, historiographie d'un mythe, Paris, Guénégaud, 2000, 223 p. ISBN 2-85023-103-7.
  • Pierre Chotard (dir.), Anne de Bretagne : une histoire, un mythe, Paris / Nantes, Somogy / Château des ducs de Bretagne-Musée d'histoire de Nantes, 2007, 206 p. ISBN 978-2-7572-0063-6.
  • Catalogue de l’exposition organisée au château des Ducs de Bretagne, musée d’histoire de Nantes.
  • Elizabeth A. R.Brown, Cynthia J. Brown, Jean-Luc Deuffic, Michael Jones, „Qu’il mecte ma povre ame en celeste lumiere“. Les funérailles d’une reine. Anne de Bretagne (1514). Textes, images et manuscrits [Pecia. Le livre et l'écrit, volume 15, 2012], Turnhout: Brepols, 2013. ISBN 9782503546834.
  • Jacques Santrot, Les doubles funérailles d’Anne de Bretagne : le corps et le cœur (janvier-mars 1514), Genève, Droz, coll. „Travaux d'Humanisme et Renaissance“ (no 572), 2017, 728 p. ISBN 978-2-600-14749-1.

ინგლისურენოვანი

  • Robin, Diana Maury; Larsen, Anne R.; Levin, Carole (2007). Encyclopedia of Women in the Renaissance: Italy, France, and England. ABC-CLIO. ISBN 978-1851097722.
  • Louis Dujardin: Quand naquit, quand mourut Anne de Bretagne? In: Bulletin de la Société Archéologique du Finistère vol. 88 (1962) pp. 301–309.
  • Dominique Le Page, Michel Nassiet: L'Union de la Bretagne à la France. Morlaix : Éditions Skol Vreizh, 2003, p. 108 ff.
  • Chomel (Jean-Baptiste-Louis) Essai Historique sur la Médecine en France, (1762), p. 20.
  • Wickersheimer [Ernest, Jacquart (Danielle) Biographical Dictionary of doctors in France in the Middle Ages (1979), vol. 1] pp. 161–162.
  • Philippe Tourault: Anne, reine de France et duchesse de Bretagne, Paris, 1990, 1996, 2004, 2006, p. 196.
  • Cynthia Jane Brown, The Cultural and Political Legacy of Anne de Bretagne, Cambridge, D. S. Brewer, coll. (no 16), 2010, 228 p. ISBN 978-1-84384-223-1

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

  1. არსებობს მოსაზრება, რომ ედუარდი და მისი ძმა, პრინცი რიჩარდი მათმა ბიძამ, გლოსტერის ჰერცოგმა გამოკეტა კოშკში და შემდეგ დახოცა ისინი, რათა ტახტზე თავად ასულიყო
  2. რეალურად ისინი მარიონეტულად დაქორწინდნენ და მთელი ცხოვრების მანძილზე მათ ერთმანეთი ნანახიც კი არ ჰყავდათ
  3. თავად მაქსიმილიანს ეს დიდად არ ადარდებდა, რადგან იგი ჯერ კიდევ თავის პირველ და საყვარელ ცოლს, მარია ბურგუნდიელს გლოვობდა, რომელიც ახალგაზრდა დაიღუპა ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად
  4. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს შარლი მაქსიმილიანის ასულზე იყო დანიშნული, მისმა ასეთმა შეურაცხყოფამ კი საფრანგეთი კინაღამ დამღუპველ ომამდე მიიყვანა
  5. იგი ძალიან დაბალ კარში შედიოდა და კარს თავი ისე მაგრად მიარტყა, რომ ტვინის შერყევა მიიღო და მალევე შიდა სისხლდენით გარდაიცვალა
  6. ფრანსუა საფრანგეთის მეფე შარლ V-ის პირდაპირი შთამომავალი იყო და ამიტომაც მასაც შეეძლო ტახტზე პრეტენზიის განცხადება, რის თავიდან ასაცილებლადაც კლაუდია მიათხოვეს მას
  7. ამ დროს იგი უშუალოდ ანაზე ქორწინებას არ ფიქრობდა და უბრალოდ ბრეტანის ჰერცოგის ერთ-ერთ ასულზე ქორწინება სურდა
  8. აღსანიშნავია, რომ მონფორთა დინასტიას სათავე თავად საფრანგეთის მეფე ლუი VI-ის ვაჟმა დაუდო
  9. აღსანიშნავია, რომ ვალენტინას დედა, იზაბელ დე ვალუა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი და საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის უმცროსი და იყო.
  10. თავად ნავარის დედოფალი ჟანა დე ვალუა საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ასული იყო
  11. ნავარის მეფე შარლ III იყო ზემოთ აღნიშნული ნავარის მეფე შარლ II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ჟან II-ის ასულ ჟანა დე ვალუას უფროსი ვაჟი
  12. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას ქმარმა, მეფე ფილიპე II-მ XVI საუკუნის 90-იან წლებში საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს ომი გამოუცხადა და ბრეტანის ტახტის მიტაცებას ცდილობდა, რომელზეც თავისი და ელიზაბეტის უფროსი ქალიშვილის — ისაბელ კლარა ეუხენიას დასმა სურდა, როგორც ანა ბრეტონელის პირდაპირი შთამომავლის.
  13. კლაუდიას პირდაპირი ხაზით, ანა ბრეტონელის შთამომავალი გამოდის საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი მარია ანტუანეტა
  14. 1485 ბოსვორტსის ბრძოლაში ჰენრი ტიუდორმა დაამარცხა ტირანი მეფე რიჩარდ III, მოკლა იგი და თავად გამეფდა, ცოლად კი რიჩარდის ძმის შვილი და ედუარდ V-ის უფროსი და, პრინცესა ელიზაბეთ იორკელი შეირთო
  15. მარიონეტული ქორწინების ტრადიცია ადრეულ შუა საუკუნეებში იღებს სათავეს. ხშირად მონარქები ძალზედ შორეული ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებზე ქორწინდებოდნენ და ხანგრძლივი მგზავრობის თავიდან ასაცილებლად, სიძის მხრიდან იგზავნებოდა ვინმე მამაკაცი, რომელიც ქორწილის დროს სიძეს განასახიერებდა. ცხადია, ამ დროს ეს მამაკაცი მხოლოდ მარიონეტი იყო და რეალურად ეს ქალი უკვე შეთანხმებულ კაცზე ქორწინდებოდა. ამის შემდეგ პატარძალი სიძის ქვეყანაში მიდიოდა, სადაც უკვე ხდებოდა ნამდვილი ჯვრისწერა.
  16. ნიდერლანდები ამ დროს მაქსიმილიანის ვაჟს, ფილიპე I-ს ეკუთვნოდა, რომელმაც იგი დედისგან, მარია ბურგუნდიელისგან მიიღო მემკვიდრეობით და ცხადია იგი მზად იყო აქ თავისი ახალი დედინაცვლის პატივით მისაღებად.
  17. ცნობილია, რომ ეს ჭურჭელი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს გატეხეს, როგორც დემონსტრააცია ფრანგული მონარქიის დასასრულისა.
  18. იერუსალიმის სამეფო, რომლის გამოსახსნელ-დასაცავადაც იმართებოდა ყველა ჯვაროსნული ლაშქრობა, ამ დროისათვის რეალურად აღარ არსებობდა, თუმცა ტიტული „იერუსალიმის მეფე“ მაინც არსებობდა, რომელსაც ნეაპოლის მეფეები ფლობდნენ
  19. წინარე ისტორიაში, ბრეტანის დამოუკიდებელი საჰერცოგო გამუდმებით ეკალივით ესობოდა საფრანგეთს. ბრეტანი ყოველთვის ფრანგების მოსისხლე მტრის მხარეს იჭერდა და დიდ ზიანსაც აყენებდა მას.
  20. პაპმა მათი განქორწინება იმიტომ დაუშვა, რომ ერიდებოდა საფრანგეთის მეფესთან კონფლიქტის წარმოშობას, რომელსაც თავისუფლად შეეძლო იტალიაში შეჭრა და რომის აღება
  21. დედოფალი ჟანა დე ვალუა 1950 წელს რომის პაპმა წმინდანად შერაცხა, როგორც წამებული

სქოლიო

  1. Louis Dujardin: Quand naquit, quand mourut Anne de Bretagne? In: Bulletin de la Société Archéologique du Finistère vol. 88 (1962) pp. 301-309.
  2. 2.0 2.1 Robin, Larsen & Levin 2007, p. 20.
  3. Henri Pigaillem: Anne de Bretagne. Épouse de Charles VIII et de Louis XII, Pygmalion, 2008, p. 18.
  4. Merlet, Lucien, and Maxime de Gombert: Récit des funérailles d'Anne de Bretagne, 1858, Introduction.
  5. The Legend of Good News. The convent's church is dedicated to the worship of Our Lady of Good News (Notre-Dame de Bonne-Nouvelle). ციტატა: „Ducal protection was confirmed when Anne of Brittany celebrated her engagement to Charles VIII at the convent on 17 November 1491. The wedding took place at the Château de Langeais on 6 December, establishing the personal union between France and Brittany.“ Centre des Congrès de Rennes Métropole. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი, 2019.
  6. Notre Dame de Bonne Nouvelle de Rennes. Basilique Notre Dame de Bonne Nouvelle en Saint Aubin, Rennes, France. ციტატა: „L'un des faits marquants de l'histoire de la chapelle est la célébration des fiancailles de la Duchesse Anne de Bretagne avec le Roi de France Charles VIII, le 19 novembre 1491, qui par leur mariage, verra la Bretagne, jusque là indépendante, être rattachée définitivement à la France.“ Images Saintes. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი, 2019.
  7. Alexandre Bande: Le cœur du roi. Les Capétiens et les sépultures multiples, XIIIe-XVe siècles, Tallandier, 2009, p. 250.
  8. Didier Le Fur: Anne de Bretagne, Guénégaud, 2000, p. 135.
  9. Philippe Klein (5 იანვარი, 2014). Histoire(s) - Anne de Bretagne დაარქივებული 2019-05-24 საიტზე Wayback Machine. . Le dimanche 12 février c'est l'arrivée à Paris et le mardi suivant on accompagne la Duchesse de l'église Notre Dame des Champs, où elle avait été déposée en arrivant, à la cathédrale Notre Dame de Paris. breizhfemmes.fr. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი, 2019.
  10. 10.0 10.1 10.2 Anselme de Sainte-Marie, Père (1726). Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France (ფრანგულად). 1 (3rd ed.). Paris: La compagnie des libraires.
  11. N de Valois 1495 in: roglo.eu.
  12. De La Warr, Constance, A Twice Crowned Queen: Anne of Brittany, p.41.
  13. "Tapestry in the Renaissance: Art and Magnificence". The Metropolitan Museum of Art. Archived from the original on 10 February 2008.
ანა ბრეტონელი
მონფორები
დაიბადა: 25 ივნისი 1477 გარდაიცვალა: 9 იანვარი 1514
წინამორბედი:
ფრანსუა II

ბრეტანის ჰერცოგინია და ეტამპის გრაფინია
1488-1514
შემდეგი:
კლაუდია
წინამორბედი:
შარლოტა სავოიელი

საფრანგეთის დედოფალი
1492-1498
შემდეგი:
ჟანა ფრანგი
წინამორბედი:
ჟანა ფრანგი

საფრანგეთის დედოფალი
1499-1514
შემდეგი:
მერი ინგლისელი
წინამორბედი:
კათარინა საქსონიელი

ავსტრიის ერცჰერცოგინია და გერმანიის დედოფალი
1490-1491
შემდეგი:
ბიანკა მარია მილანელი
წინამორბედი:
იზაბელა დალ ბალცო

ნეაპოლის დედოფალი
1501-1503
შემდეგი:
ისაბელ კასტილიელი
წინამორბედი:
ბეატრიჩე მოდენელი

მილანის ჰერცოგინია
1499-1512
შემდეგი:
კლაუდია ფრანგი