ანა ავსტრიელი (1601-1666)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა ავსტრიელი
Ana de Austria
Peter Paul Rubens - Portrait of Anne of Austria - WGA20365.jpg
პორტრეტი შესრულებულია 1620 წელს პეტერ პაულ რუბენსის მიერ
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 ნოემბერი 1615
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1643
წინამორბედი: მარია მედიჩი
მემკვიდრე: მარია ტერეზა ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 სექტემბერი 1601
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 20 იანვარი 1666 (64 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი XIII, საფრანგეთის მეფე
შვილები: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი
სრული სახელი: ქართულად: ანა მარია მაურისია დე ჰაბსბურგ ი ბურბონი
ესპანურად: Ana María Mauricia de Austria y Austria
ფრანგულად: Anne-Marie-Mauricie d'Autriche
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე III, ესპანეთის მეფე
დედა: მარგარეტ ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Anne of Austria, Queen mother of France in 1641.png

ანა ავსტრიელი (ესპ. Ana de Austria, ფრანგ. Anne d'Autriche; დ. 22 სექტემბერი, 1601, ვალიადოლიდი, ესპანეთი — გ. 20 იანვარი, 1666,პარიზი, საფრანგეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ის და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის უფროსი ქალიშვილი. დაბადებიდან იყო ავსტრიის პრინცესა, ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა. 1615 წელს იქორწინა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ზე, რის შემდეგაც 1643 წლამდე იგი საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა. ლუი XIV-ის დედა და მისი რეგენტი 1643–1651 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა კარდინალი მაზარინი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ავსტრიელი 1607 წელს, ექვსი წლის ასაკში

ანა დაიბადა 1601 წლის 22 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში. მისი მშობლები იყვნენ ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III და მისი ცოლი, დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი. იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ. იგი დაბადებიდანვე ატარებდა ავსტრიის ერცჰერცოგინიისა და პორტუგალიისა და ესპანეთის ინფანტის ტიტულს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა, მას მაინც ავსტრიელს უწოდებენ, ვინაიდან მისი საგვარეულო - ჰაბსბურგები წარმოშობით ავსტრიიდან არიან. ამ დროისათვის ჰაბსბურგები ყველაზე გავრცელებული და ძლევამოსილი გვარი იყო და ესპანეთის გარდა კიდევ უამრავ ქვეყანას მართავდნენ, თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მათი ძალაუფლება დაეცა.

ანა იზრდებოდა ალკაზარის სამეფო სასახლეში. პატარა პრინცესა მშობლებთან ერთად იზრდებოდა და ძალიან რელიგიური იყო. მისი ჭეშმარიტ კათოლიკედ აღზრდის მიზნით დედას იგი ხშირად დაჰყავდა ეკლესიაში. 1611 წელს დედამისი, დედოფალი მარგარეტ ავსტიელი გარდაიცვალა მშობიარობის დროს. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, ანა როგორც დედა ისე ზრუნავდა თავის უმცროს და-ძმებზე.

საფრანგეთში ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხენზე ამხედრებული ანა ავსტრიელი

11 წლის ასაკში ანა ავსტრიელი დანიშნეს საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ზე, რომელიც მისი ასაკის იყო. მზითვში ანას გაატანეს 500 000 კრონა და უამრავი ძვირფასი სამკაული. წინდახედულმა ესპანელებმა საქორწინო კონტრაქტში ჩააწერინეს, რომ თუ ანა ლუიზე ადრე, უშვილოდ დაიღუპებოდა მთელი მისი მზითვები ესპანეთს დაუბრუნდებოდა. ქორწინებამდე ანასაც და ლუისაც უარი ათქმევინეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობაზე, შემდგომში მათი შთამომავლების პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად. 1615 წლის 24 ნოემბერს ქალაქ ბურგოსში შედგა ორმაგი ქორწინება. ანა დააქორწინეს ლუი XIII-ზე, ხოლო ანას ძმა, ინფანტი ფილიპე დააქორწინეს ლუის უმცროს დაზე, პრინცესა ელიზაბეტ ფრანგზე. ეს ქორწინება იყო 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის ზავის გაგრძელება, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ დადო საფრანგეთის მეფე ანრი II-თან და ამის განსამტკიცებლად ცოლად მისი ასული, პრინცესა ელიზაბეტ ვალუა შეირთო. შეიძლება ითქვას, რომ ესპანელებმა და ფრანგებმა ელიზაბეტი და ანა გაცვალეს. ანა საკმაოდ ცოცხალი ახალგაზრდა იყო. მას ძალიან უყვარდა ცხენით ჯირითი და თვლიდნენ, რომ იგი საფრანგეთს ბევრ მემკვიდრეს გაუჩენდა. ანას მთელი ევროპის მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის ბუკინგემის ჰერცოგიც კი.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ანა 1616 წელს

ანა და ლუი, თოთხმეტი წლის მანძილზე ცდილობდნენ მემკვიდრის გაჩენას, რათა თავიდან აეცილებინათ განქორწინება და სამოქალაქო ომი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლუი თავის ახალ ცოლს გულგრილად ეპყრობოდა. ლუის დედა, დედა-დედოფალი მარია მედიჩი, თავს კვლავ დედოფლად თვლიდა და თავის რძალს ამ თანამდებობაზე არ სცნობდა. ანამ გარს შემოირტყა ესპანელების უზარმაზარი წრე და ფაქტიურად საფრანგეთში პატარა ესპანეთი მოიწყო. იგი საუბრობდა ესპანურად და საფრანგეთში ესპანური ეტიკეტის მიხედვით იქცეოდა.

საფრანგეთის ახალ ულამაზეს დედოფალს მალევე გამოუჩნდა თაყვანისმცემელი კონჩინო კონსინის სახით. ცნობილია, რომ თავად დედოფალიც არ იყო მის მიმართ გულ გრილი. სწორედ ამიტომ, 1617 წელს მარია მედიჩიმ ლუის ენა მიუტანა, რის შემდეგაც კონჩინო უმალვე დასაჯეს სიკვდილით, ხოლო დედოფლის სახელის გადასარჩენად მისი დასჯის მიზეზად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოაცხადეს. ამის შემდეგ ანა ფრანგულ წყობაზე გადავიდა, დაითხოვა თავისი ესპანელი ფრეილინები და გარს სულ ფრანგები შემოიკრიბა, მათ შორის კონტის პრინცესა ლუიზა-მარგარიტა დე ლორენი და სხვა დიდი ფრანგი დიდგვაროვნები. აქედან მოყოლებული ანა ფრანგულ მოდაზე იცვამდა, შეისწავლა ფრანგული ენა და ეტიკეტი. 1619 წელს ანა ავსტრიელი დაფეხმძიმდა, თუმცა მალევე დაავადება შეეყარა და მუცელი მოეშალა.

მთელი რიგი უშედეგო ფეხმძიმობების შემდეგ, მეფემ თითქმის ხელი ჩაიქნია. 1622 წლის 14 მარტს ორსული ანა თავისი ქალბატონების გარემოცვაში უეცრად მაღალი კიბიდან დაგორდა, რის გამოც ნაადრევი მშობიარობით მკვდარი ბავშვი გააჩინა. ლუიმ ბრალი დასდო მის ერთ-ერთ ფრეილინს, იგი თვლიდა, რომ სწორედ მისი ბრალი იყო ანას დაგორება, ამიტომაც ის სასახლიდან გააძევა. 1621 წლის დეკემბერში ლუის ერთგული მრჩეველი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სამეფო კარზე სიტუაცია არნახულად აირია. მეფემ საყვარელი გაიჩინა, რომელიც სასახლეში ინტრიგების საოცარი მხლართველი იყო. მეფის საყვარელი მას მხოლოდ იყენებდა, თავად კი სრულიად სხვა კაცი უყვარდა, რომელიც მეფის მრჩევლად დაანიშნინა. ამ დროს დედოფალი უკვე მესამე ხარისხოვანი ფიგურაა ქვეყანაში მეფისა და მისი საყვარლის შემდეგ.

მალე ლუი მიხვდა მისი საყვარლის განზრახვებს და თავიდან მოიშორა. თუმცა სულ მალე ლუი ახალი კაცის, კარდინალ რიშელიეს გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. რიშელიემ მეფე ჰაბსბურგთა დინასტიის წინააღმდეგ აამხედრა, რომლის წარმომადგენელიც იყო ანა. რიშელიეს წყალობით მეფემ ესპანეთთან, გერმანიასთან და ავსტრიასთან ომი დაიწყო. ამრიგად ანა ორ ფრონტს შორის აღმოჩნდა. ერთი მხრიდან მისი ნათესავები შეახსენებდნენ მის ვინაობას და მოქმედებას სთხოვდნენ, ხოლო მეორე მხრიდან ლუი დედოფლის ვალდებულებებს შეახსენებდა და მის ერთგულებაზე მიუთითებდა.

დედოფალი ანა ავსტრიელი, შესრულებულია პეტერ პაულ რუბენსის მიერ 1622-25 წლებში

სულ მალე სამეფო ოჯახი და დიდებულები რიშელიეს წინააღმდეგ დაირაზმნენ. მის წინააღმდეგ ინტრიგებში თავად დედოფალი ანაც ჩაება. ინტრიგაში მის გარდა ჩაება მეფის ყოფილი საყვარელი მარი დე როან-მონტბასონი, მარია მედიჩი და მეფის ძმა, ორლეანის ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი. შეთქმულება რიშელიემ გამოააშკარავა, რის შემდეგაც მარია მედიჩი, გასტონი და ანა სიტუაციიდან გამოძვრნენ, ხოლო ლუიმ თავისი ექსსაყვარელი სიკვდილით დაასჯევინა.

1626 წლიდან რიშელიემ და ლუიმ დედოფალ ანას მის ფრეილინად დაუნიშნეს თავიანთი ჯაშუში მადლენ დე ფარგი, რომელიც მალე ძალიან დაუახლოვდა დედოფალს და პირიქით, მის ჯაშუშად იქცა. 1630 წლის დეკემბერში კარდინალი რიშელიე მეფის პირველი მრჩეველი გახდა. მის წინააღმდეგ მარია მედიჩმა, ანამ და გასტონმა სასწრაფოდ დაიწყეს შეთქმულების მზადება, რომელიც ერთ-ერთმა მონაწილემ გასცა. მეფემ თავისი ოჯახის წევრები უკვე ძალიან დასაჯა, გასტონი და მარია სასახლეს გაეცალნენ, ანა კი რიშელიესთან მივიდა და ტირილით სთხოვა ქმართან შერიგება. რიშელიემაც ლუი დაარწმუნა და დედოფალი არ დასაჯა. 1632 წლიდან ინტრიგათა ქსელის ახალი ხლართვა დაიწყო. შეთქმულებს ახლა უკვე ლუის ტახტიდან ჩამოგდება მისი მონასტერში გამოკეტვა და გასტონის გამეფება ჰქონდათ მიზნად. ხოლო ყოველივე ამის ასრულების შემდეგ ანა გასცილდებოდა ლუის და გასტონს გაჰყვებოდა ცოლად. შეთქმულთა საუბედუროდ ეს საქმეც დაწყებამდე ჩავარდა. დედოფალი დაკითხეს და დაადასტურა კიდეც, რომ აღმოჩენილი წერილები მისი დაწერილი იყო, თუმცა მათი გეგმები ბოლომდე არ იცოდა. დედა-დედოფალი მარია მედიჩი ქვეყნიდან გააძევეს, გასტონმა კი თავს ლოთარინგიაში გაქცევით უშველა.

1635 წელს საფრანგეთმა ესპანეთს ომი გამოუცხადა, რამაც დედოფალი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. დედოფალს თავის ძმასთან, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-თან წერილების წერა ჰქონდა გაჩაღებული. ძმა მას მოქმედებისკენ და ქმრის დაშოშმინებისკენ მოუწოდებდა, ხოლო იგი განუმარტავდა, რომ მეფე მთლიანად რიშელიეს გავლენის ქვეშ იყო. იგი ჩუმად ატყობინებდა თავის ძმას ფრანგების სამომავლო გეგმების შესახებ, რის გამოც ესპანელები ყოველთვის მომზადებულები ხვდებოდნენ. თუმცა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ალიანსის დამყარებამ ესპანეთს ძირი გამოუთხარა. ინგლისელებს სურდათ მათ მეფეს, ჩარლზ I-ს ცოლად ესპანეთის პრინცესა, ანას უმცროსი და მარია ანა შეერთო, თუმცა მან ანგლიკან კაცზე ქორწინებაზე სასტიკი უარი განაცხადა, უკან მიმავალ ჩარლზს კი ფრანგებმა ლუის უმცროსი დის, პრინცესა ანრიეტა მარიას ხელი შესთავაზეს, რაზეც ჩარლზი სიხარულით დასთანხმდა. ამრიგად ინგლისი საფრანგეთის მოკავშირე გახდა. თუმცა რაც დრო გადიოდა, ანას უფრო უჭირდა ნათესავებთან წერილების გაგზავნა, საბოლოოდ კი საერთოდ ვეღარ გზავნიდა, რადგან რიშელიემ გაგზავნამდე მისი წერილების კითხვა დაიწყო და დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას არ უშვებდა.

1637 წელს ანამ შეიტყო, რომ მისი წერილები ესპანეთსა და გერმანიაში კი არა, არამედ რიშელიეს კაბინეტში მიდიოდა. საბოლოოდ რიშელიემ მოაგროვა დედოფლის ნათესავებთან მიწერილი წერილები და მეფეს წარუდგინა, რის შემდეგაც გამოაშკარავდა, რომ დედოფალი კვლავ ჰაბსბურგების მოკავშირე იყო. 11 აგვისტოს დედოფალი დაკითხეს. ცხადია ანამ ყველაფერი უარყო, მაგრამ დაკითხვა რამდენიმე დღე გაგრძელდა და უკვე გადაღლილმა ანამ 15 აგვისტოს ყველაფერი აღიარა. 17 აგვისტოს მას იძულებით მოაწერინეს ხელი საბუთზე, რომლის მიხედვითაც იგი თავის ნათესავებთან ურთიერთობას წყვეტდა. მას აუკრძალეს მარტო დარჩენა და წერილების წერა, იგი ყოველთვის მინიმუმ ერთ ფრეილინთან ერთად იყო. ასევე აეკრძალა თავის ოთახში სტუმრების მიღება და ესპანეთისა და გერმანიის ელჩებთან კონტაქტი. ამრიგად დედოფალი სრული კონტროლის ქვეშ იყო და იგი თავისი ახლობლების დახმარებას ვეღარ ახერხებდა.

მემკვიდრის გაჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი XIII და ანა ავსტრიელი თავიანთ ახლად დაბადებულ ვაჟ ლუისთან ერთად, უკანა ფონზე ჩანან კარდინალი რიჩელიე და ჰერცოგინია დე შევრეზი

მიუხედავად დედოფალსა და მეფეს შორის არსებული ღრმა უფსკრულისა, რომელიც ანას ინტრიგებით იყო გამოწვეული, რიშელიემ დაარწმუნა მეფე მემკვიდრის აუცილებლობაში და ლუი ერთი ღამით ანას ესტუმრა. შედეგად დედოფალი დაფეხმძიმდა. 1638 წლის 5 სექტემბერს ანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ლუი დაარქვეს. მომავალში იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV გახდა. როგორც იქნა დაიბადა მემკვიდრე, რომელიც ბურბონთა დინასტიას გააგრძელებდა. ამ დროს ანა უკვე 37 წლის იყო. ხალხს მემკვიდრის დაბადება ყოველკვირეულმა გაზეთმა "Gazzete de France"-მა ამცნო.

ცოცხალი ბავშვის გაჩენამ წყვილის ურთიერთობა ვერ გამოასწორა. მეფე საერთოდ აღარ ენდობოდა ცოლს. თუმცა თხუთმეტი თვის შემდეგ იგი კვლავ ეწვია დედოფლის საძინებელს. ამ დღიდან 9 თვეში დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა, რომელსაც ფილიპი დაარქვეს. იგი მალევე აკურთხეს ორლეანის ჰერცოგად. ანას დაუკითხავად ორივე ბავშვი აღსაზრდელად ფრანსუა დე ლანსკს მიაბარეს. ცხადია ამაში რიშელიეს ხელი ერია.

ლუი XIII-მ კარდინალს ვერსალთან ახლოს საუცხოო სასახლე აუშენა. განრისხებული ანა ავსტრიელი საბოლოოდ განუდგა ქმარს. მან თავისი ორივე ვაჟი წაიყვანა და ლუვრის სასახლიდან გადავიდა. ლუი დედოფლის შემორიგებას შეეცადა მაგრამ სულ ამაოდ. იგი მის გარდაცვალებამდე არ შერიგებია. 1643 წლის 14 მაისს ლუი XIII გარდაიცვალა. საფრანგეთის მეფე ანას ხუთი წლის ვაჟი ლუი XIV გახდა. მეფის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რომელიც ანა ავსტრიელი გახდა.

რეგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგენტი დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი

ლუი XIII-ის სურვილით მისი ვაჟის რეგენტი პიერ სეიჟერი უნდა გამხდარიყო, თუმცა დედოფალმა ეს არ დაუშვა. თავისი ხუთი წლის ვაჟის რეგენტობა ანამ თავის თავზე აიღო. ამით იგი საფრანგეთში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირი გახდა. მან თავის მრჩევლად დაიყენა კარდინალი მაზარინი, რომელიც რიშელიეზე უარესი აღმოჩნდა. დედოფალი მთლიანად მისი გავლენის ქვეშ მოექცა. მაზარინმა დაშალა სამეფო საბჭო და დედოფლის მართვით მართავდა საფრანგეთს. დადიოდა ჭორები, რომ ანა ავსტრიელმა ჯულიო მაზარინზე ფარულად იქორწინა. იგი რამდენჯერმე დედოფალთან ერთად დასასვენებლადაც კი წავიდა. თუ ზოგიერთ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაზარინი ჯერ მისი საყვარელი, შემდეგ კი ქმარი გახდა.

მაზარინისა და ანას ხელმძღვანელობით ლუი II კონდემ საფრანგეთში ჩაახშო არისტოკრატიული აჯანყება. 1651 წელს მისი ვაჟი ლუი XIV სრულწლოვანი გახდა, რითაც დასრულდა ანას და განსაკუთრებით მაზარინის მმართველობა. ლუიმ თავად განაცხადა, რომ უკვე შესაფერის ასაკში იყო და თავად შეეძლო ქვეყნის მართვა კარდინალის გარეშე.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1646 წლიდან ანასთან თავი შეაფარა მისმა მულმა, ანრიეტა მარიამ და მისმა ქალიშვილმა ჰენრიეტამ. ისინი ინგლისში არსებულ რევოლუციას გამოექცნენ, თუმცა მალე ფრანგებსაც ამოუვიდათ ყელში უცხო ქვეყნის მონარქების რჩენა და აჯანყდნენ, რაც ანამ ძლივს ჩაახრშო. მალე ანრიეტა მარიამ მოისურვა ჰენრიეტას დაქორწინება ლუი XIV-ზე, თუმცა ანას მისთვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

1660 წელს ანამ ლუი XIV დააქორწინა თავის ძმიშვილზე, ესპანეთის ინფანტ მარია ტერეზა ესპანელზე. 1661 წელს კი ჰენრიეტა დააქორწინა თავის უმცროს ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ზე.

1661 წელს გარდაიცვალა მაზარინი. ამავე წელს მარია ტერეზამ გააჩინა ვაჟი, ტახტის ახალი მემკვიდრე, რომელსაც ლუი დაარქვეს. ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ, 1666 წლის 20 იანვარს ანა ავსტრიელი გარდაიცვალა, მკერდის კიბოთი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ავსტრიელი თავის ვაჟებთან ერთად, მარჯვნივ ლუი, მარცხნივ კი ფილიპი
  1. მკვდარშობილი ბავშვი (დეკემბერი 1619);
  1. მკვდარშობილი ბავშვი (14 მარტი 1622);
  2. მკვდარშობილი ბავშვი (1626);
  3. მკვდარშობილი ბავშვი (აპრილი 1631);
  4. ლუი XIV (დ. 5 სექტემბერი 1638 - გ. 1 სექტემბერი 1715), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო ანას ძმიშვილი მარია ტერეზა ესპანელი;
  5. ფილიპ I (დ. 21 სექტემბერი 1640 - გ. 8 ივნისი 1701), ორლეანის ჰერცოგი და ორლეანების დინასტიის დამაარსებელი, ცოლად შეირთო ჯერ თავისი მამიდაშვილი ჰენრიეტა ინგლისელი, შემდეგ კი ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fraser, Antonia. Love and Louis XIV: The Women in the Life of the Sun King (p. 3; Doubleday Press).
  • Martha Walker Freer. The Married Life of Anne of Austria: Queen of France, Mother of Louis Xiv.
  • Kleinman, Ruth: Anne of Austria. Queen of France.
  • Hills, edited by Helen (2003). Architecture and the politics of gender in early modern Europe. Aldershot: Ashgate. pp. 48–9.
  • Mignot, Claude (2001). Le Val-de-Grâce : l'ermitage d'une reine ([Réimpr.]. ed.). Paris: CNRS Éditions. p. 112.
  • Antonia Fraser. Love and Louis XIV: The Women in the Life of the Sun King.
  • In fact the couple spent the week of 23 to 30 November 1637 together at Saint-Germain-en-Laye, the presumed time of the conception of the Dauphin Louis Dieudonné.
  • Oliver Mallick, »Spiritus intus agit«. Die Patronagepolitik der Anna von Österreich 1643-1666 (Berlin: De Gruyter 2016).
  • Oliver Mallick, Clients and Friends: The Ladies-in-waiting at the Court of Anne of Austria (1615-1666), in: The Politics of Female Households. Ladies-in-Waiting across Early Modern Europe, ed. by Nadine N. Akkerman, Birgit Houben, Leiden: Brill, 2013, pp. 231–264.
  • Oliver Mallick, Au service de la reine. Anne d'Autriche et sa maison (1616-1666), in: www.cour-de-france.de. Online at cour-de-france.fr
  • Claude Dulong, Anne d' Autriche, mère de Louis XIII (1985).
  • Marie-Catherine Vignal Souleyreau: Anne d' Autriche: La jeunesse d' une souveraine (Paris: Flammarion 2006).
  • Ruth Kleinman, Anne of Austria: Queen of France (1985).
  • Jean de la Varende, Anne d' Autriche: femme de Louis XIII (1954).
  • Paul Robiquet, Le coeur d'une Reine. Anne d'Autriche, Louis XIII et Mazarin (Paris: Felix Alcan 1912).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ავსტრიელი (1601-1666)
დაიბადა: 22 სექტემბერი 1601 გარდაიცვალა: 20 იანვარი 1666
წინამორბედი:
მარია მედიჩი
საფრანგეთის დედოფლების სია
24 ნოემბერი 1615 - 14 მაისი 1643
შემდეგი:
მარია ტერეზა ესპანელი
წინამორბედი:
მარია მედიჩი
ნავარის დედოფალი
24 ნოემბერი 1615 - აგვისტო 1620
შემდეგი:
შეუერთდა საფრანგეთს