ვილემ ორანელი
ვილემ ორანელი | |
---|---|
ორანის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 ივლისი, 1544 |
მმართ. დასასრული: | 10 ივლისი, 1584 |
წინამორბედი: | რენე შალონელი |
მემკვიდრე: | ფილიპს ვილემი |
სხვა წოდებები: | ჰოლანდიის, ზელანდის, უტრეხტისა და ფრიზიის შტატჰალტერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 აპრილი, 1533 |
გარდ. თარიღი: | 10 ივლისი, 1584, (51 წლის) |
მეუღლე: |
ანა ვან ეგმონტი (ქ. 1551 - გარდ. 1558) ანა საქსონიელი (ქ. 1561 - განქ. 1571) შარლოტ დე ბურბონი (ქ. 1575 - გარდ. 1582) ლუიზ დე კოლინი (ქ. 1583) |
შვილები: | თექვსმეტი შვილი |
დინასტია: | ორანჟ-ნასაუ |
მამა: | ვილჰელმი, ნასაუს გრაფი |
დედა: | იულიანა ფონ სტოლბერგ-ველნინგეროდი |
რელიგია: | კალვინიზმი |
ვილემ ორანელი (ნიდერლ. Willem van Oranje), მეტსახელად ვილემ მშვიდი (ნიდერლ. Willem de Zwijger; დ. 24 აპრილი, 1533 — გ. 10 ივლისი, 1584) — ორანელთა დინასტიის დამაარსებელი. ორანის პრინცი, ჰოლანდიის, ზელანდის, უტრეხტისა და ფრიზიის შტატჰალტერი 1544-1584 წლებში. ჰოლანდიელი რეფორმატორი, რომელიც აქტიურად ებრძოდა ესპანელთა ბატონობას ნიდერლანდებში. ნიდერლანდური რეფორმაციისა და ჰოლანდიის რევოლუციის სულისჩამდმელი. მისი დაუღალავი ბრძოლის შედეგად ჩრდილო ნიდერლანდებიდან გააძევეს ესპანელები, სადაც 1581 წელს ჩამოყალიბდა გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა, სათავეში ორანელთა დინასტიით.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილემი დაიბადა 1533 წლის 24 აპრილს დილენბურგის სასახლეში, გერმანიაში. იგი იყო ნასაუს გრაფ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, გრაფინია იულიანა ფონ სტოლბერგ-ველნინგეროდის ვაჟი. დედამისი მამამისისათვის მეორე ცოლი იყო, თუმცა ვილემი მათი უფროსი ვაჟი იყო, რადგან ვილჰელმს პირველი ცოლისაგან მხოლოდ ერთი გოგონა დარჩა. გარდა ამისა, მას შვიდი უმცროსი და-ძმა ჰყავდა, რომლებთან ერთადაც იზრდებოდა ლუთერანული წესით.
1544 წელს ვილემის აგნატიკური ბიძაშვილი, ორანის პრინცი რენე შალონელი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ვილემმა, როგორც მისმა უახლოესმა ნათესავმა დაიკავა. ამრიგად შეიქმნა ორანჟ-ნასაუს დინასტია, რომელიც დღემდე მართავს ნიდერლანდებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ვილემი მხოლოდ 11 წლის იყო. ორანის პრინციპილატი ქვემო ქვეყნების სიაში შედიოდა, რის გამოც ფორმალურად, თუმცა მაინც, ვილემი საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ვასალი იყო.
ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ვილემი ბრიუსელში, კარლ V-ის დასთან, უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ის ქვრივ მარია ავსტრიელთან გააგზავნეს, რომელიც ნიდერლანდების შტატჰალტერი იყო და სადაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ კათოლიკური წესებით უნდა აღზრდილიყო. მარიამ მას უცხო ენები და დიპლომატიური ხრიკები ასწავლა, რაც შემდგომში მან ჰაბსბურგთა წინააღმდეგ კარგად გამოიყენა.
1551 წელს ვილემმა ცოლად ნიდერლანდელი დიდებული, ანა ვან ეგმონტი შეირთო, ბურენისა და ლირდამის გრაფ მაქსიმილიან ვან ეგმონტის ქალიშვილი. რადგანაც ანას მამა 1548 წელს უვაჟოდ გარდაიცვალა, ვილემი გახდა ბურენისა და ლირდამის გრაფი. ქორწინება მეტად ბედნიერი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა 1558 წელს, ანას მოულოდნელმა გარდაცვალებამ ვილემზე ცუდად იმოქმედა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერატორის ფავორიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიუსელში ცხოვრების პერიოდში, იმპერატორ კარლ V-ის დის, შტატჰალტერ მარია ავსტრიელის მეთვალყურეობის ქვეშ ვილემმა კარგი განათლება მიიღო. თავისი დადებითი თვისებების გამო ჰაბსბურგებს ძალიან უყვარდათ ვილემი, რის გამოც იგი მალევე გახდა იმპერატორის რჩეული. 1551 წელს იგი საიმპერატორო არმიის კავალერიის უფროსად დაინიშნა, 22 წლის ასაკში კი მისი ჯარების მთავარსარდალიც გახდა. 1555 წელს ვილემმა კარლ V-ის დავალებით ალყა შემოარტყა ფრანგულ ქალაქ ბაიონს და აიღო იგი. გარდა ამისა, ვილემი იყო ვან შტატის წევრი, რაც იმპერატორის უმაღლეს მრჩეველთა ნიდერლანდურ საბჭოს წარმოადგენდა.
მას შემდეგ, რაც 1556 წელს კარლ V ტახტიდან გადადგა, ვილემს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მის ვაჟთან, ესპანეთის მეფე ფილიპე II-თან, რომელსაც მამისაგან ესპანეთის გარდა ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ბურგუნდია, მილანი, ნეაპოლი, სიცილია და სარდინია ერგო. 1559 წელს ფილიპემ იგი ჰოლანდიის, ზელანდიის, უტრეხტისა და ფრიზიის შტატჰალტერად დანიშნა, რასაც 1561 წელს ფრანშ-კომტეს შტატჰალტერობაც მოჰყვა.
პოლიტიკოსობიდან მეამბოხეობამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ვილემი ფილიპე II-ს, როგორც პიროვნებას არასოდეს დაპირისპირებია, იგი მალევე გახდა მისი ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი. ვილემმა მიიღო კალვინიზმი და ადგილობრივ რეფორმატორებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიკათოლიკურ გაერთიანებას, რომელიც მალევე გადაიზარდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. იმისათვის, რომ ნიდერლანდებიდან კათოლიციზმი აღმოეფხვრათ, საჭირო იყო ესპანელთა ბატონობის გადაგდება, რაც ფილიპე II-ის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ ფილიპე საკმაოდ სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა მეამბოხეებს. სიტუაციას ის ართულებდა, რომ ლუთერანს, თუმცა კათოლიკური წესებით აღზრდილ ვილემს არ შეეძლო კათოლიკებთან მკაცრად მოქცევა და მათი დევნა, საპირისპიროდ კი კათოლიკეები მკაცრად დევნიდნენ პროტესტანტებს. ყველაფერი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ფილიპემ ნიდერლანდების შტატჰალტერად თავისი ნახევარ-და, მარგარეტ ავსტრიელი და მისი ვაჟი, პარმის ჰერცოგი ალესანდრო ფარნეზე დანიშნა, რომელთაც უმკაცრესი პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
1559 წელს ფილიპე II-მ საფრანგეთის მეფე ანრი II-თან მიმდინარე ომი დაასრულა და კათოლიკურ საფრანგეთთან ალიანსის შესაქმნელად მისი ასული, ელიზაბეტ დე ვალუა შეირთო ცოლად. ამრიგად, ნიდერლანდები პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა, თუმცა ვილემს მალევე მოევლინა მოკავშირედ ინგლისის დედოფალი ელისაბედ I, რომელიც მას მალულად აფინანსებდა. ფილიპე II-ის უმთავრეს მიზანს ნიდერლანდებსა და საფრანგეთში პროტესტანტული მოძრაობის გაქრობა წარმოადგენდა, რაც მეტად სისხლიან მეთოდებს მოითხოვდა.
ფილიპესა და ელიზაბეტის ქორწინების საპირისპიროდ, 1561 წელს ვილემი მეორედ დაქორწინდა ანა საქსონიელზე, რომლის დედ-მამაც ლუთერანული ჰესენისა და საქსონიის მმართველები იყვნენ, რითაც შეიქმნა პროტესტანტული ალიანსი.
1564 წლიდან, ანა საქსონიელთან ქორწინების გამყარებისა და ამასთან გერმანელთა მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, ვილემმა აქტიურად დაიწყო ფილიპეს ანტიპროტესტანტული პოლიტიკის კრიტიკა. საჯარო გამოსვლებისას ვილემმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა კათოლიკეთა დევნის დაწყებას, რადგან მონარქს ხალხის სულებთან არაფერი ესაქმება და ნიდერლანდებში რწმენის თავისუფლება გამოაცხადა.
1565 წლის დასაწყისში ვილემმა და მისმა ძმამ პროტესტანტი დიდგვაროვნების კონფედერაცია ჩამოაყალიბეს. 5 აპრილს მათ შტატჰალტერ მარგარეტ ავსტრიელსა და ალესანდრო ფარნეზეს პროტესტანტების დევნის შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. ამის საპასუხოდ, 1566 წლის აგვისტოში, კათოლიკეთაგან შევიწროებულმა ნიდერლანდელმა პროტესტანტებმა მასობრივი აჯანყება წამოიწყეს და ასობით კათოლიკურ ეკლესიაში გაანადგურეს ქანდაკებები და სხვა კათოლიკური ატრიბუტები.
ამის შემდეგ ნიდერლანდებში საოცარი ქაოსი გამძვინვარდა, რის გამოც მარგარეტ ავსტრიელი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და შეეწყვიტა პროტესტანტების დევნა. ამის შემდეგ ქვეყანაში დროებით აღსდგა წესრიგი. 1567 წლის დასაწყისში გამჟღავნდა, რომ კათოლიკეები არ ასრულებდნენ დადგენილებას და კვლავ განაგრძობდნენ პროტესტანტების შევიწროებას, რის გამოც რამდენჯერმე სცადეს აჯანყება, თუმცა ესპანურმა ჯარებმა მათი ყველა მცდელობა სისხლში ჩაახშო. ამის გამო ათასობით პროტესტანტმა დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ გაიქცა. ნიდერლანდებში მიმდინარე არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომგინარე, ფილიპე II-მ ალბას ჰერცოგი ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო გააგზავნა იქ და წესრიგის აღდგენა დაავალა.
1567 წლის აგვისტოში, ალბამ პრობლემების მოსაგვარებლად სათათბირო საბჭო შექმნა, რომელსაც ვილემმა და კონფედერაციის წევრებმა „სისხლიანი საბჭო“ შეარქვეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ესპანელებმა ყველა პროტესტანტისა და აჯანყებაში ჩართული პირის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს. ამის საპირისპიროდ ვილემმა სასწრაფოდ შეკრიბა 10,000 კაციანი ჯარი და ესპანელებს ომი გამოუცხადა. საპასუხოდ, მარგარეტმა და ალბამ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. ამგვარ სიტუაციაში შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალი გახდა, პროტესტანტული ლიგის მეთაურად კი ვილემ ორანელი იქცა. მან დააფინანსა ქვეყნიდან გაქცეული ნიდერლანდელების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც მალევე შეუერთდნენ მის არმიას. პარალელურად, მის ჯარებს ემატებოდა დაქირავებული გერმანელები და საფრანგეთიდან გამოქცეული ჰუგენოტები. საპასუხოდ, 1568 წელს ნიდერლანდებში ესპანეთის ჯარები შევიდა, რითაც ოფიციალურად დაიწყო ომი. აღსანიშნავია, რომ ვილემის დასახმარებლად ათასობით ჰუგენოტი მიემართებოდა, თუმცა დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის ბრძანებით საფრანგეთის სამეფო კავალერიამ მათ გზა გადაუჭრა და არ დაუშვეს მათი ნიდერლანდებში შესვლა. მიუხედავად ამისა, ამავე წლის 23 მაისს ვილემის ძმამ, ლუდვიგმა დაამარცხა ესპანელები და აიღო ქალაქი გრონინგენი. ამ ბრძოლაში დაიღუპა ვილემის მეორე ძმა, პრინცი ადოლფიც. საპასუხოდ ალბამ დაიბრუნა გრონინგენი, სადაც პროტესტანტების სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და იემნინგენის ბრძოლაში დაამარცხა ლუდვიგი, თუმცა მან გაქცევა მოახერხა.
ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1568 წლის ოქტომბერში ვილემი დიდი ჯარებით შევიდა ბრაბანტში, სადაც ალბა აშკარა დაპირისპირებას მოერიდა და თავისი ლაშქრიანად დატოვა ტერიტორია. ვილემის წარმატებამ დიდ ხანს ვერ გასტანა, რადგან ფული გაუთავდა და ზამთრის დადგომასთან ერთად მისმა დამშეულმა ჯარმა ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა დაიწყო, რის გამოც დაუყოვნებლივ დატოვა ბრაბანტი. შემდგომი წლების განმავლობაში ვილემმა ესპანელთა განდევნის უამრავი გეგმა შეადგინა, თუმცა ვერცერთი განახორციელა ფინანსების არარსებობის გამო. ვილემი ნიდერლანდელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ხელს მის მიერ განხორციელებული პროპაგანდაც უწყობდა.
1571 წლის აგვისტოში ვილემის მეუღლემ, ანა საქსონიელმა გამოჩენილი ნიდერლანდელი მხატვრის, პეტერ პაულ რუბენსის მამისაგან უკანონო ქალიშვილი გააჩინა. იმავე წელს ვილემი ანას გაეყარა, განქორწინების უმთავრეს მიზეზად კი ის დასახელდა, რომ უკანასკნელი მშობიარობის შემდეგ ანა ჭკუიდან შეიშალა.
1572 წლის 1 აპრილს ვილემმა დაიკავა ქალაქი ბრიელი, რომელიც ესპანეთის გარნიზონმა უყურადღებოდ დატოვა. ქალაქ ბრიელის თავზე ვილემის ნარინჯისფერი დროშა აღმართეს. ამ მოვლენას შედეგად მოჰყვა ის, რომ ჰოლანდიისა და ზელანდიის ქალაქების უმეტესობამ თავიანთი ნებით გაუხსნეს კარიბჭეები ვილემს, რითაც ამ ორი საგრაფოს დიდი ნაწილი პროტესტანტების ხელში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ამსტერდამი და მიდელბურგი ჯერ კიდევ კათოლიკეთა ხელში იყო. აჯანყებულებმა მალევე გამოაცხადეს ვილემი ჰოლანდიისა და ზელანდიის შტატჰალტერად.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მთელი ჩრდილოეთი ნიდერლანდები ვილემს დარჩა და მხოლოდ სამხრეთსღა აკონტროლებდნენ ესპანელები. 1572 წლის აგვისტოში, ჰუგენოტი გასპარ დე კოლინის გავლენით საფრანგეთის მეფე შარლ IX ვილემისათვის დამხმარე ჯარების გაგზავნას აპირებდა, რომელსაც სამხრეთი ნიდერლანდები უნდა დაეკავებინათ, რაც ესპანეთისათვის ომის გამოცხადების ტოლფასი იყო. ამ კატასტროფის შესაჩერებლად, შარლის დედამ, დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ 1572 წლის 24 აგვისტოს, ისარგებლა თავისი ასულის, მარგარიტა დე ვალუას ქორწილით და პარიზში შეკრებილი 10,000 ჰუგენოტი ამოხოცა, რაც ისტორიაში წმინდა ბართლომეს ღამის სახელითაა ცნობილი. ამ ღამეს მოკლეს გასპარ დე კოლინიც, რის გამოც ვილემმა საბოლოოდ დაკარგა საფრანგეთის დახმარების შანსი. ესპანეთის მეფე დიდად გაახარა ეკატერინე მედიჩის ქმედებამ, რის შემდეგაც ნიდერლანდებში ახალი ჯარები შეიყვანა. დამარცხებული ვილემი იძულებული გახდა დაეთმო დიდი ტერიტორია და თავად ჰოლანდიაში გაქცეულიყო. მას შემდეგ, რაც ესპანელებმა პოზიციები აღიდგინეს, დაკავებულ ქალაქებში პროტესტანტების სასტიკ ხოცვას მიჰყვეს ხელი.
1574 წელს ვილემმა რამდენიმე მცირე შეტაკებასა და საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა ესპანელები. მალე ფილიპემ დაითხოვა ალბას ჰერცოგი და იგი დონ ლუის დე სურიგათი ჩაანაცვლა, რომელმაც ბრძოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. 1574 წლის 14 აპრილს ესპანელებმა ემბანკმენტის ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს პროტესტანტებზე. ამ ბრძოლაში დაიღუპა ვილემის ორი უმცროსი ძმა — ლუდვიგი და ჰაინრიხი. დამარცხებიდან მალევე ვილემმა ლეიდენის უნივერსიტეტი დააარსა, რომელიც ნიდერლანდებში პირველი უნივერსიტეტი გახდა.
1575 წელს ვილემი მესამედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან შარლოტ დე ბურბონზე, მონპესიეს ჰერცოგის ასულზე. აღსანიშნავია, რომ შარლოტი მანამდე მონაზონი იყო და ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში. მათი ქორწინება ბედნიერი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომელშიც 6 ქალიშვილი შეეძინათ.
1575 წელს ბრედაში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც მალევე ჩაიშალა და საომარი მოქმედებები კვლავ გაგრძელდა. ომის ამ ეტაპზე აჯანყებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. 1576 წლის მარტში დონ ლუის დე სურიგათი გარდაიცვალა, რის გამოც რამდენიმეთვის განმავლობაში ესპანელი ჯარისკაცები ხელფასს ვერ იღებდნენ. ესპანელების უკმაყოფილებამ 1576 წლის ნოემბერში იფეთქა, რაც ცნობილია როგორც „ესპანური რისხვა“, რა დროსაც ჯარისკაცები გაერთიანდნენ, აიღეს ქალაქი ანტვერპენი და უსასტიკესად გაჟლიტეს მისი მოსახლეობა. ამან საშინელი შედეგები მოუტანა პროტესტანტებს, რის პარალელურადაც ფილიპე II-მ ახალ შტატჰალტერად თავისი ნახევარ-ძმა, დონ ხუან ავსტრიელი მიავლინა. ხუანმა და ვილემმა ვერაფრით მიაღწიეს საერთო აზრამდე, რის გამოც საომარი მოქმედებები განახლდა. ვილემმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ნიდერლანდებიდან ესპანური ჯარების გასაძევებლად. საპასუხოდ მან გადამწყვეტი ნაბიჯი დადადგა და პროტესტანების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გააძევა კათოლიკეები.
1577 წლის თებერვალში დონ ხუანმა ხელი მოაწერა „სამუდამო განკარგულებას“ რითაც აღიარებდა გენტის ხელშეკრულების პირობებს, რაც პროტესტანტებს გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებდა. მისი დაპირება ხანმოკლე აღმოჩნდა და ამავე წელს დონ ხუანმა აიღო ქალაქი ნემური, რამაც გამოიწვია ის, რომ აჯანყება მთელ ნიდერლანდებს მოედო. ხუანმა ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, მაგრამ ამაოდ. 1577 წლის 24 სექტემბერს ვილემმა აიღო ბრიუსელი და ტრიუმფალურად შევიდა ქალაქში. ამან პროტესტანტები გაათამამა და ვილემს ნიდერლანდებში კათოლიციზმის აკრძალვა მოსთხოვეს. ვილემი ამას შეეწინააღმდეგა როგორც პირადი, ისე პოლიტიკური მიზეზების გამო. იგი ნაკლებად რადიკალური პოლიტიკის გატარებას ცდილობდა, რადგან თავისი მიზნის მიღწევაში — გაენთავისუფლებინა ნიდერლანდები ესპანელებისაგან — როგორც პროტესტანტების, ისე კათოლიკეების მხარდაჭერა სჭირდებოდა. 1579 წლის 6 იანვარს დაიდო არასის ხელშეკრულება, რითაც სამხრეთი ნიდერლანდები კვლავ ესპანელებს რჩებოდათ, მის გუბერნატორად კი ფილიპე II-ის დისწული, პარმის ჰერცოგი ალესანდრო ფარნეზე დაინიშნა.
ჩრდილოეთ ნიდერლანდების ხუთმა პროვინციამ, მოგვიანებით კი ფრანდრიისა და ბრაბანტის რამდენიმე ქალაქმაც, ხელი მოაწერა უტრეხტის ხელშეკრულებას, რითაც დადასტურდა მათი ერთიანობა. ვილემი ამ კავშირს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მას მთელი ნიდერლანდების, ანუ ჩვიდმეტი პროვინციის გაერთიანება სურდა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მან კავშირს მხარი დაუჭირა. მოგვიანებით მათ თავიანთი დე ფაქტო კონსტიტუცია შემოიღეს, რომელიც ნიდერლანდებში 1797 წლამდე მოქმედებდა.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად ჩრდილოეთის კავშირისა, ალესანდრო ფარნეზემ სამხრეთელების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რის გამოც აქ ესპანელებმა პოზიციები მალე აღიდგინეს. სამხრეთში ესპანური ჯარები განლაგდა, რომელთაც ალესანდრო წარმატებულად სარდლობდა პროტესტანტების წინააღმდეგ, თუმცა 1581 წელს იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ნიდერლანდები და პარმაში დაბრუნებულიყო.
1580 წლის ბოლოს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ 25,000 კრონა ჯილდო დააწესა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ვილემ ორანელს მოკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავმა ვილემის ყურამდეც მიაღწია, მას საპასუხოდ არაფერი გაუკეთებია, რადგან ის და სხვა პროტესტანტები უცხოელ მხარდამჭერს ეძებდნენ.
ვილემმა დახმარება თავად ფილიპე II-ის ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას უმცროს ძმას, ანჟუს ჰერცოგ ფრანსუა დე ვალუას სთხოვა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის მეფე ანრი III-ის ძმა და ვილემის მტრის, ეკატერინე მედიჩის ვაჟი იყო. ფრანსუა განუდგა ოჯახსა და კათოლიკობას და დიდი ფრანგული ჯარით ჩავიდა ნიდერლანდებში, რათა ვილემს დახმარებოდა, რომელიც წარმატების შემთხვევაში მას ნიდერლანდების მეფობას ჰპირდებოდა. დახმარების სანაცვლოდ და ტახტის გარანტიისათვის ფრანსუამ ნიდერლანდელებს მოსთხოვა უარი ეთქვათ ესპანეთის მეფის ოფიციალურ ქვეშევრდომობაზე, რომელსაც ისინი აქამდე ინარჩუნებდნენ.
1581 წლის 22 ივლისს ვილემმა განაცხადა, რომ ისინი აღარ სცნობდნენ ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს თავიანთ მმართველად. ყოველივე ამის შემდეგ ფრანსუა სერიოზულად შეუდგა ნიდერლანდების ესპანელებისაგან განთავისუფლების საქმეს. ფრანსუა ნიდერლანდებში მხოლოდ 1582 წლის 10 თებერვალს ჩავიდა, სადაც ვილემი მას ოფიციალურად დახვდა ქალაქ ფლუშინგში. ამავე წლის 18 მარტს, ანტვერპენში ვიზიტისას ესპანელმა ფანატიკოსმა წარუმატებლად სცადა ვილემ ორანელის მოკვლა. მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მეუღლისა და დის მზრუნველობის წყალობით იგი სიკვდილს გადაურჩა. სანამ ვილემი ნელ-ნელა ჯანმრთელდებოდა, მისი საყვარელი მეუღლე, შარლოტი სერიოზულად დაავადდა და გარდაიცვალა იმავე წლის 5 მაისს. ამას ისიც დაერთო, რომ პროტესტანტებს სძულდათ ფრანსუა ანჟუელი. ჰოლანდიისა და ზელანდიის პროვინციებმა უარი განაცხადეს ფრანსუას, როგორც თავიანთი მმართველის აღიარებაზე, ხოლო ვილემი სერიოზულად გააკრიტიკეს „ფრანგული პოლიტიკის“ გამო.
ანჟუს ჰერცოგი დიდად უკმაყოფილო იყო თავისი შეზღუდული უფლებამოსილებებით, რის გამოც გადაწყვიტა ანტვერპენი დაეკავებინა. 1583 წლის 18 იანვარს ფრანსუას აჯანყებული ანტვერპენელები ჩაუსაფრდნენ და ამოხოცეს მთელი მისი ფრანგული ჯარი. ეს ფაქტი ისტორიაში ცნობილია როგორც „ფრანგული მრისხანება“, რომელსაც ანჟუელი თავად ძლივს გადაურჩა ცოცხალი. დამარცხებული და დამცირებული ფრანსუა მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც უსაყვედურა როგორც დედამისმა, ეკატერინე მედიჩიმ, ასევე ინგლისის დედოფალმა ელისაბედ I-მა, ვისი წაქეზებითაც მოქმედებდა. ფრანსუა მალევე, 1584 წელს, უშვილოდ დაიღუპა. მან ნიდერლანდები 1583 წლის ივნისში დატოვა, რითაც ვილემი ფაქტობრივად მარტო დარჩა, პოლიტიკურ იზოლაციაში. მიუხედავად ამისა, იგი ჰოლანდიამ და ზელანდიამ თავიანთ მმართველად აღიარეს.
1583 წლის 12 აპრილს ვილემმა ცოლად შეირთო 1572 წელს, წმინდა ბართლომეს ღამისას მოკლული მოკავშირის, გასპარ დე კოლინის ქალიშვილი — ლუიზ დე კოლინი. ვილემს სწორედ მასთან შეეძინა თავისი მეოთხე ვაჟი და მომავალი ორანის პრინცი.
მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილემ ორანელს კათოლიკური ეკლესიისა და თავისი ბატონის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის მოსისხლე მტრად თვლიდა ბურგუნდიელი კათოლიკე — ბალთაზარ ჟერარდი (დაბადებული 1557 წელს). მას შემდეგ, რაც ჟერარმა გაიგო, რომ 1581 წელს ფილიპე II-მ ვილემის მოკვლისათვის ჯილდოდ 25,000 კრონა დააწერა, გადაწყვიტა ნიდერლანდებში ჩასულიყო და მოეკლა იგი. იმისათვის, რომ ვილემამდე მიეღწია, ბალთაზარ ჟერარდი ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ლუქსემბურგის გუბერნატორის ჯარში, იმ იმედით, რომ ჯარები ერთ დღესაც შეხვდებოდნენ ვილემს. ვინაიდან მისი იმედები არ გამართლდა, 1584 წელს ბალთაზარმა მიატოვა სამხედრო სამსახური და პარმის ჰერცოგ ალესანდრო ფარნეზესთან მივიდა თავისი გეგმით. ჰერცოგმა ეს გეგმა „უღიმღამოდ“ შეაფასა და იგი დაითხოვა.
1584 წლის მაისში იგი ვილემს როგორც ფრანგი ჰუგენოტი აზნაური ისე გაეცნო, რის დასამტკიცებლადაც იძულებული გახდა საფრანგეთში ჩასულიყო და იმ კაცის საგვარეულო ბეჭედი მოეპარა, ვის ვინაობასაც იბრალებდა. ამავე წლის ივლისში იგი ნიდერლანდებში ჩავიდა და ვილემს ბეჭედი წარუდგინა, გზად კი მის მოსაკლავად ორლულიანი პისტოლეტი იყიდა. 10 ივლისს ვილემმა მას შეხვედრა დაუნიშნა. ამ დღეს იგი გრაფ პრინსენჰოფთან ერთად სადილობდა. სადილობისას ჟერარდის მოსვლა აცნობეს, რის შემდეგაც ვილემმა ჩაირბინა კიბეები, რათა სტუმარს დახვედროდა, ჟერარდმა კი მას ტყვია პირდაპირ გულში ესროლა და გაიქცა.
ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, უკანასკნელ წუთებში ვილემი ფრანგულად ალაპარაკდა, რა დროსაც მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
„ჩემო ღმერთო, შეიწყალე ჩემი სული. ჩემო ღმერთო, იზრუნე ამ ღარიბ ხალხზე. (ფრანგ. Mon Dieu, ayez pitié de mon âme; mon Dieu, ayez pitié de ce pauvre peuple.).“
|
გაქცევისას ჟერარდი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. 13 ივლისს იგი წამებით მოკლეს. სასიკვდილო განაჩენის მიხედვით ჟერარდის მარჯვენა ხელი, რომლითაც ვილემს ტყვია ესროლა სიცოცხლეშივე დაუწვეს ცეცხლში, მოუკვეთავად. მისი ხორცი ძვლებს ააცალეს და ექვს სხვადასხვა ადგილას გაფანტეს, გული ძაღლებს აჭამეს, სახეზე კანი ააძრეს, საბოლოოდ კი თავი მოჰკვეთეს.
ვილემ ორანელი იყო ისტორიაში პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამ ამბამდე ცამეტი წლით ადრე, ასეთივე მეთოდით მოკლეს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის რეგენტიც, ლოდრი მორეიც, თუმცა ის სუვერენული მმართველი არ ყოფილა.
დაკრძალვა და საფლავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციულად ნასაუს ოჯახის წევრები ქალაქ ბრედას საგვარეულო აკლდამაში იკრძალებოდნენ, თუმცა ვილემი ქალაქ დელფის ახალ, კალვინისტურ ეკლესიაში დაკრძალეს. მის საფლავზე აღმართული მონუმენტი თავიდან ძალიან მოკრძალებული იყო, მაგრამ 1623 წელს ეს მისმა ვაჟმა ჰენდრიკ დე კეისერის პომპეზური ქანდაკებით ჩაანაცვლა.
ამის შემდეგ, ნასაუს დინასტიის წარმომადგენლები, ანუ ნიდერლანდების ყველა მონარქი იმავე ეკლესიაში იკრძალება. გამონაკლისია მხოლოდ მისი შვილთაშვილი ვილემ III, რომელიც ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე გახდა და ამიტომ ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოშია დაკრძალული.
ქორწინებები და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1551 წლის 6 ივლისს, 18 წლის ვილემმა ცოლად შეირთო ასევე 18 წლის ანა ვან ეგმონტი, ბურენისა და ლირდამის გრაფ მაქსიმილიან ვან ეგმონტის ქალიშვილი. წყვილს ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, რომელშიც სამი ბავში გააჩინეს, თუმცა ანა 1558 წლის 24 მარტს, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ვილემს რომანი ჰქონდა ევა ენლიქსთან, რომელთანაც შეეძინა ერთი უკანონო ვაჟი, რომელიც შემდგომში ადმირალი გახდა.
მეორე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1561 წლის 25 აგვისტოს ვილემმა ცოლად შეირთო ანა საქსონიელი, საქსონიის ჰერცოგ მორისისა და მისი ცოლის, აგნესა ჰესენელის ქალიშვილი. ეს წმინდა პოლიტიკური ქორწინება იყო, რომელიც მიმართული იყო პროტესტანტული ალიანსის შექმნისაკენ საქსონიასა და ჰესენთან. წყვილს სულ სამი გოგონა და ორი ვაჟი შეეძინა, თუმცა ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც ვილემი 1571 წლის 22 მარტს გაეყარა ანას. განქორწინების შემდეგ ვილემი კვლავ ზრუნავდა ანაზე და მეტიც, მას მრავალი სასახლე აჩუქა და ყოველთვიური პენსიაც გამოუყო. განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში, 1577 წელს ანა 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მესამე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1575 წლის 24 აპრილს ვილემი მესამედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან შარლოტ დე ბურბონზე, მონპესიეს ჰერცოგ ლუი დე ბურბონისა და ჟაკლინ დე ლონგივის ქალიშვილზე. ქორწინება მიმართული იყო ნიდერლანდებსა და ფრანგ ჰუგენოტებს შორის კავშირის შექმნისაკენ. პარალელურად, ვილემსა და შარლოტს ექვსი გოგონა შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა, მაგრამ 1582 წლის 5 მაისს, 36 წლის შარლოტი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მეოთხე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1583 წლის 12 აპრილს ვილემი მეოთხედ დაქორწინდა ლუიზ დე კოლინიზე, 1572 წელს, წმინდა ბართლომეს ღამისას მოკლული ფრანგი ჰუგენოტი ადმირალის, გასპარ II დე კოლინის ქალიშვილზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა. ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში, 1584 წლის 10 ივლისს ვილემი მოკლეს, დაქვრივებული ლუიზი კი მეორედ აღარ გათხოვილა და გარდაიცვალა 1620 წლის 13 ნოემბერს, 65 წლის ასაკში.
-
ანა ვან ეგმონტი
-
ანა საქსონიელი
-
შარლოტ დე ბურბონი
-
ლუიზ დე კოლინი
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილემისა და ანა ვან ეგმონტის შვილები:
- მარია (1553-1555), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფილიპს ვილემი (1554-1618), ორანის პრინცი 1584-1618 წლებში, ცოლად შეირთო ელეონორ დე ბურბონი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- მარია (1556-1616), ცოლად გაჰყვა ჰოენლოჰ-ლანგენბურგის გრაფ ფილიპეს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
ვილემისა და ანა საქსონიელის შვილები:
- ანა (1562), დაიბადა მკვდარი;
- ანა (1563-1588), ცოლად გაჰყვა ნასაუ-დილენბურგის გრაფ ვილჰელმ ლუდვიგს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- მორის ავგუსტი (1564-1566), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მორიცი (1567-1625), ორანის პრინცი 1618-1625 წლებში, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ემილია (1569-1629), ცოლად გაჰყვა ინფანტ მანუელ პორტუგალიელს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
ვილემისა და შარლოტ დე ბურბონის შვილები:
- ლუიზა იულიანა (1576-1644), ცოლად გაჰყვა პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V;
- ელიზაბეთი (1577-1642), ცოლად გაჰყვა ოვერნის გრაფ ანრი დე ლა ტურს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- კათარინა ბელგიკა (1578-1648), ცოლად გაჰყვა ჰანაუ-მიუნცენბერგის გრაფ ფილიპ ლუდვიგ II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
- შარლოტა ფლანდრინა (1579-1640), მონაზონი;
- შარლოტა ბრაბანტინა (1580-1631), ცოლად გაჰყვა ტუარის ჰერცოგ კლოდ დე ლა ტრემუალს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ემილია ანტვერპინა (1581-1657), ცოლად გაჰყვა ცვაიბრიუხენ-ლანდშბერგის პფალცგრაფ ფრიდრიხ კაზიმირს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
ვილემისა და ლუიზ დე კოლინის შვილები:
- ფრედერიკ ჰენდრიკი (1584-1647), ორანის პრინცი 1625-1647 წლებში. ცოლად შეირთო ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
-
ფილიპს ვილემი, ორანის პრინცი
-
მარია, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის გრაფინია
-
ანა, ნასაუ-დილენბურგის გრაფინია
-
მორისი, ორანის პრინცი
-
ემილია, პორტუგალიის პრინცესა
-
ლუიზა იულიანა, პფალცის კურფიურსტი
-
ელიზაბეთი, ოვერნის გრაფინია
-
კათარინა ბელგიკა, ჰანაუ-მიუნცენბერგის გრაფინია
-
შარლოტა ფლანდრინა, მონაზონი
-
შარლოტა ბრაბანტინა, ტუარის ჰერცოგინია
-
ემილია ანტვერპინა, ცვაიბრიუხენ-ლანდშბერგის პფალცგრაფინია
-
ფრედერიკ ჰენდრიკი, ორანის პრინცი
ჰერალდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვილემის გერბი 1544 წლამდე
-
ვილემის გერბი 1582 წლამდე
-
ვილემის გერბი 1582 წელს
-
ვილემის გერბი 1582 წლიდან
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Herbert H. Rowen, The princes of Orange: the stadholders in the Dutch Republic. Cambridge and New York: Cambridge University Press, 1988.
- John Lothrop Motley, "The Rise of the Dutch Republic". New York: Harper & Brothers, 1855.
- John Lothrop Motley, "History of the United Netherlands from the Death of William the Silent to the Synod of Dort". London: John Murray, 1860.
- John Lothrop Motley, "The Life and Death of John of Barnevelt". New York & London: Harper and Brothers Publishing, 1900.
- Petrus Johannes Blok, "History of the people of the Netherlands". New York: G. P. Putnam's sons, 1898.
- Jardine, Lisa. The Awful End of William the Silent: The First Assassination of a Head of State with A Handgun. London: HarperCollins: 2005: ISBN 0-00-719257-6
- van der Lem, Anton. 1995. De Opstand in de Nederlanden 1555–1609. Utrecht: Kosmos. ISBN 90-215-2574-7.
- Various authors. 1977. Winkler Prins – Geschiedenis der Nederlanden. Amsterdam: Elsevier. ISBN 90-10-01745-1.
- Wedgwood, Cicely. 1944. William the Silent: William of Nassau, Prince of Orange, 1533–1584.
- Rowen, Herbert H. (1988). The princes of Orange: the stadholders in the Dutch Republic. Cambridge University Press. p. 29. ISBN 9780521345255.
- Rietstap, Johannes Baptist (2003). Armorial general. vol.2. Genealogical Publishing Co. p. 297. ISBN 0-8063-4811-9.
- Wedgwood, C.V. (1944). William the Silent. Jonathan Cape. p. 235.
- H. C. Erik Midelfort, "Mad Princes of Renaissance Germany", page 58, University of Virginia Press, 22 January 1996. Retrieved 2 February 2013.
- Wedgwood (1944) p. 120.
- G. Parker, The Dutch Revolt (revised edition, 1985), p. 148