შინაარსზე გადასვლა

ფედერიკო I (ნეაპოლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედერიკო I
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 7 სექტემბერი, 1496
მმართ. დასასრული: 1 აგვისტო, 1501
წინამორბედი: ფერდინანდ II
მემკვიდრე: ლუიჯი III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აპრილი, 1452
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
გარდ. თარიღი: 9 ნოემბერი, 1504, (52 წლის)
გარდ. ადგილი: ტური, საფრანგეთი
მეუღლე: ანა სავოიელი
(ქ. 1478 - გარდ. 1480)
იზაბელა დელ ბალცო
(ქ. 1487)
შვილები: შარლოტა, ლავალის გრაფინია
ფერდინანდი, კალაბრიის ჰერცოგი
ჯულია, მონფერატის მარკიზა
ალფონსო
იზაბელა
ჩეზარე
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე
დედა: იზაბელა კლერმონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფედერიკო I ნეაპოლელი (იტალ. Federico I di Napoli; დ. 19 აპრილი, 1452, ნეაპოლი, იტალია ― გ. 9 ნოემბერი, 1504, ტური, საფრანგეთი) ― ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე 1496-1501 წლებში. მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ იზაბელა კლერმონელის ძე.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერიკო დაიბადა 1452 წლის 19 აპრილს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ იზაბელა კლერმონელის შუათანა ვაჟი. იგი იმავე დღეს მოინათლა კათოლიკედ კაპოანოს სასახლეში, მისი ნათლიები კი იყო საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ III, რომელიც იმ დროს იტალიაში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდა ნეაპოლის სამეფო კარზე.

როდესაც იგი წამოიზარდა, მამამისმა იმ დროის გამოჩენილი აღმზრდელები მიუჩინა: ანდრეა დე კასტელფორტე, ჯოვანი კალენციო, ჯიროლამო ბალდაზარე და ოფერიანო ფორტი.

მსახურება მეფე ფერდინანდისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1464 წელს, ტარანტოში ყოფნისას, ფედერიკოს მამამისმა დაავალა, რომ ჩასულიყო მილანში და მისი ჰერცოგის, ფრანჩესკო I-ის უფროსი ქალიშვილი, პრინცესა იპოლიტა მარია სფორცა თავისი უფროსი ძმის, ალფონსოსთვის უსაფრთხოდ ჩამოეყვანა. მან ნეაპოლი 1465 წლის 18 მარტს დატოვა 320 მხედართან ერთად და 30 მარტს, მგზავრობისას შეიტყო დედის გარდაცვალების ამბავი. იმავე წლის 2 აპრილს იგი რომში ჩავიდა, სადაც პრინცი ფედერიკო პატივით მიიღო პაპმა პავლე II-მ. 17 აპრილს მას ფლორენციაში უმასპინძლა ბრწყინვალედ წოდებულმა ლორენცო მედიჩიმ. ამის შემდეგ იგი მილანისკენ დაიძრა, სადაც 7 ივნისამდე დარჩა და საიდანაც ძმის პატარძალთან ერთად დაბრუნდა ნეაპოლში. 14 სექტემბერს იგი ნეაპოლში შევიდა.

1464-1473 წლებში იგი ნეაპოლის სამხედრო ძალებში მსახურობდა. ასევე ფედერიკო აკონტროლებდა გადასახადების აკრეფვის პროცესს და მანვე გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება ვენეციის რესპუბლიკასთან. სხვადასხვა პერიოდში იგი აწარმოებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებსაც.

დიპლომატია და საქორწინო მოლაპარაკებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარია ბურგუნდიელი

ჯერ კიდევ 1470 წლის დასაწყისში ბურგუნდიის ჰერცოგმა შარლ მამაცმა ფედერიკოს შესთავაზა, რომ ცოლად შეერთო მისი ერთადერთი ქალიშვილი და მემკვიდრე, პრინცესა მარია. 1471 წლის ნოემბერში ბურგუნდიის ჰერცოგსა და ნეაპოლის მეფეს შორის ალიანსის ხელშეკრულება გაფორმცა, რაც მათი შვილების ქორწილს უნდა გაემყარებინა.

როგორც ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის ტახტის მემკვიდრის, მარია ბურგუნდიელის ცოლად შერთვა უამრავ ევროპელ მონარქსა და დიდებულს სურდა. მის ხელისმთხოვნელთა სიაში შედიოდნენ: არაგონის მეფე ფერდინანდ II, ლოთარინგიის ჰერცოგი ნიკოლა I, სავოიის ჰერცოგი ფილიბერტო I, კლარენსის ჰერცოგი ჯორჯ პლანტაგენეტი (ინგლისის მეფე ედუარდ IV-ის ძმა) და გიენის ჰერცოგი შარლი. მარიას ბიძაშვილმა, საფრანგეთის მეფე ლუი XI-მ მხარი დაუჭირა მისი ქორწინების იდეას ნეაპოლის პრინცთან და არაგონის მეფესთან.

1472 წლის თებერვალში ბურგუნდიული დელეგაცია ჩავიდა ნეაპოლში და დაჟინებით მოსთხოვეს მეფე ფერდინანდისაგან ქორწინების ნებართვა. ფედერიკოს დამ, პრინცესა ელეონორამ განაცხადა, რომ თავად შარლ მამაცი მოლაპარაკებებს განაგრძობდა სხვა სასიძოებთანაც. საბოლოოდ, მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც დადასტურდა ფაქტი, რომ ბურგუნდიელებმა იგივე ხელშეკრულებები გაუფორმეს ლოთარინგიის ჰერცოგსა და არაგონის მეფეს, რაც ნეაპოლელებს. 1472 წლის 25 მაისს შარლ მამაცმა და ნიკოლა ლოთარინგიელმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, 13 ივნისს კი მარიამ მას ქორწინების პირობა მისცა.

1472 წლის ოქტომბერში ნეაპოლში ბურგუნდიელთა ახალი ელჩობა ჩავიდა, რომელიც ცდილობდა აღედგინათ მარიასა და ფედერიკოს საქორწინო მოლაპარაკებები. მეფე ფერდინანდი წავიდა დათმობებზე, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ მომავალი ქორწინებისათვის ფედერიკოს ფრანგული ენის სწავლა დააწყებინა.

აღსანიშნავია, რომ მარიას და ნიკოლას ნიშნობა ოფიციალურად ძალაში არასოდეს შესულა. 1472 წლის 5 ნოემბერს ნიკოლამ უარი თქვა ნიშნობაზე, 3 დეკემბერს კი მარიამაც გააუქმა მასთან დადებული საქორწინო პირობა.

1473 წელს, იმის გამო, რომ არცერთმა მხარემ არ შეასრულა დაპირებული ვალდებულებები, ნეაპოლსა და ბურგუნდიას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და იმავე წელს მარია დანიშნეს საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ის ძეზე, ერცჰერცოგ მაქსიმილიან ავსტრიელზე. ამის შემდეგ ფერდინანდი ცდილობდა, რომ ფედერიკო არაგონის მეფე ხუან II-ის ქალიშვილზე, ინფანტა ხუანაზე დაექორწინებინა, მაგრამ შემდეგში იგი ფერდინანდმა თავად შეირთო ცოლად.

შარლ მამაცის სამეფო კარზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფედერიკო ნეაპოლელი

მეფე ფერდინანდი ყველანაირ გზას ეძებდა, რომ ხელი შეეწყო ფედერიკოსა და მარიას ქორწინებისათვის. 1474 წლის 26 ნოემბერს, ფოჯაში ფერდინანდმა კაპაჩოს ეპისკოპოსი ფრანჩესკო ბერტინი ბურგუნდიის სამეფო კარზე სრულუფლებიან ელჩად მიავლინა და მას სრული თავისუფლება მისცა საქორწინო მოლაპარაკებების წარმართვაში.

1474 წლის 26 ნოემბერს ფედერიკომ ნეაპოლი დატოვა და მთელს იტალიაში დაიწყო მოგზაურობა, იმ იმედით, რომ დიჟონში წასვლის პირველივე შესაძლებლობა გამოეყენებინა. ამ დროს იგი ეწვია რომს, ურბინოს და ბოლოს თავის დას, ელეონორას, ფერარაში. 1475 წლის 5 იანვარს 400-კაციანი ამალით იგი ვენეციის დოჟს ეწვია.

იმავე წლის 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცასა და შარლ მამაცს შორის სამხედრო ხელშეკრულება გაფორმდა, ფედერიკოს ბურგუნდიაში წასვლის შესაძლებლობა მიეცა. თებერვლის დასაწყისში იგი მილანიდან სავოიაში გადავიდა, სადაც ჰერცოგინია იოლანდ დე ვალუამ, საფრანგეთის მეფის დამ, იგი მიიღო. ამის შემდეგ ფედერიკო ბეზანსონში ჩავიდა, თუმცა შარლ მამაცი მას იქ არ დახვდა, რამეთუ მას ნოისზე ჰქონდა ალყა შემორტყმული.

მეფე ფერდინანდმა იცოდა, რომ საქორწინო გეგმები ევროპელ მონარქებში ხშირად იცვლებოდა ხოლმე, მსგავსი პოლიტიკური გაურკვევლობა კი მის გეგმებს ხელს უშლიდა. იმავდროულად, ბურგუნდიის სამეფო კარზე არაგონის დელეგაცია ჩავიდა. იმის აღსანიშნავად, რომ ბურგუნდია ნეაპოლს ანიჭებდა უპირატესობას, შარლმა თავისი უკანონო ნახევარ-ძმა, ანტუანი გაუშვა ნეაპოლში და მეფე ფერდინანდი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებინა.

მიუხედავად ყველაფრისა, 1477 წელს მარია ბურგუნდიელი საღვთო რომის იმპერატორის ვაჟზე, ერცჰერცოგ მაქსიმილიანზე დაქორწინდა, რის გამოც, პროტესტის ნიშნად ფედერიკომ დაუყოვნებლივ დატოვა ბურგუნდია.

ლუი XI-ის სამეფო კარზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიასა და მაქსიმილიანის ქორწინებას მტრულად შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ც, რომელმაც ფედერიკოს ალიანსის შეკვრა და ამის გასამყარებლად თავისი დის, ჰერცოგინია იოლანდასა და სავოიის ჰერცოგ ამადეო IX-ის ქალიშვილზე, პრინცესა ანა სავოიელზე ქორწინება შესთავაზა. 1478 წლის სექტემბერში ფედერიკომ ანა ცოლად შეირთო, რის შემდეგაც იგი საცხოვრებლად მის ბიძასთან, ლუი XI-ის სამეფო კარზე გადავიდა, პარიზში. თუმცაღა, მათი ქორწინება მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, რამეთუ 1480 წელს ანა მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომაც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საფრანგეთი და ნეაპოლში დაბრუნებულიყო.

1485 წელს ფედერიკომ სკვილეჩის ჰერცოგის წოდება მიიღო და შემდეგი წლები მამის მიერ დავალებულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა სამეფო კარზე.

ნეაპოლიტანური მონეტა ფედერიკოს გამოსახულებით

1494 წელს მამამისი, მეფე ფერდინანდი გარდაიცვალა და ტახტი ფედერიკოს ძმამ, მეფე ალფონსო II-მ დაიკავა, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ, როგორც ნეაპოლის პრინცესა მარიას შვილიშვილმა, პრეტენზია განაცხადა ნეაპოლის ტახტზე და იმავე წელს შეიჭრა იტალიაში. მისი ჯარის სიმრავლის გამო იტალიელმა დიდებულებმა იგი თავისუფლად გაატარეს თავიანთ სამფლობელოებზე და ფრანგებმა დაუბრკოლებლად მიაღწიეს ნეაპოლს, სადაც ერთი მეორის მიყოლებით აიღეს ქალაქები და საბოლოოდ ნეაპოლიც. ამის გამო სამეფო ოჯახი სიცილიაში გაიქცა, სადაც ალფონსო თავისი ძის, ფერდინანდ II-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან. 1495 წელს ფერდინანდმა მოახერხა ფრანგების გაძევება და ნეაპოლში ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ 1496 წელს იგი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ნეაპოლის ახალი მეფე ფედერიკო გახდა.

1497 წლის 26 ივნისს იგი ნეაპოლის მეფედ ეკურთხა. შარლ VIII განაგრძობდა პრეტენზიის გამოთქმას ნეაპოლის ტახტზე, თუმცა თავის სიცოცხლეში იგი მეორედ აღარ შეჭრილა იტალიაში. 1498 წელს შარლი გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრემ, ლუი XII-მ კი 1499 წელს განაახლა იტალიური ომები. ფედერიკომ დახმარებისათვის თავის ბიძაშვილს, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს მიმართა, თუმცა ამაოდ.

1500 წლის 11 ნოემბერს გრანადაში საფრანგეთის მეფე ლუი XII-ისა და ესპანეთის მეფე-დედოფლის, ფერდინანდ არაგონელისა და ისაბელ კასტილიელის წარმომადგენლებმა საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმეს. საფრანგეთისა და ესპანეთის მონარქები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად დაესხმებოდნენ თავს ნეაპოლს, დაიპყრობდნენ მას და შემდეგში მის ტერიტორიებს გაიყოფდნენ. ფრანგები მიიღებდნენ ნეაპოლს, აბრუცოს, ტერა-დი-ლავალიოს და ასევე ნეაპოლისა და იერუსალიმის მეფის წოდებას, ესპანეთს კი აპულია და კალაბრია რჩებოდა.

სულ მალე მალაგიდან გონსალო დე კორდობას მეთაურობით ნეაპოლისაკენ დაიძრა 50 ხომალდი, რომელზეც 1,200 ცხენი და 8,000 ქვეითი მებრძოლი იმყოფებოდა. ოფიციალური განცხადებით ეს ძალები ვენეციისაკენ მიემგზავრებოდნენ, რათა მათ ოსმალებთან ბრძოლაში დახმარებოდნენ, თუმცა 1501 წლის 1 აგვისტოს ფრანგულ-ესპანურმა ძალებმა აიღეს ნეაპოლი და დაამხეს მეფე ფედერიკოს მმართველობა.

დამხობის შემდეგ ფედერიკო ცოლ-შვილთან აიყვანა ტყვედ საფრანგეთის მეფემ და იგი საფრანგეთში, ქალაქ ტურში დაასახლა. სწორედ აქ გაატარა მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1504 წლის 9 ნოემბერს, 52 წლის ასაკში.

ქორწინებები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერიკო სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. 1478 წლის 11 სექტემბერს მილანში იგი პირველად დაქორწინდა პრინცესა ანა სავოიელზე, სავოიის ჰერცოგ ამადეო IX-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა იოლანდ დე ვალუას ქალიშვილი, დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის შვილიშვილი იყო. მათ მხოლოდ ერთი საერთო შვილი ჰყავდათ:

  1. შარლოტა (1480-1506), ცოლად გაჰყვა ლავალის გრაფ გი XVI-ს;

მას შემდეგ, რაც ანა მშობიარობას გადაჰყვა, 1487 წლის 28 ნოემბერს ანდრიაში მეორედ დაქორწინდა იზაბელა დელ ბალცოზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:

  1. ფერდინანდი (1488-1550), კალაბრიის ჰერცოგი. პირველად ცოლად შეირთო არაგონის ქვრივი დედოფალი ჟერმენა დე ფუა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჩენეტეს გრაფინია მენსია დე მენდოსაზე;
  2. ჯულია (1492-1542), ცოლად გაჰყვა მონფერატის მარკიზ ჯოვანი ჯორჯოს;
  3. ალფონსო (1499-1515);
  4. იზაბელა (1500-1550);
  5. ჩეზარე (1501-1503);
  • C. Warr and J. Elliott (2008), "Introduction: Reassessing Naples, 1266–1713", Art History, 31: 423–37.
  • Walsh, Richard J. (29 April 2014). Charles the Bold and Italy (1467-1477): Politics and Personnel. Richard J. Walsh. Liverpool University Press, 2005, page 303. Google livres. ISBN 9780853238386.
  • Calmet, Augustin (29 April 2014). "Histoire ecclésiastique et civile de Lorraine,Dom Augustin Calmet, Chez Jean-Baptiste Cusson, Nancy, 1728 , pages 892-894". Google livres.
  • "Cola (Nicola) di Monforte, di Francesco Storti, Dizionario Biografico degli Italiani- Volume 75 (2011)". Enciclopedia Treccani. 30 April 2014.
  • dicendo aveva aùto aviso che don Federico passava per Chiamberi e non per qui, e lui lo andaria a trovarlo, dove non staria che una nocte, et un giorno con Madama (in Italian). (disant qu'on lui avait fait savoir que Don Frédéric passait par Chambery et non par ici, qu'il irait le voir là où il ne restera qu'un jour et une nuit avec Madame [de Savoie]). Giovanni Pietro Panigarola, Genève 19 in Fonti per la storia d'Italia. Carteggi Milano (Ducato) - Relazioni con il Ducato di Borgogna - Fonti - 1453-1475, publiés par Ernesto Sestan, Istituto storico italiano per l'età moderna e contemporanea, Roma, 1985, page 411.
  • Walsby, Malcolm, (2007). The Counts of Laval, p. 185. Ashgate Publishing Company, Aldershot. ISBN 9780754658115.
  • George Nugent, "Jacquet's Tributes to the Neapolitan Aragonese," The journal of musicology VI/2 (spring 1988), pp. 198-226.