ფრანჩესკო II სფორცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანჩესკო II სფორცა
Tiziano e-o bottega, ritratto di francesco II sforza Cropped.JPG
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 4 აპრილი, 1522
მმართ. დასასრული: 2 ნოემბერი, 1535
წინამორბედი: ფრანსუა I ვალუა
მემკვიდრე: ფილიპე II ჰაბსბურგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 თებერვალი, 1495
დაბ. ადგილი: მილანი, მილანის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1535, (40 წლის)
გარდ. ადგილი: მილანი, მილანის საჰერცოგო
მეუღლე: კრისტინა დანიელი
(ქ. 1534)
დინასტია: სფორცები
მამა: ლუდოვიკო სფორცა
დედა: ბეატრიჩე დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანჩესკო II სფორცა (იტალ. Francesco II Sforza; დ. 4 თებერვალი, 1495 — გ. 2 ნოემბერი, 1535) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასა და ბეატრიჩე დ’ესტეს უმცროსი ვაჟი. მილანის უკანასკნელი ჰერცოგი სფორცას დინასტიიდან 1522-35 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო დაიბადა 1495 წლის 4 თებერვალს მილანში. იგი იყო მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასა და მისი მეუღლის, ბეატრიჩე დ’ესტეს მეორე ვაჟი. მას სახელი ბაბუის, მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის პატივსაცემად დაარქევეს. იგი სულ ორი წლის იყო, როდესაც დედამისი მშობიარობას გადაჰყვა. მისმა ბავშვობამ და მთლიანად ცხოვრებამ, იტალიური ომების პერიოდში გაიარა. 1500 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XII შევიდა მილანში და ლუდოვიკო დაამხო, რომელიც ვაჟებთან ერთად ავსტრიაში გაიქცა, სადაც იმპერატორს ცოლად მისი ძმისწული, ბიანკა მარია სფორცა ჰყავდა.

ლუდოვიკო მალე უკან დაბრუნდა და ტახტის დაკავება სცადა, თუმცა ლუი XII-მ იგი დაატყვევა და საფრანგეთში, შატო დე ლოშში გამოკეტა, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ჰყავდა დამწყვდეული, სადაც იგი 1508 წელს დაიღუპა. 1512 წელს, ცოტახნით შეძლო ფრანჩესკოს ძმამ, მასიმილიანომ ტახტის დაბრუნება, მაგრამ იგი მეფე ფრანსუა I-მა მოისყიდა და ტახტი 1515 წელს ფრანგებს დაუთმო. ფრანჩესკომ მხოლოდ 1521 წელს მოახერხა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის დახმარებით დაებრუნებინა მილანის ტახტი და გაეძევებინა ფრანგები. იგი თავისი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელიც მილანს მართავდა. მის მმართველობასა და საჰერცოგოს სპეციალურად იცავდა კარლ V-ის ესპანური ჯარები.

იგი თავის სამშობლოში დაბრუნდა და მმართველობა დაიწყო. ამის შემდეგ, იგი იმპერატორის მხარეს იბრძოდა ბიკოკას ბრძოლაში, 1522 წელს. 1526 წელს, მან უღალატა კარლ V-ს და კონიაკის ლიგაში გაწევრიანდა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან, პაპ კლემენტე VII-თან და ფლორენციის რესპუბლიკასთან ერთად.

1534 წლის 4 მაისს, ფრანჩესკომ ცოლად შეირთო კარლ V-ის 12 წლის დისწული, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან II-ისა და დედოფალ იზაბელა ავსტრიელის უფროსი ასული — კრისტინა დანიელი. ეს ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო გამოდგა. 1535 წელს ფრანჩესკო II გარდაიცვალა, 40 წლის ასაკში. მისმა ნახევარ-ძმამ, ჯოვანიმ სცადა მილანის ტახტის დაკავება, თუმცა ისიც მალევე დაიღუპა, რის გამოც მილანის საჰერცოგო კარლ V-ის უფროს ვაჟს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს დარჩა, რის შემდეგაც მილანი ესპანეთის პატარა პროვინციად იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Mallett and Christine Shaw, The Italian Wars:1494-1559, Pearson Education Limited, 2012.
  • Charles Oman. A History of the Art of War in the Sixteenth Century. London: Methuen & Co., 1937.
  • Ernst Schulin. Kaiser Karl V: Geschichte eines übergroßen Wirkungsbereiches. Stuttgart: Kohlhammer, 1999.