ლეოპოლდო II (ტოსკანა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდო II
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 18 ივნისი, 1824
მმართ. დასასრული: 21 ივლისი, 1859
წინამორბედი: ფერდინანდო III
მემკვიდრე: ფერდინანდო IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ოქტომბერი, 1797
დაბ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 29 იანვარი, 1870, (72 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, პაპის ოლქი
მეუღლე: მარია ანა საქსონიელი
(ქ. 1817 - გარდ. 1832)
მარია ანტონია სიცილიელი
(ქ. 1833)
შვილები: ფერდინანდო IV, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
სრული სახელი: ლეოპოლდო ჯოვანი ჯუზეპე ფრანჩესკო ფერდინანდო კარლო
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა: ფერდინანდო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დედა: ლუიზა მარია ნეაპოლელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლეოპოლდო III (იტალ. Leopoldo III; დ. 3 ოქტომბერი, 1797, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო, იტალია — გ. 29 იანვარი, 1870, რომი, პაპის ოლქი, იტალია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1824-1859 წლებში. დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ისა და ლუიზა მარია ნეაპოლელის ვაჟი. ტოსკანის უკანასკნელი დიდი ჰერცოგის, ფერდინანდო IV-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდო ახალგაზრდობაში

ლეოპოლდო დაიბადა 1797 წლის 3 ოქტომბერს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა მარია ნეაპოლელის ვაჟი. მას სახელი პაპის, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ის პატივსაცემად დაარქვეს. 1799 წლის მარტში საფრანგეთის რევოლუციური ჯარები შეიჭრნენ ტოსკანაში და მოახდინეს მისი ანექსირება, რის გამოც მისი ოჯახი იძულებული გახდა ვენაში, ავსტრიაში გაქცეულიყო. ამ დევნილობის პერიოდში, 1802 წელს გარდაიცვალა დედამისიც. უკვე 1814 წელს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ მამამისმა აღიდგინა ძალაუფლება და შვილებთან ერთად დაბრუნდა ტოსკანაში. აქ ჩასვლიდან მალევე მამამისმა ლეოპოლდოსათვის საცოლის ძებნა დაიწყო და არჩევანი გერმანელ პრინცესა მარია ანა საქსონიელზე შეაჩერა, რომელიც 1817 წელს ტოსკანაში დასთან ერთად ჩავიდა და ლეოპოლდოზე დაიწერა ჯვარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეოპოლდოს ცოლის დამ, მარია ფერდინანდა საქსონიელმა ჯვარი დაიწერა ლეოპოლდოს მამაზე, დიდ ჰერცოგ ფერდინანდოზე, რითაც იგი მისი დედინაცვალი და ახალი დიდი ჰერცოგინია გახდა. პირველი და საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1833 წელს იგი მეორედ დაქორწინდა იტალიელ პრინცესა მარია ანტონია სიცილიელზე.

1824 წლის 18 ივნისს დიდი ჰერცოგი ფერდინანდო III გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ლეოპოლდო II-მ დაიკავა. ცნობილია, რომ იგი ერთობ სასტიკი და აბსოლუტიზმის მომხრე მონარქი აღმოჩნდა, რის გამოც ტოსკანელებში არაპოპულარული იყო. ამის გამო 1848 წელს რევოლუციამ მარტივად შეაღწია მის სამფლობელოებში, რამაც იგი აიძულა, რომ 1848 წლის 15 თებერვალს ტოსკანის კონსტიტუცია გამოეცა, რითაც დასრულდა აბსოლუტური მონარქია.

კონსტიტუციის შემოღებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად 1849 წელს ლეოპოლდმა დატოვა ქვეყანა და ავსტრიაში წავიდა, რა დროსაც შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა, რომელიც მოკავშირეობდა რომის რევოლუციურ რესპუბლიკასთან, რომელიც პაპის ოლქში დაახლოებით ხუთ თვეს არსებობდა. უკვე აპრილში ავსტრიელებმა ჩაახშეს ტოსკანელთა ამბოხი, რა დროსაც ისინი რესპუბლიკად გადაკეთებას მოითხოვდნენ. მალევე ტოსკანაში კონტრრევოლუცია განხორციელდა და დიდმა ჰერცოგმაც შეძლო ფლორენციაში დაბრუნება. 1859 წლის აპრილში აჯანყებამ კვლავ იფეთქა. ამჯერად ტოსკანელები უკვე სარდინიის სამეფოსთან შეერთებას მოითხოვდნენ, რაც რისორჯიმენტოს გავლენით მოხდა. ამის გამო 1859 წლის 21 ივლისს ლეოპოლდო II ტახტიდან თავისი ვაჟის, ფერდინანდო IV-ის სასარგებლოდ გადადგა. მისი ეს ქმედება უნაყოფო აღმოჩნდა, რამეთუ 1860 წლის რეფერენდუმის შედეგებით ტოსკანა სარდინიას შეუერთდა, რითაც დიდმა საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა.

გადადგომის შემდეგ ლეოპოლდო ავსტრიაში, შლაკენვერტის სასახლეში დასახლდა. 1860 წელს განიხილებოდა ლეოპოლდოს ბოჰემიის მმართველად დანიშვნის საკითხი, მაგრამ ამაოდ. ამის გამო იგი შლაკენვერტის მერად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მოსახლეობა მას დიდი პატივითა და სიხარულით შეხვდა. მისი მფარველობით ქალაქში ბევრი შენობა აღდგა და შეკეთდა, გაიხსნა მუზეუმი და ღარიბი მოსახლეობის თხოვნით გაიხსნა ქალაქის პირველი სკოლაც.1866 წელს ქალაქში დიდი ხანძარი გაჩნდა, რამაც მთლიანად გაანადგურა მისი გაკეთებული საქმეები, რამაც მას ქალაქზე გული აუცრუა და სხვა დამხობილი იტალიელი მონარქების მსგავსად რომში, პაპთან შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა 1870 წლის 29 იანვარს, 72 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ავსტრიაში, ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა საქსონიელი 1821 წელს.

1817 წლის 28 ოქტომბერს დრეზდენში მარიონეტულად, ხოლო 1817 წლის 16 ნოემბერს ფლორენციაში პირადად დაქორწინდა პრინცესა მარია ანა საქსონიელზე (1799-1832), საქსონიის პრინც მაქსიმილიანისა და კაროლინა პარმელის ასულზე, რომელიც იყო ესპანეთის დედოფალ მარია იოზეფა ამალიასა და თავად ლეოპოლდოს დედინაცვლის, მარია ფერდინანდა საქსონიელის ღვიძლი და. მასთან ლეოპოლდოს სულ სამი შვილი შეეძინა:

  1. კაროლინა ავგუსტა (1822-1841), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. ავგუსტა ფერდინანდა (1825-1865), ცოლად გაჰყვა ბავარიის რეგენტ ლუიტპოლდს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ლუდვიგ III;
  3. მარია მაქსიმილიანა (1827-1834), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
მარია ანტონია სიცილიელია

ლეოპოლდოს მეუღლე, დიდი ჰერცოგინია მარია ანა 1832 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა პიზაში. ამის გამო იგი მეორედ დაქორწინდა მარია ანტონია სიცილიელზე (1814-1898), ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის ასულზე, რომელთანაც კიდევ ათი შვილი შეეძინა:

  1. მარია იზაბელა (1834-1901), ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, ტრაპანის გრაფ ფრანჩესკოს, რომლისგანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  2. ფერდინანდო IV (1835-1908), ტოსკანის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1859-1860 წლებში. პირველად იქორწინა ანა საქსონიელზე, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა და რომლის დაღუპვის შემდეგაც მეორედ დაქორწინდა ალისა პარმელზე, რომელთანაც კიდევ ათი შვილი შეეძინა;
  3. მარია ტერეზა (1836-1838), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მარია კრისტინა (1838-1849), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. კარლ სალვატორე (1839-1892), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია იმაკულატა სიცილიელი, რომლისგანაც შეეძინა ათი შვილი;
  6. მარია ანა (1840-1841), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. რაინერი (1842-1844), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. მარია ლუიზა (1845-1917), ცოლად გაჰყვა იზენბურგ-ბიუდინგენის მთავარ კარლს, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა;
  9. ლუიჯი სალვატორე (1847-1915), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  10. იოჰან სალვატორი (1852-1890), ცოლად შეირთო ლუდმილა სტუბელი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Leopold II. of Habsburg-Lorraine". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
  • Le livre d'or de l'ordre de Léopold et de la croix de fer, Volume 1 /Ferdinand Veldekens
  • Franz Pesendorfer: Il governo di famiglia in Toscana. Le memorie del granduca Leopoldo II. di Lorena (1824–1859). Sansoni, Florenz 1987. (Libro Toscano, autobiographischer Rechenschaftsbericht Leopolds, auf Italienisch geschrieben und 1987 erstmals veröffentlicht)
  • Stefano Vitali: Fra Toscana e Boemia. Le carte di Ferdinando III e di Leopoldo II nell’Archivio centrale di Stato di Praga. Ministero per i beni e le attività culturali, Ufficio centrale per i beni archivistici, Rom 1999. (Pubblicazioni degli archivi di stato. Strumenti, Band 137)
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Leopold II. (Großherzog von Toscana). In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 442–444