ვილემ I (ნიდერლანდები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილემ I
ნიდერლანდების მეფე
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი
კორონაცია: 30 მარტი, 1814
მმართ. დასაწყისი: 16 მარტი, 1815
მმართ. დასასრული: 7 ოქტომბერი, 1840
წინამორბედი: ლუი II
მემკვიდრე: ვილემ II
ლიმბურგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 5 სექტემბერი, 1839
მმართ. დასასრული: 7 ოქტომბერი, 1840
წინამორბედი: ფრანც II
მემკვიდრე: ვილემ II
ორანის პრინცი
(ვილემ VI-ის სახელით)
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი, 1806
მმართ. დასასრული: 16 მარტი, 1815
წინამორბედი: ვილემ V
მემკვიდრე: ვილემ VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 აგვისტო, 1772
ჰააგა, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 12 დეკემბერი, 1843, (71 წლის)
ბერლინი, გერმანია
მეუღლე: ვილჰელმინა პრუსიელი
(ქ. 1791 - გარდ. 1837)
ჰენრიეტა დ'ულტრემონი
(ქ. 1841)
შვილები: ვილემ II, ნიდერლანდების მეფე
ფრედერიკი
პოლინი
მარიანა, პრუსიის პრინცესა
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ვილემ V, ორანის პრინცი
დედა: ვილჰელმინა პრუსიელი
რელიგია: კალვინიზმი

ვილემ I (ნიდერლ. Willem I; დ. 24 აგვისტო, 1772, ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა — გ. 12 დეკემბერი, 1843, ბერლინი, პრუსიის სამეფო) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ნიდერლანდების მეფე და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი 1815-1840 წლებში. ლიმბურგის ჰერცოგი 1839-1840 წლებში. ორანის პრინცი 1806-1815 წლებში ვილემ VI-ის სახელით. ორანის პრინც ვილემ V-ისა და ვილჰელმინა პრუსიელის უფროსი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილემი დაიბადა 1772 წლის 24 აგვისტოს ჰააგაში. იგი იყო ორანის პრინცისა და ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერ ვილემ V-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა [[ვილჰელმინა პრუსიელი (1751-1820)|ვილჰელმინა პრუსიელის]] უფროსი ვაჟი. მან ბავშვობა ჰააგას სამეფო კარზე გაატარა დასთან ერთად.

1791 წლის 1 ოქტომბერს ვილემი დააქორწინეს თავისსავე ბიძაშვილზე, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის ქალიშვილ ვილჰელმინა პრუსიელზე, რომელიც გარდა ძმისწულისა, ვილემის დედის სეხნიაც იყო. წყვილს ჰარმონიული, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდა.

1795 წელს ნიდერლანდებში ბატავიის რევოლუცია დაიწყო, რის გამოც ვილემი და მისი ოჯახი ემიგრაციაში ბრიტანეთში წავიდა, სადაც იგი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-მ შეიფარა. აღსანიშნავია, რომ ჯორჯ III იყო ვილემის მამის, პრინც ვილემ V-ის დედის, პრინცესა ანა ბრიტანელის ძმისწული. მოგვიანებით ორანელები ჯერ ბერლინში, შემდეგ კი ბრაუნშვაიგში გადასახლდნენ, სადაც 1806 წელს ვილემ V გარდაიცვალა, ამიტომაც პრინცი ვილემი გახდა. ამავე პერიოდში ნიდერლანდებს ფრანგები იკავებენ, სადაც იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავის უფროს ძმას, ლუი I-ს ნიდერლანდების მეფედ სვამს.

1810 წელს ნაპოლეონმა ჩამოაგდო ლუი I და მისი ვაჟი, ლუი II გაამეფა, მალევე კი ისიც ჩამოაგდო და ნიდერლანდების ოკუპაცია მოახდინა. 1813 წელს ნიდერლანდების დროებითმა მთავრობამ მოახერხა ნაპოლეონის დამარცხება და ფრანგების ქვეყნიდან გაძევება. ამავე წლის დეკემბერში ნიდერლანდელებმა სამეფო ტახტი ვილემს შესთავაზეს, რომელმაც პირველად უარი თქვა. იგი მანამდე ამბობდა უარს, სანამ ახალი კონსტიტუციით მონარქს უფლებები არ მოუმატეს. საბოლოოდ, 1814 წლის 30 მარტს შედგა მისი ნიდერლანდების მეფედ კურთხევა, თუმცა თავად თავი მეფედ მხოლოდ 1815 წლის 16 მარტს სცნო.

ამას მოჰყვა ვენის კონგრესი, რომელსაც ნაპოლეონის დროს შეცვლილი საზღვრები ძველ ფორმაში უნდა აღედგინა. კონგრესზე საქმეები ვილემის სასიკეთოდ წავიდა, რის გამოც 1815 წლის დადგენილებით იგი გახდა ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შევიდა მთელი ბელგია.

მოგვიანებით ენო, ფლანდრია, ბრაბანტი და ლიეჟი ვილემის მმართველობის პერიოდში ერთიან ბელგიად ჩამოყალიბდა, რის გამოც 1830 წელს განვითარებული რევოლუციის შედეგად ბელგიის სამეფომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ნიდერლანდებისგან, მისი მეფე კი გერმანელი თავადი, ლეოპოლდ I გახდა.

ვინაიდან ნიდერლანდური მიწების სამხრეთული მოსახლეობა მთლიანად კათოლიკე იყო, 1827 წელს პაპ გრიგოლ XVI-თან ახალ კონკორდატს მოაწერა ხელი. იგი ასე ცდილობდა კათოლიკე ბელგიელების გულის მოგებას, თუმცა ამაოდ, რადგან ბელგიელებს არ სურდათ პროტესტანტი მონარქი ჰყოლოდათ.

თავდაპირველად ვილემი არ სცნობდა ბელგიის დამოუკიდებლობას და შეიარაღებული კონფლიქტითაც ემუქრებოდა მას, თუმცა 1830 წელს, საფრანგეთის ივლისის მონარქიის მხარდაჭერით ბელგიამ მოახერხა განთავისუფლება. ახლადშექმნილი ქვეყნის მეფედ დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბიძა, ლეოპოლდ I ფონ საქსენ-კობურგ-გოთა დასვეს, რომელმაც მაშინვე მიიღო კათოლიკობა და საფრანგეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად 1832 წელს ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის ასული ლუიზა მარია ორლეანელი. მიუხედავად ყველაფრისა, ვილემი სიცოცხლის ბოლომდე არ ეგუებოდა ბელგიის დაკარგვას და ცდილობდა მის დაბრუნებას.

1837 წელს მისი მეუღლე, დედოფალი ვილჰელმინა გარდაიცვალა. მალევე მას ბელგიელი კათოლიკე ქალი, ჰენრიეტა დ’ულტრემონი შეუყვარდა და მასზე ქორწინება მოისურვა. ჰენრიეტა სამეფო კარზე ცნობილი იყო თავისი სილამაზითა და გონიერებით, თუმცა ვილემის შვილები წინ აღუდგნენ ამ ქორწინებას. საბოლოოდ, ვილემი 1840 წლის 7 ოქტომბერს გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის, ვილემ II-ის სასარგებლოდ. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1841 წელს ვილემმა ჰენრიეტაზე საიდუმლოდ იქორწინა და მასთან ერთად გაიქცა ბერლინში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1843 წლის 12 დეკემბერს, 71 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილემს შვილები მხოლოდ თავის პირველ ცოლთან, ვილჰელმინასთან ჰყავდა. მათ სულ ექვსი ბავშვი შეეძინათ:

  1. ვილემ II (1792-1849), ნიდერლანდების მეფე, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და ლიმბურგის ჰერცოგი 1840-1849 წლებში. ცოლად შეირთო რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის ასული ანა რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. მკვდარშობილი ვაჟი (1795);
  3. ფრედერიკი (1797-1881), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის ასული ლუიზა, რომელთანაც შეეძინა შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი;
  4. პოლინი (1800-1806), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (1806);
  6. მარიანა (1810-1883), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, პრინც ალბრეხტ პრუსიელს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, თუმცა ისინი 1849 წელს განქორწინდნენ;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bas, François de. Prins Frederik Der Nederlanden en Zijn Tijd, vol. 1. H. A. M. Roelants, 1887. Retrieved 31 March 2013.
  • Schama, Simon (1992). Patriots and Liberators. Revolution in the Netherlands 1780-1813. NewYork: Vintage Books. ISBN 0-679-72949-6.
  • Bas, François de. Prins Frederik der Nederlanden en zijn tijd, Volume 2. H. A. M. Roelants, 1891. Retrieved 31 March 2013.
  • James, W. M. (2002). The Naval History of Great Britain: During the French Revolutionary and Napoleonic Wars. Vol. 2 1797-1799 (reprint ed.). Stackpole books. pp. 309–310.
  • "Caballeros de la insigne orden del toisón de oro", Guía Oficial de España, 1842, p. 73, retrieved 10 December 2019
  • Caraway, David Todd. "Retreat from Liberalism: William I, Freedom of the Press, Political Asylum, and the Foreign Relations of the United Kingdom of the Netherlands, 1814-1818" PhD dissertation, U. of Delaware, 2003, 341pp. Abstract: Dissertation Abstracts International 2003, Vol. 64 Issue 3, p1030-1030
  • Kossmann, E. H. The Low Countries 1780–1940 (1978) ch 3-4