ფილიპე IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფილიპე IV (ესპანეთი))
Jump to navigation Jump to search
ფილიპე IV
Felipe IV de castaño y plata, by Diego Velázquez.jpg
მეფე ფილიპე 1631-32 წლებში, შესრულებულია ველასკესის მიერ
ესპანეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი, 1621
მმართ. დასასრული: 17 სექტემბერი, 1665
წინამორბედი: ფილიპე III
მემკვიდრე: კარლოს II
პორტუგალიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი, 1621
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1640
წინამორბედი: ფილიპე II
მემკვიდრე: ჟუან IV
მილანის, ლოთერის, ბრაბანტის, ლიმბურგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგი, ბურგუნდიის, ფლანდრიის, ენოსა და არტუის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 13 ივლისი, 1621
მმართ. დასასრული: 17 სექტემბერი, 1665
წინამორბედი: ალბერტი და ისაბელ კლარა ეუხენია
მემკვიდრე: კარლოს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აპრილი, 1605
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 17 სექტემბერი, 1665, (60 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
მეუღლე: ელიზაბეტ ფრანგი
(ქ. 1615 - გარდ. 1644)
მარიანა ავსტრიელი
(ქ. 1649)
შვილები: ბალთაზარ კარლოსი, ასტურიის პრინცი
მარია ტერეზა, საფრანგეთის დედოფალი
მარგარიტა ტერეზა, საღვთო რომის იმპერატრიცა
კარლოს II, ესპანეთის მეფე
სრული სახელი: ფილიპე დომინგო ვიქტორ დე ლა კრუს დე ავსტრია ი ავსტრია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე III, ესპანეთის მეფე
დედა: მარგარეტ ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Firma del Rey Felipe IV de España.svg

ფილიპე IV (ესპ. Felipe IV; დ. 8 აპრილი, 1605, ვალიადოლიდი, ესპანეთი — გ. 17 სექტემბერი, 1665, მადრიდი, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე და მისი კოლონიების მონარქი 1621-1665 წლებში. პორტუგალიისა და ალგარვის მეფე 1621-1640 წლებში ფილიპე III-ის (პორტ. Filipe III) სახელით. მეფე ფილიპე III-ისა და დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის უფროსი ვაჟი. მის დროს ესპანეთი მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში, დაკარგა არტუა, 1660 წელს კი თავის ქალიშვილ მარია ტერეზას მზითვში გაატანა რუსილონიც. 1640 წელს დაკარგა პორტუგალია, მისი მმართველობისას ადგილი ჰქონდა სეგადორების აჯანყებასა და მონარქიის კრიზისს. ამასთან ერთად, იგი მფარველობდა მრავალ გამოჩენილ ხელოვანს, მათ შორის დიეგო ველასკესს.

მისი გარდაცვალებისას ესპანეთის იმპერიის ფართობი 12.2 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო და კოლონიები ჰქონდა თითქმის ყველა კონტინენტზე. მისმა წარმატებულმა საშინაო პოლიტიკამ და სამხედრო რეფორმებმა ესპანეთი დროებით კვლავ გააძლიერა, თუმცა მისი მენტალურად და ფიზიკურად დაავადებული ძის, კარლოს II-ის მმართველობისას ესპანეთის იმპერიამ დაცემა დაიწყო.

1700 წელს, მისი ძის უშვილოდ დაღუპვის გამო ფილიპეს ორი ქალიშვილის ქმრებსა და მათ შვილებს შორის დაიწყო დიდი ომი, ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რომელიც მხოლოდ 1714 წელს დასრულდა ტახტზე ბურბონების ასვლითა და ესპანეთის ყველა ევროპული კოლონიის დაკარგვით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცი ფილიპე და მისი უფროსი და, ინფანტა ანა 1612 წელს, შესრულებულია ბარტოლომე გონსალესის მიერ

ფილიპე დაიბადა 1605 წლის 8 აპრილს ვალიადოლიდში. იგი იყო ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, მეფე ფილიპე II-ის პატივსაცემად დაარქვეს, ანალოგიურად, მის უფროს დას, ანას, სახელი ბებიის, დედოფალ ანა ავსტრიელის პატივსაცემად ერქვა, ისევე, როგორც მის მეორე დას, მარია ანას ერქვა მეორე ბებიის, მარია ანა ბავარიელის პატივსაცემად. 1611 წელს დედოფალი მარგარეტი მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც ფილიპეზე მისი და, ინფანტა ანა ზრუნავდა. უკვე 1615 წელს 10 წლის ფილიპე დააქორწინეს 13 წლის პრინცესა ელიზაბეტ ფრანგზე, რომელიც იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და დედოფალ მარია მედიჩის უფროსი ქალიშვილი. იმავდროულად, საფრანგეთთან მყარი კავშირის შესაკვრელად, ფილიპეს და, ანა ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ს, ანუ ესპანეთის მეფის ძე და ასული დააქორწინეს საფრანგეთის მეფესა და მის დაზე.

ფილიპეს ელიზაბეტისაგან სულ თერთმეტი შვილი გაუჩნდა, თუმცა მათგან მხოლოდ ორი გადაურჩა ჩვილობაში სიკვდილის. მათი ერთადერთი საერთო ვაჟი, ასტურიის პრინცი ბალთაზარ კარლოსი 1646 წელს დაიღუპა, მათი ქალიშვილი მარია ტერეზა კი საფრანგეთის მეფეს გაჰყვა ცოლად. ვაჟის დაღუპვამდე ორი წლით ადრე, 1644 წელს მეთერთმეტე მშობიარობას გადაჰყვა ფილიპეს ცოლი, დედოფალი ელიზაბეტი, რის გამოც 1646 წელს მას აღარც მემკვიდრე ჰყავდა და აღარც ცოლი, რომელიც მას ახალს გაუჩენდა.

1615 წელს ესპანელები ინფანტა ანას ცვლიან საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტში, ნახატი შესრულებულია პეტერ პაულ რუბენსის მიერ 1622-1625 წლებში.

ამ მიზეზების გამო 1649 წელს ფილიპე მეორედ დაქორწინდა თავისი დის, მარია ანა ესპანელისა და საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის ქალიშვილ მარიანა ავსტრიელზე, რომელიც მასზე ოცდაათი წლით უმცროსი იყო. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ახალი მემკვიდრის გაჩენას, არამედ ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგების კავშირის გამყარებასაც. ქორწინებიდან ორ წელიწადში დედოფალმა მარიანამ ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად მარგარიტა ტერეზა. ამ ამბიდან ათ წელიწადში კი ქვეყანიერებას მოავლინა ესპანეთის მომავალი მეფე, კარლოს II, რომელიც მშობლების ერთობ ახლონათესაური კავშირის გამო დაავადებული იყო როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

ფილიპეს პიროვნების აღქმა დროსთან ერთად იცვლებოდა. თუკი მისი თანამედროვე მატიანეები მას ყოვლისმპყრობელ და აბსოლუტურ მონარქად წარმოაჩენდნენ, ვიქტორიანული ეპოქის ავტორები მას სუსტ პიროვნებად გვიხატავენ, რომელიც ზედმეტად იყო დამოკიდებული თავის მინისტრებზე და ქვეყანას არაეფექტურად მართავდა. ასევე ვიქტორიანული ეპოქის ექიმების მტკიცებით, მისი გარდაცვალების მიზეზი მისივე გარყვნილი ცხოვრების წესი იყო. მაშინ, როცა მისი პირადი ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ფილიპეს ყვავილი ჰქონდა, სხვები ამბობენ, რომ რეალურად მას აპენდიციტი სჭირდა. XX საუკუნიდან ფილიპეს პიროვნებისადმი დამოკიდებულება თანდათან გაუმჯობესდა. როდესაც მას მამამისს ადარებენ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ფილიპე IV მამამისზე უფრო ენერგიული, გონიერი და ფიზიკურადაც უფრო მიმზიდველი იყო.

1661 წელს მოჭრილი ესპანური ვერცხლის მონეტა ფილიპე IV-ის გამოსახულებით

მისი თანამედროვეები ფილიპეს აიდეალებდნენ. მათი აზრით, იგი ბაროკოს პერიოდის მეფის აბსოლუტური იდეალი იყო. ასაკის მატების მიუხედავად, მან მოახერხა და შეინარჩუნა კარგი გარეგნობა. უცხოელი ელჩები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მეფე ფილიპე გრძნობებს არასოდეს გამოხატავდა და საზოგადოებაში იგი ნამდვილ „ქანდაკებას“ ჰგავდა. ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში „მხოლოდ სამჯერ გაიცინა“. ამასთან, მეფე ფილიპე კარგი ცხენოსანი იყო, უყვარდა ნადირობა და განსაკუთრებით კი კორიდა.

ასეთი დახასიათებების პარალელურად, მემატიანეები წერენ, რომ ახალგაზრდობაში ფილიპე ძალიან მხიარული იყო და „შესანიშნავი იუმორის გრძნობა“ ჰქონდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ხასიათი დაუმძიმდა. იგი პირადად დადიოდა მადრიდის აკადემიაში და აფინანსებდა ლიტერატურულ სალონებს. ცნობილია ისიც, რომ მას ძალიან უყვარდა იუმორისტული ლიტერატურა და პოეზია. ამის გამო იგი ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტიც, რადგან ამბობდნენ, რომ „არასერიოზული“ იყო. სხვანი კი მას ასე ახასიათებდნენ: „ბუნებით კეთილი, ნაზი და მოსიყვარულე“. ამასთან ერთად, იგი ერთობ განათლებული მონარქი იყო. მშობლიური ესპანურის გარდა იგი კარგად ფლობდა ლათინურს, ფრანგულს, პორტუგალიურს და იტალიურს. აგრეთვე იცოდა გეოგრაფია და დიდ ინტერესს იჩენდა ასტროლოგიის მიმართ.

იმის მიუხედავად, რომ ფილიპეს კათოლიკური მრწამსი აღარ იწვევს ინგლისურ და გერმანულენოვანი მწერლების მხრიდან კრიტიკას, ისინი მაინც მიიჩნევენ, რომ იგი პირად ცხოვრებაში „ზედმეტად ღვთისმოსავი“ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მის ღრმა რწმენას არ შეუშლია საყვარლების ყოლაში ხელი. მას მრავალი წლის განმავლობაში ჰყავდა საყვარელი მარია კალდერონის სახით, რომლისგანაც 1629 წელს ვაჟი, ხუანიც შეეძინა. მოგვიანებით ხუანს დიდი გავლენა ჰქონდა ესპანეთის პოლიტიკაზე იქიდან გამომდინარე, რომ მეფე კარლოს II-ს არ შეეძლო ქვეყნის მართვა. თუმცაღა, ამის მიუხედავად, ფილიპეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მონაზონ მარია დე აგრედასთან, რომელის შემდეგში კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანადაც შერაცხა. ფილიპესა და აგრედას დაახლოება 1640-იანი წლებიდან დაიწყო და მათმა მეგობრობამ საკმაოდ დიდ ხანს გასტანა.

ფილიპე, ოლივარესი და მისი სამეფო ფავორიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლივარესის ჰერცოგი გასპარ დე გუსმანი, ფილიპეს მთავარი ფავორიტი და მინისტრი, ნახატი შესრულებულია ველასკესის მიერ

ფილიპეს მამის, მეფე ფილიპე III-ის მმართველობისას ესპანეთის სამეფო კარზე სანდოვალების წარჩინებული საგვარეულო დომინირებდა მათი მეთაურის, ლერნას ჰერცოგის წყალობით, რომელიც მეფის ახლო მეგობარი იყო. იგი მეფის ფავორიტი და პირველი მინისტრი იყო მისი მთელი მმართველობის განმავლობაში. თავად ფილიპეს დედას, დედოფალ მარგარეტს არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ლერნას მიმართ და შესაბამისად, მასაც დედის გავლენით ასეთივე შეხედულებები ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც მეფე ფილიპე IV გახდა, სანდოვალების გავლენა არა უბრალოდ შემცირდა, არამედ ერთიანად დაეცა. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ახალი ფავორიტები არ გამოჩნდებოდნენ. თავდაპირველად ასეთი იყო დონ ბალთაზარ დე სურიგა, თუმცა იგი მისი გამეფებიდან მალევე, 1622 წელს დაიღუპა. მალევე გამოჩნდა ფილიპეს ახალი ფავორიტი და მისი ბავშვობის მეგობარი, გასპარ დე გუსმანი. პირველი, რაც ფილიპე IV-მ ტახტზე ასვლის შემდეგ გააკეთა ის იყო, რომ გასპარს ოლივარესის ჰერცოგის წოდება მისცა. ოლივარესი შემდეგი ოცი წლის განმავლობაში მეფის ნდობით აღჭურვილი პირი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიდებული იყო.

მეფობის დასაწყისში ფილიპე ოლივარესს ყოველდღიურ დილის თათბირზე იბარებდა ხოლმე, ამის შემდეგ კი დღეში კიდევ მინიმუმ ორჯერ მაინც ხვდებოდა. თუმცაღა, მოგვიანებით მისი ოლივარესთან კონტაქტის სურვილი თანდათან შემცირდა და მხოლოდ მოკლე პოლიტიკური საუბრით შემოიფარგლებოდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე თითქმის მთელს თავის ცხოვრებას პოლიტიკას უძღვნიდა და ძირითადად სწორედ ამ საქმიანობით იყო დაკავებული, მას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ არ შეეძლო სერიოზული გადაწყვეტილებების უცებ და „დროულად“ მიღება. ფილიპესა და ოლივარესის ახლო ურთიერთობას ისიც ამტკიცებდა, რომ ბუენ-რეტიროს სასახლეში მათი პორტრეტები გვერდიგვერდ ჩამოკიდეს, რაც იმ დროის ევროპაში უჩვეულო ქმედება იყო. ამასთან, მას და ოლივარესს არც ისე მარტივი ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირადაც კამათობდნენ როგორც პოლიტიკაზე, ისე ცხოვრებისეულ საკითხებზე.

მეფე ფილიპე ესპანურ სამხედრო ფორმაში, 1627-28 წლებში, შექმნილია გასპარ დე კრაიერის მიერ

გამეფებისთანავე ფილიპემ განიზრახა, რომ თავიდან მოეცილებინა მამამისის ნდობით აღჭურვილი პირები. ოლივარესის გავლენით მან ლერნას ჰერცოგის ოჯახს ჩამოართვა ფილიპე III-ის მიერ ნაჩუქარი მამულები და იგი ოლივარესს გადასცა. ამასთან, თანამდებობიდან მოხსნა ლერნას ვაჟი, უსედას ჰერცოგი კრისტობალ დე სანდოვალი. ფილიპეს ეს ქმედებები მიზნად ისახავდა სამეფო ხელისუფლებისათვის ხარბი და არაკეთილსინდისიერი დიდებულების ჩამოშორებას, რის გამოც მან მაღალ თანამდებობაზე დანიშნა ის წარჩინებულები, რომელთა ბაბუებიც ბაბუამისის, მეფე ფილიპე II-ის დროს ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას.

ფილიპე IV-ის მმართველობის პირველი ორი ათწლეული რადიკალური მოქმედებებით ხასიათდება. პირველ რიგში, XVII საუკუნის ესპანეთში საშინელ მდგომარეობაში იყო მედიცინა, რის გამოც ქვეყანაში ხშირად ვრცელდებოდა ახალ-ახალი დაავადებები, რომელთა განკურნებასაც ვერ ახერხებდნენ. ამის გამო, ოლივარესთან ერთად ფილიპემ გაატარა სამედიცინო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ესპანელი ექიმების განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რისთვისაც მან დიდი თანხები გაიღო. ამასთან ერთად, მისთვის სამაგალითო იყო ბაბუამისის, ფილიპე II-ის მმართველობა და იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა მის მსგავსად ეწარმოებინა. 1629 წელს სწორედ რომ ბაბუამისივით რადიკალური მოქმედებები განახორციელა აჯანყებულ ჰოლანდიაში.

ისევე როგორც ყველა სხვა სამეფო ფავორიტს, მოგვიანებით ოლივარესსაც დაუდა აღსასრულის ჟამი, რაც მეფის მხრიდან მისდამი სიმპათიის დაკარგვაში გამოიხატებოდა. 1640 წელს ფილიპემ იგი პოლიტიკას მთლიანად ჩამოაშორა, რასაც შედეგად მოჰყვა 1640-43 წლების მონარქიის კრიზისი. ოლივარესის გადაყენების შემდეგ ფილიპემ პირადად განუცხადა დიდებულებს, რომ მას არ სჭირდებოდა მინისტრები ქვეყნის სამართავად და რომ იგი თავად იყო ქვეყნის პირველი მინისტრი. მიუხედავად ამისა, მან თავი ვერ გაართვა აღებულ ვალდებულებებს და ჩამოაყალიბა ე.წ. ხუნტის საბჭო, რომელშიც რამდენიმე დიდებული გააერთიანა. თავდაპირველად მან ამ საბჭოს მეთაურად ოლივარესის ბიძაშვილი და თავისი ბავშვობის მეგობარი, ლუის დე არო დანიშნა, თუმცა ისტორიკოსთა დახასიათებით ლუისი „მედიდურობის განსახიერება“ იყო, ამიტომაც იგი მალევე მოხსნეს თანამდებობიდან. უკვე 1661 წლიდან ფილიპეს ახალი ფავორიტი ოლივარესის სიძე, მედინას ჰერცოგი გახდა.

საგარეო პოლიტიკა და ოცდაათწლიანი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე IV 1629 წელს, შესრულებულია ველასკესის მიერ

როდესაც ფილიპე ტახტზე ავიდა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და სისხლისმღვრელი ომი — ოცდაათწლიანი ომი მიმდინარეობდა. ომი 1618 წელს დაიწყო და მეფე ფილიპე III თავისი მთავარი მინისტრის გავლენით ჩაერთო მასში, რათა თავისი ბიძაშვილის, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-სთვის ბოჰემიის ტახტი დაებრუნებინა, რომელიც მას პფალცის კურფიურსტმა ფრიდრიხ V-მ წაართვა. იმავე მინისტრმა, ბალთაზარ დე სუნიგამ დაარწმუნა ახალი მეფეცა და მისი მრჩეველი ოლივარესიც, რომ საღვთო რომის იმპერიაში მიმდინარე მოვლენების აღსაკვეთად ესპანეთი აუცილებლად უნდა ჩარეულიყო ომში. ამის გამო 1621 წელს ფილიპემ საომარი მოქმედებები განაახლა ჰოლანდიასთან. ეს ომი მოგვიანებით ოც წელზე მეტ ხანს გაიწელა და ფილიპეს მარცხით დასრულდა. მიუხედავად ამ აშკარა ჩარევისა, ესპანეთი სხვა მხრივ არ გამოსულა ოცდაათწლიან ომში, ვინაიდან ფილიპეს აზრით კასტილიელებს სისხლით არ უნდა ეზღოთ უცხოელთა შეცდომები.

1620-იანი წლები ესპანეთისათვის საგარეო პოლიტიკაში წარმატებული იყო. თავიდან ჰოლანდიასთან ომი კარგად წარიმართა, რასაც მოჰყვა 1624 წელს ქალაქ ბრედას დაპყრობაც. ოციანი წლების ბოლოს სიტუაცია შეიცვალა, რამეთუ ფილიპემ ვერ გადაწყვიტა ომი ფლამანდიაში გაეგრძელებინა თუ ჩართულიყო ახლადდაწყებულ მანტუის მემკვიდრეობის ომში. ფილიპე მრჩევლების გავლენით ფლანდრიის ომისკენ გადაერთო, რასაც მისი მხრიდან „ესპანური გზის“ გაძლიერება მოჰყვა. მის ამ პოლიტიკურ ნაბიჯებს მტრულად შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუი XIII.

1630-იანი წლების შუა პერიოდში მიღწეული წარმატების მიუხედავად, რაც რაც გამოიხატა 1634 წელს ნოდლინგენის ბრძოლაში გერმანიაში პროტესტანტი შვედების ჯარის დამარცხებაში, ფილიპეს მოქმედებები საბოლოოდ წარუმატებელი იყო, რადგან ვერ მოახერხა მთავარ კათოლიკე მოკავშირესთან, ანუ საფრანგეთთან ომის თავიდან არიდება. ოლივარესმა უთხრა კიდეც მეფეს, რომ ამ ომზე იყო დამოკიდებული ესპანეთის მომავალი: იგი ან ყველაფერს მიიღებდა და მთავარ მტერს ჩამოიშორებდა, ან დამარცხდებოდა და დაიწყებოდა იმპერიის დაცემა.

ესპანეთ-საფრანგეთის ომის დასასრული: ფილიპე IV ხელს ართმევს ლუი XIV-ს და მშვიდობის ნიშნად ცოლად რთავს თავის ასულ მარია ტერეზას.

1635 წლიდან დაიწყო ესპანეთ-საფრანგეთის ომი. თავდაპირველად ომი ესპანეთის სასარგებლოდ წარიმართა და რამდენიმე გამარჯვების შემდეგ ფილიპე პარიზსაც კი დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა ესპანელები როკრუას ბრძოლაში დაამარცხეს, ისინი არ ნებდებოდნენ. სიტუაცია 1640 წლიდან შეიცვალა, როდესაც თავად ესპანეთში დაიწყო შიდა აჯანყებები და არეულობები. საფრანგეთიდან წამოსული დიდი საფრთხის გამო ფილიპეს ახალ გეგმაზე მოუწია გადასვლა, რის გამოც ესპანეთის ჯარებმა ნიდერლანდები დატოვა. ფილიპემ მიატოვა ფლანდრია და მთელი ჯარები კატალონიაში შეიყვანა, სადაც ერთობ არასტაბილური სიტუაცია იყო. მისმა ამ ნაბიჯმა გაამართლა: კატალონიის ამბოხება ჩაახშეს და ესპანეთში წესრიგი აღდგა, თუმცა მთელი წინამორბედი წარუმატებლობები ოლივარესს დაბრალდა და მეფე იძულებული გახდა იგი თანამდებობიდან მოეხსნა. ოლივარესის შემცვლელის, ლუის დე აროს დროს გაფორმდა ვესტფალიის საზავო ხელშეკრულებაც, რითაც დასრულდა ოცდაათწლიანი ომი. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ფილიპე IV-მ 1648 წელს საბოლოოდ აღიარა ჩრდილოეთ ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, თუმცა კათოლიკური აღმსარებლობის სამხრეთ ნიდერლანდები კვლავ ესპანეთს დარჩა. ასევე დაუზავდა გერმანელ თავადებსაც, მაგრამ ესპანეთ-საფრანგეთის კონფლიქტი გრძელდებოდა. ამ დროისათვის მეფე ლუი XIII გარდაცვლილი იყო და ტახტზე ფილიპეს მცირეწლოვანი დისწული, ლუი XIV იჯდა, რომელსაც ბიძამისი, გასტონ ორლეანელი სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა. ფილიპემ ისარგებლა ფრანგების შიდა ომით და 1651 წელს კატალონია საბოლოოდ გაასუფთავა ფრანგებისგან. თუმცაღა, ეს მოქმედება ძვირად დაუჯდა, რამეთუ 1658 წელს ფრანგებმა მას ინგლისელებთან ერთად შეუტიეს და დაამარცხეს რამდენიმე ბრძოლაში, რის გამოც სასოწარკვეთილი ფილიპე ლუისთან მოლაპარაკებაზე წავიდა. 1659 წელს გაფორმცა პირენეს ხელშეკრულება, რითაც ესპანეთ-საფრანგეთის ომი დამთავრდა, ამის დასტურად კი ფილიპეს ასული, ინფანტა მარია ტერეზა ცოლად მიჰყვებოდა მეფე ლუი XIV-ს, მზითვში კი მიჰქონდა კატალონიის ნაწილი, რუსილონის საგრაფო და 500,000 ლივრი. იმავდროულად, ფილიპე უშედეგოდ ცდილობდა პორტუგალიის კვლავ შემოერთებას, სადაც 1640 წლიდან მოყოლებული ბრაგანსების დინასტია მეფობდა.

ფილიპე და ესპანური შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო პოლიტიკა და მონარქიის კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნების პატრონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე და რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1630 წელს გაფორმებული მადრიდის ხელშეკრულების პირობების მიხედვით ფილიპეს წოდება ასეთი იყო: „ფილიპე, ღვთის განგებით მეფე ესპანეთისა, ორივე სიცილიისა, იერუსალიმისა, ინდიელებისა და სხვათა. ერცჰერცოგი ავსტრიისა, ჰერცოგი ბურგუნდიისა, მილანისა და სხვათა. გრაფი ტიროლისა, ჰაბსბურგისა და სხვათა.“, ამ წოდების უფრო მოკლე ვარიანტს კი წარმოადგენდა ეს: „უკეთილშობილესი მეფე ფილიპე IV, კათოლიკე მეფე ესპანელებისა“.

1648 წელს დადებული მიუნსტერის საზავო ხელშეკრულების შემდეგ კი ფილიპე იწოდებოდა შემდეგნაირად: „დონ ფილიპე მეოთხე, ღვთის ნებით დადგენილი მეფე კასტილიისა, ლეონისა, არაგონისა, ორი სიცილიისა, იერუსალიმისა, ნავარისა, გრანადისა, ტოლედოსი, ვალენსიისა, გალისიისა, მაიორკისა, სევილიისა, სარდინიისა, კორდობისა, კორსიკისა, მურსიისა, ალგესირასისა, გიბრალტარისა და კანარის კუნძულებისა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთისა, კუნძულებისა და მბრძანებელი ოკეანეებისა, ერცჰერცოგი ავსტრიისა, ჰერცოგი ბურგუნდიისა, ბრაბანტისა, მილანისა, გრაფი ჰაბსბურგისა, ფლანდრიისა, ტიროლისა, ბარსელონისა, სენიორი ბისკაისა და მოლინისა და სხვათა.“, ამ წოდების უფრო მოკლე ვერსია კი ასეთი იყო: „მეფე ესპანელებისა, დონ ფილიპე მეოთხე და მეფე პორტუგალიისა და ალგარვისა დონ ფილიპე მესამე“.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველასკესის მიერ შესრულებული ნახატი „მენინები“, რომელზეც გამოსახულია ფილიპესა და მარიანას ასული, ინფანტა მარგარიტა ტერეზა თავის აღმზრდელებთან ერთად. ეს ნახატი იმით გამოირჩევა, რომ მხოლოდ მასზე არიან ფილიპე და მარიანა ერთად წარმოდგენილები. ისინი ველასკესმა უკანა ფონზე, სარკის ანარეკლში ჩახატა.

1615 წლის 18 ოქტომბერს ბორდოში ცოლად შეირთო პრინცესა ელიზაბეტ ფრანგი (დ. 22 ნოემბერი, 1602 — გ. 6 ოქტომბერი, 1644), რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი:

  1. მარია მარგარიტა (დ. 14 აგვისტო, 1621 — გ. 15 აგვისტო, 1621), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. მარგარიტა მარია კატალინა (დ. 25 ნოემბერი, 1623 — გ. 22 დეკემბერი, 1623), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. მარია ეუხენია (დ. 21 ნოემბერი, 1625 — გ. 21 აგვისტო, 1627), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მკვდარშობილი გოგონა (16 ნოემბერი, 1626)
  5. ისაბელ მარია ტერეზა (დ. 31 ოქტომბერი, 1627 — გ. 1 ნოემბერი, 1627), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. ბალთაზარ კარლოსი (დ. 17 ოქტომბერი, 1629 — გ. 9 ოქტომბერი, 1646), ასტურიის პრინცი, გარდაიცვალა გარდატეხის ასაკში;
  7. ფრანსისკო ფერნანდო (12 მარტი, 1634), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  8. მარია ანა ანტონია დომინიკა ხაკინტა (დ. 17 იანვარი, 1636 — გ. 5 დეკემბერი, 1636), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  9. მარია ტერეზა (დ. 10 სექტემბერი, 1638 — გ. 30 ივლისი, 1683), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს, რომელთანაც შეეძინა დოფინი ლუი. სწორედ დოფინ ლუის ვაჟი იყო ესპანეთის შემდგომი მეფე ფილიპე V, ხოლო საფრანგეთის მეფე ლუი XV მისი შვილიშვილი იყო;
  10. მკვდარშობილი გოგონა (1640);
  11. მკვდარშობილი ვაჟი (1644);

მას შემდეგ, რაც ელიზაბეტი მშობიარობას გადაჰყვა, 1649 წლის 7 ოქტომბერს ცოლად შეირთო თავისი დისწული, ერცჰერცოგინია მარიანა ავსტრიელი (დ. 24 დეკემბერი, 1634 — გ. 16 მაისი, 1696), რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. მარგარიტა ტერეზა (დ. 12 ივლისი, 1651 — გ. 12 მარტი, 1673), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა, ბავარიის კურფიურსტი მარია ანტონია ავსტრიელი, რომლის ვაჟი, იოზეფ ფერდინანდი მოიაზრებოდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ.
  2. მარია ამბროსია (დ. 7 დეკემბერი, 1655 — გ. 21 დეკემბერი, 1655), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ფილიპე პროსპერო (დ. 28 ნოემბერი, 1657 — გ. 1 ნოემბერი, 1661), ასტურიის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფერდინანდ ტომასო (დ. 23 დეკემბერი, 1658 — გ. 22 ოქტომბერი, 1659), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. კარლოს II (დ. 6 ნოემბერი, 1661 — გ. 1 ნოემბერი, 1700), ესპანეთის ბოლო მეფე ჰაბსბურგების დინასტიიდან, პირველად იქორწინა მარია ლუიზა ორლეანელზე, მისი დაღუპვის შემდეგ მარია ანა ნოიბურგელზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

გარდა ამისა, ფილიპეს თავის საყვარელ მარია კალდერონთან ერთი უკანონო ვაჟი ჰყავდა:

  1. ხუანი (დ. 7 აპრილი, 1629 — გ. 17 სექტემბერი, 1679), ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი 1656-1659 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kristiaan P. Aercke, The Gods of Play: Baroque Festival Performances as Rhetorical Discourse. Albany: State University of New York Press (1994).
  • M. S. Anderson, War and Society in Europe of the Old Regime, 1618–1789. London: Fontana (1988).
  • Charles H. Carter, "The Nature of Spanish Government After Philip II." Historian 26#1 (1963): 1-18.
  • Luis R. Corteguera, For the Common Good: Popular Politics in Barcelona, 1580–1640. Ithaca: Cornell University Press (2002).
  • Graham Darby, Spain in the Seventeenth Century. Longman (1994).
  • France G. Davenport, European Treaties Bearing on the History of the United States and Its Dependencies. The Lawbook Exchange, Ltd. (2004).
  • J. H. Elliot, The Statecraft of Olivares. in: J.H. Elliot and H. G. Koenisburger (ed.). The Diversity of History: Essays in Honour of Sir Henry Butterfield. London: Routledge and Kegan Paul (1970).
  • J. H. Elliot, The Revolt of the Catalans: A Study in the Decline of Spain, 1598–1640. Cambridge: Cambridge University Press (1984).
  • J. H. Elliot, Richelieu and Olivares. Cambridge: Canto Press (1991).
  • Filippe Fernándo-Armesto, The Improbable Empire, in: Raymond Carr (ed.). Spain: A History. Oxford: Oxford University Press (2000).
  • David Goodman, Spanish Naval Power, 1589–1665: Reconstruction and Defeat. Cambridge: Cambridge University Press (2002).
  • Eleanor Goodman, Conspicuous In Her Absence: Mariana of Austria, Juan José of Austria, and the Representation of Her Power, in: Theresa Earenfight (ed.), Queenship and Political Power in Medieval and Early Modern Spain. Aldershot: Ashgate (2005).