შინაარსზე გადასვლა

იზაბელ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელ დე ბურბონი
დაბადების თარიღი 1434
გარდაცვალების თარიღი 25 სექტემბერი, 1465, (31 წლის)
ეროვნება ფრანგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) შარლი, შაროლუას გრაფი
შვილ(ებ)ი მარია, ბურგუნდიის ჰერცოგინია
მშობლები მამა: შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: აგნეს ბურგუნდიელი

იზაბელ დე ბურბონი (ფრანგ. Isabelle de Bourbon; დ. 1434 — გ. 25 სექტემბერი, 1465) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და აგნეს ბურგუნდიელის ქალიშვილი. შაროლუას გრაფ შარლ დე ვალუას მეორე მეუღლე. ბურგუნდიის ჰერცოგინია მარია I-ის დედა და კასტილიის მეფე ფილიპე I-ის ბებია. აგრეთვე იყო ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II-ისა და საღვთო რომის იმპერატრიცა და ავსტრია-უნგრეთის დედოფალ მარია ესპანელის დიდი ბებია.

იზაბელის ცხოვრების შესახებ, არც თუ ისე ბევრი ცნობაა ჩვენამდე მოღწეული. იგი დაიბადა 1434 წელს და იყო ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და მისი ცოლის, აგნეს ბურგუნდიელის ქალიშვილი. აგნესი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან უშიშის ასული, რომელიც თავის მხრივ ძლევამოსილი ჰერცოგი და საფრანგეთის მეფე შარლ VI "შლეგის" რეგენტი იყო.

საფრანგეთი ამ დროს ასწლიან ომში იყო გახვეული, რომელშიც ვალუას დინასტიის წარმომადგენლები და ინგლისელები ლანკასტერები ერთმანეთს საფრანგეთის ტახტისათვის ებრძოდნენ. თავის მხრივ, ლანკასტერებიც იზაბელა ფრანგის შთამომავლები იყვნენ და ამიტომ ჰქონდათ პრეტენზია. ყოველივე ამას, ისიც დაემატა, რომ მალე თავად საფრანგეთში დაიწყო სამოქალაქო ომი — ბურგუნდიელებსა და არმანიაკებს შორის. ამ დროს მთელი ჩრდილოეთ საფრანგეთი, პარიზიანად ინგლისელთა ხელში იყო. ამგვარ სიტუაციაში თავის გადასარჩენად, ჰერცოგმა შარლ I-მა თავის გადარჩენა ბურგუნდიელებთან დამოყვრებით გადაწყვიტა. 1446 წელს ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ის ერთადერთი ვაჟი, შაროლუას გრაფი შარლ დე ვალუას მეუღლე, პრინცესა კატრინ დე ვალუა გარდაიცვალა, რამაც ბურბონებს გზა გაუხსნა.

ბურბონებსა და ბურგუნდიელებს შორის საქორწინო მოლაპარაკებები მალევე გაჩაღდა. იზაბელისა და შარლის ქორწინება 1454 წლის 30 ოქტომბერს შედგა, ქალაქ ლილში. 1457 წლის 13 თებერვალს მან გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი, სახელად მარია, რომელსაც სახელი საფრანგეთის დედა-დედოფალ მარია ანჟუელის პატივსაცემად დაარქვეს. 1459 წელს იზაბელი გახდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და დედოფალ შარლოტა სავოიელის ვაჟის, პრინცი ჟაკის ნათლია, რომელიც მალევე დაიღუპა.

შარლის პირველი ცოლის მსგავსად, იზაბელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1465 წლის 25 სექტემბერს, ანტვერპენში, 31 წლის ასაკში.

  • Isabella's weepers, Ten Statues from a Burgundian Tomb by F. Scholten
  • Surviving statuettes from Isabella's tomb at Rijksmuseum, Amsterdam.