ელეანორ არაგონელი (1402-1445)
ელეანორ არაგონელი | |
---|---|
პორტუგალიის დედოფალი | |
კორონაცია: | 15 აგვისტო, 1433 |
მმართ. დასაწყისი: | 14 აგვისტო, 1433 |
მმართ. დასასრული: | 9 სექტემბერი, 1438 |
წინამორბედი: | ფილიპა ლანკასტერი |
მემკვიდრე: | იზაბელ კოიმბრელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 მაისი, 1402 |
დაბ. ადგილი: | ვალიადოლიდი, კასტილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 19 თებერვალი, 1445, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტოლედო, კასტილიის სამეფო |
მეუღლე: | დუარტე I, პორტუგალიის მეფე |
შვილები: |
აფონსუ V, პორტუგალიის მეფე ფერნანდუ, ვიზეუს ჰერცოგი ელეანორა, საღვთო რომის იმპერატრიცა კატარინა ჟუანა, კასტილიის დედოფალი |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ფერდინანდ I, არაგონის მეფე |
დედა: | ელეანორ ალბუკერკე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელეანორ არაგონელი (ესპ. Leonor de Aragón, პორტ. Leonor de Aragão; დ. 2 მაისი, 1402, ვალიადოლიდი, კასტილია — გ. 19 თებერვალი, 1445, ტოლედო, კასტილია) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ ალბუკერკეს ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1433-38 წლებში, როგორც დუარტე I-ს მეუღლე. პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ის, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეანორ პორტუგალიელისა და კასტილიის დედოფალ ჟუანა პორტუგალიელის დედა. თავისი ვაჟის რეგენტი 1438-39 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინფანტა ელეანორი დაიბადა 1402 წლის 2 მაისს. იგი იყო არაგონის, მაიორკის, ვალენსიის, სიცილიის, სარდინიის, კორსიკისა და ნეაპოლის მეფე, ათენის, ბარსელონას, რუსოლინისა და სერდანიის გრაფ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ ალბუკერკეს ქალიშვილი.
ელეანორის მამა ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა იგი 14 წლის იყო. ამის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, მეფე ხუან II ავიდა, თუმცა სიტუაცია ალიან აირია, რის გამოც ელეანორ ალბუკერკემ ინფანტა ელეანორი სასწრაფოდ დანიშნა პორტუგალიის მომავალ მეფე დუარტეზე. მათი ქორწინება 1428 წლის 14 სექტემბერს შედგა. დუარტესა და ელეანორს სულ ცხრა შვილი შეეძინათ, ოთხი ვაჟი და ხუთი გოგონა, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია 50 წლამდე. 1433 წლის 14 აგვისტოს, მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ქმარი ავიდა, ელეანორი კი პორტუგალიის დედოფალი გახდა. ამავე დღეს გარდაიცვალა მათი უფროსი ვაჟი ჟუანი, თუმცაღა ამას ხელი არ შეუშლია და მეორე დღეს, 15 აგვისტოს მათი კორონაცია შედგა. როგორც დედოფალი, იგი საერთოდ არ იყო პოლიტიკურად აქტიური ფიგურა და პორტუგალიელებში მალევე გახდა არაპოპულარული.
მისი დედოფლობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც ხუთ წელიწადში, 1438 წელს დუარტე I გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე მათი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ვაჟი აფონსუ V გახდა. აფონსუს მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რომელიც თავად ელეანორი გახდა. დედა-დედოფალი ქვეყნის მართვაში ძალიან გამოუცდელი აღმოჩნდა და ქვეყანა სულ უფრო უკან მიექანებოდა, რის გამოც ლისაბონში მალევე შეიკრიბა პარლამენტი და რეგლამენტის საშუალებით 1439 წელს მას რეგენტის სტატუსი შეუჩერეს, ახალ რეგენტად კი ელეანორის მაზლი, კოიმბრას ჰერცოგი დაასახელეს. ამ დროს ელეანორი ჯერ კიდევ იყო დუარტესგან ფეხმძიმედ, 1439 წლის 31 მარტს კი მან პრინცესა ჟუანა გააჩინა, მანამდე ცოტა ხნით ადრე, 24 მარტს კი გარდაიცვალა ელეანორის ერთ-ერთი ქალიშვილი, პრინცესა ფილიპა.
ელეანორმა თავისი მაზლის წინააღმდეგ და რეგენტობის კვლავ ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მოწყობა სცადა, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ 1440 წელს იგი ძალიან მძიმედ დაავადდა, რის გამოც კასტილიაში გადასახლდა. იგი სწორედ აქ, კასტილიის ქალაქ ტოლედოში გარდაიცვალა, 1445 წლის 19 თებერვალს, 42 წლის ასაკში. ამავე წლის თებერვალში იგი პორტუგალიაში გადაასვენეს და დუარტეს გვერდით დაკრძალეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟუანი (დ. ოქტომბერი, 1429 — გ. 14 აგვისტო, 1433), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფილიპა (დ. 27 ნოემბერი, 1430 — გ. 24 მარტი, 1439), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- აფონსუ V (დ. 15 იანვარი, 1432 — გ. 28 აგვისტო, 1481), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი იზაბელ კოიმბრელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა თავის დის შვილ ხუანა ლა ბელტრანეხაზე, ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი;
- მარია (დ. 7 დეკემბერი, 1432 — გ. 8 დეკემბერი, 1432), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ფერნანდუ (დ. 17 ნოემბერი, 1433 — გ. 18 სექტემბერი, 1470), ვიზეუს ჰერცოგი, მომავალში პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და პორტუგალიის დედოფალ ელეანორ ვიზეუელის მამა;
- ელეანორა (დ. 18 სექტემბერი, 1434 — გ. 3 სექტემბერი, 1467), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ს და შეეძინა მომავალი იმპერატორი მაქსიმილიან I და ბავარიის ჰერცოგინია კანიგუნდა ავსტრიელი;
- დუარტე (დ. 12 ივლისი, 1435 — გ. 12 ივლისი, 1435), გარდაიცვალა დაბადებისას;
- კატარინა (დ. 26 ნოემბერი, 1436 — გ. 17 ივნისი, 1463), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- ჟუანა (დ. 31 მარტი, 1439 — გ. 13 ივნისი, 1475), ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფე ენრიკე IV-ს, რომელთანაც შეეძინა პორტუგალიის დედოფალი ხუანა ლა ბელტრანეხა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- De Sousa 1735, pp. 492–496.
- Leonora of Aragon (1405–1445) Women in World History: A Biographical Encyclopedia.
|