შინაარსზე გადასვლა

მაქსიმილიან II ემანუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმილიან II ემანუელი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 26 მაისი, 1679
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1726
წინამორბედი: ფერდინანდ მარია
მემკვიდრე: კარლ ალბრეხტი
ლუქსემბურგის ჰერცოგი და ნამიურის მარკიზი
მმართ. წლები: 1712-1713
წინამორბედი: ფილიპე V
მემკვიდრე: კარლ V
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. წლები: 1692-1706
წინამორბედი: ფრანსისკო ანტონიო დე აგურტო
მემკვიდრე: ევგენი სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ივლისი, 1662
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 26 თებერვალი, 1726, (63 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
მეუღლე: მარია ანტონია ავსტრიელი
(ქ. 1685 - გარდ. 1692)
ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა
(ქ. 1695)
შვილები: იოზეფ ფერდინანდი
კარლ VII, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფერდინანდ მარია, ბავარიის კურფიურსტი
დედა: ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მაქსიმილიან II ემანუელი (გერმ. Maximilian II. Emanuel; დ. 11 ივლისი, 1662, მიუნხენი, ბავარია — გ. 26 თებერვალი, 1726, მიუნხენი, ბავარია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტი 1679-1726 წლებში. ესპანური ნიდერლანდების უკანასკნელი შტატჰალტერი, ლუქსემბურგის ჰერცოგი და ნამიურის მარკიზი. იგი თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მონარქი იყო, რომელსაც სურდა ვიტელსბახები მთელს ევროპაში გაემეფებინა.

იგი იყო ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიასა და მისი ცოლის, ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის ვაჟი. მისი ბებია-ბაბუა იყვნენ სავოიის ჰერცოგი ვიტორიო ამადეო I და კრისტინა მარია ფრანგი, საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ასული.

მაქსიმილიან ემანუელი დაიბადა 1662 წლის 11 ივლისს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიასა და მისი მეუღლის, პრინცესა ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის უფროსი ვაჟი. იგი თავის უმცროს ძმებთან ერთად იზრდებოდა ნიმფენბურგის სამეფო სასახლეში, სადაც მათთან ერთად იღებდა განათლებას.

უკვე 1679 წლის 26 მაისიდან მაქსიმილიან II ემანუელი ბავარიის კურფიურსტი გახდა, თუმცა 1680 წლამდე ბიძამისი იყო რეგენტი. უკვე 1683 წლიდან იწყება მისი სამხედრო კარიერა. ამ წელს იგი ავსტრიელებთან ერთად მონაწილეობდა ვენის დაცვაში, ოსმალების წინააღმდეგ. ამის შემდეგ იგი ვენის სამეფო კარზე საკმაოდ დიდ ხანს გაჩერდა, რა დროსაც 1685 წელს ცოლად იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ასული მარია ანტონია ავსტრიელი შეირთო. მიუხედავად მისი პოლიტიკურ-დინასტიური მნიშვნელობისა, ქორწინება უიღბლო იყო, რადგან მათ ერთმანეთი საერთოდ არ მოსწონდათ. მიუხედავად ამისა, ავსტრიელებს მასთან დანათესავება კარგად გამოადგათ, რადგან 1688 წელს მაქსიმილიან ემანუელი მეთაურობდა ავსტრიელთა ჯარებს ბელგრადის ალყის დროს, რა დროსაც მის მხარეს გადავიდა ამბოხებული სერბების ლიდერი იოვან მონასტერლია.

ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაქსიმილიან ემანუელი 1706 წელს

1688 წელს საფრანგეთსა და ფაქტობრივად მთელ დანარჩენ ევროპას შორის დაიწყო ცხრაწლიანი ომი, ე.წ. „პფალცური მემკვიდრეობის ომი“, რომლის დროსაც იგი კვლავ ჰაბსბურგებს მიემხრო. ამ ომში მონაწილეობის გამო, 1692 წელს, როგორც საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფის სიძე, მაქსიმილიან II დაინიშნა ესპანური ნიდერლანდების (თანამედროვე ბელგია და ლუქსემბურგი) შტატჰალერად.

ნიდერლანდების შტატჰალტერად დანიშვნამ მაქსიმილიან ემანუელს დიდი ამბიციები აღუძრა. მას სურდა, რომ მსგავსად ჰაბსბურგებისა ვიტელსბახებიც გაბატონებულიყვნენ მთელს ევროპაში. მისი მეუღლე, მარია ანტონია 1692 წელს ვენაში მშობიარობისას გარდაიცვალა, რა დროსაც გააჩინა ვაჟი, პრინცი იოზეფ ფერდინანდი, რომელიც მალევე გამოცხადდა ესპანეთის უნაყოფო მეფე კარლოს II-ის ტახტის მემკვიდრე. მის მემკვიდრედ გამოცხადებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ კარლოსს ცოლად მაქსიმილიანის ბიძაშვილი, დედოფალი მარია ანა ნოიბურგელი ჰყავდა, რომელსაც ასევე სურდა ვიტელსბახების სამფლობელოების გაფართოება. 1699 წელს იოზეფ ფერდინანდი გარდაიცვალა და აქ დასრულდა ვიტელსბახების ესპანეთში გამეფების ოცნებაც, თუმცა ჯერ კიდევ 1695 წელს მაქსიმილიანმა ცოლად შეირთო პოლონეთისა და ლიტვის მეფე იან III-ის ქალიშვილი ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა. მას შემდეგ, რაც მეფე იანი გარდაიცვალა და დაემხო სობესკების მმართველობა, მაქსიმილიანი პოლონეთის მეფედ განიხილებოდა, თუმცა ვერც ამ ტახტის დაკავება მოახერხა.

1695 წელს ესპანური ნიდერლანდების დედაქალაქ ბრიუსელს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ჯარებმა შემოარტყეს ალყა, რომლებმაც ქალაქს ცეცხლი გაუჩინეს. ბელგიის ისტორიაში მაქსიმილიან ემანუელის მმართველობის ხანა სწორედ ამ ხანძრითაა ცნობილი, რამეთუ ეს ყველაზე დიდი და დამანგრეველი ხანძარი იყო ბრიუსელის ისტორიაში.

ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესპანეთის მეფე კარლოს II

1700 წლის 1 ნოემბერს ესპანეთის მეფე კარლოს II უშვილოდ გარდაიცვალა, რითაც შეწყდა ჰაბსბურგთა ესპანური შტო, რასაც მოჰყვა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. აქ ერთმანეთს ძირითადად საფრანგეთის მეფე ლუი XIV და საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ I (მაქსიმილიანის სიმამრი) ებრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის შვილიშვილი და ფილიპე IV-ის სიძე იყო. ლეოპოლდის უპირატესობას ის წარმოადგენდა, რომ იგი თავადაც ჰაბსბურგი და ფილიპე I-ის პირდაპირი შთამომავალი იყო, ლუის უპირატესობას კი ის წარმოადგენდა იგი ესპანეთის მეფეთა უფროსი ქალიშვილების შთამომავალი იყო, მაშასადამე მემკვიდრულ ხაზში მის დედასა და ცოლს ჰქონდათ უპირატესობა. ამასთან, ლუი ბრაბანტული მემკვიდრეობის კანონს იცავდა, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობა მხოლოდ პირველ ცოლთან შეძენილ შვილებზე გადადის, რითაც ბათილდებოდა ლეოპოლდის ცოლის მემკვიდრული უფლებები და ბურბონებს აშკარა უპირატესობას აძლევდა. ვინაიდან მაქსიმილიან ემანუელის ცოლიცა და თითქმის ყველა ბებიაც ჰაბსბურგთა გვარიდან იყო, მან გადაწყვიტა, რომ ესპანეთის ტახტზე მასაც ჰქონდა უფლება, რის გამოც ბავარია თავიდანვე ჩაება ომში.

სულ მალე ბავარიას მიემხრო პფალცისა და ნოიბურგის კურფიურსტი ფილიპ ვილჰელმი, შემდეგ კი ინგლისის მეფე უილიამ III. 1703 წელს ფრანგები ავსტრიის ტიროლში შევიდნენ და იქ 1704 წელს დაამარცხეს ავსტრია-ბავარიის გაერთიანებული ძალები. მომდევნო, 1705 წელს იმპერატორი ლეოპოლდი გარდაიცვალა, ტახტი კი იოზეფ I-მა დაიკავა, რომელიც განაგრძობდა მამის პოლიტიკას. იმავდროულად ლუი XIV-მ თავისი შვილიშვილი ფილიპე V უკვე გამოაცხადა ესპანეთის მეფედ და მადრიდშიც გააგზავნა.

1706 წელს ფრანგებმა ბლანჰაიმის ბრძოლაში მიწასთან გაასწორეს მაქსიმილიან ემანუელის არმია, რის შემდეგაც მან დაკარგა ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერობა, მთელი ეს მიწები კი ფრანგებმა დაიკავეს. იმავე წლის მაისში იგი ფრანგებთან მეორედ დამარცხდა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, რომ მარცხი ეღიარებინა. მაქსიმილიან ემანუელი თავად ჩავიდა ვერსალში, სადაც 23 მაისს ხელიც მოაწერა დაზავების ხელშეკრულებას, რითაც ბავარია ომს გამოეთიშა.

საბოლოოდ ეს ომი 1714 წელს დასრულდა ლუი XIV-ის გამარჯვებით. ესპანეთის მეფე მისი შვილიშვილი ფილიპე V გახდა, ამის სანაცვლოდ ინგლისმა მიიღო გიბრალტარი, ბელიზი, იამაიკა, ბაჰამა და მაიორკა, სავოიას გადაეცა სარდინია, ხოლო ავსტრიას — ნეაპოლი, მილანი, სიცილია, ლუქსემბურგი და თანამედროვე ბელგიის მიწები.

უკანასკნელი წლები ბავარიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაქსიმილიანის მიერ აგებული შლაიზჰაიმის სასახლე

ომში დამარცხების შემდეგ მაქსიმილიან II ბავარიაში დაბრუნდა და არქიტექტურულ პროექტებზე ფოკუსირდა, რაც დაეხმარა თავისი პოლიტიკური ამბიციების ჩახშობაში. მისთვის რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ მაღლდებოდნენ სხვა გერმანელი პრინცები: ავგუსტ II საქსონიელი, რომელიც პოლონეთ-ლიტვის მეფე გახდა (1697), ფრიდრიხ I, რომელიც პრუსიის მეფე გახდა (1701), ჯორჯ I ჰანოვერელი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა (1714) და ვიტორიო ამადეო II სავოიელი, რომელიც სარდინიის მეფე გახდა (1713). მისი პოლიტიკური მიზნები რომ ამხდარიყო ის ესპანეთის მეფე უნდა გამხდარიყო, თუმცა ომში დამარცხდა, რაც მას დიდ ტკივილს აყენებდა, ამიტომაც ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება.

1717 წელს იგი საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ს კვლავ დაეხმარა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

1724 წელს ვიტელსბახების შტოები გაერთიანდნენ, რასაც მათი გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა. ვინაიდან საღვთო რომის იმპერატორს გერმანელი კურფიურსტები ირჩევდნენ, კურფიურსტთა უმეტესობა კი ვიტელსბახი იყო, იგი იმედოვნებდა, რომ ახალი იმპერატორი თავად იქნებოდა, თუმცა ამაოდ. ამ მიზნით მან თავისი უფროსი ვაჟი იოზეფ I-ის ქალიშვილ მარია ამალია ავსტრიელზე დააქორწინა, რაც შემდგომში მის ვაჟს დაეხმარა საღვთო რომის იმპერატორი და ბოჰემიის მეფე გამხდარიყო, მაგრამ ამას მაქსიმილიანი ვეღარ მოესწრო.

მაქსიმილიან II ემანუელი გარდაიცვალა 1726 წლის 26 თებერვალს მიუნხენში. იგი დაკრძალეს იქვე, თეატინერკირხის აკლდამაში.

ქორწინებები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარია ანტონია ავსტრიელი

1685 წლის 15 ივლისს მაქსიმილიანმა ცოლად შეირთო მარია ანტონია ავსტრიელი (1669-1692), საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და დედოფალ მარგარიტა ტერეზა ესპანელის ქალიშვილი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა და რომელიც 23 წლის ასაკში დაიღუპა მშობიარობისას:

  1. ლეოპოლდ ფერდინანდი (1689), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ანტონი (1690), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. იოზეფ ფერდინანდი (1692-1699), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა

დაქვრივების შემდეგ, 1695 წლის 2 იანვარს ცოლად შეირთო ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა (1676-1730), პოლონეთის მეფე იან III-ისა და დედოფალ მარია კაზიმირა ლუიზა დ'არკიენის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი:

  1. მკვდარშობილი ბავშვი (1695);
  2. მარია ანა კაროლინა (1696-1750), მონაზონი;
  3. კარლ VII (1697-1745), ბავარიის კურფიურსტი, ბოჰემიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი. ცოლად შეირთო იმპერატორ იოზეფ I-ის ასული მარია ამალია ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ფილიპ მორიცი (1698-1715), მიუნსტერისა და პადერბორნის ეპისკოპოსი;
  5. ფერდინანდ მარია (1699-1738), ავსტრიული არმიის ფელდ-მარშალი;
  6. კლემენს ავგუსტი (1700-1761), კელნის ეპისკოპოსი, ჰილდსჰაიმის მთავარ-ეპისკოპოსი;
  7. ვილჰელმი (1701-1704), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. ალოის იოჰანი (1702-1705), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. იოჰან თეოდორე (1703-1763), კარდინალი, რეგენსბურგის მთავარ-ეპისკოპოსი, ლიეჟისა და ფრაიზინგის ეპისკოპოსი;
  10. მაქსიმილიან ემანუელი (1704-1709), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ამას გარდა მას თავისი ფრანგი საყვარლის, აგნეს ფრანსუაზ ლუშიერისგან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:

  1. ემანუელ ფრანსუა ჟოზეფი (1695-1747), ცოლად შეირთო მარია იოზეფა კაროლინა ფონ ჰოენფელზი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. ცნობილია, რომ რომანი ჰქონდა ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის შვილიშვილთან, მადმუაზელ შაროლუა ლუიზ ანა დე ბურბონთან.
  • Spencer, Charles (2005). Blenheim: Battle for Europe. Phoenix. ISBN 0-304-36704-4.
  • Storrs, Christopher (1999). War, Diplomacy and the Rise of Savoy 1690-1720. Cambridge University Press. ISBN 0521551463.
  • Ludwig Hüttl: Max Emanuel. Der Blaue Kurfürst 1679–1726. Eine politische Biographie. Munich: Süddeutscher Verlag, 1976. ISBN 3-7991-5863-4 (in German)
  • Christian Probst: Lieber bayrisch sterben. Der bayrische Volksaufstand der Jahre 1705 und 1706. Munich: Süddeutscher Verlag, 1978. ISBN 3-7991-5970-3 (in German)
  • Marcus Junkelmann: Kurfürst Max Emanuel von Bayern als Feldherr. Munich: Herbert Utz Verlag, 2000. ISBN 3-89675-731-8 (in German)
  • Evelyne Bechmann (17 September 2014). Die Frauen der Wittelsbacher: Ein Frauenbild vom Mittelalter bis in die Gegenwart. BoD – Books on Demand. pp. 38–. ISBN 978-3-7357-8187-1.
  • Peter Wilson (1 November 2002). German Armies: War and German Society, 1648-1806. Routledge. pp. 68–. ISBN 978-1-135-37053-4.
  • Derek Mckay; H.M. Scott (19 September 2014). The Rise of the Great Powers 1648 - 1815, p.74 -. Routledge. ISBN 978-1-317-87284-9.
  • Claudia von Kruedener (23 March 2020). Kurfürstin Therese Kunigunde von Bayern (1676–1730): und ihre Friedenspolitik in europäischen Dimensionen zwischen Papst und Kaiser. Verlag Friedrich Pustet. pp. 61–. ISBN 978-3-7917-7281-3.
  • Joachim Whaley, Germany and the Holy Roman Empire, volume II, Oxford University Press, 2012, p. 108–109.
  • Reginald de Schryver (1996). Max II. Emanuel von Bayern und das spanische Erbe. P. von Zabern. ISBN 978-3-8053-1621-7.
  • Michael Robertson (2009). The Courtly Consort Suite in German-speaking Europe, 1650-1706. Ashgate Publishing, Ltd. pp. 175–. ISBN 978-0-7546-6451-2.