ეკატერინე მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკატერინე მედიჩი
Catherine de Médicis
Catherine-de-medici.jpg
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 10 ივნისი 1549
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი 1547
მმართ. დასასრული: 10 ივლისი 1559
წინამორბედი: ელეონორ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია სტიუარტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აპრილი 1519
დაბ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
გარდ. თარიღი: 5 იანვარი 1589 (69 წლის)
გარდ. ადგილი: ბლუის სასახლე, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი II ვალუა
შვილები: ფრანსუა II, საფრანგეთის მეფე
ელიზაბეტა, ესპანეთის დედოფალი
კლაუდია, ლოთარინგიის ჰერცოგინია
ლუი ვალუა
შარლ IX, საფრანგეთის მეფე
ანრი III, საფრანგეთის მეფე
მარგარიტა, საფრანგეთის დედოფალი
ფრანსუა, ალანსონის ჰერცოგი
ჟანა ვალუა
ვიქტორია ვალუა
სრული სახელი: ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: ლორენცო II მედიჩი
დედა: მადლენ დე ლა ტურდე
რელიგია: კათოლიციზმი
მეტსახელი: შავი დედოფალი

ეკატერინე მედიჩი (ფრანგ. Catherine de Médicis) ანუ ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (იტალ. Caterina Maria Romola di Lorenzo de' Medici) (დ. 13 აპრილი 1519, ფლორენცია — გ. 5 იანვარი 1589, ბლუა) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ურბინოს, ფლორენციისა და ბოლონიის ჰერცოგ ლორენცო II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მადლენ დე ლა ტურდეს ერთადერთი შვილი. საფრანგეთის დედოფალი 1547-1559 წლებში როგორც ანრი II-ის მეუღლე. საფრანგეთის სამი მეფის ფრანსუა II-ის, შარლ IX-ისა და ანრი III-ის დედა. როგორც მეფის დედა იგი ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკაში და დიდ გავლენასაც ახდენდა მასზე. იგი 1552, 1560-63 და 1574-75 წლებში იყო რეგენტი და თავად მართავდა ქვეყანას.

1533 წელს 14 წლის ეკატერინე დააქორწინეს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ვაჟ ანრი დე ვალუაზე, რომელიც ორლეანის ჰერცოგი იყო. ქორწინებიდან მალევე ანრიმ გაიჩინა საყვარელი დიანა დე პუატიეს სახით, რომელიც სიკვდილამდე გვერდით ჰყავდა. 1559 წელს ანრი გარდაიცვალა მისი და ეკატერინეს უფროსი ქალიშვილის, პრინცესა ელიზაბეტას და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ქორწილში, საზეიმოდ გამართულ ტურნირზე. ტახტზე ავიდა ეკატერინეს ვაჟი ფრანსუა II, რომელიც 1560 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მეფე ხდება ეკატერინეს 10 წლის ვაჟი შარლ IX, ხოლო ეკატერინე მისი რეგენტი ხდება. მისი მმართველობისას ეკატერინეს უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა. იგი ძლიერ ებრძოდა ჰუგენოტებს, 1572 წლის 24 აგვისტოს ეკატერინეს თაოსნობით მოეწყო წმინდა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილი ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა. 1574 წელს შარლი უძეოდ გარდაიცვალა, ამიტომაც ტახტს ეკატერინეს კიდევ ერთი ვაჟი ანრი III იკავებს. ანრი მთლიანად დედის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, რამაც ეკატერინეს ძალაუფლება კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა მას შემდეგ რაც ანრის ცოლს მუცელი მოეშალა, იგი აღარავის უსმენდა, მათ შორის აღარც ეკატერინეს.

ეკატერინეს სამივე ვაჟის მმართველობისას საფრანგეთში სამოქალაქო ომები იყო გამეფებული. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა საფრანგეთის რელიგიური ომები და გარდა ამისა საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდნენ ბურბონთა და გიზების დინასტიები. თავიდან ეკატერინე ცდილობდა ჰუგენოტებისადმი რბილი და დამთმობი პოლიტიკა გაეტარებინა, თუმცა სულ მალე მან უმკაცრესი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ზოგიერთი ისტორიკოსი ამის გამო მას ცუდ მონარქსა და დაუნდობელს უწოდებს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი მმართველობისას სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ეს მხოლოდ სასოწარკვეთილი ქალის ქმედებები იყო, რათა გადაერჩინა ვალუას დინასტია და საფრანგეთში კათოლიციზმი შეენარჩუნებინა.

მისი მმართველობისას ასევე აღორძინდა ხელოვნება და კულინარია. იგი პატრონობდა ხელოვნებას და ხელს უწყობდა საფრანგეთში მის გაფურჩქვნას. აგრეთვე მისი ჩატანილია საფრანგეთში უამრავი კერძის რეცეპტი და ინგრედიენტი.

ეკატერინეს გარეშე სავარაუდოა, რომ მისი ვაჟების მმართველობას დაამხობდნენ, რაც ასეც მოხდა მისი გარდაცვალებიდან 6 თვეში. მისი სამი ვაჟის მმართველობა ისტორიაში შესულია როგორც „ ეკატერინე მედიჩის ხანა “. ეკატერინე ითვლება მეთექვსმეტე საუკუნის ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ქალად.

დაბადება და აღზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე დაიბადა 1519 წლის 13 აპრილს ფლორენციაში. იგი იყო ურბინოს, ფლორენციისა და ბოლონიის ჰერცოგ ლორენცო II მედიჩისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მადლენ დე ლა ტურდეს ერთადერთი შვილი. მისი მშობლების ქორწინება იყო ალიანსი, ლორენცო წარმოადგენდა რომის პაპ ლეო X-ის მხარეს ხოლო მადლენი საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის მხარეს, რაც სიმბოლური გამოხატულება იყო საფრანგეთისა და რომის პაპის ალიანსისა, რომელიც მიმართული იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის წინააღმდეგ. მემატიანეების გადმოცემით, მისი დაბადების შემდეგ მისმა მშობლებმა განაცხადეს „ მოხარულები ვიქნებოდით, ის რომ ვაჟი ყოფილიყო“.

ეკატერინეს დაბადებიდან სულ რაღაც ერთ თვეში მისი ორივე მშობელი დაიღუპა. 1519 წლის 28 აპრილს ცხელებით გარდაიცვალა მადლენ დე ლა ტურდე, ხოლო 4 მაისს ჭირისგან გარდაიცვალა ლორენცო II. სწორედ ამ დროს ურბინოს საჰერცოგოს დაეუფლა ფრანჩესკო მარია I დელა როვერე. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს სურდა ეკატერინე თავის ვაჟზე დაექორწინებინა, თუმცა რომის პაპს სულ სხვა გეგმები ჰქონდა მისთვის.

რომის პაპი კლემენტე VII

ეკატერინეზე თავიდან ზრუნავდა ბებიამისი (მამის დედა), ალფონსინა ორსინი. თუმცა 1520 წელს ალფონსინა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მასზე ზრუნვა მამიდამისმა, კლარისა მედიჩიმ იკისრა. კლარისა ახლად დაქვრივებული იყო და შვილებითურთ დაბრუნდა სამშობლოში და ძმის შვილის აღზრდა დაიწყო. 1521 წელს გარდაიცვალა რომის პაპი ლეო X, რამაც ძლიერ დაასუსტა მედიჩების ძალაუფლება (ვინაიდან ლეოც მედიჩი იყო). თუმცა მედიჩებმა ძალაუფლება მალევე აღიდგინეს, ვინაიდან 1523 წელს რომის პაპად აირჩიეს კლემენტე VII, იგივე ჯულიო მედიჩი. პაპად არჩევამდე იგი ეკატერინესთან ერთად ერთ სასახლეში ცხოვრობდა. წამოიზარდა თუ არა ეკატერინე, მან პრეტენზია განაცხადა ურბინოს საჰერცოგოზე, რის გამოც ფლორენციელებმა მას Duchessina, ანუ პატარა ჰერცოგინია შეარქვეს. თუმცა ურბინოს საჰერცოგოზე მისი პრეტენზიები არავინ აღიარა.

მთელი ამ დროის მანძილზე ფლორენციას მართავდა ტირანი კარდინალი სილვიო პასერინი. მისი მმართველობით გატანჯულმა ფლორენციელებმა 1527 წელს დაამხეს მედიჩების მმართველობა ფლორენციაში. ფლორენციელებმა მოკლეს სილვიო, კლარისა მედიჩი და მისი შვილები, ხოლო პატარა ეკატერინე ტყვედ აიყვანეს და მისთვის ზიანის მიყენებით მედიჩების დამცირება განიზრახეს. საბოლოოდ ფლორენციელებმა პატარა ეკატერინეს ბორდელში გაყიდვა მოისურვეს. პაპ კლემენტეს სხვა გზა აღარ დარჩა და შველა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს სთხოვა. 1529 წლის ოქტომბერში იმპერატორის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ფლორენციას. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ამ დროს ეკატერინე ფლორენციელმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, თუმცა ამის დამადასტურებელი ცნობები არ არსებობს. 1530 წლის 12 აგვისტოს ფლორენცია იმპერატორის ჯარებს ჩაბარდა. იმპერატორის ბრძანებით ეკატერინე რომში გაგზავნეს პაპ კლემენტესთან. როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, აცრემლებულები გადაეხვივნენ. ამის შემდეგ რომის პაპმა მისთვის საქმროს ძებნა დაიწყო.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე მედიჩისა და ანრი ვალუას ქორწინება. ჯვარს სწერთ პაპი კლემენტე VII.

ეკატერინეს რომში ვიზიტის დროს, ვენეციური დელეგაცია ამგვარად აღწერს: "ის არის დაბალი, არის გამხდარი, აქვს დახვეწილი ნაქუთები და ასევე დახვეწილი მანერები, არის წითური და აქვს მედიჩებისათვის დამახასიათებელი მრავლისმეტყველი თვალები". ეკატერინეზე დაქორწინება რამდენიმე ევროპელმა მონარქმა მოისურვა. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-მ 1530 წლის აპრილში რომში ალბანის ჰერცოგი გაგზავნა რათა მისი ხელი ეთხოვა და საქორწინო მოლაპარაკებები ეწარმოებინა, თუმცა 1530 წლის ნოემბერში მას უარი უთხრეს ქორწინებაზე. სულ მალე წამოვიდა ქორწინების მეორე შესაძლებლობა. ამჯერად მის ხელს ითხოვდა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის შუათანა ვაჟი, ორლეანის ჰერცოგი ანრი ვალუა. ანრი ეკატერინესათვის ნამდვილი პრიზი იყო მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, ხოლო ანრის მასზე ქორწინება მხოლოდ იმიტომ სურდა, რომ ხელში ჩაეგდო მედიჩების უზარმაზარი ქონება, რასაც ეკატერინე ფლობდა.

1533 წლის 28 ოქტომბერს ეკატერინე მედიჩი და ანრი ვალუა ქალაქ მარსელის წმინდა ფეროელ ავგუსტინელის სახელობის ტაძარში დაქორწინდნენ. მათ ჯვარი თვით რომის პაპმა კლემენტე VII-მ დასწერათ, რაც უდიდესი პატივი იყო. მათი ქორწილი იყო საოცრად ექსტრავაგანტული და პომპეზური. ცნობილია, რომ სწორედ მათ ქორწილში დამზადდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ნაყინი. ასევე მათი ქორწილისთვის დაუმზადეს ისტორიაში პირველი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეკატერინეს, რადგან იგი ანრისთან შედარებით ძალიან დაბალი იყო. ქორწილი რამდენიმე კვირა გაგრძელდა და ყოველდღიურად ანახლებდნენ სუფრას. პრინცმა ანრიმ ეკატერინესთან რამდენჯერმე იცეკვა. 14 წლის წყვილმა ქორწილი შუა ღამისას დატოვა ცოლ-ქმრული მოვალეობის შესასრულებლად. საძინებლამდე ანრი ფრანსუა I-მა ხოლო ეკატერინე კლემენტე VII-მ მიაცილა. პაპმა დალოცა მათი საწოლი და გამრავლება უსურვათ, შემდეგ კი წყვილი მარტო დატოვეს.

ქორწინების პირველი წელი ანრი ეკატერინეს ერთგული იყო, თუმცა სამეფო კარის ლამაზმანები არ ისვენებდნენ. ამასთან ეკატერინეს ფრანგულად მეტყველებაც უჭირდა. მან ვერ ისწავლა მახვილების სწორად დასმა, ამიტომაც მთელი სიცოცხლის მანძილზე საუბრობდა ფრანგულად, მაგრამ იტალიური აქცენტით. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ყველას ხიბლავდა თავისი ინტელექტით და ქარიზმით. 1534 წლის 25 სექტემბერს პაპი კლემენტეს გარდაცვალებამ მნიშვნელოვნად შეარყია ეკატერინეს მდგომარეობა საფრანგეთის სამეფო კარზე. ახალმა პაპმა პავლე III-მ დაარღვია საფრანგეთთან ალიანსი და ესპანეთის მოკავშირე გახდა. ამასთან ეკატერინეს მზითვებიც არ იყო ისეთი როგორსაც ფრანგები მოელოდნენ, ამიტომაც ერთხელად მეფე ფრანსუამ ეკატერინეს წამოაძახა: "გოგონა მოვიდა ჩემთან თითქმის შიშველი".

პრინც ანრის თავისი ახალგაზრდა ცოლი სულაც არ აინტერესებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ქორწინების პირველი ათი წლის მანძილზე ეკატერინე ბავშვს ვერ აჩენდა. 1537 წელს კი ანრის ერთ-ერთ საყვარელთან, ფილიპინა დუჩთან შეეძინა გოგონა, სახელად დიანა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ უნაყოფობა მხოლოდ ეკატერინეს ბრალი იყო. სწორედ ამ პერიოდში ანრიმ გაიჩინა ახალი საყვარელი დიანა დე პუატიეს სახით, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით ჰყავდა. ეკატერინეზე, როგორც უნაყოფოზე ზეწოლა კი თანდათან უფრო ძლიერდებოდა.

მადამ დოფინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოფინი ეკატერინე მედიჩი

საფრანგეთში ჩასვლიდანვე ეკატერინეს ჰქონდა იმის ამბიცია, რომ დედოფალი გამხდარიყო. თუმცა ეს შეუძლებელი იყო მანამ, სანამ მისი უფროსი მაზლი, საფრანგეთის დოფინი ფრანსუა დე ვალუა ცოცხალი იყო, ასეთ შემთხვევაში ეკატერინეს მთელი ცხოვრების მანძილზე ორლეანის ჰერცოგინიად ყოფნა მოუწევდა, რაც დიდად არ ხიბლავდა მას.

1536 წლის 10 აგვისტოს ფრანსუა ჩოგბურთს თამაშობდა, რის შემდეგაც სულის მოსათქმელად წყალი ითხოვა, მისი დალევის შემდეგ კი უგონოდ დაეცა და სულ მალე გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა წყალი მოწამლული იყო და თანაც ვინც წყალი მიაწოდა, იყო ეკატერინეს მოკავშირე იტალიელი გრაფი. ამის შემდგომ დაიწყო სერიოზული ეჭვები იმის შესახებ, რომ ფრანსუა ეკატერინემ მოწამლა. გრაფი რომელმაც დოფინს მოწამლული წყალი მიართვა სასტიკად აწამეს, რათა ამის ორგანიზატორი დაესახელებინა თუმცა ამაოდ, ამის შემდეგ კი მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ ეკატერინე საფრანგეთის დოფინი და მაშასადამე მომავალი დედოფალი გახდა. რეალურად ყველამ იცოდა, რომ ფრანსუა ეკატერინეს დაკვეთით მოწამლეს, თუმცა ვერაფრით დაუმტკიცეს და ამიტომაც იგი არავის დაუსჯია.

თუმცა იქიდან მოყოლებული რაც ის დოფინი გახდა, მისი მდგომარეობა გაუარესდა. მეფეს ბევრი ადამიანი ურჩევდა ანრი და ეკატერინე გაეყარა და ანრისთვის ვინმე "ნაყოფიერი" ქალი შეერთო უფრო მაღალი წრიდან. ცხადია მომავალ დედოფალს ბავშვის გაჩენა უნდა შესძლებოდა რადგან დინასტია არ შემწყდარიყო. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ეკატერინემ ყველა ნაცნობი ხერხი სცადა რათა როგორმე დაორსულებულიყო. სცადა შელოცვები, ჭამდა გრუნტიდან ამოყვანილ ჭიებს, სვავდა ვირის შარდსა და ე.წ. "სიცოცხლის წყაროს. საბოლოოდ როგორც იქნა 1544 წლის 19 იანვარს ეკატერინემ გააჩინა თავისი პირველი შვილი, ვაჟი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ფრანსუა დაარქვეს.

ამის შემდეგ, მთელი შემდეგი წლები ეკატერინე ბავშვებს აჩენდა. ეკატერინემ ანრის კიდევ ცხრა შვილი გაუჩინა, რომელთაგან მხოლოდ ექვსმა მიაღწია სრულწლოვანებამდე - ელიზაბეტა (1545-1568), კლაუდია (1547-1575), ლუი (1549), შარლი (1550-1574), ანრი (1551-1589), მარგარიტა (1553-1615), ფრანსუა (1555-1584), ჟანა (1556) და ვიქტორია (1556). მიუხედავად ამისა მისი შვილები უკანასკნელი ვალუები იყვნენ, ვინაიდან მისი ხუთი ვაჟიდან ვერცერთმა შეძლო მემკვიდრის დატოვება.

მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინემ არაერთი ბავშვის გაჩენა შეძლო, ამან ვერ უშველა მისი და ანრის ქორწინებას. 1534 წლიდან ანრიმ თავისზე ოცი წლით უფროსი ქალი, დიანა დე პუატიე გაიჩინა საყვარლად და მისი ერთგული იყო, ეკატერინესთან კი მხოლოდ მოვალეობის გამო იყო. თუმცა დიანა პატივს სცემდა ეკატერინეს როგორც ტიტულით მასზე მაღლა მდგარ პიროვნებას. 1547 წლის 31 მარტს ფრანსუა I გარდაიცვალა. მეფე ანრი II გახდა ხოლო დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ფრანსუას ქვრივი, ელეონორ ავსტრიელი, რომელიც ანრის დედინაცვალი იყო, მშობლიურ ესპანეთში დააბრუნეს.

საფრანგეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ეკატერინე მედიჩი

საფრანგეთის დედოფლობის დროს ეკატერინეს პოლიტიკაზე გავლენა თითქმის საერთოდ არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იგი 1552 წელს რეგენტი იყო, ანრი მკაცრად აკონტროლებდა, რომ ეკატერინეს პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონოდა. ანრიმ შატო დე შენონსი, რომელიც ეკატერინეს თავისთვის უნდოდა, დიანა დე პუატიეს აჩუქა. სწორედ ეს იყო იმის გამოხატულება, რომ დიანა უგვირგვინო დედოფალი იყო.

საღვთო რომის იმპერიის ელჩმა განაცხადა, რომ სტუმრების თანდასწრებით ანრიმ დიანა გვერდით დაისვა და მთელი საღამო ან მის მკერდს უყურებდა, ან პოლიტიკაზე ესაუბრებოდა. დიანას არასოდეს ეშინოდა ეკატერინესი. პირიქით, იგი ანრის მოუწოდებდა, რომ ეკატერინესთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა რათა უფრო მეტი ბავშვი გაჩენილიყო. 1556 წელს ეკატერინემ ტყუპი გოგონები გააჩინა, ჟანა და ვიქტორია. მშობიარობა იმდენად გაურთულდა, რომ ჟანა მშობიარობისას ქირურგებმა ძლივს გამოიყვანეს, რის შემდეგაც პატარა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, ხოლო ვიქტორია დაბადებიდან შვიდ კვირაში დაიღუპა. ამ მშობიარობის შემდეგ ეკატერინემ კინაღამ დაკარგა სიარულის უნარი დაკარგა, რის შემდეგაც ექიმებმა სასტიკად გააფრთხილეს ეკატერინე, რომ აღარასდროს დაფეხმძიმებულიყო. ამის ერთადერთი გამოსავალი კი ის იყო, რომ ანრისა და ეკატერინეს ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებისაგან სამუდამოდ განთავისუფლდნენ, ამან კი ანრი სამუდამოდ ჩაუგდო ხელში დიანას. ამის შემდეგ ეკატერინეს შვილები აღარ გაუჩენია.

ეკატერინე მედიჩის გერბი

ანრის მმართველობისას განსაკუთრებით გაძლიერდა დე გიზების დინასტია. შარლ დე გიზი კარდინალი გახდა, ფრანსუა დე გიზი ჰერცოგი, ხოლო მათი და, მარია დე გიზი შოტლანდიის დედოფალი გახდა. სწორედ მარია დე გიზის ქალიშვილი იყო ეკატერინეს უფროსი ვაჟის ფრასუას ცოლის მარია სტიუარტის დედა. მარია და ფრანსუა 1548 წელს დანიშნეს ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის განსამტკიცებლად. როდესაც ისინი დანიშნეს მარია მხოლოდ ხუთი წლის იყო, ხოლო ფრანსუა სამის. ახალგაზრდა შოტლანდიელი დოფინი საფრანგეთის სამეფო კარზე იზრდებოდა ფრანსუას დებთან ერთად. პატარა მარია სტიუარტი უკვე შოტლანდიის დედოფალი იყო, რომელსაც დედამისი, რეგენტი მარია დე გიზი მართავდა.

დედოფალი ეკატერინე

1559 წლის დასაწყისში ანრიმ ხელი მოაწერა კატო-კამბრეზეს ზავს, რითაც იგი დაუზავდა ესპანეთს და მისი მოკავშირე გახდა. სწორედ ამ ზავით დასრულდა იტალიური ომები, რომელიც 1498 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა. ამ ხელშეკრულების განსამტკიცებლად, ანრიმ გადაწყვიტა უფროსი ქალიშვილი, 14 წლის პრინცესა ელიზაბეტა მიეთხოვებინა ესპანეთის უკვე მეორედ დაქვრივებულ 32 წლის მეფე ფილიპე II-ისათვის. 1559 წლის 22 ივნისს პარიზში, ნოტრ-დამის კათედრალში ელიზაბეტა და ფილიპე დაქორწინდნენ. ქორწილი რამდენიმე კვირის მანძილზე აღინიშნებოდა. გაიმართა დიდი ნადიმი, ზეიმი, მასკარადები და ტურნირები.

მეფე ანრიმ თავის საყვარელ დიანა დე პუატიეზე შთაბეჭდილების მოსახდენად ტურნირში მონაწილეობა თავადაც მიიღო. ანრი შეერკინა შოტლანდიელ გვარდიელს, ლორდ გაბრიელ მონტგომერის. მოულოდნელად გაბრიელმა ანრი ცხენიდან გადმოაგდო. ანრი წამოდგა და კვლავ მასთან შერკინებას ითხოვდა. მეფეს უარი არ უთხრეს და ტურნირი გაგრძელდა. ამჯერად მონტგომერიმ მეფეს შუბი თვალში გაუყარა და ცხენიდან გადმოაგდო. ჰენრის მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა. ეკატერინე, დიანა და დოფინი ფრანსუა სასწრაფოდ ანრისთან გაიქცნენ. მეფე სასახლეში გადაიყვანეს და სასწრაფოდ მოიწვიეს საფრანგეთის საუკეთესო ექიმი. ანრის შუბის ნამსხვრევები არამხოლოდ თვალში არამედ ტვინშიც ჰქონდა. მან მხედველობა მალევე დაკარგა, თუმცა სიცოცხლეს მაინც ეპოტინებოდა. ეკატერინე მთელი დღეები ანრის საწოლის გვერდით იჯდა, დიანა კი არსად ჩანდა. მას ეშინოდა, რომ ეკატერინე შურს იძიებდა და სასახლიდან გააძევებდა, ამიტომაც ცდილობდა მას თვალში არ მოხვედროდა. მომდევნო ათი დღის მანძილზე ანრი სახელმწიფოს მართვას მაინც ახერხებდა. იგი პასუხობდა წერილებს და უსმენდა მუსიკას. საბოლოოდ ანრი II 1559 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. სწორედ ამ დროს ეკატერინემ განაცხადა "lacrymae hinc, hinc dolor", რაც ფრანგულად ნიშნავს: "აქედან მოვიდა ჩემი ტკივილი და ცრემლი". აქედან მოყოლებული ეკატერინემ გლოვის ნიშნად ჩაიცვა შავი სამოსი, რომელიც სიკვდილამდე არ გაუხდია ანრის ხსოვნის პატივსაცემად.

დედა დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა II-ის მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა II და მისი ცოლი, შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტი

როდესაც ფრანსუა II საფრანგეთის მეფე გახდა 15 წლის იყო. მისი გამეფებიდან მალევე ლოთარინგიის კარდინალმა შარლ დე გიზმა, რომელიც დედოფალ მარია სტიუარტის ბიძა იყო, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მართალია კარდინალის გეგმა ჩავარდა, თუმცა სამეფო ოჯახი უსაფრთხოების მიზნით ლუვრის სასახლეში გადასახლდა. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინგლისის ელჩმა განაცხადა: "გიზის დინასტია მართავს საფრანგეთსაც და მეფესაც". სწორედ ამ მომენტში, ეკატერინე მიხვდა, რომ დრო იყო ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიეღო. იგი მუშაობდა გიზების დინასტიის, განსაკუთრებით კი ფრანსუა დე გიზის წინააღმდეგ. ფრანსუა დე გიზსა და ეკატერინე მედიჩის შორის საიდუმლო ბრძოლა იყო, ოფიციალურად კი თავი ისე მოჰქონდათ, თითქოს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა ეკატერინემ თავისი ძალაუფლება პირველად სწორედ თავისი უპირველესი კონკურენტის დიანა დე პუატიეს გასანადგურებლად გამოიყენა. მან დიანა გააძევა სამეფო სასახლიდან, ჩამოართვა მთელი ძვირფასეულობა და სამკაულები რაც მას ანრიმ აჩუქა, ასევე ჩამოართვა შატო დე შენონსიც. ამრიგად ეკატერინემ დიანას ყველაფერი წაართვა და საბოლოოდ პარიზიდან ძალიან შორს, შატო დე ანეტში გადაასახლა.

ამასობაში ძმებმა დე გიზებმა საფრანგეთში ჰუგენოტების სასტიკი დევნა დაიწყეს. ეკატერინე ჰუგენოტებთან მიმართებისას მაინც ზომიერ პოზიციას იჭერდა, თუმცა მათ დევნას და ხოცვას არ კრძალავდა. ამიტომაც ჰუგენოტებმა დაიწყეს ასევე ჰუგენოტის ძებნა მაღალ წრეში. მათ მალევე იპოვნეს კიდევაც, ეს იყო ნავარის მეფე-კონსორტი ანტუან დე ბურბონი და მისი ძმა, კონდეს პრინცი ლუი დე ბურბონი. ძმები ბურბონები ვერ იტანდნენ დე გიზებს და მათი ხელისუფლებიდან მოცილება სურდათ. მალევე ბურბონებმა გიზების წინააღმდეგ ამბოხება მოაწყვეს, რომელშიც თავადვე დამარცხდნენ, გიზებმა კი მათი ხალხის დიდი ნაწილი ტყვედ აიყვანეს და ზოგი მდინარეში დაახრჩეს, ზოგი კი ტყეში ჩამოახრჩეს. სამეფო ოჯახი და ეკატერინე მედიჩი ამას შორიდან უყრებდა.

1560 წელს საფრანგეთის მთავარ კანცლერად დაინიშნა მიშელ დე ლ'ოპიტალი. იგი ცდილობდა როგორმე დაეშოშმინებინა საფრანგეთში არსებული დაპირისპირებული ძალები და ასევე თანამშრობლობდა ეკატერინესთანაც. მიშელმა ეკატერინეს შესთავაზა ახალი კანონის შემოღება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჰუგენოტების დევნა იკრძალებოდა. 1560 წლის 20 აგვისტოს ფონტენბლოში დედა დედოფლის ბრძანებით ამ კანონს ხელი თითქმის ყველა დიდგვაროვანმა მოაწერა, რითაც ის ძალაში შევიდა. ამ კანონის მიუხედავად შიდა არეულობა გრძელდებოდა. პრინცმა კონდემ დიდი არმია შეაგროვა და საფრანგეთის სამხრეთ ქალაქები დაიპყრო. მალევე ეკატერინემ დიდი არმია დაძრა ქალაქების დასაბრუნებლად და კონდეს დასასჯელად. ნოემბერში ეკატერინემ კონდე ტყვედ ჩაიგდო და სამეფო კარზე ჩაიყვანა. იქ კონდე გაასამართლეს და ღალატისთვის თავის მოკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 1560 წლის 5 დეკემბერს ფრანსუა II გარდაიცვალა, რამაც კონდეს სიცოცხლე იხსნა.

როდესაც ეკატერინემ დაინახა, რომ მისი ვაჟი სიკვდილის პირას იყო, ანტუან დე ბურბონთან წერილი გაგზავნა, სადაც ეწერა, რომ თუ ახალ მეფეს (იგულისხმება მცირეწლოვანი შარლ IX) ერთგულებას შეჰფიცავდა და საფრანგეთის ტახტზე თავის პრეტენზიებს უარყოფდა მის ძმას სახსალამათს დაუბრუნებდა. ამით შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინემ შარლს ტახტი შეუნარჩუნა. ანტუანი დათანხმდა და კონდე ნავარაში დააბრუნეს. სწორედ ამ დროს ეკატერინემ ახალი მოკავშირეების შეძენა გადაწყვიტა. ამ მისიით პორტუგალიაში თავისი ელჩი ჟან ნიკო გააგზავნა რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ისა და ეკატერინეს ქალიშვილ მარგარიტა ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებით. მართალია ჟან ნიკომ ვერ შეძლო მარგარიტასა და სებასტიანის დაქორწინება, თუმცა სწორედ ამ დროს ეკატერინეს პორტუგალიიდან გაუგზავნა თამბაქოს დიდი პარტია რათა დედოფალი შაკიკისგან განკურნებულიყო. ეკატერინეს მართლაც მოჰგვარა შვება მისმა გამოყენებამ, სწორედ ამიტომ მან ამ მცენარეს მის საპატივსაცემოდ უწოდა ნიკოტინი და ხელი შეუწყო მის გავრცელებას, ვინაიდან ღრმად სჯეროდა, რომ ნიკოტინი თავის ტკივილთან გამკლავების საუკეთესო საშუალება იყო.

როდესაც ეკატერინემ გაიგო, რომ მარგარიტა პორტუგალიაში ვერ გათხოვდებოდა, გადაწყვიტა უკვე გათხოვილი ქალიშვილისათვის მიემართა დახმარებით. სწორედ ამ მიზნით ეკატერინემ თავის ქალიშვილს, ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტა ვალუას წერილი მისწერა, სადაც ამგვარი რამ ეწერა: " ჩემი მთავარი მიზანია, სანამ ჩემი თვალები ანათებენ შევუნარჩუნო შენი და შენი და-ძმების სამშობლოს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, შევინარჩუნო ჩემი ძალაუფლება, არა ჩემთვის, არამედ ამ სამეფოსათვის, ღმერთისთვის და შენი ძმების კეთილდღეობისთვის".

შარლ IX-ის მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მეფე გახდა 10 წლის ბიჭი რომელმაც საკუთარ კორონაციაზე იტირა. საჭირო გახდა საფრანგეთი რეგენტს ემართა სანამ მეფე გაიზრდებოდა. ფრანგმა დიდგვაროვნებმა რეგენტად ეკატერინე მედიჩი აირჩიეს. ეკატერინე თავჯდომარეობდა საფრანგეთის სამეფო საბჭოს, იგი აკონტროლებდა ყველაფერს, თავის ნებაზე მართავდა შიდა და გარე პოლიტიკას, პატრონობდა ხელოვნებას და მართავდა ბიზნესს. თუმცა რეალურად, იგი თავს ვერ ართმევდა ქვეყნის მართვას, საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. საფრანგეთის ბევრ ნაწილში ადგილობრივ დიდგვაროვნებს უფრო მეტი გავლენა ჰქონდათ ვიდრე მეფეს. ხშირად ფრანგები უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ ეკატერინეს, როგორც უცხოელის მმართველობასთან დაკავშირებით.

ეკატერინემ მოიწვია სასულიერო პირები ორივე მხრიდან, როგორც კათოლიკეები, ისე ჰუგენოტები. მან მოუსმინა ორივე მათგანს და გაეცნო მათი უთანხმოების მიზეზებს. მიუხედავად ამისა მალე მხარეებს შორის დაპირისპირება ჩამოვარდა და კრება 1561 წლის 13 ოქტომბერს მისი ნებართვის გარეშე დაიშალა. ეკატერინე მიხვდა, რომ ეს რელიგიური დავა არამხოლოდ სასულიერო, არამედ პოლიტიკური მხრითაც გახლეჩდა საფრანგეთს. 1562 წელს ეკატერინემ გამოსცა სენ-ჟერმენის ედიქტი, რითაც ჰუგენოტებს გარკვეული უფლებები მიანიჭათ. მიუხედავად ამისა, 1562 წლის 1 მარტს კათოლიკეები ქალაქ ვასში შეიჭრნენ ჰუგენოტების სამლოცველოში და დაარბიეს ისინი, მოკლული იქნა 74, ხოლო მძიმედ დაშავდა 104 ჰუგენოტი. ამის ორგანიზატორი ჰერცოგი დე გიზი იყო, რომელმაც ამ სისასტიკეს უბედური შემთხვევა უწოდა. კათოლიკეების თვალში გიზი გმირი იყო, თუმცა ამგვარმა ქმედებამ ჰუგენოტები შურისძიების წყურვილით აღავსო. ამას მოჰყვა საფრანგეთის რელიგიური ომების დაწყება, რომელიც მომდევნო ოცდაათი წლის მანძილზე მძვინვარებდა საფრანგეთში.

ამ ამბიდან 1 თვეში პრინცმა კონდემ და ადმირალმა გასპარ დე კოლინიმ 1 800 კაციანი ჰუგენოტების არმია შექმნეს. მათ კავშირი შექმნეს ინგლისის ასევე პროტესტანტ დედოფალ ელისაბედ I-თან, რომელმაც ისინი დააფინანსა. სულ მალე კონდემ საფრანგეთში რამდენიმე ქალაქი აიღო. ეკატერინე კოლინთან მოლაპარაკებაზე წავიდა და შესთავაზა უბრძოლველად დაეთმო დაკავებული ქალაქები, რაზეც უარი მიიღო. ამ დროს ეკატერინე გაცეცხლდა და მიუგო: "თქვენ გვაჩვენეთ რაც შეგიძლიათ, ახლა კი ჩვენ გაჩვენებთ რაც შეგვიძლია !". სამეფო არმია თავს მოულოდნელად დაატყდა ჰუგენოტებს და დაიბრუნეს დაკარგული ქალაქები. სწორედ ამ ბრძოლისას დაიღუპა ანტუან დე ბურბონი. როდესაც ეკატერინემ გაიგო, რომ ანტუანი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი მასთან შეხვედრა მოისურვა. იგი გაემგზავრა ანტუანთან და სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ანტუანს უთხრა: "ჩემი გამბედაობა, ისეთივე დიდია როგორიც შენი". კათოლიკეებმა მალე აიღეს ქალაქი რუანიც, თუმცა მათი ტრიუმფი ხანმოკლე იყო. სულ მალე, 1563 წლის 18 თებერვალს შეთქმულმა ჰუგენოტებმა ფრანსუა დე გიზი მოკლეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეკატერინეს ეს ამბავი გაუხარდა. მან ერთ-ერთი ვიზიტისას ვენეციის ელჩს განუცხადა: "მისიე დე გიზი უფრო ადრე რომ დაღუპულიყო, მშვიდობის დამყარება უფრო ადვილი იქნებოდა და უფრო სწრაფადაც მოხერხდებოდა". 1563 წლის 19 მარტს ამბუაზში დაიდო ედიქტი, რომლის მიხედვითაც ომი დროებით დასრულდა. ეკატერინემ ასევე ჰავრში შეაჩერა ინგლისელები, როდესაც ისინი ჰუგენოტებისთვის იარაღისა და ფულის გადაცემას აპირებდნენ.

ეკატერინე მედიჩი და მისი შვილები, ბიჭი რომელზეც ხელი აქვს გადახვეული არის შარლ IX, მის გვერდით მდგარი ბიჭი არის ანჟუს ჰერცოგი ანრი ვალუა, მათ უკან მდგარი გოგონა არის პრინცესა მარგარიტა, ხოლო კუთხეში მდგარი პატარა ბიჭი არის ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა ვალუა

ჰუგენოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1563 წლის 17 აგვისტოს შარლ IX სრულწლოვანი გახდა, რის გამოც ეკატერინეს რეგენტის სტატუსი ჩამოერთვა. თუმცა შარლს ქვეყნის მართვა სულაც არ აინტერესებდა, ამიტომაც ძალაუფლება კვლავ ეკატერინეს დარჩა. ეკატერინემ განიზრახა ერთხელ და სამუდამოდ აღმოეფხვრა ქვეყანაში არსებული დაპირისპირება, სწორედ ამ მიზნით მან 1564-65 წლებში მოლაპარაკებები დაიწყო ნავარის დედოფალ ჟანა დ'ალბრესთან (ანტუან დე ბურბონის ქვრივთან). 1565 წელს იგი ასევე შეხვდა თავის ქალიშვილს, ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტა ვალუას, რომელმაც სამშობლოს მონახულება მოისურვა. ელიზაბეტას ჩასვლის აღსანიშნავად ესპანეთის საზღვართან ახლოს დიდი ზეიმი გაიმართა. სწორედ ამ ზეიმისას მოულოდნელად ჩავიდა მეფე ფილიპე II-ც (ელიზაბეტას ქმარი), რომელსაც სურდა სიდედრს დალაპარაკებოდა საფრანგეთში არსებულ ერესთან დაკავშირებით. ფილიპე ფანატიკოსი კათოლიკე იყო და შიშობდა ერეტიკოსები მეზობელი საფრანგეთიდან ესპანეთშიც არ გავრცელებულიყვნენ. ყოველივე ამის შემდეგ ფილიპე და ელიზაბეტა კვლავ ესპანეთში დაბრუნდნენ.

1566 წელს შარლმა და ეკატერინემ განაახლეს ფრანკო-ოსმალური ალიანსი. მათ ოსმალეთის სულთან სულეიმან I-თან ელჩი გაგზავნეს და შესთავაზეს ფრანგი ჰუგენოტების ოსმალეთის კუთვნილ მოლდავეთში გადასახლებას და მათი ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებას, თუმცა სულთანმა უარი განაცხადა, რადგან ოსმალეთი ისედაც რელიგიურად ჭრელი სახელმწიფო იყო და იქ კიდევ ერთი რელიგიის გავრცელება არ სურდა.

1567 წლის 27 სექტემბერს ჰუგენოტებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, რასაც რელიგიური ომების განახლება მოჰყვა. 1568 წლის 23 მარტს ეკატერინემ ომის დასრულება შეძლო, თუმცა არსებული დაპირისპირება და სისხლის ღვრა გრძელდებოდა. მალე ეკატერინემ ჰუგენოტებისადმი რეპრესიული პოლიტიკა შეწყვიტა. 1568 წლის ივნისში მან ვენეციის ელჩთან შეაქო ჰერცოგი ალბა, რომელმაც ნიდერლანდებში პროტესტანტიზმის აღმოსაფხვრელად ათასობით ადამიანი მოკლა და საბოლოოდ მიზანს მიაღწია.

ნავარის დედოფალი ჟანა დ'ალბრე

ჰუგენოტები საფრნგეთის დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ლა-როშელის ციხესიმაგრეში გამაგრდნენ. მათ შეუერთდნენ ნავარის დედოფალი ჟანა დ'ალბრე და მისი 15 წლის ვაჟი ანრი დე ბურბონი. ჟანამ იქ მყოფი ჰუგენოტები გაამხნევა და ეკატერინეს მისწერა: "სანამ აქ ვარ, დავიცავ ჩემს ღმერთს !". ეკატერინე ჟანას ამტყუნებდა და აჯანყების წამოწყების გამო მას "უსინდისო ქალბატონი" უწოდა. 1570 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჰუგენოტებს იმდენი უფლება მიენიჭათ რამდენიც აქამდე არასდროს ჰქონიათ.

1568 წელს გარდაიცვალა ეკატერინეს ქალიშვილი, ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტა ვალუა, იგი მშობიარობას გადაჰყვა. ასეთ სიტუაცაიაში საფრანგეთისთვის კათოლიკურ ესპანეთთან კავშირის შესუსტება წარმოუდგენელი იყო, ამიტომაც ეკატერინემ ფილიპე II-ს შესთავაზა, რომ მისი უმცროსი ქალიშვილი, პრინცესა მარგარიტა შეერთო ცოლად, თუმცა ფილიპემ უარი განაცხადა. ეკატერინემ სასწრაფოდ დაიწყო ახალი კათოლიკე მოკავშირის ძებნა და იპოვნა კიდეც. 1570 წელს შარლ IX დააქორწინა საღვთო რომის იმპერატორის ასულ ელიზაბეთ ავსტრიელზე, რომელიც ფილიპე II-ს დის შვილად ერგებოდა. გარდა ამისა, ეკატერინეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთს მაინც შეერთო ცოლად ინგლისის დედოფალი ელისაბედ I. იგი თავიდან ცდილობდა თავისი ვაჟი, ანრი და ელისაბედი დაექორწინებინა, რაზეც ანრიმ სასტიკი უარი განაცხადა (ვინაიდან ელისაბედი მასზე ორჯერ უფროსი იყო), ხოლო ამის შემდეგ ეკატერინე ცდილობდა როგორმე თავისი ნაბოლარა ვაჟი ფრანსუა და ელისაბედი დაექორწინებინა, რაზეც ამჯერად ელისაბედმა თქვა უარი. ამიტომ ეკატერინემ ამჯერად მარგარიტას გათხოვება მოისურვა. მან გადაწყვიტა მარგარიტა მიეთხოვებინა ნავარის მეფე ანრი III-თვის (ჟანა დ'ალბრესა და ანტუან ბურბონის ვაჟი). თუმცა როგორც აღმოჩნდა მარგარიტას რომანი ჰქონდა ანრი დე გიზთან, გარდაცვლილი ფრანსუა დე გიზის ვაჟთან. ეს რომ ეკატერინემ და შარლმა გაიგეს საშინლად გაცეცხდნენ. შუაღამისას შევიდნენ მარგარიტას საძინებელში, საწოლიდან გადმოათრიეს, სცემეს, საღამური შემოახიეს და თმით ათრიეს.

ამის შემდეგ ეკატერინემ ჟანას საფრანგეთის სამეფო კარზე ჩასვლა და ქორწინებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება სთხოვა. ამის საპასუხოდ ჟანამ ეკატერინეს ამგვარი რამ მისწერა: " ბოდიშს გიხდით, თუ ამას კითხულობთ, რადგან სიცილი მინდა, თქვენ ითხოვთ ჩემივე ხელით ჩაგაბაროთ ჩემი ვაჟი, მე კი ამას არასოდეს გავაკეთებ. მე ამაში დარწმუნებული არ ვარ, თუმცა ამბობენ, რომ თქვენ ჭამთ პატარა ბავშვებს ". თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკება შედგა და ჟანა ვაჟთან ერთად საფრანგეთის სამეფო კარზე ჩავიდა. ჟანა დათანხმდა მისი ვაჟის ქორწინებას მარგარიტაზე, იმ შემთხვევაში, თუ ანრი კვლავ ჰუგენოტი იქნებოდა. როდესაც ჟანა კვლავ ჩავიდა პარიზში მარგარიტას საქორწინო კაბის სანახავად, მას ეკატერინემ უძვირფასესი ხელთათმანები აჩუქა, რომელიც მოწამლული იყო და ჟანა ადგილზევე გარდაიცვალა. ამგვარად გადაუხადა ეკატერინემ სამაგიერო ამბოხებისათვის. მიუხედავად ამისა ანრიმ მარგარიტაზე ქორწინებაზე უარი არ თქვა, თუმცა იცოდა, რომ დედამისი მომავალმა სიდედრმა მოწამლა. 1572 წლის 18 აგვისტოს ნოტრ-დამის კათედრალში მარგარიტა ვალუა და ანრი III დაქორწინდნენ. ამ ქორწილზე უამრავმა ჰუგენოტმა მოიყარა თავი. ყველა ზეიმობდა, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ამ ქორწინებით რელიგიური ომები დასრულდა, რეალურად კი ყველაფერი წინ იყო.

ეკატერინე და სამეფო ოჯახის წევრები ათვალიერებენ წმინდა ბართლომეს ღამით მოკლული ჰუგენოტების გვამებს

წმინდა ბართლომეს ღამე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი დღის შემდეგ ადმირალი კოლინის მოკვლა სცადეს, ცხადია ეკატერინეს დაკვეთით, თუმცა მკვლელმა ააცილა და კოლინი მხარში დაიჭრა. ამრიგად ყველა მიხვდა, რომ კათოლიკეები ჰუგენოტებს არასდროს დაუმეგობრდებოდნენ. ეკატერინემ კოლინის მკვლელობა იმიტომ დაუკვეთა, რომ იგი მეფე შარლს აქეზებდა, რომ ესპანეთთან ომი დაეწყო, რაც ნამდვილად დაღუპავდა საფრანგეთს, ვინაიდან ესპანეთი იმ დროის უძლიერესი ქვეყანა იყო. ამ ამბიდან ორ დღეში, 1572 წლის 24 აგვისტოს დაიწყო წმინდა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილი ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა, რომლის მოთავეც თავად ეკატერინე მედიჩი, ხოლო აღმასრულებელი ჰერცოგი დე გიზი და სხვა კათოლიკეები იყვნენ. ამ ღამეს შეეწირა 10 000-ზე მეტი ჰუგენოტი. ცხადია ეკატერინე მეფის ნებართვის გარეშე ამგვარ ქმედებას ვერ ჩაიდენდა. მან ერთი დღით ადრე, 23 აგვისტოს ეკატერინე შარლის დარწმუნებას ცდილობდა, როდესაც მოულოდნელად შარლმა დაიყვირა: "მაშინ მოკალით ყველა !, მოკალით ყველა !". ამ ღამეს ემსხვერპლა კოლინიც, იგი ანრი დე გიზმა მოკლა და ფანჯრიდან გადმოაგდო. ანრი ბურბონმა კათოლიკობა მიიღო და ასე უშველა თავს. პარიზში ხოცვა თითქმის მთელი კვირა გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა პროვინციებსა. საბოლოოდ ჰუგენოტების ხოცვამ ოქტომბრის დამდეგამდე გასტანა და მოედო მთელს სამეფოს. სწორედ ამიტომ, ცნობილი ისტორიკოსი ჟიულ მიშლე ამბობდა: "წმინდა ბართლომეს ღამე არ იყო მხოლოდ ერთი დღე, ეს იყო მთელი სეზონი". ამ დღის შემდეგ ეკატერინე ელჩებს შეხვდა საკმაოდ კარგ გუნებაზე და იცინოდა კიდეც. სწორედ ამ დღიდან მიეკერა მის სახელს ტირანი და შავი დედოფალი. როგორც თავად ამბობდა, მოწყალება გაიღო და ამ ხოცვისას მოკლული ყველა ადამიანი ერთ ორმოში ჩაყარა და მიწა მიაყარა. ამისათვის მას რომის პაპმა კათოლიკობის დამცველი უწოდა და მედალიც კი უბოძა.

ანრი III-ის მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ბართლომეს ღამიდან ორ წელიწადში, შარლ IX გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან ბურტყუნით წარმოთქვა: "ოჰ, დედაჩემი...". თავის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ეკატერინე რეგენტად დაასახელა, რადგან შარლს ვაჟი არ ჰყავდა ხოლო მისი უმცროსი ძმა, ანრი რეჩ-პოსპოლიტას მეფე იყო და პოლონეთში ცხოვრობდა, საფრანგეთი კი მის ნაცვლად ვინმე სხვას უნდა ემართა. ეკატერინემ სასწრაფოდ შეატყობინა ანრის რომ მისი ძმა გარდაიცვალა და მას საფრანგეთის ტახტი ელოდა. ანრი რეჩ-პოსპოლიტან მეფედ სულ 3 თვით იყო, რის შემდეგაც ტახტი მიატოვა და საფრანგეთში გასამეფებლად დაბრუნდა. ეკატერინემ ანრის შარლის გარდაცვალების შემდეგ ამგვარი რამ მისწერა:"მე წარმოუდგენელ ტკივილს ვგრძნობ, და ის სცენა რაც მან გარდაცვალებამდე გააკეთა, მან საოცარი სიყვარული გამოამჟღავნა ჩემს მიმართ და... საბოლოო ჯამში, ჩემი ერთად-ერთი ნუგეში ისაა, რომ გიხილავ აქ, საფრანგეთის მეფედ, კარგი ჯანმრთელობით, და მე თუ შენც დაგკარგავ, თვითონ დავიმარხავ თავს შენს გვერდით".

ანრი ეკატერინეს უსაყვარლესი შვილი იყო. მისი ძმებისაგან განსხვავებით, იგი ზრდასრული და ჯანმრთელი იყო, რის გამოც ეკატერინეს ნაკლებად შეეძლო ქვეყნის მართვაში ჩარევა. მიუხედავად ამისა, ანრის სუსტი ფილტვები ჰქონდა და მუდმივ დაღლილობას განიცდიდა. მას ნაკლებად ჰქონდა ინტერესი ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ იგი მაინც ბეჯითად და ნაყოფიერად მართავდა სახელმწიფოს. მან ეკატერინე ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს, ამასთან ხშირად უმალავდა სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ეკატერინეს ნაბოლარა ვაჟი, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა

კორონაციიდან ორ დღეში, 1575 წლის თებერვალში ანრი დაქორწინდა ლუიზა დე ლორენ-ვედემონზე. მისი ამგვარი ქმედების გამო ეკატერინეს ყველა გეგმა ჩაეშალა ანრის ქორწინებასთან დაკავშირებით. თუმცა ანრი უფროსი ძმების მსგავსად მემკვიდრის დატოვების საკითხში უუნარო აღმოჩნდა. მართალია დედოფალი ლუიზა დაფეხმძიმდა, მაგრამ მუცელი მალევე მოეშალა. პაპის ნუნციომ სალვატიმ განაცხადა: " ეს არის მხოლოდ სირთულე, ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მას ეყოლება შთამომავლობა... ექიმები, ვინც კარგად იცნობენ მის ფიზიკურობას, ამბობენ რომ მას არ შეუძლია მემკვიდრე დატოვოს და ის თავადაც ვერ იცოცხლებს დიდ ხანს". აქედან გამომდინარე, ანრის გარდაცვალების შემთხვევაში მის მემკვიდრედ განიხილებოდა ეკატერინეს კიდევ ერთი ვაჟი, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა. თუმცა ფრანსუა არასანდო იყო, ვინაიდან მას ჰქონდა გადახრები ჰუგენოტებისაკენ და ასევე ახასიათებდა მეამბოხეობა. ფრანსუა ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდა და მოკავშირეებს ეძებდა. ეკატერინემ ყველა ღონე იხმარა, რომ როგორმე ფრანსუა პარიზში დაებრუნებინა.

1576 წელს ფრანსუა ჰუგენოტების მხარეზე გადავიდა და ანრის ტახტიდან ჩამოგდება მოისურვა. თუმცა ეკატერინემ ჰუგენოტებს გარკვეული პრივილეგიები უბოძათ, რითაც ჰუგენოტებმა ფრანსუა მარტო დატოვეს, ამის გამო კი იგი ოჯახს დაუბრუნდა და პატიება ითხოვა. 1584 წელს ფრანსუა უშვილოდ გარდაიცვალა. მეორე დღეს ეკატერინემ განაცხადა: " იმდენად უვარგისად ვიცხოვრე, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა ჩემს გამო, თუმცა ახლა მივხვდი, რომ ღვთის ნებას უნდა დაემორჩილო, რომ ის ფლობს ყველაფერს, რომ ის ბავშვებს მხოლოდ მათ აძლევს ვინც მოსწონს, ამას რომ ადრე მივხვედრილიყავი, იქნებ ჩვენთვისაც მოეცა მსგავსი წყალობა". ეკატერინეს კოშმარი ახდა, სალიური კანონით საფრანგეთის ტახტზე ასვლა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო, ვინაიდან ფრანსუა გარდაიცვალა, ხოლო ანრის შვილი არ უჩნდებოდა, ტახტის მემკვიდრეები მისი სიძეები გამოდიოდნენ. თუმცა ყველაზე ახლოს ტახტთან მარგარიტას ქმარი, ანრი დე ბურბონი იდგა, ვინაიდან მარგარიტა ცოცხალი იყო, მისი ორი და კი უკვე გარდაცვლილი, თუმცა ტახტზე პრეტენზიები ჰქონდათ ელიზაბეტას ქმარს ფილიპე II-ს და მის უფროს ქალიშვილს ისაბელ კლარა ეუხენიას. თუმცა ეკატერინეს იმაზე მეტად არაფერი აშინებდა, რომ საფრანგეთის ტახტზე ჰუგენოტი ანრი დაჯდებოდა.

ეკატერინეს კონტაქტი ჰქონდა თავის უკანასკნელ ცოცხალ ქალიშვილ მარგარიტასთან, ნავარაში. მარგარეტი ფრანსუას მსგავსად ჰუგენოტების მხარეს იყო. 1582 წელს ქმრის გარეშე, ნავარის დედოფალი მარგარიტა საფრანგეთის სამეფო კარს ესტუმრა. ხმები დადიოდა, რომ მარგარიტას ნავარაში, ქმრის მსგავსად უამრავი საყვარელი ჰყავდა. ამის გამო ეკატერინე მას საშინლად გაუწყრა და გამგმირავად უყვირა. მალე მან მარგარიტას ნავარაში დაბრუნებისთვის დაიწყო მზადება. 1585 წელს მარგარიტა ნავარიდან ისევ გაიქცა. ის ვერ იტანდა ამ ქვეყანას და არ შეეძლო იქ გაჩერება. საფრანგეთში დაბრუნებულმა ეკატერინეს ფული სთხოვა, მან კი მხოლოდ იმდენი გაუგზავნა, რომ მაგიდაზე ცოტაოდენი საჭმელი დაელაგებინა. მარგარიტა შარლატის ციხესიმაგრეში დაბინავდა სადაც თავის საყვარელ ობიაკს შეხვდა. ეკატერინემ ანრის უთხრა, რომ სანამ მისი და მათ შეარცხვენდა, რამდე ეღონა. 1586 წელს მარგარიტა შატო დე უსონში გამოკეტეს. ამის შემდეგ ეკატერინეს ქალიშვილზე გული აუცრუვდა და ის აღარასოდეს უნახავს.

ეკატერინე ვერ აკონტროლებდა ანრის. ანრის როლი მთავრობასა და სახელმწიფოში გახდა აღმასრულებელი. იგი მოგზაურობდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით და ხვდებოდა მოსახლეობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჯარის სარდლობასაც ითავსებდა. 1578 წელს მან იმოგზაურა სამხრეთ საფრანგეთში სადაც ჰუგენოტების ლიდერებს შეხვდა. 1579 წელს, პარიზში დაბრუნებულ მეფეს ანონიმური წერილი მისწერეს სადაც ეწერა: "თქვენ ამბოხების ზღვარზე ხართ, ყველა ვინც სხვა რამეს გეუბნებათ მატყუარაა".

კათოლიკური ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში რელიგიური ომებისას, ანრი დე გიზის თაოსნობით ჩამოყალიბდა კათოლიკური ლიგა, რომელსაც მიზნად ესახა კათოლიციზმის დაცვა. 1584 წელს კათოლიკური ლიგის მეთაურმა, ანრი დე გიზმა, ფრანსუას სიკვდილის შემდეგ მეფე ანრი III აიძულა შემოეღო კანონი, რომლის მიხედვითაც კაცი ვერ გახდებოდა საფრანგეთის მეფე თუ კათოლიკე არ იყო. ამ გზით მან ტახტზე უფლებები წაართვა ანრი დე ბურბონს.

ანრი III-ს არ შეეძლო არც მეამბოხე ჰუგენოტებთან და არც თავს გასულ კათოლიკეებთან ბრძოლა, ვინაიდან ორივე დაჯგუფება მეტად ძლიერი იყო.

ამ დროისათვის რელიგიური ომები ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში მძვინვარებდა. 1587 წლის 8 თებერვალს დედოფალმა ელისაბედ I-მა თავი მოჰკვეთა ეკატერინეს ყოფილ რძალს, დედოფალ მარია სტიუარტს, კათოლიკე ქალს. ამან კათოლიკური სამყაროს აღშფოთება და განრისხება გამოიწვია. ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ელისაბედის დასასჯელად უდიდესი სამხედრო ფლოტი შექმნა სახელწოდებით "უძლეველი არმადა". მას მიზნად ჰქონდა ელისაბედის დასჯა, ტახტიდან ჩამოგდება, ინგლისის კვლავ კათოლიკობაზე მოქცევა და მის ტახტზე თავისი ქალიშვილის ისაბელ კლარა ეუხენიას დასმა, რომელიც ეკატერინეს შვილიშვილი იყო. ამ ბრძოლაში ესპანელებს ფრანგებიც დაეხმარნენ, მაგრამ ელისაბედმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ესპანეთისა და კათოლიკური ლიგის ძლიერება დაეცა.

უკანასკნელი თვეები, გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე მედიჩი

ანრიმ პარიზის დასაცავად შვეიცარიელები დაიქირავა. თუმცა პარიზელები აცხადებდნენ, რომ თავს თვიცონაც დაიცავდნენ. 1588 წლის 12 მაისს ანრი დე გიზმა პარიზი აიღო, სამეფო ოჯახი კი ბლუაში გაიქცა. ანრი იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა გიზის ყველა მოთხოვნა.

იმავე წლის 23 დეკემბერს გიზის ჰერცოგი ჩავიდა ბლუას სასახლეში, სადაც მას ელოდებოდა თავისი ძმა ლუი II, გიზის კარდინალი. ჰერცოგს უთხრეს, რომ მას პირადად ელოდებოდა მეფე სამეფო საძინებელში, სადაც მცველებმა მოკლეს ჯერ ჰერცოგი, შემდეგ კარდინალი. იმისათვის, რათა სამეფო გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა.

გიზის ჰერცოგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ანრის წინააღმდეგ განაწყო. პარლამენტმა კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა პარიზი, რათა შეერთებოდა ანრი ნავარელის ჯარს.

ამ დროს უკვე ავადმყოფი ეკატერინე საწოლში იწვა და ოთახიდან ვერ გამოდიოდა.

ეკატერინე მედიჩისა და ანრი II-ის საფლავი

თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ეკატერინე ერთობ ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც იგი ყოველ დღე სიკვდილს ელოდა. სწორედ ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედროდა ცნობილ წინასწარმეტყველ ნოსტრადამუსს და მისგან გაეგო თავის აღსასრულის დრო. ეკატერინემ მას ჰკითხა თუ როდის გარდაიცვლებოდა, ნოსტრადამუსმა კი მიუგო: "მაშინ, როდესაც სენ-ჟერმენს იხილავთ". ამის შემდეგ დედოფალ სენ-ჟერმენის სასახლეში ფეხი აღარ დაუდგამს, მეტიც საცხოვრებლად შორს გადავიდა რომ არც კი დაენახა, თუმცა ამას მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეკატერინე მედიჩის დაავადება სულ უფრო პროგრესირებდა, ამიტომაც ანრიმ მასთან სახელგანთქმული ექიმი მიიყვანა. დედა დედოფალმა ახლად გაცნობილ ექიმს სახელი ჰკითხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მისდა სავალალოდ და ბედის ირონიით, ექიმის სახელი სწორედ ნოსტრადამუსის მიერ ნახსენები სახელი - სენ-ჟერმენი იყო. ამ სახელის გაგონებამ დედოფალზე იმდენად ცუდად იმოქმედა, რომ ეკატერინეს ინფარქტი განუვითარდა და 1589 წლის 5 იანვარს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ როდესაც ბლუადან ეკატერინეს ცხედარი პარიზში, ანრი II-ის გვერდით დასაკრძალად მიჰქონდათ, პარიზელებმა გვამი არ შეატანინეს. ამის მიზეზი ის იყო რომ ხალხს ეკატერინე ეზიზღებოდა მისი ტირანული პოლიტიკის გამო. ხოლო როცა ხალხის დარბევა სცადეს ისინი დაემუქრნენ, რომ თუ მას პარიზში დაკრძალავდნენ მის გვამს ამოთხრიდნენ და სენაში გადააგდებდნენ. ამიტომ ეკატერინე ბლუაში დაკრძალეს. მოგვიანებით, 1610 წელს, მისმა სიძემ, უკვე საფრანგეთის მეფე ანრი IV-მ ეკატერინეს ნეშტი გადაასვენა და პარიზში, ანრი II-ის გვერდით დაკრძალა სენ-დენის ბაზილიკაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაბ. თარიღი გარდ. თარიღი თანამდებობა მეუღლე
Francesco II.jpg ფრანსუა II 19 იანვარი

1544

5 დეკემბერი

1560

საფრანგეთის მეფე

შოტლანდიის თანამეფე

მარიამ სტიუარტი
Elizabeth de Valois, Queen of Spain by Antonis Mor 1568.jpg ელიზაბეტა

ვალუა

2 აპრილი

1545

3 ოქტომბერი

1568

ესპანეთის კოლონიური

იმპერიის დედოფალი

ფილიპე II ჰაბსბურგი
ClaudedeValois.jpg კლაუდია

ვალუა

12 ნოემბერი

1547

21 თებერვალი

1575

ლოთარინგიის

ჰერცოგინია

შარლ III ლოთარინგიელი
D2ed0a7b2a.jpg ლუი I 3 თებერვალი

1549

24 ოქტომბერი

1550

ორლეანის ჰერცოგი მეუღლე

არ ჰეყოლია

Bemberg Fondation Toulouse - Portrait de Charles IX - François Clouet - Inv.1012.jpg შარლ IX 27 ივნისი 1550 30 მაისი 1574 საფრანგეთის მეფე ელისაბედ ავსტრიელი
Quesnel Henry III of France in Polish hat.jpg ანრი III 19 სექტემბერი

1551

2 აგვისტო

1589

საფრანგეთის მეფე

პოლონეთის მეფე

ლიტვის დიდი მთავარი

პროვანსის გრაფი

ანჟუს და ორლეანის ჰერცოგი

ლუიზა დე

ლორენ-ვემონტი

Margot.JPG მარგარიტა

ვალუა

14 მაისი 1553 27 მარტი 1615 საფრანგეთის დედოფალი

ნავარის დედოფალი

ანრი IV ბურბონი
François de France, duc d'Alençon + 1584.jpg ფრანსუა

ვალუა

18 მარტი 1555 10 ივნისი 1584 ანჟუსა და ალანსონის

ჰერცოგი

მეუღლე არ ჰყოლია

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის

გერბი

ქვეყანა და

თანამდებობა

წინამორბედი მმართ.

დასაწყისი

მმართ.

დასასრული

მემკვიდრე
Auvergne Boulogne.svg ოვერნის

ჰერცოგინია

ანა დე ლა ტურდე 1524 5 იანვარი 1589 შარლ III

ლოთარინგიელი

Arms of the Dukes of Orléans.svg ორლეანის

ჰერცოგინია

ჟანა დე ვალუა 28 ოქტომბერი

1533

10 აგვისტო 1536 მარი დე ბურბონი
Blason province fr Dauphine.svg საფრანგეთის

დოფინი

შარლოტა სავოიელი 10 აგვისტო 1536 31 მარტი 1547 მარია სტიუარტი
Armoiries Bretagne - Arms of Brittany.svg ბრეტანის

ჰერცოგინია

მარგარიტა ფოქსი შეუერთდა დომენს
Arms of the Kingdom of France.svg საფრანგეთის

დედოფალი

ელეონორ ავსტრიელი 31 მარტი 1547 10 ივლისი 1559 მარია სტიუარტი

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
16. პიერო მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
8. ლორენცო მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
17. ლუკრეცია ტურნაბუონი
 
 
 
 
 
 
 
4. პიერო მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
18. ჯაკომო ორსინი, მონტეროტონდოს ლორდი
 
 
 
 
 
 
 
9. კლარისა ორსინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
19. მადალენა ორსინი
 
 
 
 
 
 
 
2. ლორენცო II, ურბინოს ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
20. კარლო ორსინი, ბრასიანოს ლორდი
 
 
 
 
 
 
 
10. რობერტო ორსინი, ბრასიანოს კონტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
21. პაოლა ორსინი
 
 
 
 
 
 
 
5. ალფონსინა ორსინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
22. ამერიგო სანსევერინო, კაპასიოს კონტი
 
 
 
 
 
 
 
11. კატერინა სანსევერინო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
23. მარგერიტა სანსევერინო
 
 
 
 
 
 
 
1. ეკატერინე მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
24. ბერტრანდ V, ოვერნის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
12. ბერტრანდ VI, ოვერნის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
25. ჟაკლინ დიუ პესჩინი
 
 
 
 
 
 
 
6. ჟან III, ოვერნის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
26. ჟორჟ I დე ლა ტრემუალი
 
 
 
 
 
 
 
13. ლუიზა დე ლა ტრემუალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
27. კატრინ დე ლ'ისლე-ბუშარდი
 
 
 
 
 
 
 
3. მადლენ დე ლა ტურდე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
28. ლუი, ვანდომის გრაფი
 
 
 
 
 
 
 
14. ჟან VIII, ვანდომის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
29. ჟანა დე ლავალი
 
 
 
 
 
 
 
7. ჟანა დე ბურბონი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
30. ლუი, ანჟუს კონტი
 
 
 
 
 
 
 
15. ისაბელა ბურგუნდიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
31. მარგარიტა დე შამბრი
 
 
 
 
 
 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 68 — თბილისი, „კლიო“, 2011.
  • Babelon, Jean-Pierre. "The Louvre: Royal Residence and Temple of the Arts". Realms of Memory: The Construction of the French Past. Vol. III: Symbols. Edited by Pierre Nora. English language edition translated by Arthur Goldhammer, edited by Lawrence D. Kritzman. New York: Columbia University Press, 1998.
  • Blunt, Anthony. Art and Architecture in France: 1500–1700. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999.
  • Brantôme, Pierre de Bourdeille. Illustrious Dames of the Court of the Valois Kings. Translated by Katharine Prescott Wormeley. New York: Lamb, 1912.
  • Bryson, David M. Queen Jeanne and the Promised Land: Dynasty, Homeland, Religion and Violence in Sixteenth-century France. Leiden and Boston, Massachusetts: Brill Academic, 1999.
  • Carroll, Stuart. Noble Power During the French Wars of Religion: The Guise Affinity and the Catholic Cause in Normandy. Cambridge: Cambridge University Press, 2005.
  • Dimier, L. French Painting in the XVI Century. Translated by Harold Child. London: Duckworth, 1904.
  • Frieda, Leonie. Catherine de Medici. London: Phoenix, 2005.
  • Guy, John. My Heart Is My Own: The Life of Mary Queen of Scots. London: Fourth Estate, 2004.
  • Hearn, Karen, ed. Dynasties: Painting in Tudor and Jacobean England, 1530–1630. New York: Rizzoli, 1995.
  • Heller, Henry. Anti-Italianism in Sixteenth-century France. Toronto: University of Toronto Press, 2003.
  • Heritier, Jean. Catherine de' Medici. Translated by Charlotte Haldane. London: George Allen and Unwin, 1963.
  • Holt, Mack P. The French Wars of Religion, 1562–1629. Cambridge: Cambridge University Press, 2005.
  • Hoogvliet, Margriet. "Princely Culture and Catherine de Médicis". In Princes and Princely Culture, 1450–1650. Edited by Martin Gosman, Alasdair A. MacDonald, and Arie Johan Vanderjagt. Leiden and Boston, Massachusetts: Brill Academic, 2003.
  • Jollet, Etienne. Jean et François Clouet. Translated by Deke Dusinberre. Paris: Lagune, 1997.
  • Knecht, R. J. Catherine de' Medici. London and New York: Longman, 1998.
  • Knecht, R. J. The Rise and Fall of Renaissance France, 1483–1610. Oxford: Blackwell, 2001.
  • Lee, Carol. Ballet in Western Culture: A History of Its Origins and Evolution. London: Routledge, 2002.
  • Manetsch, Scott Michael. Theodore Beza and the Quest for Peace in France, 1572–1598. Leiden and Boston, Massachusetts : Brill Academic, 2000.
  • Morris, T. A. Europe and England in the Sixteenth Century. London and New York: Routledge, 1998.
  • Neale, J. E. The Age of Catherine de Medici. London: Jonathan Cape, 1943.
  • Pettegree, Andrew. Europe in the Sixteenth Century. Oxford: Blackwell, 2002.
  • Strage, Mark. Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. New York and London: Harcourt, Brace Jovanovich, 1976.
  • Sutherland, N. M. Catherine de Medici and the Ancien Régime. London: Historical Association, 1966.
  • Sutherland, N. M. The French Secretaries of State in the Age of Catherine de Medici. London: Athlone Press, 1962.
  • Sutherland, N. M. The Massacre of St Bartholomew and the European Conflict, 1559–1572. London: Macmillan, 1973.
  • Sutherland, N. M. Princes, Politics and Religion: 1547–1589. London: Hambledon Press, 1984.
  • Strong, Roy. Art and Power: Renaissance Festivals, 1450–1650. Woodbridge, UK: Boydell Press, 1984.
  • Thomson, David. Renaissance Paris: Architecture and Growth, 1475–1600. Berkeley: University of California Press, 1984.
  • Tomas, Natalie R. The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot, UK: Ashgate, 2003.
  • Whale, Winifred Stephens (1914). The La Trémoille family. Boston: Houghton Mifflin.
  • Wilson, Ian. Nostradamus: The Evidence. London: Orion, 2003.
  • Wood, James B. The King's Army: Warfare, Soldiers and Society during the Wars of Religion in France, 1562–76. Cambridge: Cambridge University Press, 1996.
  • Yates, Frances. The Valois Tapestries. 1959. London: Routledge & Kegan Paul, 1999.
  • Zerner, Henri. Renaissance Art in France. The Invention of Classicism. Translated by Deke Dusinberre, Scott Wilson, and Rachel Zerner. Paris: Flammarion, 2003.
  • Zvereva, Alexandra. Les Clouet de Catherine de Médicis. Paris: Somogy, Éditions d'Art; Musée Condé, Château de Chantilly, 2002.
  • Young, G.F. The Medici: Volume II. 1920. London: John Murray.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]