ჯეიმზ V (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ V
ინგლ. James V
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 21 სექტემბერი 1513
მმართ. დასაწყისი: 9 სექტემბერი 1513
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი 1542
წინამორბედი: ჯეიმზ IV
მემკვიდრე: მარიამ სტიუარტი
რეგენტი: მარგარეტ ტიუდორი (1513-14)
ჯონ სტიუარტი (1515-24)
არჩიბალდ დუგლასი (1525-28)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 აპრილი 1512
დაბ. ადგილი: დასავლეთ ლოტიანი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1542 (30 წლის)
გარდ. ადგილი: ფაიფი, შოტლანდია
მეუღლე: მადლენა ვალუა
მარია დე გიზი
შვილები: ჯეიმზ სტიუარტი
მარიამ სტიუარტი
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჯეიმზ IV
დედა: მარგარეტ ტიუდორი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯეიმზ V (ინგლ. James V; დ. 10 აპრილი, 1512 — გ. 14 დეკემბერი, 1542) — შოტლანდიის მეფე სტიუარტების გვარიდან.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ V იყო შოტლანდიის მეფის, ჯეიმზ IV-ის და მარგარეტ ტიუდორის ვაჟი.

1513 წელს ჯეიმზ IV-ის ფლოდენის ბრძოლაში გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ჯეიმზ V, რომელსაც ჯერ კიდევ არ შესრულებოდა 2 წელი. მცირეწლოვანი მეფის რეგენტთა საბჭოს თავდაპირველად ხელმძღვანელობდა დედოფალი მარგარეტ ტიუდორი, თუმცა მისმა პროინგლისურმა სიმპატიებმა და ანგუსის გრაფთან ახალმა ქორწინებამ შოტლანდიის მაღალსაზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შედეგად 1515 წელს რეგენტობა გადაეცა ოლბანის ჰერცოგს, ჯონ სტიუარტს. ოლბანის ფერცოგის მმართველობის ხანა ხასიათდებოდა თანმიმდევრული პოლიტიკით საფრანგეთის მიმართ და ქვეყნის შიგნით შედარებითი სტაბილურობით. ჰერცოგის სახელმწიფოებრივი ნიჭი და პირადი ავტორიტეტი ხელს უწყობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა ბარონების ორ მტრულად განწყობილ დაჯგუფებას, არანომის და ანგუსების საგრაფოებს შორის.

1524 წელს ანგლოფილების განწყობის ტალღაზე ოლბანის ჰერცოგი გადაყენებულ იქნა რეგენტობიდან. ჯეიმზ V-ს მიეცა დამოუკიდებელად მართვის უფლება, თუმცა ხელისუფლება ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო ანგუსის ჰერცოგმა ჩაგიდო, რომელსაც ახალგაზრდა მეფე ედინბურგის სასახლეში შინაპატიმრობაში ჰყავდა. შოტლანდიელი ბარონების უმრავლესობამ უარი თქვა მხარი დაეჭია ჰერცოგის მმართველობისთვის, თუმცა 1526 წლის აჯანყება გრაფ ლენოკსის მეთაურობით, რომელსაც სურდა ახალგაზრდა მეფის განთავისუფლება, დამარცხდა, ხოლო თვითონ ლენოკსი კი მოკლეს. ჯეიმზ V-მ მხოლოდ 1528 წელს შესძლო დედის დახმარებით ედინბურგის სასახლიდან გაქცევა.

ინგლისთან დაპირისპირება და მეფის სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ V-მ, რომელიც ბავშვობაში იჩაგრებოდა ანგუსის გრაფის ანგლოფილური პარტიის მხრიდან, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა მტრული დამოკიდებულება ინგლისის მიმართ. თუმცა,პირველ ხანებში, სანამ მოქმედებდა ინგლის-საფრანგეთის ზავი, ეს მტრობა არ გამომჟღავნებულა, პირიქით მიმდინარეობდა მოლაპარაკება მეფისა და ჰენრი VII უფროს ქალაიშვილის მერის ქორწინების შესახებ. თუმცა ჰენრი VIII-ს განხეთქიელბამ რომის პაპთან კათოლიკების სასტიკმა დევნამ და ჯეიმზ V-ის დინასტიურმა კავშირმა საფრანგეთთან, 1530-იანი წლების ბოლოს მკვეთრად დაძაბა ინგლის-შოტლანდიის ურთიერთობა.

ფოლკლენდის სასახლე, სადაც მეფე ჯეიმზ V გარდაიცვალა

1541 წლის სექტემბერში ინგლისის მეფის წინადადებით ორგანიზება გაუკეთდა ორივე ბრიტანული სახელმწიფოს მონარქის შეხვედრას იორკში. თუმცა ჯეიმზ V-მ ტყვეობის შიშით უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე ჩასულიყო, რამაც ჰენრი VIII-ის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც პირველად იყო ასეთ შორ ვიზიტზე ჩასული. გამოცხადდა ინგლისის არმიის მობილიზება და 1542 წლის აგვისტოში ინგლისის არმია შეიჭრა შოტლანდიის ტერიტორიაზე, მაგრამ ჰანტლის გრაფთან ჰადონ-რიგის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ჯეიმზ V-მ შეკრიბა შოტლანდიის ლაშქარი, თუმცა შოტლანდიის წარჩინებულთა უმრავლესობამ, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკით, უარი განაცხადა მასში მონაწილეობაში. განრისხებულმა მეფემ ჰანტლის გრაფი მოხსნა სარდლის თანამდებობიდან და 20 000-იანი არმიით დაიძრა ინგლისის საზღვრებისკენ. 1542 წლის 24 ნოემბერს შოტლანდიელთა მცირე რაზმი მეფის ფავორიტის ოლივერ სინკლერის მეთაურობით დამარცხდა სოლუე-მოსესთან ბრძოლაში. შოტლანდიელთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო, თუმცა მარცხმა გამოიწვია ჯარისკაცების მხრიდან მასობრივი დეზერტირობა და რამდენიმე ბარონის ინგლისის მხარეზე გადასვლა. იმედგაცრუებული და ყველასგან მიტოვებული მეფე დაბრუნდა თავის ფოლკლენდის სასახლეში, სადაც 1542 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა.

ლიტერაუტრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]