შინაარსზე გადასვლა

ფრანც II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანც II
საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი და გერმანიის მეფე
კორონაცია: 14 ივლისი, 1792, ფრანკფურტი
მმართ. დასაწყისი: 5 ივლისი, 1792
მმართ. დასასრული: 6 აგვისტო, 1806
წინამორბედი: ლეოპოლდ II
მემკვიდრე: იმპერია დაიშალა
ავსტრიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 11 აგვისტო, 1804
მმართ. დასასრული: 2 მარტი, 1835
წინამორბედი: თავისი თავი, როგორც ერცჰერცოგი
მემკვიდრე: ფერდინანდ I
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 6 ივნისი, 1792, ბუდა
9 აგვისტო, 1792, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 1 მარტი, 1792
მმართ. დასასრული: 2 მარტი, 1835
წინამორბედი: ლეოპოლდ II
მემკვიდრე: ფერდინანდ V
ლომბარდო-ვენეციის მეფე
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1815
მმართ. დასასრული: 2 მარტი, 1835
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე: ფერდინანდ I
ბრაბანტის, ლიმბურგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგი, ფლანდრიის, ენოსა და ნამიურის გრაფი
მმართ. წლები: 1792-1793
წინამორბედი: ლეოპოლდ II
მემკვიდრე: ფრანგული ოკუპაცია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 თებერვალი, 1768
დაბ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო, იტალია
გარდ. თარიღი: 2 მარტი, 1835, (67 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
მეუღლე: ელიზაბეთ ვიურტემბერგელი
(ქ. 1788 - გარდ. 1790)
მარია ტერეზა სიცილიელი
(ქ. 1790 - გარდ. 1807)
მარია ლუდოვიკა მოდენელი
(ქ. 1808 - გარდ. 1816)
კაროლინა ავგუსტა ბავარიელი
(ქ. 1816)
შვილები: მარია ლუიზა, საფრანგეთის დედოფალი
ფერდინანდ I, ავსტრიის იმპერატორი
მარია ლეოპოლდინა, პორტუგალიის დედოფალი
მარია კლემენტინა, სალერნოს პრინცესა
მარია კაროლინა, საქსონიის კრონპრინცესა
ფრანც კარლი
სრული სახელი: ფრანც იოზეფ კარლი
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა: ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ლუისა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ფრანც II (გერმ. Franz II.; დ. 12 თებერვალი, 1768, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო, იტალია — გ. 2 მარტი, 1835, ვენა, ავსტრიის იმპერია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორი 1792 წლიდან 1806 წლამდე, იქამდე, სანამ იმპერატორმა ნაპოლეონმა აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ საღვთო რომი დაშალა. 1804 წლიდან იგი ავსტრიის პირველი იმპერატორი გახდა ფრანც I-ის სახელით, რის შემდეგაც იგი იმპერიას გარდაცვალებამდე მართავდა. 1804-1806 წლებში იგი იყო როგორც ავსტრიის, ისე საღვთო რომის იმპერატორი, მსოფლიოს ისტორიას კი ერთდროულად ორი იმპერიის იმპერატორი მის გარდა არ ახსოვს. გარდა ამისა, იგი იყო გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიისა და ლომბარდო-ვენეციის მეფე. 1815 წლამდე ფლობდა გერმანიის კონფედერაციის პრეზიდენტის წოდებასაც.

მიუხედავად აუსტერლიცის ბრძოლაში დამარცხებისა, ფრანცი ბოლომდე განაგრძობდა ნაპოლეონისა და საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც არაერთხელ დამარცხდა. ამის გამო, 1810 წელს თავისი ასული მარია ლუიზა ნაპოლეონს მიათხოვა, რაც ისტორიაში „ავსტრიული ქორწინების“ სახელითაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, იგი ფრანგების წინააღმდეგ გამოვიდა მეექვსე კოალიციის ომში. ნაპოლეონის დამხობის შემდეგ იგი ვენის კონგრესის წამყვანი წევრი იყო თავის კანცლერთან, გრაფ მეტერნიხთან ერთად. მართალია, მან ვეღარ აღიდგინა კონტროლო გერმანულ მიწებზე, თუმცა მან მაინც დაიბრუნა ჩრდილოეთ იტალია და სხვა დაკარგული მიწები. ამასთან ერთად, იგი მიჩნეულია ერთობ კონსერვატორ მონარქად, რამეთუ იგი ეწინააღმდეგებოდა ევროპაში მიმდინარე ლიბერალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების არსებობას.

ფრანცის შვილიშვილები იყვნენ: საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ II, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფ I, მექსიკის იმპერატორი მაქსიმილიან I, პორტუგალიის დედოფალი მარია II და ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II.

2 წლის ერცჰერცოგი ფრანცი, 1770 წელი.

ფრანცი დაიბადა 1768 წლის 12 თებერვალს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდისა და მისი მეუღლის, ინფანტა მარია ლუისა ესპანელის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას, ხოლო დედის მხრიდან ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის შვილიშვილი იყო. მრავალი დედმამიშვილით გარშემორტყმულმა ფრანცმა ბედნიერი ბავშვობა გაატარა ფლორენციაში, თუმცა ბიძამისის, იმპერატორ იოზეფ II-ის უნაყოფობის გამო იცოდნენ, რომ იგი მომავალი იმპერატორი იყო. 1784 წელს იგი ოფიციალურად გამოცხადდა ტახტის მეორე მემკვიდრედ, მამის შემდეგ, რის გამოც მან სამუდამოდ დატოვა ფლორენცია და ვენაში გაემგზავრა, სადაც მას უნდა მიეღო განათლება და მომზადებულიყო თავისი მომავლისთვის.

იმპერატორმა იოზეფ II-მ ფრანცის განათლებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო. მისი დისციპლინური რეჟიმი აშკარად განსხვავდებოდა გულცივი ფლორენციული სამეფო კარისაგან. იოზეფს მისი თვისებები არ მოსწონდა, რის გამოც დებთან მიწერილ წერილებში ფრანცზე შემდეგ რაღაცებს წერდა: „ზრდას ჩამორჩენილია“, „ზედმეტად ჭირვეულია“, „არც მეტი და არც ნაკლები, იგი დედის მიერ გაფუჭებული ბავშვია“. მიუხედავად ამისა, იმპერატორმა ხელი არ ჩაიქნია და ძმისწულზე ზრუნვას განაგრძობდა.

ახალგაზრდა ფრანცის გასაუმჯობესებლად იმპერატორმა აღზრდის ძველებურ მეთოდებს მიმართა, რომლებიც „შიშსა და უსიამოვნებებზე“ იყო დაფუძნებული. ერცჰერცოგი ფრანცი იზოლირებული იყო, რასაც საკუთარი თვითკმაყოფილების ჩახშობა და ფიქრის უნარის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა, რადგან იოზეფის აზრით „ფრანცს არ შეუძლია თავის მართვა, დამოუკიდებლად აზროვნება“. სწავლის დასრულებისთანავე იმპერატორმა იგი უნგრეთში გაუშვა სამხედრო განათლების მისაღებად.

1790 წელს იოზეფ II გარდაიცვალა და საიმპერატორო ტახტს ფრანცის მამა, ლეოპოლდ II იკავებს. უკვე ხანში შესულ ლეოპოლდს საერთოდ არ აინტერესებდა ჰაბსბურგთა უზარმაზარი იმპერიის მართვა, რის გამოც მთელი ძალაუფლება ფრანცზე გადავიდა. ლეოპოლდის მთავარ მიზანს ძმის დროს გაკოტრებული ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა წარმოადგენდა. უკვე 1791 წლის ზამთარში ლეოპოლდ II ავად გახდა. 1792 წლის დასაწყისში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. იმავე წლის 1 მარტს, დღის პირველ ნახევარში ლეოპოლდ II გარდაიცვალა, 44 წლის ასაკში. ამის გამო ტახტი 24 წლის ფრანც II-მ დაიკავა.

ფრანც II 1806 წელს

როგორც ჰაბსბურგთა მულტიკულტურული იმპერიის ლიდერს, ფრანცს საფრთხეს უქმნიდა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის გეგმები და რეფორმები. საფრანგეთის გაფართოების ხარჯზე შევიწროვება უწევდათ ევროპის სხვა მონარქებს, რის გამოც ფრანცი თავიდანვე ფრანგების მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანცის მამიდა, საფრანგეთის დედოფალი მარი ანტუანეტი და მისი ქმარი, მეფე ლუი XVI ფრანგებმა სიკვდილით დასაჯეს, რის გამოც ფრანც ეს ნაცია პირადი მიზეზების გამოც სძულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასე თუ ისე, იგი გულგრილი იყო მამიდის ამბის მიმართ, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ცოცხალი იყო, ჟორჟ დანტონმა სცადა ავსტრიელებთან მოლაპარაკება დედოფლის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა ფრანცს დათმობებზე წასვლა არ სურდა.

მოგვიანებით, ფრანცი აქტიურად ჩაება რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართულ ომებში. 1794 წელს მან თავისი ძმა, ერცჰერცოგი კარლი დიდი არმიით გაუშვა ფლანდრიის კამპანიაში. აქ ისინი დამარცხდნენ და დაიდო კამპოფორმიოს ხელშეკრულება, რომლითაც ფრანცმა საფრანგეთს დაუთმო რაინის მარცხენა ნაპირზე მდებარე სამფლობელოები, ანუ ჰაბსბურგთა ნიდერლანდები (თანამედროვე ბელგია და ლუქსემბურგი), მალევე დაკარგა დალმაცია და ვენეციაც. მიუხედავად ამისა, მეორე-მესამე კოალიციებში იგი საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა. აუსტერლიცის ბრძოლაში დამარცხებასა და დადებულ ხელშეკრულებას ავსტრიის უკიდურესი შესუსტება მოჰყვა. ამის შემდეგ 1806 წელს საღვთო რომის იმპერია დაიშალა და მის ადგილზე ჩამოყალიბდა რაინის კონფედერაცია ნაპოლეონის გვირგვინქვეშ, რითაც მან გერმანულ სახელმწიფოებზე კონტროლი მთლიანად დაკარგა.

იმპერატორი ფრანცი 1830 წელს

1809 წელს ფრანცი საფრანგეთს თავს კვლავ დაესხა, იმ იმედით, რომ ისარგებლებდა ნახევარკუნძულის ომით, რომელშიც ნაპოლეონი ესპანეთს ებრძოდა და ერთიანი ძალებით გაანადგურებდნენ მას, თუმცა ის კვლავ დამარცხდა. ამჯერად ნაპოლეონმა ვენაც კი დაიკავა, რის გამოც იმპერატორი ოჯახთან ერთად გაიქცა ავსტრიიდან. ვენისა და ავსტრიის დასაბრუნებლად 1810 წელს ფრანცმა ნაპოლეონს ცოლად თავისი უფროსი ქალიშვილი მარია ლუიზა შერთო, რაც ისტორიაში „ავსტრიული ქორწინების“ სახელითაა შესული. თუმცაღა, მიუხედავად დაზავებისა, ფრანგებთან ომმა ძლიერ დაასუსტა ავსტრია, რომელმაც გერმანულ სახელმწიფოებს შორის ლიდერობა პრუსიას გადაულოცა.

1813 წელს მეოთხედ და უკანასკნელად ავსტრია კვლავ გაწევრიანდა ანტიფრანგულ კოალიციაში დიდ ბრიტანეთთან, რუსეთთან, შვედეთთან და პრუსიასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ კოალიციაში ავსტრიის შესვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა ფრანგების დამარცხების საქმეში. 1814 წელს მოკავშირეებმა დაამხეს და გააძევეს ნაპოლეონი. ფრანცმა თავისი ქალიშვილი და მისი ვაჟი ავსტრიაში დააბრუნა და გრაფ მეტერნიხთან ერთად მოაწყო ვენის კონგრესი, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაში ნაპოლეონამდელი საზღვრების აღდგენას. მიუხედავად ნაპოლეონის ხანმოკლე რესტავრაციისა, კონგრესი სრული ტრიუმფი იყო ფრანცისთვის, რომელმაც არა მხოლოდ დაიბრუნა ავსტრიის დაკარგული მიწები, არამედ დამატებით მიიღო ლომბარდო-ვენეციის მეფის წოდება. ამის შემდეგ იგი ალიანსში შევიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-თან და საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-თან.

ფრანცი 1827 წელს

საფრანგეთის რევოლუციის ძალადობრივმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა ფრანცზე (ისევე, როგორც სხვა ევროპელ მმართველებზე), რომელიც ამის შემდეგ აღარ იყო რადიკალიზმის მომხრე. 1794 წელს ავსტრიისა და უნგრეთის ჯარებში გამოვლინდა „იაკობინელთა“ შეთქმულება. მათი მეთაურები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, თუმცა ფრანცმა არ ისურვა მათი სიკვდილით დასჯა. ფრანცის ძმამ, უნგრეთის კურფიურსტმა ალექსანდერ ლეოპოლდმა მას ასეთი რამ მისწერა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამნაშავეები დავაკავეთ, საქმე ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ“. მიუხედავად კურფიურსტის აზრისა, რომ შეთქმულები გადაურჩნენ დასჯას, რეალურად მათი უმეტესობა დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, საკნებში არსებული საშინელი პირობების გამო კი ისინი სულ მალევე გარდაიცვალნენ.

ფრანცი არასოდეს ენდობოდა დაქვემდებარებულებს, რის გამოც მან ჯაშუშთა და ცენზორთა ფართო ქსელი შექმნა. ამის მაგალითი მან მამისაგან აიღო, რომელსაც ტოსკანაში ცხოვრებისას ევროპის ყველაზე ეფექტიანი საიდუმლო პოლიცია ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ჯაშუშთა ყურადღების მიღმა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები უნდა დარჩენილიყვნენ, რადგან ფრანცი ძმებს ბოლომდე ენდობოდა. მის დროს ასევე გამკაცრდა ცენზურა, რის გამოც დაიბლოკა მრავალი ნაწარმოები.

ფრანც II 1832 წელს

რაც შეეხება სამხედრო საქმიანობას, ფრანცმა მთელი ეს სფერო თავის ძმას, ერცჰერცოგ კარლს გადააბარა და სწორედ იგი იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ მთელი იმ წლების განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მას დიდად არ ადარდებდა სამხედრო სფერო, მტკიცდება იმითაც, რომ მისი რეფორმის მიხედვით გათავისუფლდა მრავალი ჯარისკაცი, რადგან სამხედროთა საერთო წლიური ხელფასი 40,000,000 ფლორინზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. არასაკმარისი დაფინანსება ინფლაციის ბრალი იყო, რასაც მოჰყვა ის, რომ 1830 წლისთვის ავსტრიული ჯარი 1817 წელს არსებულ ჯართან შედარებით 23%-ით იყო შემცირებული.

ჯერ კიდევ 1797 წელს, საფრანგეთთან მიმდინარე ომში ავსტრიელებში ერთიანობის გრძნობის გასაღვივებლად ახალი ჰიმნი, „Gott erhalte Franz den Kaiser“ შეაქმნევინა.

1835 წლის 2 მარტს, მამის გარდაცვალებიდან 43 წელსა და 1 დღეში, ფრანც II ვენაში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა მთელი თავისი ოჯახის თანდასწრებითა და რელიგიური რიტუალების გარემოში. მას ერთობ პომპეზური დაკრძალვა მოუწყვეს ვენაში, საიმპერატორო მავზოლეუმში, სადაც იგი დაკრძალეს სასახლეში, რომელსაც 3 დღის განმავლობაში ამზადებდნენ ავსტრიელი ოსტატები. იგი საიმპერატორო მავზოლეუმში დაკრძალულია რიგით 57-ე ადგილზე და გარშემორტყმულია თავისი ოთხივე მეუღლის განსასვენებლით.

გარდაცვალების წინ ფრანცმა თავის უფროს ვაჟებს ასეთი რამ დაუბარა: „ოჯახში ერთიანობა შეინარჩუნეთ და იგი უმთავრეს რამედ მიიჩნიეთ“. ცნობილია, რომ მას, ისევე, როგორც ზოგადად ჰაბსბურგებს, ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი, რის გამოც შვილებთან ერთად ფრანცს არაერთი პორტრეტი აქვს, რომლებიც დღემდეა მოღწეული.

ფრანცი თავის მეორე ცოლთან და შვილებთან ერთად 1805 წელს

ფრანც II სულ ოთხჯერ იყო დაქორწინებული:

  1. 1788 წლის 6 იანვარს ცოლად შეირთო ელიზაბეთ ვიურტემბერგელი (1767-1790), ვიურტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II ევგენისა და ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელის ასული, პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდისა და შვედეთის დედოფალ ლუიზა ულრიკას დის შვილიშვილი, ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხ I-ისა და რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას და, რომელიც 22 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას;
  2. 1790 წლის 15 სექტემბერს ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილ-ბიძაშვილი მარია ტერეზა სიცილიელი (1772-1807), ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ასული, ესპანეთის მეფე კარლოს III-ის შვილიშვილი და საფრანგეთის დედოფალ მარია ამალიას უფროსი და, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი. დედოფალი მარია ტერეზა მშობიარობას გადაჰყვა 34 წლის ასაკში;
  3. 1808 წლის 6 იანვარს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია ლუდოვიკა მოდენელი (1787-1816), ერცჰერცოგ ფერდინანდის ასული, მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ის, სარდინიის დედოფალ მარია ტერეზასა და ბავარიის კურფიურსტ მარია ლეოპოლდინას უმცროსი და. მასთან ფრანცს შვილები არ ჰყოლია. იგი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით;
  4. 1816 წლის 29 ოქტომბერს დაქორწინდა კაროლინა ავგუსტა ბავარიელზე (1792-1873), ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის ასულზე, რომლის დედმამიშვილებიც იყვნენ ბავარიის, პრუსიისა და საქსონიის მონარქები. იგი ფრანცამდე დაქორწინებული იყო ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ზე (ფრანცის პირველი ცოლის ძმისწული), რომელსაც გაშორდა. მას შვილები არცერთ ქმართან არ ჰყოლია;
სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ელიზაბეთ ვიურტემბერგელისგან:
ლუდოვიკა

ელიზაბეთი

18 თებერვალი, 1790

ვენა, ავსტრია

24 ივნისი, 1791

ვენა, ავსტრია

(1 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
მარია ტერეზა სიცილიელისგან:
მარია ლუიზა 12 დეკემბერი, 1791

ვენა, ავსტრია

17 დეკემბერი, 1847

პარმა, იტალია

(56 წლის)

ცოლად გაჰყვა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი

იმპერატორი ნაპოლეონ II. ქმრის დამხობის შემდეგ მიიღო პარმის ჰერცოგინიის

წოდება, რომელსაც გარდაცვალებამდე ფლობდა, ნაპოლეონის დაღუპვის შემდეგ კი

კიდევ ორჯერ დაქორწინდა.

ფერდინანდ I 19 აპრილი, 1793

ვენა, ავსტრია

29 ივნისი, 1875

პრაღა, ჩეხეთი

(82 წლის)

ავსტრიის იმპერატორი. ცოლად შეირთო მარია ანა სავოიელი, მაგრამ შვილები არ

ჰყოლია. ტახტიდან გადადგა 1848 წლის რევოლუციის შემდეგ და ბოჰემიაში

გადასახლდა.

მარია

კაროლინა

8 ივნისი, 1794

ვენა, ავსტრია

16 მარტი, 1795

ვენა, ავსტრია

(9 თვის)

გარდაიცვალა ჩვილი.
კაროლინა

ლუდოვიკა

22 დეკემბერი, 1795

ვენა, ავსტრია

30 ივნისი, 1797

ვენა, ავსტრია

(1 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
მარია

ლეოპოლდინა

22 იანვარი, 1797

ვენა, ავსტრია

11 დეკემბერი, 1826

რიო-დე-ჟანეირო,

ბრაზილია

(29 წლის)

ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფესა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ს,

რომელთანაც შეეძინა პორტუგალიის დედოფალი მარია II, ბრაზილიის იმპერატორი

პედრუ II და კიდევ ხუთი შვილი.

მარია

კლემენტინა

1 მარტი, 1798,

ვენა, ავსტრია

3 სექტემბერი, 1881

უაზა, საფრანგეთი

(83 წლის)

ცოლად გაჰყვა ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ის უმცროს ვაჟს, სალერნოს პრინც

ლეოპოლდოს, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი.

იოზეფ ფრანცი 9 აპრილი, 1799

ვენა, ავსტრია

30 ივნისი, 1807

ვენა, ავსტრია

(8 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ყვითელი ცხელებით ან ყვავილით.
მარია

კაროლინა

8 აპრილი, 1801

ვენა, ავსტრია

22 მაისი, 1832

დრეზდენი,

გერმანია

(31 წლის)

ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II-ს, თუმცა გარდაიცვალა მანამდე,

სანამ იგი ტახტზე ავიდოდა. ამასთან, შვილები არ ჰყოლია.

ფრანც კარლი 17 დეკემბერი, 1802

ვენა, ავსტრია

8 მარტი, 1878

ვენა, ავსტრია

(75 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგი. ცოლად შეირთო თავისი დედინაცვლის უმცროსი და, ბავარიის

მეფე მაქსიმილიან I-ის ასული სოფია ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი,

მათ შორის ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფ I და მექსიკის იმპერატორი

მაქსიმილიან I. ასევე მისი შვილიშვილი იყო ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და

შვილთაშვილად ერგებოდა ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორი კარლ I.

მარია ანა 8 ივნისი, 1804

ვენა, ავსტრია

28 დეკემბერი, 1858

ვენა, ავსტრია

(54 წლის)

ჰქონდა სახის დეფორმაცია, რის გამოც გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
იოჰან

ნეპომუკი

10 აგვისტო, 1805

ვენა, ავსტრია

19 თებერვალი, 1809

ვენა, ავსტრია

(3 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ამალია

ტერეზა

6 აპრილი, 1807

ვენა, ავსტრია

9 აპრილი, 1807

ვენა, ავსტრია

(3 დღის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.

1806 წლისთვის ფრანცის წოდება ასეთი იყო: „ჩვენ, ფრანც პირველი, ღვთის ხელით დასმული იმპერატორი ავსტრიისა: მეფე იერუსალიმისა, უნგრეთისა, ბოჰემიისა, დალმაციისა, ხორვატიისა, სლავონიისა, გალიციისა და ლოდომერიისა. ერცჰერცოგი ავსტრიისა. ჰერცოგი ლოთარინგიისა, ზალცბურგისა, ვიურცბურგისა, ფრანკონიისა, შტირიისა, კარინტიისა და კარნიოლისა. დიდი ჰერცოგი კრაკოვისა. დიდი მთავარი ტრანსილვანიისა. მარკგრაფი მორავიისა. ჰერცოგი სანდომირისა, მაზოვიისა, ლუბლინისა, ზემო და ქვემო სილზეიისა, აუშვიცისა და ზატორისა, ტეშენისა და ფრიულისა. მთავარი ბერხტეშგადენისა და მერგენთაიმისა. გრაფი ჰაბსბურგისა, გორიციისა და გრადისკისა და ტიროლისა, და მარკგრაფი ზემო და ქვემო ლუსატიისა და იშტრიისა“.

  • Fraser, Antonia (2002). Marie Antoinette: The Journey. London: Phoenix. ISBN 0-7538-1305-X.
  • Posse, Otto, ed. (1909–13). "Bey der Niederlegung der kaiserlichen Reichs-Regierung. Dekret vom 6. August 1806". Die Siegel der deutschen Kaiser und Könige von 751 bis 1806 (in German). Band 5, Beilage 3. OCLC 42197429 – via Wikisource.
  • Reich, Emil (1905). "Abidcation of Francis the Second". Select Documents Illustrating Mediæval and Modern History. Londong: P.S. King & Son. OCLC 4426595 – via Google Books.
  • Reifenscheid, Richard (2006). Die Habsburger in Lebensbildern. Munich: Piper. ISBN 3492247539.
  • Rothenburg, Gunther E. (1976). The Army of Francis Joseph. West Lafayette: Purdue University Press. ISBN 0911198415.
  • Wheatcroft, Andrew (1996). The Habsburgs: Embodying Empire. London: Penguin. ISBN 0-14-023634-1.
  • ——— (2009). The Enemy at the Gate: Habsburgs, Ottomans and the Battle for Europe. New York: Basic Books. ISBN 0-224-07364-8.
  • Peter H. Wilson (29 February 2016). Heart of Europe: A History of the Holy Roman Empire. Harvard University Press. pp. 994–. ISBN 978-0-674-91592-3.
  • Teulet, Alexandre (1863). "Liste chronologique des chevaliers de l'ordre du Saint-Esprit depuis son origine jusqu'à son extinction (1578-1830)" [Chronological List of Knights of the Order of the Holy Spirit from its origin to its extinction (1578-1830)]. Annuaire-bulletin de la Société de l'histoire de France (in French) (2): 113. Retrieved 20 May 2020.
  • Hof- und Staatshandbuch des Königreichs Bayern: 1833. Landesamt. 1833. p. 6.
  • Posttidningar, 30 April 1814, p.2
  • Shaw, Wm. A. (1906) The Knights of England, I, London, p. 51
  • Bragança, Jose Vicente de (2011). "A Evolução da Banda das Três Ordens Militares (1789-1826)" [The Evolution of the Band of the Three Military Orders (1789-1826)]. Lusíada História (in Portuguese). 2 (8): 280. ISSN 0873-1330. Retrieved 17 March 2020.
  • Luigi Cibrario (1869). Notizia storica del nobilissimo ordine supremo della santissima Annunziata. Sunto degli statuti, catalogo dei cavalieri. Eredi Botta. p. 103.
  • Hof- und Staats-Handbuch des Großherzogtum Baden (1834), "Großherzogliche Orden" pp. 32, 50
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 109.