კარლო ემანუელე I (სავოია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლო ემანუელე I
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 30 აგვისტო, 1580
მმართ. დასასრული: 26 ივლისი, 1630
წინამორბედი: ემანუელე ფილიბერტ I
მემკვიდრე: ვიტორიო ამადეო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 იანვარი, 1562
დაბ. ადგილი: პიემონტი, სავოიის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 26 ივლისი, 1630, (68 წლის)
გარდ. ადგილი: პიემონტი, სავოიის საჰერცოგო
მეუღლე: კატალინა მიკაელა ესპანელი
(ქ. 1584 - გარდ. 1597)
მარგერიტა დე როსილონი
(ქ. 1629)
შვილები: ვიტორიო ამადეო I, სავოიის ჰერცოგი
მარგერიტა, პორტუგალიის დედოფალი
იზაბელა, მოდენის პრინცესა
ტომასო ფრანჩესკო, კარინიანოს პრინცი
მამა: ემანუელე ფილიბერტ I, სავოიის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

კარლო ემანუელე I (იტალ. Carlo Emanuele I; დ. 12 იანვარი, 1562 — გ. 26 ივლისი, 1630), აგრეთვე ცნობილი როგორც დიდი — სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტ I-ისა და მისი ცოლის, მარგარიტა დე ვალუას ვაჟი. სავოიის ჰერცოგი 1580-1630 წლებში. ცდილობდა სავოიის დამოუკიდებლობის დაცვას მეზობელი, აგრესიულად განწყობილი საფრანგეთისა და ესპანეთისგან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო ემანუელე დაიბადა 1562 წლის 12 იანვარს რივოლის სასახლეში, იგი იყო სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტ I-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა მარგარიტა დე ვალუას ერთადერთი შვილი. 1574 წელს გარდაეცვალა დედა, ხოლო 1580 წლის 30 აგვისტოს, მამის გარდაცვალების შემდეგ კარლო ემანუელე სავოიის ჰერცოგი გახდა.

კარგად განათლებულსა და ინტელექტუალს, მშობლიური პიემონტურის გარდა, შეეძლო იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ლათინურ ენებზე გამართული საუბარი. იგი იყო უბადლო მეომარი და მხედართმთავარი. იგი ასევე ძალიან ამბიციური და თავდაჯერებული კაცი იყო, ცდილობდა სავოიის მეზობელი ქვეყნების ხარჯზე გაფართოებას. 1588 წელს მას შემდეგ რაც საფრანგეთის მეფე ანრი III-ს ტახტისთვის ბრძოლა გაუმართეს, კარლო ემანუელემ ისარგებლა ფრანგების დასუსტებით და მათ სალუზოს სამარკიზო წაართვათ. 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ანრი IV ავიდა, რომელმაც კარლო ემანუელეს ტერიტორიების დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა, ამან კი ომის დაწყება გამოიწვია. ომი საბოლოოდ 1598 წელს დასრულდა უშედეგოდ. ამის შემდეგ სავოიის ჰერცოგმა ესპანეთის მეფესთან მოლაპარაკებები დაიწყო, რაზეც ანრი IV დაემუქრა, რომ თუ ესპანელებთან მოლაპარაკებებს არ გაწყვეტდა ომს განაახლებდა. კარლო ემანუელემ ცხადია ახლად არ დაუჯერა ფრანგებს და 1601 წელს ომი განახლდა, რომელიც მალევე დასრულდა. სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, სალუზო სავოიას რჩებოდა, სამაგიეროდ სავოიელები ფრანგებს მთელს ალპებს გადაღმა მდებარე მიწებს უთმობდნენ. ამ მიწებზე სულ პროტესტანტები ცხოვრობდნენ და კარლო ემანუელეს მისი მოშორება აწყობდა კიდეც.

1602 წელს კარლო ემანუელე ქალაქ ჟენევას დაესხა თავს. 11 დეკემბერს, ღამით სავოიელებმა ალყაში მოაქციეს ჟენევის გალავნები. საბოლოოდ ჟენევას კედლები ვერ დაანგრიეს, დიდხნიანი შტურმის შემდეგ სავოიელებს ტყვიაწამალი გამოელიათ. სანამ ახალ მარაგს მიიღებდნენ, ქალაქიდან შვეიცარიელი ჯარისკაცები გამოცვივდნენ და სავოიელები სასტიკად დაამარცხეს. სავოიელთა მხარეს დაიღუპა 54, ხოლო მძიმედ დაშავდა უამრავი ჯარისკაცი, მაშინ როცა არცერთი შვეიცარიელი არ დაღუპულა ბრძოლაში. სავოიელები პანიკაში ჩაცვივდნენ და უკან გაბრუნდნენ. ტყვედ ჩაგდებული სავოიელები კი შვეიცარიელებმა სასტიკად აწამეს და შემდეგ დახოცეს.

კარლო ემანუელემ შვეიცარიაში განცდილი მარცხის შემდეგ კარგად ზრუნავდა სავოიელი ჯარისკაცების ჯავშნის დახვეწაზე, ხოლო შვეიცარიელები ამ საოცარი გამარჯვების დღეს დღემდე აღნიშნავენ.

1610 წლის 25 აპრილს დაიდო ბრუცოლოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სავოია საფრანგეთისა და ესპანეთის მოკავშირე ხდებოდა. 14 მაისს მეფე ანრი IV მოკლეს, ხოლო ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XIII ადის, რეგენტად კი დედამისი, დედოფალი მარია მედიჩი დაინიშნა, რომელიც წარმოშობით ასევე იტალიელი იყო. მარია მედიჩი ძლიერ დაეხმარა სავოიას. 1617 წელს ფრანგული ჯარების დახმარებით კარლო ემანუელემ დაამარცხა ესპანელები, 1619 წელს კი კარლო ემანუელეს უფროსი ვაჟი, პიემონტის პრინცი ვიტორიო ამადეო დააქორწინეს საფრანგეთის პრინცესაზე, მარია მედიჩისა და ანრი IV-ის შუათანა ქალიშვილ კრისტინა მარია დე ბურბონზე.

1625 წელს დაიწყო სავოია-გენუის ომი, რომელშიც კარლო ემანუელეს ფრანგების დახმარებით იმედი ჰქონდა, რომ გენუის რესპუბლიკას ხმელთაშუა ზღვაზე მნიშვნელოვან გასასვლელს წაართმევდა. თუმცა მონკონის ხელშეკრულების დადების შემდეგ სტატუს-კვო შენარჩუნდა.

1628 წელს დაიწყო ომი მანტუას მემკვიდრეობისათვის, რომელშიც ყველასდა გასაკვირად კარლო ემანუელემ ესპანელების მხარი დაიჭირა. ამას მოჰყვა კარდინალი რიშელიეს განრისხება, ფრანგების პიემონტში შეჭრა და სუზას დაპყრობა. ამან აიძულა სავოიის ჰერცოგი კვლავ საფრანგეთის მომხრეთა ბანაკში გადასულიყო. ცხადია ამით დიდად უკმაყოფილო დარჩა ესპანეთის მეფე ფილიპე IV, რომელმაც სავოიას ქალაქი კომო წაართვა. თავდაცვის მიზნით კარლო ემანუელემ სავოია ნეიტრალურად გამოაცხადა, რასაც რიშელიეს კიდევ ერთი შემოჭრა და პინეროლოსა და ავიჯრიალას დაკავება მოჰყვა.

XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო სერბეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც თავად სერბეთის პატრიარქი ხელმძღვანელობდა და მოითხოვდა ოსმალეთისაგან სერბეთის გამოყოფასა და მის დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბებას. სერბები მათ მომავალ მეფედ კი სწორედ სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელეს ასახელებდნენ. ცხადია სერბეთის განთავისუფლება ერთიანი ევროპული ჯვაროსნული ლაშქრობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. 1608 წელს შედგა სერბი არისტოკრატებისა და სასულიერო პირების საიდუმლო შეკრება, რომლებმაც თავიანთ მეფედ კარლო ემანუელე აირჩიეს. კარლო ემანუელე ამ შეხვედრას ესწრებოდა. სერბებმა მას კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაზე დაგასვლა და მისი დაცვა მოსთხოვეს, რაზეც იგი დათანხმდა. თუმცა ევროპელები მათ არ დაეხმარნენ. ამრიგად ბალკანელი ქრისტიანების თურქების წინააღმდეგ განმათავისუფლებელი აჯანყება არ მომხდარა, რამაც ოსმალების ევროპიდან განდევნა საუკუნეებით გადადო. კარლო ემანუელეს არ ჰქონდა იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ დაშლილი სერბეთი გაეერთიანებინა და მარტოს მაინც ებრძოლა. ამრიგად სერბეთი კვლავ ოსმალთა ტყვეობაში რჩებოდა, ხოლო კარლო ემანუელე კვლავ კათოლიკე იყო.

1630 წელს 68 წელის კარლო ემანუელე I ინსულტის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი ვიტორიო ამადეო I ავიდა.

ცოლები, საყვარლები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1584 წელს კარლო ემანუელე დაქორწინდა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ ვალუას უმცროს ქალიშვილზე — ინფანტა კატალინა მიკაელა ესპანელზე, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მეათე მშობიარობას კი თავადვე გადაჰყვა:

  1. ფილიპო ემანუელე (1586–1604), პიემონტის პრინცი;
  2. ვიტორიო ამადეო I (1587–1637), სავოიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო კრისტინა მარია ფრანგი რომელთანაც შეეძინა 8 შვილი;
  3. ემანუელე ფილიბერტო (1588–1624), ესპანეთის კონკისტატორი სიცილიაში;
  4. მარგერიტა (1589–1655), ცოლად გაჰყვა მანტუას ჰერცოგ ფრანჩესკო IV გონძაგას და შეეძინა 3 შვილი;
  5. იზაბელა (1591–1626), ცოლად გაჰყვა მოდენას ჰერცოგ ალფონსო III დ'ესტეს და შეეძინა 14 შვილი;
  6. მაურისიო (1593–1657), კარდინალი;
  7. მარია აპოლონია (1594–1656), აღიკვეცა მონაზვნად, რომში;
  8. ფრანჩესკა კატერინა (1595–1640), აღიკვეცა მონაზვნად, ბეილაში;
  9. ტომასო ფრანჩესკო (1596–1656), ცოლად შეირთო სუასონის გრაფინია მარი დე ბურბონი და შეეძინა 7 შვილი;
  10. ჯოვანა (1597), გარდაიცვალა დაბადებისას;

1629 წელს ცოლად შეირთო თავისი საყვარელი მარგერიტა დე როსილონი, რათა მასთან გაჩენილი შვილები კანონიერად ეცნოთ. კარლო ემანუელესა და მარგერიტას ოთხი საერთო შვილი ჰყავდათ:

  1. მაურისიო (?–1645), პოირინოს მარშალი და კოლონელის კავალერისტი;
  2. მარგერიტა (?–1659), ცოლად გაჰყვა ფრანჩესკო დ'ესტეს, იყო დრონეროს, სან ჯულიანოსა და როკაბრუნას სენიორა;
  3. გაბრიელი (?–1695), რივას მარკიზი, ლეიტენანტ გენერალი;
  4. ანტონიო (?–1688), ნიცის გრაფი;

ქორწინების გარეშე, სხვადასხვა საყვარელთან ჰყავდა 7 უკანონო შვილი:

— ლუიზა დე დარინგთან ჰყავდა ერთი ვაჟი:

  • ემანუელე (1600–1652), ანდორნოს მარკიზი;

— ვირჯინია დე პალავიჩინთან ჰყავდა სამი ვაჟი:

  • კარლო უმბერტო (1601–1663), ჯონცონეს მარკიზი, ცოლად შეირთო კლაუდია ფერერო ფიესკი;
  • სილვიო (?–1645), ივრეას გუბერნატორი, სანტა მარიას და სან ლორენცოს კომენდანტი;
  • ვიტიჩინდო (1648–?), მღვდელი;

— არგენტინა პროვანასთან ჰყავდა ერთი ვაჟი:

  • ფელიჩე (1604–1643), ალბას მარკიზი;

— ანა ფელიჩიტა კუზანთან ჰყავდა ერთი ვაჟი:

  • ლუდოვიკო (?–1684), წმინდა მორისის ორდენის დიდი მაგისტრი;

— უცნობ საყვარელთან ჰყავდა ერთი გოგონა:

  • ანა კატერინა (?–1660).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Le Royaume d'Italie, vol. I. Les manuscrits du C.E.D.R.E. (Cercle d'Études des Dynasties Royales Européennes): Dictionnaire Historique et Généalogique. 1992. ISSN 0993-3964. pp. 80–81, 129-132, 152-154.
  • Kamen, Henry (1997). Philip II. Yale University Press.
  • Storrs, Christopher (1999). War, Diplomacy and the Rise of Savoy 1690-1720. Cambridge University Press. ISBN 0521551463.