ლეონორ კასტილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონორ კასტილიელი
Eleanor Castile.jpg
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 19 აგვისტო, 1274
მმართ. დასაწყისი: 20 ნოემბერი, 1272
მმართ. დასასრული: 28 ნოემბერი, 1290
წინამორბედი: ელეანორ პროვანსელი
მემკვიდრე: მარგარიტა ფრანგი
სხვა წოდებები: პონტიეს გრაფინია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1241
დაბ. ადგილი: ბურგოსი, კასტილია
გარდ. თარიღი: 28 ნოემბერი, 1290, (48-49 წლის)
გარდ. ადგილი: ნოტინგემი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: 17 დეკემბერი, 1290
უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ედუარდ I, ინგლისის მეფე
შვილები: ელეანორი, ბარის გრაფინია
ჯოანი, გლოსტერის გრაფინია
ალფონსო, ჩესტერის ერლი
მარგარეტი, ბრაბანტის ჰერცოგინია
მერი
ჰენრი
ელიზაბეთი, ჰერეფორდის გრაფინია
ედუარდ II, ინგლისის მეფე
დინასტია: ივრეა
მამა: ფერნანდო III, კასტილიის მეფე
დედა: ჟანა დამარტინი
რელიგია: კათოლიციზმი

ლეონორ კასტილიელი (ესპ. Leonor de Castilla, ინგლ. Eleanor of Castile; დ. 1241 — გ. 28 ნოემბერი, 1290) — კასტილიის მეფე ფერნანდო III-ის ქალიშვილი. ინგლისის დედოფალი 1272-1290 წლებში როგორც ედუარდ I-ის პირველი მეუღლე. მეფე ედუარდ II-ის დედა. იგი აქტიურად ერეოდა ინგლისის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.

დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონორი დაიბადა 1241 წელს ბურგოსში. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ფერნანდო III-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ჟანა დამარტინის ქალიშვილი. დედამისი იყო პონტიეს გრაფინია და საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის შვილიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი დაბადების თარიღი არსადაა მოხსენიებული, მაგრამ 1291 წელს, მისი გარდაცვალების წლის თავზე, მისი ასაკის შესაბამისად 49 სანთელი დაანთეს, რითაც დგინდება, რომ იგი 1241 წელს უნდა დაბადებულიყო. ლეონორი მას შემდეგ დაიბადა, რაც მამამისი ანდალუსიაში ლაშქრობიდან დაბრუნდა.

ნიშნობა ნავარის მეფეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1250 წლიდან მოყოლებული, ლეონორი მამამისმა, ფერნანდო III-მ და მისმა ნახევარ-ძმამ, მომავალმა მეფე ალფონსო X-მ დანიშნეს ნავარის ახალგაზრდა მეფე თეობალდ II-ზე. ამ ქორწინებას უნდა მოჰყოლოდა ორ ესპანურ სამეფოს შორის დაახლოვება, თუმცა 1252 წელს თეობალდის დედამ, დედოფალმა მარგარიტა დე ბურბონმა განაცხადა, რომ მისი ვაჟი არასოდეს იქორწინებდა ესპანელ ქალზე. ამის გამო მან თეობალდი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის ასულ იზაბელა ფრანგზე დააქორწინა. ყოველივე ამის შემდეგ, ლეონორის საქმროდ მოიაზრებოდა არაგონის მეფე ხაიმე I, თუმცა ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა.

ინგლისის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება ედუარდ I-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1252 წელს ალფონსო X-მ გასკონიის საჰერცოგოზე განაცხადა სრულიად უსაფუძვლო პრეტენზია, რომელიც ინგლისის მეფის საკუთრებაში შედიოდა. ინგლისის მეფე ჰენრი III-მ ალფონსოს პრეტენზიები დიპლომატიურად გაუმართლებლად გამოაცხადა და წინააღმდეგობის გაწევა სამხედრო ძალებით გადაწყვიტა. 1254 წელს, უშედეგო ბრძოლების შემდეგ ორ მეფეს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ვინაიდან ამ დროს არც ალფონსოს და არც ჰენრის აღარ ჰქონდა ომის გასაგრძელებელი ფინანსური საშუალება, მეფეები საბოლოოდ მშვიდობაზე შეთანხმდნენ. მშვიდობის გარანტია იყო ჰენრის უფროსი ვაჟის, პრინცი ედუარდისა და ალფონსოს უმცროსი ნახევარ-დის, ლეონორის დაქორწინება, რის შემდეგაც კასტილიელები თავიანთ პრეტენზიას გასკონიაზე უარყოფდნენ. მეფე ჰენრი იმდენად მოუთმენლად ელოდა ამ ქორწინებას, რომ ლეონორის ინგლისში ჩასვლას ვეღარ მოუცადა და თავისი ვაჟი გააგზავნა ესპანეთში.

ახალგაზრდა წყვილი 1254 წლის 18 ოქტომბერს დაქორწინდა ქალაქ ბურგოსის ლას-ელუგას სახელობით ტაძარში. ჰენრი III დიდად ამაყობდა, რომ ბოლოს და ბოლოს გადაჭრა გასკონიის კრიზისი, მაგრამ ინგლისელი დიდებულები შიშობდნენ, რომ ლეონორი და მისი ესპანელი ნათესავები ჰენრი III-ის გულუხვობით ისარგებლებდნენ და მის ხარჯზე იცხოვრებდნენ, ისევე, როგორც ეს მისი იტალიელი მეუღლის შემთხვევაში მოხდა. ამის გამო, ლეონორის ქორწინება ინგლისში არაპოპულარული იყო და ინგლისელები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მეფეს მისთვის დიდი პენსია არ გამოეყო. მიუხედავად თავდაპირველი ცუდი შთაბეჭდილებისა, ლეონორმა მაინც მოიგო ინგლისელთა გულები, როდესაც მისი დამსახურებით უელსის სამთავრო საბოლოოდ შეუერთდა ინგლისის დომენს. პრინცესა ლეონორი აქტიურად ებრძოდა უკანასკნელ უელსელ თავად ერლ სნოუდენს, რომლის დამარცხების შემდეგაც მან უელსში კაინარვონის ციხესიმაგრე ააგო, სადაც გააჩინა თავისი პირველი ვაჟი. ლაშქრობის დასრულების შემდეგ, ჰენრი მოელაპარაკა უელსელ დიდებულებს და მშვიდობა დაამყარა. უელსელებმა მოითხოვეს, რომ ახლად დაბადებული პრინცი მათთან აღზრდილიყო და მას არ უნდა სცოდნოდა არც საქსონიური და არც ფრანგული ენა. ჰენრიმ მათი ეს მოთხოვნა აასრულა, რის შემდეგაც თავის ვაჟს, ედუარდ უელსის პრინცის წოდება მიანიჭა, ლეონორი კი ისტორიაში პირველი უელსის პრინცესა გახდა. სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ინგლისის ტახტის პირველი მემკვიდრე ატარებდა უელსის პრინცის წოდებას.

ბარონების მეორე აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ლეონორ კასტილიელი

1260-იანი წლებიდან ინგლისში ბარონებსა და სამეფო ოჯახს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ პერიოდში ლეონორი აქტიურად უჭერდა მხარს ედუარდის ინტერესებს. რადგანაც ლეონორის დედა გავლენიანი ფრანგი დიდებული იყო, საფრანგეთიდან ინგლისის სამეფო ოჯახში ჩადიოდა უამრავი დამხმარე მშვილდოსანი და დიდძალი ოქრო. დედამისი, ჟანა დამარტინი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჰენრი III-ს გაემარჯვა და ლეონორს ტახტი შეენარჩუნებინა. ჟანა ლეონორს სთხოვდა, რომ ომის გამო დაეტოვებინა ქვეყანა და მასთან ჩასულიყო საფრანგეთში, მაგრამ იგი ბოლომდე ინგლისში დარჩა. ამ დროს დაიძრა ჭორები, რომ ლეონორის ძმა მეფე ჰენრის დიდ ესპანურ ლაშქარს უგზავნიდა, რის გამოც ამბოხებულები სწრაფად ამოქმედდნენ. ბარონებმა 1264 წლის ივნისში ალყა შემოარტყეს უინძორის სასახლეს, სადაც შეიპყრეს და დააპატიმრეს პრინცი ედუარდი, თუმცა ლეონორმა გაქცევა მოახერხა. ედუარდი უესტმინსტერის სააბატოში გადაიყვანეს და იქ გამოკეტეს. 1265 წელს, ევეშამის ბრძოლაში ჰენრი III-მ დაამარცხა ბარონები და მხოლოდ ამის შემდეგ განთავისუფლდა ედუარდი. ამით დასრულდა ბარონთა ამბოხება, რის შემდეგაც ედუარდმა მთავრობაში გარკვეული რეფორმები გატარა. მათი პოზიცია განსაკუთრებით 1266 წელს ვაჟის, ჯონის გაჩენის შემდეგ გაძლიერდა. ამას დაერთო 1268 წელს მეორე ვაჟის, ჰენრის, ხოლო 1269 წელს პრინცესა ელეანორის გაჩენა.

ჯვაროსნული ლაშქრობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1270 წელს, ედუარდი და ლეონორი დაიძრნენ, რათა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს შეერთებოდნენ მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში საბრძოლველად. ზამთრის დადგომის გამო ისინი სიცილიაზე შეჩერდნენ, სადაც შეიტყვეს, რომ მეფე ლუი ტუნისში გარდაცვლილიყო. წყვილმა გზა განაგრძო და პალესტინის გზაზე, ქალაქ აკრაში 1272 წელს ლეონორმა გოგონა გააჩინა, სახელად ჯოანი, რომელსაც დაბადების ადგილის გამო მთელი ცხოვრება ჯოან აკრელს უწოდებდნენ.

ჯვაროსნული ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ბაჰართა დინასტიის წარმომადგენელი ბაიბასი საკმაოდ შეშფოთებული იყო ედუარდთან შეხვედრის გამო, რა დროსაც მუსულმანებმა მის ქალიშვილ ჯოანზე თავდასხმა სცადეს. 1272 წელს წყვილი ინგლისში დაბრუნდა, სადაც მეფე ჰენრი III უკვე გარდაცვლილიყო და ედუარდ I ინგლისის მეფედ ითვლებოდა, ლეონორი კი დედოფლად. უკანა გზაზე ედუარდი მუსულმანებმა მოწამლული ხანჯლით დაჭრეს. ახალგაზრდა მეფეს ჭრილობა მალე სერიოზულად გამოებერა, რის გამოც ინგლისელი ქირურგები ყველაფერს აკეთებდნენ მის განსაკურნად. როგორც ცნობილია, დედოფალი ლეონორი, რომელიც „ცხარედ ქვითინებდა“, ქმრის საწოლს ძლივს მოაშორეს.

როგორც შემდგომში ინფორმაცია გავრცელდა, დედოფალმა მოახერხა მეფისათვის შხამის მოცილება, თუმცა როგორ ეს უკვე უცნობია. მიუხედავად ამისა, ედუარდი განიკურნა და მათ წმინდა მიწა მხოლოდ 1272 წლის სექტემბერში დატოვეს, დეკემბერში კი უკვე სიცილიაზე იყვნენ. ისინი რამდენიმე თვეში ჩავიდნენ ინგლისში, სადაც 1274 წლის 19 აგვისტოს, უესტმინსტერის სააბატოში მეფე-დედოფლად ეკურთხნენ.

დედოფალი ლეონორი თავის ქმარს ლაშქრობებისას ყოველთვის თან ახლდა. როგორც ცნობილია, ლაშქრობებისას მან არაერთხელ იმშობიარა, დაბადებულ ბავშვს კი ყოველთვის იმ ადგილის სახელს უწოდებდნენ, სადაც შემთხვევით დაიბადა. 1284 წელს, უელსში ლაშქრობისას ლეონორმა თავისი მეთექვსმეტე და უკანასკნელი ვაჟი, მომავალი მეფე ედუარდ II გააჩინა.

დედოფალი ლეონორ კასტილიელი გარდაიცვალა 1290 წლის 28 ნოემბერს ნოტინგემში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, 1299 წელს ედუარდი მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის სილამაზით სახელგანთქმულ ქალიშვილ მარგარიტა ფრანგზე, რომელთანაც კიდევ ორი ვაჟი შეეძინა. ედუარდი გარდაიცვალა 1307 წელს, 68 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მკვდარშობილი გოგონა (1255);
  2. კათრინი (1261-1264), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჯოანა (1265), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ჯონი (1266-1271), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ჰენრი (1268-1274), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ელეანორი (1269-1298), დანიშნული იყო არაგონის მეფე ალფონსო III-ზე, რომელიც ქორწილამდე გარდაიცვალა, რის გამოც იგი ცოლად გაჰყვა ბარის ჰერცოგ ანრი III-ს, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  7. მკვდარშობილი გოგონა (1271);
  8. ჯოანი (1272-1307), პირველად იქორწინა ჰერტფორდის ერლ გილბერტ დე კლარზე, რომელიც მალევე დაიღუპა, რის გამოც იგი მეორედ მისთხოვდა გლოსტერის გრაფ რალფ დე მონთერმერს;
  9. ალფონსო (1273-1284), ჩესტერის ერლი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  10. მარგარეტი (1275-1333), ცოლად გაჰყვა ბრაბანტის ჰერცოგ ჟან II-ს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
  11. ბერენგარია (1276-1278), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  12. მკვდარშობილი გოგონა (1278);
  13. მერი (1279-1332), ბენედიქტელთა ორდერის მონაზონი ამესბურში;
  14. მკვდარშობილი ვაჟი (1280);
  15. ელიზაბეთი (1282-1316), პირველად იქორწინა ჰოლანდიის გრაფ იოან I-ზე, რომელიც მალევე გარდაიცვალა, რის გამოც ცოლად გაჰყვა ჰერეფორდისა და ესექსის გრაფ ჰამფრეი დე ბოუნს, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა;
  16. ედუარდ II (1284-1327), ინგლისის მეფე, ცოლად შეირთო იზაბელა ფრანგი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hamilton, Bernard (1996). "Eleanor of Castile and the Crusading Movement". In Arbel, Benjamin (ed.). Intercultural Contacts in the Medieval Mediterranean. Frank Cass.
  • Parsons, John Carmi. Eleanor of Castile: Queen and Society in Thirteenth Century England, 1995.
  • Parsons, John Carmi, "The Year of Eleanor of Castile's Birth and Her Children by Edward I," Mediaeval Studies 46 (1984): 245–265, esp. 246 n. 3.
  • Parsons, John Carmi, 'Que nos lactauit in infancia': The Impact of Childhood Care-givers on Plantagenet Family Relationships in the Thirteenth and Early Fourteenth Centuries," in Women, Marriage, and Family in Medieval Christendom: Essays in Memory of Michael M. Sheehan, C.S.B, ed. Constance M. Rousseau and Joel T. Rosenthal (Kalamazoo, 1998), pp. 289–324.
  • Powicke, Frederick Maurice (1991). The Thirteenth Century, 1216–1307. Oxford University Press.
  • Cockerill, Sara (2014). Eleanor of Castile: the shadow queen. Stroud: Amberley. ISBN 9781445635897.
  • Dilba, Carsten. Memoria Reginae: Das Memorialprogramm für Eleonore von Kastilien, Hildesheim 2009.