მარგარიტა დე ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარიტა დე ვალუა
Marguerite de Valois
Reine Marguerite de Valois.jpg
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო 1572
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი 1599
წინამორბედი: ჟანა დ'ალბრე
მემკვიდრე: მარია მედიჩი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო 1589
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი 1599
წინამორბედი: ლუიზა დე ლორენ-ვედემონი
მემკვიდრე: მარია მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 მაისი 1553
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 27 მარტი 1615 (61 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი IV ბურბონი
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II ვალუა
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა დე ვალუა (ფრანგ. Marguerite de Valois, ბას. Margarita Valoiskoa; აგრეთვე ცნობილი როგორც დედოფალი მარგო დ. 14 მაისი, 1553 — გ. 27 მარტი, 1615) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის, შემდგომში კი საფრანგეთის დედოფალიც.

საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეშვიდე შვილი. საფრანგეთის სამი მეფის ფრანსუა II-ის, შარლ IX-ისა და ანრი III-ის უმცროსი და. 1572 წელს მიათხოვეს ნავარის მეფე ანრი III-ს. ქორწინებიდან რამდენიმე დღეში მარგარიტას დედამ რელიგიური კონფლიქტების ჩახშობის მიზნით მოაწყო ე.წ. წმინდა ბართლომეს ღამე, რასაც ათასობით ჰუგენოტის სიცოცხლე შეეწირა, მარგარიტა და მისი ქმარი კი ტყვედ აიყვანეს და ორი წლის შემდეგ ძლივს შეძლეს ნავარაში გაქცევა.

ანრისა და მარგარიტას ქორწინება არასოდეს ყოფილა ნამდვილი. ისინი წლების მანძილზე სრულიად დაუფარავად ღალატობდნენ ერთმანეთს და ამაზე არცერთს არ ჰქონია პრეტენზია. 1585 წლიდან დაიწყო ომი საფრანგეთის ტახტისათვის, რომელშიც მარგარიტამ ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა, იგი ქმრისა და ძმისგან მოშორებით, ოვერნში გადასახლდა და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდა. 1589 წელს მისი ძმა ანრი III მოკლეს და საფრანგეთის მეფე მარგარიტას ქმარი ანრი IV გახდა.

მათი ქორწინება კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ანრის საყვარელთან შვილი არ გაუჩნდა. იგი მიხვდა, რომ სურდა კანონიერი მემკვიდრე, რის გამოც 1599 წელს გასცილდა უნაყოფო მარგარიტას და ცოლად შეირთო მარია მედიჩი, რომელთანაც უამრავი შვილი შეეძინა. მარგარიტა დაესწრო მარია მედიჩის დედოფლად კურთხევას, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ანრი IV მოკლეს და ტახტზე მისი ვაჟი ლუი XIII ავიდა.

მარგარიტა ძალიან განათლებული და დახვეწილი ქალი იყო. მან დიდი როლი ითამაშა საფრანგეთის სამეფო კარის კულტურული ცხოვრების დახვეწასა და განვითარებაში. მას უყვარდა ძველი ბერძნული ფილოსოფია და თავადაც იზიარებდა მას. საფრანგეთში პატიმრობისას მან დაწერა და გამოაქვეყნა თავისი მემუარები. იგი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალი იყო ევროპის ისტორიაში, რომელმაც დაამკვიდრა ჩაცმის ახალი სტილი.

იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანია. ქალი რომლის გამოც ვალუას დინასტია ბურბონებმა შეცვალეს. სწორედ ისაა ვალუას დინასტიის უკანასკელი წარმომადგენელი. მასზე უამრავი ლეგენდა და ნაწარმოებია შეთხზული. სწორედ მარგარიტას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს მიუძღვნა ალექსანდრე დიუმამ თავისი უკვდავი ნაწარმოები დედოფალი მარგო (La Reine Margot).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ეკატერინე მედიჩი თავის შვილებთან - შარლ IX-თან, ანრისთან, ფრანსუასთან და მარგარიტასთან - ერთად, 1561 წელი

მარგარიტა ვალუა დაიბადა 1553 წლის 14 მაისს შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაიში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეშვიდე შვილი და მესამე ქალიშვილი. მისი სამი ძმა - ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III საფრანგეთის მეფეები გახდნენ, ხოლო მისი უფროსი და, პრინცესა ელიზაბეტ ვალუა შემდგომში ესპანეთის დედოფალი გახდა.

მან თავისი ბავშვობა შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაიში გაატარა თავის უფროს დებთან პრინცესა ელიზაბეტთან და პრინცესა კლაუდიასთან ერთად. ასევე მათთან ერთად იზრდებოდა მათი უფროსი ძმის, ფრანსუას საცოლე, შოტლანდიის დედოფალი მერი სტიუარტი. პატარა პრინცესების აღზრდაზე ზრუნავდა გრაფინია შარლოტ დე ვიენი, რომელიც დახასიათებულია როგორც "ბრძენი და სათნო კათოლიკე ქალბატონი". 1559 წლის იანვარში მარგარიტას და, პრინცესა კლაუდია ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს მიათხოვეს, ხოლო ამავე წლის ივნისში პრინცესა ელიზაბეტი მიათხოვეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. ფილიპესა და ელიზაბეტის ქორწილში დაიღუპა მარგარიტას მამა, მეფე ანრი II. ამის შემდეგ ტახტზე ადის მარგარიტას ძმა ფრანსუა II. ვინადან მისი დები უკვე საფრანგეთში აღარ ცხოვრობდნენ, მარგარიტა შატო დე ამბუაზში გადაიყვანეს და თავის ძმებთან ერთად იზრდებოდა. 1560 წელს ფრანსუა II გარდაიცვალა, რის გამოც მეფე მარგარიტას კიდევ ერთი ძმა, შარლ IX გახდა, მისი მცირეწლოვანების გამო კი რეგენტად ეკატერინე მედიჩი დაინიშნა. აქედან მოყოლებული შარლი თავის დას განსაკუთრებით დაუახლოვდა. სწორედ ამ დროს შეარქვა შარლმა მას მეტსახელად მარგო.

სამეფო კარზე პრინცესა მარგარიტა სწავლობდა გრამატიკას, კლასიკურ ლიტერატურას, ისტორიასა და ლექსების წერას. ამასთან გარდა მშობლიური ფრანგულისა, მარგარიტამ იცოდა ბერძნული, იტალიური, ესპანური, ლათინური და პორტუგალიური. მან ასევე ბრწყინვალედ იცოდა პროზა, პოეზია, ცხენოსნობა და ცეკვა. 1564-66 წლებში სამეფო ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის გარშემო მოგზაურობაში. ამ პერიოდში საფრანგეთში საშინელი რელიგიური ომები მიმდინარეობდა კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის. სწორედ ამიტომ 1560 წლიდან ეკატერინე მედიჩის მოწოდებით დაიწყო მოლაპარაკება მარგარიტასა და პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

1565 წელს სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას სამეფო ოჯახი შეხვდა წლების უნახავ ელიზაბეტ ვალუას მის მეუღლესთან, ფილიპე II-თან ერთად. მათ თან ახლდათ ჰერცოგი ალბათ. ფრანგებმა და ესპანელებმა განიხილეს ფრანკო-ესპანური ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა. მათ წამოჭრეს მარგარიტასა და ფილიპეს ვაჟის (რომელიც პირველ ცოლთან ჰყავდა), ასტურიის პრინც დონ კარლოსის ქორწინების საკითხი. თუმცა ესპანელებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ეკატერინემ დაიწყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ვაჟის, ავსტრიის ერცჰერცოგ რუდოლფისა და მარგარიტას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, მაგრამ ესეც კრახით დასრულდა.

თინეიჯერობის ასაკში მარგარიტა და მისი ძმა, ანჟუს ჰერცოგი ანრი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. 1568 წელს გარდაიცვალა ესპანეთის დედოფალი, მარგარიტას და ელიზაბეტ ვალუა. ამით ფაქტიურად გაწყდა ფრანკო-ესპანური ალიანსი, რაც რელიგიური ომების ქარ-ცეცხლში გახვეული საფრანგეთისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. ამიტომ ეკატერინემ მალევე დაიწყო თავისი შვილების, განსაკუთრებით კი 15 წლის მარგარიტას დაოჯახებაზე ფიქრი.

სწორედ ამ პერიოდში გამჟღავნდა მარგარიტას და სამეფო ოჯახის უდიდესი მტრის, ანრი დე გიზის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. როგორც ბევრი ისტორიკოსი თვლის მათ რომანი ჰქონდათ, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ეკატერინე მედიჩის მისი ქალიშვილის და გიზის რომანის შესახებ ამბავი მიუტანეს. გაცეცხლებულმა ეკატერინემ კი ეს ყველაფერი შარლ IX-ს უამბო. ამით გამწარებული შარლი და ეკატერინე შუაღამისას შევიდნენ მარგარიტას საძინებელში, საწოლიდან გადმოათრიეს, სცემეს, საღამური შემოახიეს და თმით ათრიეს, ხოლო ანრი დე გიზი სამეფო კარიდან გააძევეს.

ამ საშინელმა ინცინდენტმა მარგარიტასა და მის ძმას შორის დიდი სიძულვილი ჩამოაგდო. მარგარიტას, რომელსაც აქამდეც არ უყვარდა დედა, ამის შემდეგ სამუდამოდ შესზიზღდა იგი.

ქორწინება და წმინდა ბართლომეს ღამის ხოცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი III ნავარელი და მარგარიტა ვალუა

1570 წელს ეკატერინე მედიჩიმ შარლ IX დააქორწინა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ასულ ელიზაბეთ ავსტრიელზე. ამ ქორწინების ჩავლისთანავე ეკატერინემ დაიწყო მარგარიტასა და ნავარის ახალგაზრდა მეფე ანრი III-ს შორის საქორწინო მოლაპარაკებები. ანრი წარმოშობით ფრანგი ჰუგენოტი და ჰუგენოტების მთავარი ლიდერი იყო. გარდა ამისა იგი იყო ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი, რითაც იგი ვალუების ყველაზე ახლო ნათესავი და ტახტის მემკვიდრე იყო. ამასთან იგი მარგარიტას ნათესავიც იყო, ვინაიდან ანრის ბებია - მარგარიტა ანჟულიმელი და მარგარიტას ბაბუა ფრანსუა I ღვიძლი და-ძმა იყვნენ. ასე, რომ ამ ქორწინებით უნდა მოგვარებულიყო საფრანგეთში კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს არსებული დაპირისპირება.

1572 წლის 11 აპრილს მარგარიტა ვალუა და ანრი ნავარელი დაინიშნნენ. ერთ-ერთ წერილში ანრის დედა, ნავარის დედა-დედოფალი ჟანა დ'ალბრე მარგარიტაზე წერდა: "მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც ჩამოაყალიბა მისმა დამატყვევებელმა სილამაზემ, თავისუფალმა ხასიათმა და საოცარმა განათლებულობამ." თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა. პარიზში ჩასული ჟანა ეკატერინემ ხელთათმანებით მოწამლა, თუმცა ანრიმ ქორწილზე უარი მაინც არ თქვა.

1572 წლის 18 აგვისტოს ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარში 19 წლის მარგარიტა და ანრი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებას წესით ჰუგენოტები და კათოლიკეები უნდა შეერიგებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან ეს ქორწინება რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ უკანონოდ სცნო. აგრეთვე საინტერესო ფაქტი მოხდა ჯვრისწერისას. ჰუგენოტმა ანრი ნავარელმა კატეგორიული უარი განაცხადა კათოლიკურ ტაძარში ჯვრისწერაზე, რის გამოც იგი ტაძრის გარეთ დარჩა, საკურთხეველთან კი იგი მარგარიტას ძმამ, ნავარელის სეხნია ანრი დე ვალუამ, ანჟუს ჰერცოგმა შეცვალა.

მეთექვსმეტე საუკუნის ერთ-ერთი ფრანგი მწერლის გადმოცემის მიხედვით საქორწინო ცერემონიალზე როცა მარგარიტას ჰკითხეს თანახმა იყო თუ არა ცოლად ანრის გაჰყოლოდა იგი დიდი ხნის მანძილზე დუმდა, მას მღვდელმა კითხვა რამდენჯერმე გაუმეორა რის შემდეგაც განრისხებულმა შარლ IX-მ ზურგიდან ხელი ჰკრა მარგარიტას, რის შემდეგაც ძალიან დაბალი ხმით განაცხადა თანხმობა.

დედოფალი ეკატერინე ათვალიერებს ბართლომეს ღამეს დახოცილთა ცხედრებს

ქორწილიდან ექვსი დღის შემდეგ, კათოლიკეებმა ისარგებლეს ქორწილზე ჩამოსული უამრავი ჰუგენოტის პარიზში ყოფნით და 24 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, წმინდა ბართლომეს ხსენების დღეს ანრი დე გიზისა და ეკატერინე მედიჩის მეთაურობით სასტიკად გაჟლიტეს ათი ათასობით ჰუგენოტი. ამ ღამით 10 000 ჰუგენოტი მოკლეს და როგორც თავად თქვა, ეკატერინემ მოწყალება გაიღო და მათ "საფლავი" უბოძათ, ერთი დიდი ორმოს სახით. თუმცა ბართლომეს ღამე ამით არ დასრულდა. ამ ღამით დაწყებული ხოცვა ოქტომბრამდე გაგრძელდა და მთელ საფრანგეთს მოედო. კათოლიციზმის ერთგულებისა და დაცვისთვის პაპმა ეკატერინეს გამოსახულებიანი მონეტები მოაჭრევინა.

დღემდე მიიჩნევა, რომ ეკატერინემ თავისი ქალიშვილი ნავარის მეფეს მხოლოდ იმიტომ მიათხოვა, რომ პარიზში უამრავი ძლევამოსილი ჰუგენოტი შემოეტყუებინა. ეკატერინე მედიჩის საშინელი პოლიტიკის გამო 1562-1598 წლებში საფრანგეთში სისხლის მღვრელი რელიგიური ომები მძვინვარებდა. ამას მოჰყვა ფრანგების უკმაყოფილება ვალუას დინასტიისადმი და გიზებისა და ბურბონების მიერ ტახტისთვის ბრძოლის ატეხვა.

თავის მემუარებში მარგარიტა ვალუა იხსენებდა, რომ ბართლომეს ღამისას მან ერთი ჰუგენოტის სიცოცხლე იხსნა, რომელიც უეცრად შევარდა მის ოთახში და ნავარის დედოფალს გადარჩენას ევედრებოდა. სწორედ ეს მემუარი და ხოცვა გახდა შემდგომში ალექსანდრე დიუმას შთაგონების წყარო, რამაც მას თავისი უკვდავი რომანის დედოფალი მარგოს დაწერისკენ უბიძგა.

ბართლომეს ღამის აბმების ჩაცხრობის შემდეგ, ეკატერინემ მარგარიტას შესთავაზა, რომ ანრის მოაშორებდა, თუმცა მარგარიტამ მიუგო, რომ მასთან უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი და ყოველმხრივ მისი ცოლი იყო. მოგვიანებით იგი თავის მემუარებში წერდა: "მე ეჭვი მაქვს, რომ მისი ჩემი და ჩემი მეუღლის განშორების მიზანი, ანრის მოცილება და ჩემი მონასტერში გამომწყვდევა იყო...". ცნობილია, რომ მარგარიტა ხოცვის დაწყებამდე მისმა დამ, ჰერცოგინია კლაუდია ვალუამ გააფრთხილა, რომელიც დის ქორწილში იყო ჩასული და შემთხვევით გაიგონა მოსალოდნელი ხოცვის შესახებ. სწორედ ამით მოახერხა ანრი ნავარელმა გადარჩენა.

ზოგიერთი ისტორიკოსი ირწმუნება, რომ მათ ოჯახში იყო ინცესტის შემთხვევები და მარგარიტას თავის ძმებთან რომანი ჰქონდა, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები და მხილველები არ არსებობს. ეს უბრალოდ ცილისწამებაა და გამონაგონია მკითხველის უფრო დასაინტერესებლად.

შეთქმულებების ქსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა 1572 წელს

წმინდა ბართლომეს ღამემ დამღუპველად იმოქმედა შარლ IX-ის ფსიქიკაზე, რომლის ჯანმრთელობაც დღითიდღე უარესდებოდა. 1573 წელს შარლის ძმა და ამავდროულად მისი მემკვიდრე, ანრი დე ვალუა პოლონეთისა და ლიტვის მეფედ აირჩიეს, რის გამოც ტახტთან ყველაზე ახლოს მარგარიტას უმცროსი ძმა, ფრანსუა დე ვალუა იყო. ანრიმ როგორც კათოლიკობის დამცველმა პოლონეთში პროტესტანტების მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამრიგად რადგან ანრი უკვე ძალიან შორს იყო საფრანგეთიდან, ტახტის მემკვიდრედ ფრანსუა სცნეს. თუმცა ფრანსუა მალე ჰუგენოტებს გაურიგდათ მეფე შარლის წინააღმდეგ. იგი იმდენად სულსწრაფი იყო, რომ ვერ ითმენდა და რაც შეიძლება მალე სურდა გვირგვინის დადგმა.

მარგარიტამ თავდაპირველად თავის ქმარს მოუწოდა თავი აერიდებინა შეთქმულებაში მონაწილეობისგან, მაგრამ მალე თავადაც ჩაება ძმის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვაში. მარგარიტას ჩართვის მიზეზი ძალიან მარტივია, მას მისი ძმა და ჰუგენოტები ნავარის ტახტის დაბრუნებასა და ნამდვილ, გვირგვინოსან დედოფლად გადაქცევას დაჰპირდნენ.

1574 წლის აპრილში შეთქმულება გამოააშკარავეს. ცხადია სამეფო ოჯახის წევრები მარტივად გამოძვრნენ და შარლმა ერთ-ერთი ჰუგენოტი და მარგარიტას საყვარელი ჟოზეფ ბონიფაც დე ლა მოლი დასაჯეს სიკვდილით. მისი თავის მოკვეთის შემდეგ შარლი ისე განაგრძობდა და-ძმასთან და სიძესთან ურთიერთობას თითქოს არაფერი მომხდარიყო. მარგარიტამ თავის ქმარს წერილი მისწერა, სადაც ატყობინებდა, რომ იგი ანრი დე ბურბონის მხარდამჭერი იყო. იგი თავის მემუარებში წერდა:

ვიკიციტატა
„ჩემს ქმარს, რომელსაც სურდა ჩემი დახმარება და ტყვეობიდან დახსნა, ეს არ გამოუვიდა, რადგან მას არ ჰყავს დამხმარენი. ღვთის შეწევნით ამას მე გავაკეთებ დიდი კმაყოფილებით და სიურპრიზს მოვუწყობ ჩემს ნათესავებს, რათა გაიგონ ვისთან აქვთ საქმე !“

1574 წლის 30 მაისს შარლ IX უძეოდ გარდაიცვალა. მეფე მისი ძმა ანრი III ვალუა გახდა, რომელიც ამავდროულად პოლონეთ-ლიტვის მეფე იყო, რის გამოც ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ ეკატერინე მედიჩიმ ჩაიგდო ხელში. ახალი მეფე მთლიანად დედამისის განსახიერება იყო, რომელიც მარგარიტასთვის მეფის ღალატის პატიებას არ აპირებდა.

ანრი ნავარელსა და მარგარიტას შორის ურთიერთობა გაუარესდა. ვინაიდან მარგარიტა მთელი ამ წლების მაძილზე არ დაორსულებულა და იყო საშიშროება, რომ მემკვიდრე საერთოდ არ გაჩნდებოდა. თუმცა სწორედ ამ დროს ანრის შეუყვარდა თავისი სიდედრის, დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის ფრეილინა შარლოტ დე სოვი. იგი ერთ-ერთი იყო ეკატერინეს ჯაშუშთაგან, რომლებიც მამაკაცებს საწოლში ჩათრევით სასურველ ინფორმაციას სძალავდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შარლოტის გამო ანრისა და ფრანსუას შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა.

მარგარიტას უმცროსი ძმა, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა 1576 წელს

შეიძლება ითქვას, რომ შარლოტმა კი არ დააშორა, არამედ უფრო გააერთიანა მარგარიტა და ანრი. ამის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ქორწინება იყო და მოკავშირეები იყვნენ, თუმცა ორივეს შეეძლო მასთან გაეტარებინა დრო, ვისთანაც სურდა. ამის შემდეგ იწყება ანრი ნავარელის დაუსრულებელი რომანები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მარგარიტაც არ კარგავდა უქმად დროს. მან მალევე გაიჩინა საყვარლად ძალიან სიმპათიური ფრანგი დიდგვაროვანი ლუი დ'ამბუაზი, რომელიც შეუყვარდა კიდეც.

საბოლოოდ ანრი დე ბურბონი და ფრანსუა დე ვალუა 1575 წლის სექტემბერში ნავარაში გაიქცნენ. მაგრამ ანრიმ თავისი ცოლის, დედოფალ მარგარიტა ვალუას თან წაყვანა არ მოისურვა. მოგვიანებით მარგარიტამ ლუვრში დატოვებული ქმრის წერილი იპოვნა, სადაც ამის გამო ბოდიშს უხდიდა. ამასთან დაკავშირებით მარგარიტა თავის მემუარებში წერდა:

ვიკიციტატა
„გარდა ამისა, ჩემი მშობლიური ტყვეობისას მე მქონდა საიდუმლო სიამოვნება, მე მქონდა უამრავი წიგნი და გამუდმებით ვკითხულობდი... ჩემი ტყვეობა და პატიმრობა, მხოლოდ იმით იყო კარგი, რომ სწავლას დავუდე გული და ძალიან შევიყვარე. კარგად გავიაზრე საკუთარი მისია, უნდა ვიყო ერთგული დედოფალი, თუმცა ამას თან ახლავს თავისი ბრწყინვალე უპირატესობები, რომლებსაც აქამდე რატომღაც ვერ ვამჩნევდი.“

ალანსონის ჰერცოგი ჰუგენოტებთან გაერთიანდა და მათთან ერთად რელიგიური ომები განაახლა. მან თავის დედასა და ძმას უარი განუცხადათ მოლაპარაკებაზე, მანამ სანამ მარგარიტა ტყვეობაში ჰყავდათ. ამის შემდეგ მათ დადეს ბლუას ედიქტი, რომლითაც გარკვეულწილად უფლებები გაეზარდათ ჰუგენოტებსაც და მარგარიტასაც.

ანრი ნავარელი კვლავ ჰუგენოტი გახდა და ნავარაში დაბრუნდა. მას შემდეგ რაც ანრიმ ნავარის ტახტი დაიბრუნა ფრანგებს მისი ცოლის განთავისუფლება მოსთხოვა. თუმცა ეკატერინე მედიჩიმ და ანრი III-მ მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს, იმის შიშით, რომ ჰუგენოტები მას გამოიყენებდნენ და ფრანგებს დათმობაზე წასვლა მოუწევდათ. თუმცა ეკატერინემ დაარწმუნა ანრი ნავარელი, რომ იგი კათოლიციზმზე კვლავ მოქცეულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანდა ქალიშვილს. თუმცა ეკატერინემ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ანრი პარიზში ჩაეტყუებინა, სადაც მისი მოკვლა სცადა.

დიპლომატიური მისია ფლანდრიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1577 წელს მარგარიტა მის გაქცეულ ძმასთან, ალანსონის ჰერცოგთან გააგზავნეს ფლანდრიაში. ფლანდრია კათოლიკური ესპანეთის ფარგლებში შემავალი პროვინცია იყო, რომელიც 1576 წლიდან ესპანელებს აუჯანყდა და საფრანგეთის პრინცს, ფრანსუა დე ვალუას ფლანდრიაში გამეფება შესთავაზეს, იმ შემთხვევაში თუ იგი მათ ესპანელებისგან გაანთავისუფლებდა. ანრი III-ს საერთოდ არ აწყობდა ქვეყნის ჩრდილოეთით კიდევ ერთი ახალი პროტესტანტული სახელმწიფო, მითუმეტეს თუ მის ტახტზე მისი მეამბოხე ძმა უნდა მჯდარიყო. სწორედ ამიტომ, ანრიმ მშვენივრად იცოდა, რომ ფრანსუასთვის მარგარიტას სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და იგი მასთან დიპლომატიური მისიით მიავლინა.

ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა ორი თვის მანძილზე თერმული წყლებით სახელგანთქმულ ფლანდრიულ ქალაქ სპაში გაჩერდა, სადაც ბრწყინვალე დასვენება მოიწყო. მიუხედავად ამისა, მარგარიტა ფლანდრიელებისთვის მტერი და ბნელი რელიგიის მოციქული იყო, რის გამოც ისინი მას არც ისე თავაზიანად ეპყრობოდნენ. მიუხედავად ამისა მან კარგი დრო გაატარა იქ და ასევე ქალაქ ნემურში შეხვდა ესპანეთის მეფის ნახევარ-ძმას, დონ ხუან ავსტრიელს. მარგარიტა და ხუანი ძალიან მეგობრულად შეხვდნენ ერთმანეთს. ნავარის დედოფალი ფლანდრიაში ყოფნას ძალიან წელავდა, რადგან მისთვის საფრანგეთში დაბრუნება ძალიან სარისკო იყო, თუმცა ესპანელებთან და ფლანდრიელებთან ყოფნასაც ვერ იტანდა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე მარგარიტას სიტყვამ ფრანსუაზე ვერ გაჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც ესპანეთის მეფის უძლეველმა არმიამ მიწასთან გაასწორა ფრანგული არმია, ფრანსუა მარგარიტას პარიზში გაჰყვა.

საფრანგეთის სამეფო კარზე დაბრუნებულ ფრანსუას დედამისი და მისი ძმა საშინლად ეპყრობოდნენ, რის გამოც მან კიდევ ერთი შეთქმულების მოწყობა განიზრახა. 1578 წელს შეთქმულების გამო დააპატიმრეს ალანსონის ჰერცოგი, მარგარიტა ვალუა და მისი საყვარელი ლუი დ'ამბუაზი. მარგარიტა და ფრანსუა უბრალოდ სასახლეში გამოკეტეს, ლუი კი ბასტილიის ციხეში გადაიყვანეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში ფრანსუამ გაქცევა მოახერხა თავისი დის ფანჯრიდან ჩამოშვებული თოკის წყალობით.

ნერაკის კარზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკანდალი პარიზში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყება და პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელი წლები პარიზში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარგოს მითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დე ვალუა
დაიბადა: 14 მაისი 1553 გარდაიცვალა: 27 მარტი 1615
წინამორბედი:
ჟანა დ'ალბრე
ნავარის დედოფალი
1572-1599
შემდეგი:
მარია მედიჩი
წინამორბედი:
ლუიზა დე ლორენ-ვემონტი
საფრანგეთის დედოფალი
1589-1599
შემდეგი:
მარია მედიჩი