ხუანა ავსტრიელი
ხუანა ავსტრიელი | |
---|---|
ხუანა ავსტრიელი 1552-53 წლებში, შესრულებულია ალონსო სანჩეს კოელოს მიერ | |
დაბადების თარიღი |
24 ივნისი 1535 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
7 სექტემბერი 1573 (38 წლის) ესკორიალი, ესპანეთი |
წოდება | პორტუგალიის პრინცესა, ესპანეთის ინფანტა, ავსტრიის ერცჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ჟუან მანუელ პორტუგალიელი |
შვილ(ებ)ი | სებასტიან I ავისი, პორტუგალიის მეფე |
მშობლები |
მამა: კარლ V ჰაბსბურგი, საღვთო რომის იმპერატორი დედა: ისაბელ პორტუგალიელი |
ხელმოწერა |
ხუანა ავსტრიელი (ესპ. Juana de Austria, პორტ. Joana de Austria; დ. 24 ივნისი 1535 — გ. 7 სექტემბერი 1573) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა და ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებიდან, პორტუგალიის პრინცესა ქორწინებით. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და მისი მეუღლის, ისაბელ პორტუგალიელის ნაბოლარა შვილი. პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის დედა. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის და და მისი რეგენტი 1554-1559 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუანა დაიბადა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და ისაბელ პორტუგალიელის ნაბოლარა შვილი. მას მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე I და კასტილიისა და არაგონის დედოფალი ხუანა I. ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე მანუელ I და დედოფალი მარია არაგონელი.
იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ესპანელის უმცროსი და. რვა წლის ასაკში ხუანას შეეძლო ლათინურად საუბარი და რამდენიმე საკრავზე დაკვრა. 1552 წლის 11 იანვარს, 17 წლის ხუანა მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს (დედის ხაზით), პორტუგალიის პრინც ჟუან მანუელ ავისს. ხუანა პორტუგალიის სამეფო სასახლეში 1552 წლის ნოემბერში ჩავიდა.
მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1554 წლის 2 იანვარს ჟუანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ამ დროს ხუანა რვა თვის ორსული იყო. ამავე წლის 20 იანვარს მან პორტუგალიის მომავალი მეფე სებასტიანი გააჩინა.
1554 წლის მაისში მამისა და ძმის თხოვნით ხუანამ პატარა სებასტიანი თავის დედამთილს, პორტუგალიის დედოფალ ეკატერინე ავსტრიელს დაუტოვა და მადრიდში გაემგზავრა. ხუანა გახდა თავისი ძმის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის რეგენტი, რომელსაც ცოლად ჰყავდა ინგლისის დედოფალი მერი ტიუდორი და აუცილებლად ინგლისში უნდა გადაცხოვრებულიყო, ხოლო მის არ ყოფნაში ესპანეთი რეგენტს უნდა ემართა. ხუანამ რეგენტის მოვალეობებს თავი ბრწყინვალედ გაართვა. ხუანა მეორედ აღარ გათხოვდა და აღარც პორტუგალიაში აღარ ჩასულა. მას თავისი ვაჟი სულ ერთხელ ჰყავდა ნანახი და ისიც ჩვილობაში. თუმცა ხუანას სებასტიანის ყველა ასაკის პორტრეტი ჰქონდა და ხედავდა როგორ ჰგავდა ბიჭი მას და ამაყობდა ამით. 1559 წელს დაქვრივებული ფილიპე ესპანეთში ახალი მეუღლით დაბრუნდა და ხუანასაც რეგენტის ტიტული ჩამოერთვა.
1557 წელს მან მადრიდში დააარსა დედათა მონასტერი, სადაც ფეხსაცმლით შესვლა აკრძალული იყო. გამონაკლისი მხოლოდ ორსულებზე დაიშვებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ფეხშიშველს უნდა ევლოთ ან სპეციალური სანდლებით.
მონასტერი მალევე გახდა პოპულარული, იქ მალევე აღიკვეცა მონაზვნად მრავალი არისტოკრატი ქალბატონი. დღეს ეს მონასტერი ესპანეთის ეროვნული ძეგლია.
ხუანა ავსტრიელი გარდაიცვალა 1573 წლის 7 სექტემბერს, დაკრძალულია მისსავე დაარსებულ მონასტერში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ გალერეაში წარმოდგენილია ხუანას ოჯახის წევრები:
-
ისაბელ პორტუგალიელი, ხუანას დედა
-
ესპანეთის მეფე ფილიპე II, ხუანას ძმა
-
პორტუგალიის მეფე სებასტიან I, ხუანას ვაჟი
-
იმპერატორი კარლ V, ხუანას მამა
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yanko, Aroní; Juana de Austria, Reina en la sombra; Barcelona, Editorial Belacqva, 2003.
- Villacorta Baños, Antonio; La jesuita: Juana de Austria; Barcelona, Editorial Ariel, 2005.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|