ისაბელ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისაბელ დე ბურბონი
Infanta Isabel de Bourbon e Bourbon.3.jpg
ასტურიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 20 დეკემბერი, 1851
მმართ. დასასრული: 28 ნოემბერი, 1857
წინამორბედი: ისაბელი
მემკვიდრე: ალფონსო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 დეკემბერი, 1851
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 22 აპრილი, 1931, (79 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: გაეტანი, ხირხენტის გრაფი
(ქ. 1868 - გარდ. 1871)
სრული სახელი: მარია ისაბელ ფრანსისკა დე ასის კრისტინა ფრანსისკა დე პაულა დომინგა
დინასტია: ბურბონები
მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
დედა: ისაბელ II, ესპანეთის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ისაბელ დე ბურბონი (ესპ. Isabel de Borbón; დ. 20 დეკემბერი, 1851 — გ. 22 აპრილი, 1931) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ისა და კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისის უფროსი ქალიშვილი. ასტურიის პრინცესა 1851-57 წლებში. ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის უფროსი და.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელი დაიბადა 1851 წლის 20 დეკემბერს მადრიდის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ისა და მისი ქმრის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისის პირველი შვილი და მაშასადამე ტახტის მემკვიდრეც, რის გამოც მას დაბადებისთანავე მიენიჭა ასტურიის პრინცესის წოდება. დაბადებიდან მეორე დღესვე, ისაბელი კათოლიკედ მონათლეს სამეფო სასახლის სამლოცველოში, სადაც მას დაარქვეს მარია ისაბელ ფრანსისკა დე ასის კრისტინა ფრანსისკა დე პაულა დომინგა. ყოველივე ეს, იყო მისი ბებია-ბაბუების სახელების გაერთიანება.

1852 წლის 24 მარტს დედამისმა იგი ასტურიაში ჩაიყვანა, სადაც ადგილობრივმა დიდებულებმა იგი უკვე ოფიციალურად სცნეს ასტურიის პრინცესად. მას ეს წოდება მთელი ექვსი წლის მანძილზე ჰქონდა. ამის შემდეგ, 1857 წელს დედოფალმა ისაბელმა ვაჟი გააჩინა, სახელად ალფონსო, რომელმაც ცხადია ჩაანაცვლა ისაბელი სამეფო ტახტის მემკვიდრეთა რიგში.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელი თავის ქმარ გაეტანთან ერთად 1868 წელს

1868 წლის 13 მაისს ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-სა და ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ს შორის გაფორმდა საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისაბელ დე ბურბონი ცოლად მიჰყვებოდა მეფე ფერდინანდის უმცროს ვაჟს, ხირხენტის ჰერცოგ გაეტან სიცილიელს. პირველად ისაბელმა და გაეტანმა ერთმანეთი საკუთარ ქორწილში ნახეს. მათ მოკლეხიანი ქორწინებიდან შვილები არ შეეძინათ. ქორწილიდან ისინი პირდაპირ საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ, რასაც დაემთხვა ესპანეთის ტახტიდან ისაბელ II-ის ჩამოგდება და სამეფო ოჯახის საფრანგეთში გაქცევა. სწორედ ამიტომ, მოგზაურობიდან ისაბელმა ესპანეთში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. როგორც აღმოჩნდა, გაეტანი მუდმივი ეპილეფსიური შეტევებით იტანჯებოდა, რის შესახებაც ისაბელმა ქორწილამდე არაფერი იცოდა. 1871 წელს ისაბელი დაფეხმძიმდა, თუმცა მან აბორტი გაიკეთა. ამ ფაქტმა ძლიერი ტრავმა მიაყენა გაეტანს, რის შემდეგაც მას ფსიქიკური აშლილობა დაეწყო. ამ ამბიდან სულ ორ თვეში, 1871 წლის 26 ნოემბერს გაეტანმა თავი მოიკლა. ამის შემდეგ, ისაბელი მეორედ აღარ გათხოვილა.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს ესპანეთში ბურბონთა მეორე რესტავრაცია განხორციელდა, რა დროსაც ესპანეთის ახალი მეფე ჯერ-ჯერობით უშვილო ალფონსო XII გახდა, ისაბელი კი როგორც მეფის უფროსი და, მეორედ ხდება ასტურიის პრინცესა და ტახტის რიგით პირველი მემკვიდრე. ეს ყველაფერი 1880 წლამდე გაგრძელდა, სანამ დედოფალმა მარია კრისტინა ავსტრიელმა პირველი გოგონა — მარია დე ლას მერსედესი არ გააჩინა. ამის შემდეგ სწორედ ის ხდება ტახტის მემკვიდრეც და ასტურიის პრინცესაც.

1900 წელს ისაბელმა შეიძინა კინტანას სასახლე, სადაც იგი ცხოვრობდა 1902-31 წლებში.

ისაბელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საჯარო საქმიანობას წარმოადგენს მისი 1910 წლის ვიზიტი ბუენოს-აირესში. იგი ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო და სპეციალურად არგენტინის 100 წლის დამოუკიდებლობის წლისთავზე ჩავიდა, რათა ამით პატივისცემა გამოეხატა არგენტინელების მიმართ. სწორედ ამის შემდეგ ჩაბარდა წარსულს არგენტინა-ესპანეთის მტრობა და მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ამის გამო, არგენტინელებმა ისაბელის ძეგლიც კი დადგეს ქალაქ ლა გრანხაში.

ისაბელი ესპანეთში ხელოვნებისა და მეცნიერების დიდ მფარველად გვევლინება. იგი ასევე ძალიან უბრალო და მოწყალე იყო დაბალი ფენის ხალხის მიმართ. სწორედ ამიტომ, ესპანელებში და განსაკუთრებით მადრიდელებში, იგი ძალიან დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მისი ძმის შვილი, მეფე ალფონსო XIII დაამხეს და ესპანეთის მეორე რესპუბლიკა დამყარდა, ესპანელებმა გააძევეს სამეფო ოჯახი, თუმცა მათ ისაბელს პატივისცემის ნიშნად ესპანეთში დარჩენის ნება დართეს. მიუხედავად ამისა, ისაბელმა თავის ნათესავებთან ერთად საფრანგეთში წასვლა გადაწყიტა. ესპანეთიდან საფრანგეთში ჩასვლიდან სულ ხუთ დღეში, 1931 წლის 22 აპრილს, პარიზში, 79 წლის ისაბელი გარდაიცვალა. იგი საფრანგეთში დაკრძალეს.

1991 წლის 23 მაისს მისი ძმის შვილიშვილმა, ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს I-მა ისაბელის ნეშტი საფრანგეთიდან ესპანეთში გადაასვენა და მეფე ფილიპე V-ისა და დედოფალ ისაბელ ფარნეზეს გვერდით დაკრძალა. ასევე ხუან-კარლოსის ინიციატივით, 2000 წელს გაიხსნა ე.წ. "პატარა ვერსალი", სამ სართულიანი მუზეუმი, რომელშიც მხოლოდ ისაბელის უძვირფასესი კოლექციური ნივთებია დაცული.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ortega-Morejón, José Mª de (1943). Doña Isabel de Borbón, Infanta de España. Madrid: Ediciones Aspas.
  • Rubio, María José (2003). La Chata. La Infanta Isabel de Borbón y la Corona de España. Madrid: La Esfera de los Libros.
  • Allen County Public Library Genealogy Center (1923). Almanach de Gotha. Gotha, Germany : Justus Perthes. Consultado el 31 de octubre de 2018.