ვალენტინა ვისკონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალენტინა ვისკონტი
Valentine de Milan implore la justice du roi Charles VI pour l'assassinat du duc d'Orléans - Alexandre Colin - MBA Lyon 2014 - détail 8.JPG
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 4 ივნისი, 1392
მმართ. დასასრული: 23 ნოემბერი, 1407
წინამორბედი: ბლანშ კაპეტი
მემკვიდრე: ისაბელ დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1371
დაბ. ადგილი: პავია, მილანის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 4 დეკემბერი, 1408, (37 წლის)
გარდ. ადგილი: ბლუა, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: ლუი I, ორლეანის ჰერცოგი
შვილები: შარლ I, ორლეანის ჰერცოგი
ფილიპი, ვერტუს გრაფი
ჟანი, ანჟულემის ჰერცოგი
მარგარიტა, ეტამპის გრაფინია
დინასტია: ვისკონტები
მამა: ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი
დედა: იზაბელ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ვალენტინა ვისკონტი (იტალ. Valentina Visconti, ფრანგ. Valentine Visconti; დ. 1371 — გ. 4 დეკემბერი, 1408) — ვისკონტთა დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტისა და მისი პირველი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა იზაბელ დე ვალუას ქალიშვილი. ორლეანის ჰერცოგინია 1392-1407 წლებში როგორც ლუი I ვალუას ცოლი. ორლეანის ჰერცოგ შარლ I-ის დედა და ბებია საფრანგეთის დედოფალ ანა ბრეტონელისა, ნავარის დედოფალ მარგარიტა ანჟულიმელისა და საფრანგეთის ორი მეფის: ლუი XII-ისა და ფრანსუა I-ის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინა ვისკონტი დაიბადა 1371 წელს მილანის საჰერცოგოში. იგი იყო მილანის პირველი ჰერცოგის, ჯან გალეაცო ვისკონტისა და მისი პირველი ცოლის, საფრანგეთის მეფე ჟან II ვალუას და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ნაბოლარა ქალიშვილ იზაბელ დე ვალუას ასული. მას სახელი მისი დიდი ბებიის, ვალენტინა დორიას პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ჯან გალეაცოს ბაბუის, ჰერცოგ სტეფანო ვისკონტის მეუღლე იყო.

1373 წელს ვალენტინას დედა 24 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას. ამის შემდეგ, დაობლებულ ვალენტინას ბებია, ბიანკა სავოიელი და მამიდა, გაუთხოვარი ვიოლანტე ვისკონტი ზრდიდნენ. მართალია ვალენტინას დედამ, იზაბელ დე ვალუამ მის გარდა კიდევ ოთხი ვაჟი გააჩინა, თუმცა ყველა მათგანი მცირეწლოვანი დაიღუპა, რის გამოც ამ პერიოდში ვალენტინა მამის ერთადერთი შვილი და მემკვიდრე იყო. სწორედ ამიტომ, მას მიენიჭა ვერტუს გრაფინიის წოდება.

1380 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ვალენტინასა და მის ბიძაშვილს, პარმის ლორდ ბერნაბო ვისკონტის ქორწინებასთან დაკავშირებით. ქორწინება პაპმაც კი დალოცა, თუმცა 1382 წელს ბერნაბომ ნიშნობა ჩაშალა და ცოლად ფრანგი დიდგვაროვანი, ბეატრის არმანიაკი შეირთო.

1385 წელს, ბერნაბოს გარდაცვალების შემდეგ, ჯან გალეაცო ერთადერთი მამაკაცი იყო ვისკონტთა საგვარეულოდან. ამ დროს, მილანმა მოლაპარაკებები წამოიწყო გერმანიისა და ბოჰემიის მეფე ვენეცელთან, მისი ძმის, იოჰან ლუქსემბურგელისა და ვალენტინა ვისკონტის ქორწინებასთან დაკავშირებით. ამავდროულად მიდიოდა მოლაპარაკებები ანჟუს ჰერცოგ ლუი II-თანაც, რომელიც პარალელურად განსვენებული ბერნაბოს ქალიშვილზე, ლუსია ვისკონტზე ფიქრობდა დაქორწინებას. საბოლოოდ, მოლაპარაკებები ანჟუელებთანაც ჩაიშალა და გერმანელებთანაც. თუმცა მალევე ახალი მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთის მეფე შარლ V-თან, რომელსაც თავისი ვაჟის, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ის დაქორწინება სურდა. მართალია მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ სიტუაციას ის ართულებდა, რომ ლუი და ვალენტინა პირველი თაობის ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ: ვალენტინას დედა, იზაბელ დე ვალუა იყო ღვიძლი და ლუის მამის, მეფე შარლ V-ისა.

ასეთი ახლონათესავური კავშირის გამო, ქორწინებაზე რომის პაპის თანხმობა იყო საჭირო. პაპმა ქორწინებაზე თანხმობა 1386 წლის 25 ნოემბერს განაცხადა. 1387 წლის 27 იანვარს, პარიზში გაფორმდა ლუისა და ვალენტინას საქორწინო ხელშეკრულება. ვალენტინას მზითვში მიჰქონდა ვერტუს საგრაფო (რომელიც დედისგან ერგო მემკვიდრეობით), აგრეთვე ქალაქი ოსტია, გარდა ამისა 450, 000 ფლორინი და 75, 000-ის ღირებულების სამკაულები. კონტრაქტში ასევე აღნიშნული იყო, რომ მამრობითი სქესის მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში, მთელი ვალენტინას მზითვი უკან, მილანელებს უნდა დაჰბრუნებოდა. სწორედ ამის, თავისი ბებიის გამო აცხადებდა ლუი XII მილანზე პრეტენზიას, რადგან იგი ჯან გალეაცოს უფროსი ასულის შთამომავალი იყო, რასაც თავის მხრივ იტალიური ომების გაჩაღება მოჰყვა. მათი მარიონეტული ქორწინება სამი თვის შემდეგ, 8 აპრილს შედგა მილანისა და საფრანგეთის სამეფო კარებს შორის.

1389 წლის 23 ივნისამდე ვალენტინა მილანიდან ვერ გაემგზავრა, რადგან ჯან გალეაცოს განცხადებით "გზები უსაფრთხო არ იყო". მაგრამ რეალურად, მას სურდა, რომ მის მეორე ცოლს, კატერინა ვისკონტის (ბერნაბოს მეორე ქალიშვილი) მემკვიდე გაეჩინა და ფრანგებისათვის ეჩვენებინა, რომ მათ მილანის ტახტზე შანსები აღარ ჰქონდათ. 1388 წლის 7 სექტემბერს, მისი ვაჟის, ჯან მარია ვისკონტის დაბადების შემდეგ, ჯან გალეაცომ იგრძნო, რომ ლოდინი საკმარისი იყო და ვალენტინა საფრანგეთში გაამგზავრა.

ვალენტინასა და ლუის ქორწინება 1389 წლის 17 აგვისტოს შედგა ქალაქ მელუნში.

1392 წლიდან ვალენტინა ვისკონტი უკვე ოფიციალურად ხდება ორლეანის ჰერცოგინია. საფრანგეთის სამეფო კარზე, მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელზე გავლენის მოსახდენად მიმდინარე დაუსრულებელი და საშინელი ინტრიგების გამო, დედოფალმა ვალენტინა სამეფო კარიდან გააძევა, რის გამოც მას პარიზის დატოვება მოუხდა. იყო ჭორები, რომ გიჟი მეფის დედოფალ იზაბელას, რომანი ჰქონდა ლუისთან და სწორედ ამიტომაც მოიშორა თავიდან ვალენტინა.

ვალენტინა პოეზიისა და პოეტების დიდი მფარველი იყო. ლუი ორლეანელის კარზე, სწორედ მან მოუყარა თავი გამოჩენილ ფრანგ პოეტებს, რომელთაც იგი დიდ პატივს სცემდა.

1407 წელს ლუი დე ვალუა მუხანათურად მოკლეს პარიზის ქუჩაში, მისი ბიძაშვილის, ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ის ბრძანებით. ვალენტინა ქმრის მოკვლიდან მხოლოდ ერთ წელიწადში, 1408 წელს გარდაიცვალა ბლუაში, 37 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვაჟი (1390), დაიბადა მკვდარი;
  2. ლუი (1391-1395), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჟანი (1393), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. შარლ I (1394-1465), ორლეანის ჰერცოგი, იქორწინა სამჯერ: I. იზაბელ დე ვალუაზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა და რომელიც მასზე მშობიარობას გადაჰყვა; II. ბონა არმანიაკი, რომელიც პირველის მსგავსად პირველივე მშობიარობას გადაჰყვა და გოგონა გააჩინა; III. მარია კლეველი, რომელთანაც შეეძინა ერთი საფრანგეთის მეფე ლუი XII და პუატიეს აბატი ანა ორლეანელი;
  5. ფილიპი (1396-1420), ვერტუს გრაფი, გარდაიცვალა უცოლ-შვილო;
  6. ჟანი (1399-1467), ანჟულემის გრაფი, ცოლად შეირთო მარგარიტა დე როანი, რომელთანაც ჰყავდა სამი ვაჟი. იგი იყო ბაბუა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და ნავარის დედოფალ მარგარიტა ანჟულიმელისა;
  7. მარი (1401), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  8. მარგარიტა (1406-1466), ცოლად გაჰყვა ეტამპის გრაფ რიჩარდ ბრეტონელს. მათი შვილიშვილი იყო საფრანგეთის ორგზის დედოფალი ანა ბრეტონელი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tracy Adams, The Life and Afterlife of Isabeau of Bavaria, (Johns Hopkins University Press, 2010), 255.
  • Emerton, Ephraim (1917). The Beginnings of Modern Europe (1250-1450). Boston: Ginn & Co. p. 406. Retrieved 2011-02-11.
  • Monica Azzolini, The Duke and the Stars: Astrology and Politics in Renaissance Milan, (Harvard University Press, 2013), 120.
  • Robert Knecht, The Valois: Kings of France 1328-1589, (Hambledon Continuum, 2004), 52-53.