შინაარსზე გადასვლა

მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონი
ასტურიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 11 სექტემბერი, 1880
მმართ. დასასრული: 17 ოქტომბერი, 1904
წინამორბედი: ისაბელი
მემკვიდრე: ალფონსო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 სექტემბერი, 1880
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 17 ოქტომბერი, 1904, (24 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი
მეუღლე: კარლო დე ბურბონ-სიცილიელი
შვილები: ალფონსო, კალაბრიის ჰერცოგი
ფერნანდო
ისაბელ ალფონსინა
სრული სახელი: მარია დე ლას მერსედეს ისაბელ ტერეზა კრისტინა ალფონა დე ბურბონ ი ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: ალფონსო XII, ესპანეთის მეფე
დედა: მარია კრისტინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონი (ესპ. María de las Mercedes de Borbón; დ. 11 სექტემბერი, 1880 — გ. 17 ოქტომბერი, 1904) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ისა და დედოფალ მარია კრისტინა ავსტრიელის პირველი შვილი. ასტურიის პრინცესა 1880-86 და 1886-1904 წლებში. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის უფროსი და და მისი ტახტის მემკვიდრე.

მარია დე ლას მერსედესი დაიბადა 1880 წლის 11 სექტემბერს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია კრისტინა ავსტრიელის პირველი შვილი. სანამ ალფონსოს ვაჟი შეეძინებოდა, მისი მემკვიდრე მერსედესი იყო, ამიტომაც იგი მალევე გამოაცხადეს ასტურიის პრინცესად. ტრადიციის მიხედვით, მისი დაბადებისას მთელს მადრიდში თეთრი დროშები გამოფინეს. იგი დაბადებიდან სამ დღეში მონათლეს კათოლიკედ, სასახლის სამლოცველოში. იგი ტოლედოს არქიეპისკოპოსმა მონათლა, მისი ნათლიები კი რომის პაპი ლეო XIII და ბებიამისი, დედოფალი ისაბელ II იყვნენ. მას სახელი მამამისის პირველი და საყვარელი ცოლის, განსვენებული დედოფლის, მერსედეს ორლეანელის პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარქვეს.

1886 წელს დაიბადა მისი ძმა ალფონსო, რის გამოც მას ჩამოერთვა ასტურიის პრინცესის წოდება, თუმცა მალევე ალფონსო XII გარდაიცვალა და მეფე ახალშობილი ალფონსო XIII გახდა, რომლის რეგენტადაც დედა-დედოფალი მარია კრისტინა ავსტრიელი დაინიშნა. სანამ ალფონსო XIII-ს შვილები ეყოლებოდა, ასტურიის პრინცესა და ტახტის მემკვიდრე კვლავ მარია დე ლას მერსედესი გახდა.

1901 წლის 14 თებერვალს, მადრიდის სამეფო სასახლეში იგი დაქორწინდა თავის ბიძაშვილ კარლო დე ბურბონ-სიცილიელზე. მათ არც თუ ისე ხანგრძლივი ქორწინებიდან სულ სამი შვილი შეეძინათ, 1904 წლის 17 ოქტომბერს, 24 წლის მერსედესი კი მესამე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.

მისი გარდაცვალებით, მომდევნო სამი წლის მანძილზე ესპანეთი ფაქტობრივად მემკვიდრის გარეშე იყო დარჩენილი, რის შემდეგაც ალფონსო XIII-ს ვაჟი შეეძინა. მერსედესის მეორე ვაჟი ფერდნანდო, მისი გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში დაიღუპა. მისი ქვრივი, პრინცი კარლოსი კი ხელახლა დაქორწინდა ფრანგ პრინცესა ლუიზ ორლეანელზე, მათი შვილი კი ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის დედის მამა გახდა.

  1. ალფონსო (1901-1964), კალაბრიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ალისია დე ბურბონ-პარმელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  2. ფერნანდო (1903-1905), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ისაბელა ალფონსინა (1904-1985), მასზე მშობიარობას გადაჰყვა მარია დე ლას მერსედესი, იგი ცოლად გაჰყვა გრაფ იან სამოსკის, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • Aronson, Theo. Royal Vendetta : The Crown of Spain 1829 -1965. The Bobbs Merrill Company, Inc. 1966. ASIN B0006BO4QO
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo La Reina María Cristina: Madre de Alfonso XIII y Regente de España. La Esfera de los Libros. 2007. ISBN 978-8497346382
  • Puga, María Teresa. 20 infantas de España: Sus vidas, entre las ilusiones y el destino. Ed. Juventud, Barcelona, 1998. ISBN 978-84-261-3084-6