ფერდინანდ II (ავსტრიის ერცჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდ II
შუა ავსტრიის ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი, 1564
მმართ. დასასრული: 24 იანვარი, 1595
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: მატიას I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ივნისი, 1529
დაბ. ადგილი: ლინცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 24 იანვარი, 1595, (65 წლის)
გარდ. ადგილი: ინსბრუკი, ავსტრია
მეუღლე: ფილიპინა ველსტერი
ანა კატერინა გონძაგა
შვილები: ანდრეა, ბრიქსენის ეპისკოპოსი
კარლი, ბარგუს ლანდგრაფი
მარია
ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფერდინანდ II ავსტრიელი (გერმ. Ferdinand II von Österreich; დ. 14 ივნისი, 1529, ლინცი, ავსტრია — გ. 24 იანვარი, 1595, ინსბრუკი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენილი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა უნგრელის ვაჟი. შუა ავსტრიისა და ტიროლის მმართველი. პირველად ცოლად შეირთო ფილიპინა ველსტერი, მისი სიკვდილის შემდეგ კი მანტუის ჰერცოგის ასული ანა კატერინა გონძაგა, რომელთანაც შეეძინა საღვთო რომის მომავალი იმპერატრიცა ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი, რომლის იმპერატორ მატიასზე ქორწინებითაც ტიროლი საბოლოოდ დაექვემდებარა ავსტრიას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდი დაიბადა 1529 წლის 14 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში. იგი იყო იმ პერიოდისათვის ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი ანა იაგელონი. ვინაიდან მას მაქსიმილიანის სახით უკვე ჰყავდა უფროსი ძმა, ტახტზე ასვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა. 1547 წელს მამამისს ბოჰემია გადაეცა სამართავად. 1556 წელს კი მას შემდეგ რაც ბიძამისი, იმპერატორი კარლ V საღვთო რომის იმპერიის ტახტიდან გადადგა, ტახტზე ფერდინანდის მამა ავიდა. ამ დროისათვის დედოფალი ანა იაგელონი უკვე აღარ იყო ცოცხალი. 1556 წელს მან მონაწილეობა მიიღო უნგრეთში ოსმალთა წინააღმდეგ მიმართულ ლაშქრობაში.

1557 წელს ფერდინანდი დაქორწინდა აუსბურგის პატრიარქის ასულ ფილიპინა ველსტერზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. ეს ქორწინება საიდუმლოდ შედგა და იმპერატორმა ფერდინანდ I-მა ამ ამბის შესახებ მხოლოდ 1559 წელს შეიტყო. ყოველივე ამის შემდეგ მან დალოცა თავისი ვაჟი და რძალი, რის შემდეგაც მათი შვილები უკვე კანონიერი ჰაბსბურგები გახდნენ. ფერდინანდისა და ფილიპინას ვაჟებს მოგვიანებით რამდენიმე პატარა სამთავრო გადაეცათ სამართავად ავსტრიის ტერიტორიაზე.

1564 წლიდან ფერდინანდი ტიროლის გრაფად და შუა ავსტრიის ერცჰერცოგად გვევლინება. მან მალევე დაიწყო თავის სამფლობელოებში პროტესტანტიზმის სასტიკად აღმოფხვრა და კათოლიკობის გავრცელება. მიუხედავად უსასტიკესი მეთოდებისა, რომლებსაც იგი ერეტიკოსებთან მიმართებაში იყენებდა, ევროპაში იგი მაინც ჰუმანისტის სახელით იყო ცნობილი. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და მფარველობდა კიდევაც მას. მისი მმართველობის პერიოდში ტიროლსა და შუა ავსტრიაში აღორძინდა რენესანსული ხელოვნება. იგი ასევე იყო იშვიათი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერიც. მას სპეციალური საგამოფენო დარბაზიც კი ჰქონდა ინსბრუკში, რომელიც შემდგომში ინსბრუკის მუზეუმად გადაკეთდა. მისი ციხესიმაგრეები წარმოადგენს შეუდარებელ კულტურულ ძეგლებს, რომელშიც დაცული იყო საოცარი ხელოვნების ნიმუშები, გალერეები და იშვიათი საბძოლო ტექნიკა. მოგვიანებით მისი ამ კოლექციური ნივთების ნაწილი ინსბრუკის, ხოლო ნაწილი ვენის მუზეუმში გადაიტანეს.

მას შემდეგ რაც 1580 წელს ფილიპინა დაიღუპა, 1582 წელს ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა მანტუის ჰერცოგ გულიელმო გონძაგასა და ელეონორა ავსტრიელის ასულ ანა კატერინა გონძაგაზე.

1595 წლის 24 იანვარს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ფერდინანდი. მისმა შვილებმა, რომლებიც ფილიპინასგან ჰყავდა მემკვიდრეობით ვერაფერი მიიღეს, ხოლო ანა კატერინას ქალიშვილებიდან უმცროსი ტიროლის გრაფინია გახდა, შემდგომ კი იგი ცოლად საღვთო რომის იმპერატორს გაჰყვა, რითაც ტიროლი ავსტრიის დაქვემდებარებაში გადავიდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის პირველ ცოლთან, ფილიპინა ველსტერთან ოთხი შვილი ჰყავდა:

  1. ანდრეა (დ. 15 ივნისი, 1558 — გ. 12 ნოემბერი, 1600), კარდინალი 1576 წლიდან, ბარგუს ლანდგრაფი 1578 წლიდან, კონსტანცას ეპისკოპოსი 1589 წლიდან და ბრიქსენის ეპისკოპოსი 1591 წლიდან, საყვარლებისგან ჰყავდა ორი უკანონო შვილი;
  2. კარლი (დ. 22 ნოემბერი, 1560 — გ. 30 ოქტომბერი, 1618), ბარგუს ლანდგრაფი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი სიბილა კლეველი რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, თუმცა საყვარლებთან ჰყავდა სამი უკანონო შვილი;
  3. ფილიპე (დ. 7 აგვისტო, 1562 — გ. 9 იანვარი, 1563), მარიას ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. მარია (დ. 7 აგვისტო, 1562 — გ. 25 იანვარი, 1563), ფილიპეს ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილობაში;

თავის მეორე ცოლთან, ანა კატერინა გონძაგასთან ჰყავდა სამი ქალიშვილი:

  1. ელეონორა (დ. 26 ივნისი, 1583 — გ. 15 იანვარი, 1584), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. მარია (დ. 16 ივნისი, 1584 — გ. 2 მარტი, 1649), აღიკვეცა მონაზვნად;
  3. ანა (დ. 4 ოქტომბერი, 1585 — გ. 14 დეკემბერი, 1618), მამის მემკვიდრე და ტიროლის გრაფინია, ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ მატიას I-ს, რითაც ტიროლი ავსტრიის დაქვემდებარებაში გადავიდა. ანასა და მატიასს შვილები არ ჰყოლიათ;

საყვარლებთან ჰყავდა ორი უკანონო შვილი: — ანა ვონ ობრისონთან:

  1. ვერონიკა (1551-1589), ცოლად გაჰყვა კამპიტელოს ლორდ ჯოვან ფრანჩესკო დი გონძაგა-ნოველარას;

— იოჰანა ვონ მაინბურგთან:

  1. ჰანს კრისტოფი (1592-1613), ცოლად შეირთო ურსულა გიენგერი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • hisholm, Hugh, ed. (1911). "Joanna". Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Priebatsch, Felix (1908), "Wladislaw II.", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) , 54, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 688–696
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Philipp I. der Schöne von Oesterreich" . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 112.
  • Boureau, Alain (1995). The Lord's First Night: The Myth of the Droit de Cuissage. Translated by Cochrane, Lydia G. The University of Chicago Press. p. 96.
  • Noubel, P., ed. (1877). Revue de l'Agenais [Review of the Agenais]. 4. Société académique d'Agen. p. 497.
  • Holland, Arthur William (1911). "Maximilian I. (emperor)". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica. 17 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Poupardin, René (1911). "Charles, called The Bold, duke of Burgundy". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica. 5 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand V. of Castile and Leon and II. of Aragon". Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press.