ალბერტ VII ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბერტ VII ავსტრიელი
Rubens - arquiduquealbertoVII01.jpg
ალბერტ VII, შესრულებულია 1615 წელს პეტერ პაულ რუბენსის მიერ, ინახება სან-პაულოს ხელოვნების მუზეუმში
ზემო და ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი, 1619
მმართ. დასასრული: 9 ოქტომბერი, 1619
წინამორბედი: მატიას ავსტრიელი
მემკვიდრე: ფერდინანდ II შტირიელი
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. დასაწყისი: 6 მაისი, 1598
მმართ. დასასრული: 13 ივლისი, 1621
წინამორბედი: ფილიპე II ესპანელი
მემკვიდრე: ფილიპე IV ესპანელი
თანამმართველი: ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1559
დაბ. ადგილი: ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 13 ივლისი, 1621, (61 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ესპანური ნიდერლანდები
მეუღლე: ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი
(ქ. 1599)
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ალბერტ VII ავსტრიელი (გერმ. Albrecht VII von Österreich, ესპ. Alberto VII de Austria, ნიდერლ. Albrecht VII van Oostenrijk; დ. 13 ნოემბერი, 1559, ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია — გ. 13 ივლისი, 1621, ბრიუსელი, ესპანური ნიდერლანდები) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ესპანელის შუათანა ვაჟი. თავდაპირველად მისდევდა სასულიერო ცხოვრებას, რა დროსაც იგი აყვანილ იქნა კარდინალის ხარისხში და მიენიჭა ტოლედოს არქიეპისკოპოსის წოდება. აგრეთვე იყო პორტუგალიის მთავარი ინკვიზიტორი და მისი დროებითი ვიცეროი. თუმცა შემდეგ სასულიერო ცხოვრებას თავი დაანება და 1598 წელს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის უფროსი ასული ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი. ამავე წელს მისმა ახლად გამეფებულმა ცოლის ძმამ, მეფე ფილიპე III-მ მას და თავის დას ესპანური ნიდერლანდები უბოძათ სამართავად. 1619 წლის მარტიდან ოქტომბრამდე იყო ზემო და ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი, რის შემდეგაც თავისი ბიძაშვილის სასარგებლოდ გადადგა. იგი გარდაიცვალა 61 წლის ასაკში, უშვილოდ.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტი დაიბადა 1559 წლის 13 ნოემბერს, ავსტრიის ქალაქ ვინერ-ნოიშტადტში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა მარია ესპანელის მეხუთე ვაჟი და მეათე შვილი თექვსმეტიდან. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ I და მისი ცოლი, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის დედოფალი ანა იაგელონი, ხოლო დედის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ საღვთო რომისა და ესპანეთის მეფე კარლ V და მისი ცოლი ისაბელ პორტუგალიელი. როდესაც ალბერტი 11 წლის იყო, მისი ორი უფროსი და გაათხოვეს. პირველი და, პრინცესა ანა მიათხოვეს მისსავე ბიძას, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, ხოლო მეორე და, პრინცესა ელიზაბეთი მიათხოვეს საფრანგეთის მეფე შარლ IX-ს. ალბერტი და მისი ძმა ერნესტი მშობლების ბრძანებით ანას გაჰყვნენ ესპანეთში. მათმა ბიძამ, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ისინი თავის შვილობილებად გამოაცხადა და ალბერტისა და ერნესტი რელიგიური კუთხით აღზრდა დაიწყო. ორივემ შესანიშნავი სასულიერო კარიერა აიწყო. ვენეცელი მალევე ჯერ კარდინალი, შემდეგ კი ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი გახდა. 1577 წლის 3 მარტს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ ალბერტი კარდინალის ხარისხში აიყვანა. მალევე ალბერტი რომში ჩავიდა და იქ სანტა კროჩეს ეკლესიაში დაიწყო ღვთისმსახურება. თუმცა ფილიპეს მისთვის უფრო დიდი გეგმები ჰქონდა. მას სურდა, რომ ალბერტი ტოლედოს არქიეპისკოპოსი გამხდარიყო, თუმცა ამ დროს ეს თანამდებობა გასპარ დე კიროგა ი სანდოვალს ეკავა, რომელმაც იმაზე დიდხანს იცოცხლა ვიდრე ფილიპე იმედოვნებდა. საბოლოოდ იგი 1594 წლის 12 ნოემბერს გარდაიცვალა და ალბერტიც ტოლედოს არქიეპისკოპოსი გახდა. სულ რამდენიმე წელიწადში ალბერტს მოჰბეზრდა სასულიერო ცხოვრება და 1598 წელს კარდინალობიდანაც და არქიეპისკოპოსობიდანაც გადადგა. მისი სასულიერო აღზრდის მიუხედავად, როგორც ჩანს მას საერთოდ არ ჰქონდა ამ საქმისადმი ინტერესი.

პორტუგალიასთან დინასტიური უნიის შემდეგ, 1583 წლიდან ალბერტი პორტუგალიის ვიცეროიდ დაინიშნა. ამის პარალელურად იგი პორტუგალიაში გახდა რომის პაპის ლეგატი და მთავარი ინკვიზიტორი. როგორც პორტუგალიის ვიცეროი, 1588 წელს მონაწილეობდა უძლეველი არმადის ორგანიზებაში და 1589 წელს ლისაბონიდან კონტრინგლისურ შეტევასაც ხელმძღვანელობდა. 1593 წელს ფილიპე II-მ იგი თავის სამეფო კარზე გადაიყვანა, სადაც ქვეყნის მართვის მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ მას ებარა. ორი წლის შემდეგ მოღალატე ინგლისელებმა მას ირლანდიის მეფის გვირგვინი შესთავაზეს, თუმცა იცოდა, რომ მას მალევე დაჰკარგავდა და თანაც ეს, რომ ფილიპეს ღალატს ნიშნავდა, ამიტომაც უარი თქვა.

ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ ავსტრიელი და მისი მეუღლე, ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი

1595 წელს, მას შემდეგ რაც ალბერტის ძმა, ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერი ერნესტ ავსტრიელი გარდაიცვალა, ალბერტი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა თავისი ძმა ჩაენაცვლებინა. 1596 წლის 11 თებერვალს იგი შტატჰალტერი გახდა. მისი პირველი პრიორიტეტი გახდა ქვემო ქვეყნებში ძველი ესპანური გავლენის აღდგენა. ამისათვის ესპანელებს ერთდროულად ჰოლანდიასთან, საფრანგეთთან და ინგლისელებთან უნდა ეომა და თანაც ყოველი მათგანი უნდა დაემარცხებინა. ალბერტმა იცოდა, რომ 1590 წელს მის ძმასაც ჰქონდა იგივე მცდელობა, თუმცა ფრანგების, ინგლისელებისა და ჰოლანდიელების გაერთიანებულ ჯარებთან სასტიკად დამარცხდა. 1597 წლიდან დაიწყო ომების მთელი სეზონი. ამ ომში ჰოლანდიელებმა და ფრანგებმა ესპანელებს ზედიზედ აგემეს სასტიკი დამარცხებები. ალბერტმა ჰოლანდიის მმართველ მორის ორანჟელთან დაკარგა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქები რაინის გაყოლებაზე, საფრანგეთის მეფე ანრი IV-თან ბრძოლისას კი დაკარგა ქალაქი ამიენი და თითქმის მთლიანი არტუა თავისი ფლანდრიითურთ. მართალია ალბერტს მათი დაბრუნების მცდელობები ჰქონდა, თუმცა ანრიმ უფრო მწარედ დაამარცხა იგი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად, ალბერტმა ძლივს მოახერხა ჯარისკაცებისათვის ჯამაგირის გადახდა.

ალბერტი 1599-1600 წლებში

როდესაც ომი დამთავრდა და სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, ალბერტმა ესპანეთის მტრებს მშვიდობის დასამყარებლად მიმართათ, რომელთაგან მოლაპარაკებებზე მხოლოდ საფრანგეთის მეფე ანრი IV წამოვიდა. რომის პაპის ლეგატის კარდინალ ალესანდრო დე მედიჩის — მომავალში პაპი ლეო XI — შუამავლობით, 1598 წლის 2 მაისს ვერვინსის მშვიდობა დამყარდა ფრანგებსა და ესპანელებს შორის. ესპანელებმა ამით დიდ წარმატებას მიაღწიეს, რითაც განახლდა კატო კამბრეზის მშვიდობის სიტუაცია. საფრანგეთი დათანხმდა მათ მიერ უხეშად ოკუპირებული ტერიტორიების ესპანელთათვის დაბრუნებას, რითაც ფრანგებმა ჰოლანდიის რესპუბლიკის მხარდაჭერა შეინარჩუნეს. 1598 წლის 6 მაისს, ფრანგებთან ხელშეკრულების დადებიდან მხოლოდ ოთხ დღეში ფილიპე II-მ ალბერტი დანიშნა საკუთარ უფროს ქალიშვილ ისაბელ კლარა ეუხენიაზე, რის შემდეგაც ალბერტი და ისაბელ კლარა ეუხენია ესპანური ნიდერლანდების სუვერენულ მმართველებად დანიშნა. თუმცა მათ საქორწინო კონტრაქტში ასევე აღნიშნული იყო, რომ თუ წყვილს ქორწინებაში შვილები არ შეეძინებოდათ, ნიდერლანდები კვლავ ესპანეთის შემადგენლობაში გადადიოდა. ქორწინებისთვის, ალბერტმა ფორმალურად რომის პაპისაგან ნებართვა მიიღო და კარდინალის პოსტი დატოვა. 1598 წლის 14 სექტემბერს ალბერტი დასაქორწინებლად მადრიდში ჩავიდა, თუმცა ქორწილის წინა ღამეს, 17 სექტემბერს ფილიპე II გარდაიცვალა, რის გამოც ქორწილი დიდი ხნით გადაიდო. ტახტზე ახალი მეფე — ფილიპე III ავიდა. საბოლოოდ ისაბელ კლარა ეუხენიასა და ალბერტის ქორწინება 1599 წლის 18 აპრილს შედგა ქალაქ ვალენსიაში.

ომის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტისა და ისაბელას ერთობლივი მეფობის პირველ ნახევარში ომი დომინირებდა. ისინი ებრძოდნენ გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკასა და ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ს. თუმცა საბოლოოდ მათი ბრძოლა, რომელიც მიზნად ჰაბსბურგთა ძალაუფლების განმტკიცებას ქვემო ქვეყნებში და ჰოლანდიის რესპუბლიკის იზოლაციას ისახავდა წარუმატებელი აღმოჩნდა. მათი საბრძოლო სტრატეგია ძირითადად წარმოადგენდა თავიანთი ოპონენტების მოსალაპარაკებელ მაგიდამდე მიყვანას და იქ მათ გადმობირებას. თავიდან როდესაც ზედიზედ რამდენიმე მარცხი იგება ჰოლანდიაში, ალბერტმა გააცნობიერა, რომ ჩრდილო ნიდერლანდებში შეუძლებელი იყო კვლავ ესპანური ძალაუფლების ძველებურად აღდგენა. რეალურად ფილიპე III და მისი მრჩევლები მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავდნენ ალბერტის მარცხებისას და არც კი ცდილობდნენ მის დახმარებას ჰოლანდიელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ისევ და ისევ ესპანეთისთვის კეთდებოდა. ესპანელები მას გამუდმებით ომის გაგრძელებას მოსთხოვდნენ. საბოლოოდ ალბერტმა მიიღო გადაწყვეტილება და მადრიდიდან წამოსულ ყველა ბრძანებას აიგნორებდა.

ალბერტის სამხედრო რეპუტაცია ძალიან ცუდი იყო. განსაკუთრებით მაშინ გაუფუჭდა სამხედრო სახელი, როდესაც 1600 წლის 2 ივლისს ნიეუოპურთის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მორის ორანჟელმა. მისი საბოლოო მარცხი 1601-04 წლებში შედგა, როცა მან ფლანდრიაში ქალაქ ოსტენდზე ალყა სრული კრახით მოხსნა. ამის შემდეგ ესპანელებმა ის ჩამოაქვეითეს და სამხედრო ბრძანებებს წარმოშობით გენუელი ამბროჯიო სპინოლა იძლეოდა. საბოლოოდ ამბროჯიოს სარდლობით 1604 წლის 22 სექტემბერს ესპანელებმა ოსტენდი აიღეს. სწორედ ამბროჯიოს ბრწყინვალე სარდლობით დაიბრუნეს ესპანელებმა 1594 წელს დაკარგული რაინისპირა უმნიშვნელოვანესი ქალაქები.

1612 წელს მოჭრილი ნიდერლანდური ბრინჯაოს მონეტა ალბერტისა და ისაბელას გამოსახულებით

იმავდროულად ალბერტმა მშვიდობა დაამყარა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-თან. ინგლისელებმა, ესპანელემბა და ჰოლანდიელება 1604 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერეს ლონდონის ხელშეკრულებას, რითაც მშვიდობა მყარდებოდა. თუმცა სამშობლოში დაბრუნებული ალბერტი ინგლისელებთან მშვიდობის დამყარების გამო შეგების გამო გალანძღეს, რადგან კათოლიკეებისათვის სამარცხვინო იყო ერეტიკოსებთან დაზავება. ამ ამბავმა ლონდონამდე ჩააღწია და ლონდონსა და ბრიუსელს შორის გარკვეული დაძაბულობა ჩამოაგდო.

სპინოლას წარმატებულმა სამხედრო კამპანიებმა გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა პოლიტიკურ იზოლაციამდე მიიყვანა, რამაც აიძულა მეაბმოხე ჰოლანდიელები 1607 წლის აპრილში ესპანელებთან მოლაპარაკებებზე წამოსულიყვნენ. ერთმანეთზე საშინლად გადამტერებულ და შეზიზღებულ ჰოლანდიელებსა და ესპანელებს შორის მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ ესპანელებმა ჰოლანდიის საყრდენი ქალაქი ანტვეტპენი აიღეს, რის შემდეგაც დანებდნენ და 1609 წლის 9 აპრილს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა თორმეტწლიანი ომი. ზავის პირობების თანახმად ოფიციალურად გაერთიანებული პროვინციები კვლავ ჰაბსბურგთა სამმართველო ზონად რჩებოდა.

მშვიდობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტი და ისაბელ კლარა ეუხენია

თორმეტწლიანი გაუთავებელი ომების შემდეგ დამყარებულმა მშვიდობამ ესპანურ ნიდერლანდებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. გლეხებსა და ვაჭრებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცათ. ერცჰერცოგის მფარველობა ასე თუ ისე გლეხობას მფარველობდათ და ომიანობის პერიოდში მათ მოსავალს არავინ ეხებოდათ, თუმცა მშვიდობის დამყარების შემდეგ დიდი მიწები, რომლებიც ჯარების დაბანაკებას ხმარდებოდა, ახლა უკვე დასამუშავებელ ტერიტორიად იქცა, დღეს კი ამ ტერიტორიაზე საფრანგეთ-ბელგიის საზღვარი გადის და ეს ადგილი მთლიანად დაჭაობებულია. სოფლის მეურნეობის აღდგენისათვის ცხადია საჭირო იყო დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება, რადგან გაუთავებელი ომების გამო დიდი რაოდენობით ჯანმრთელი მუშა ხელი გაწყდა, ბუნებრივი მატება კი ნელა მიმდინარეობდა. მოსახლეობის ისეთი რაოდენობა, რაც ომამდე იყო, მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აღსდგა. სოფლის მეურნეობის გარდა, თავიდან აღდგენა დასჭირდა მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროებსაც. თუმცაღა საერთაშორისო ვაჭრობაზე გასვლა რაინის კალაპოტის დახურვამ და ზღვით მემეზობლე ქვეყნების გადამტერებამ შეუძლებელი გახადა. აგრეთვე უამრავი გზა იყო გადათხრილი, ხიდები კი დამწვარ-დანგრეული რის აღდგენასად დიდი რესურსი დასჭირდა. სიღარიბის დასაძლევად და სოფლად გადასახლების წასახალისებლად ალბერტმა და ისაბელამ გადაწყვიტეს, ყველას ვინც სოფლად გადასახლდებოდა და მეურნეობას მოჰყოფდა ხელს დიდი მამულები ეჩუქებინათ, რამაც გაამართლა.

იმავდროულად ალბერტმა და ისაბელად უზრუნველყვეს კათოლიკური ეკლესიის აღდგენა ესპანურ ნიდერლანდებში. ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა პროტესტანტმა ან კათოლიკობა მიიღო, ან ქვეყანა დატოვა. 1609 წელს მათ გამოსცეს კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პროტესტანტებს დაუშვებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საზოგადოებისთვის უფასოდ იმუშავებდნენ. საბოლოოდ მრავალი სანქციისა და რეფორმის შედეგად მათ მოახერხეს და ესპანური ნიდერლანდები მხოლოდ კათოლიკეთა სამყოფელად აქციეს. ამასთან არ ერიდებოდნენ ადამიანების ცოცხლად კოცონზე დაწვასაც.

რეკათოლიზაციის პერიოდში კათოლიციზმის გასავრცელებლად და გასამყარებლად ალბერტი და ისაბელა სხვადასხვა ორდენებს იყენებდნენ, როგორებიცაა იეზუიტები და კაპუცინები. ისინი მათ დიდი თანხებით აფინანსებდნენ, რათა კათოლიციზმი გაევრცელებინათ.

ალბერტისა და ისაბელ კლარა ეუხენიას მეფობა ესპანურ ნიდერლანდებში აღორძინებისა და განვითარების ხანითაა შესული ისტორიაში. 1600 წელს მათ მოიწვიეს სამეფო საბჭო და მათთან ერთად მართავდნენ სახელმწიფოს. მათ გაატარეს უამრავი სასარგებლო რეფორმა, როგორებიცაა წერა-კითხვის გავრცელება, დუელების აკრძალვა, ხიდების, გზებისა და კანალიზაციის გაყვანა და ა.შ.

სტრატეგიული და რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, 1614 წელს ალბერტი ჩაება იულიხ-კლევ-ბერგის მემკვიდრეობის ომში. საბოლოოდ იულიხ-კლევ-ბერგის საჰერცოგო სწორედ მათ დაიპყრეს და ესპანურ ნიდერლანდებს მიუერთეს, რასაც 1618 წელს ოცდაათწლიან ომში ჩაბმა მოჰყვა. მას შემდეგ რაც მის ბიძაშვილ ფერდინანდ II-ს პფალცის კურფიურსტმა ბოჰემიის სამეფო წაართვა ალბერტმა და ფილიპე III-მ მას დიდი დამხმარებითი ჯარები გაუგზავნეს და ბოჰემია დაუბრუნეს. ეს ბრძოლა გადამწყვეტი მოვლენა იყო ოცდაათწლიან ომში, სადაც ალბერტმა გამარჯვებით დიდი სახელი და დიდება მოიპოვა.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ ნათელი გახდათ, რომ ალბერტსა და ისაბელ კლარა ეუხენიას შვილები აღარ ეყოლებოდათ. 1613-14 წლებში ალბერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეირყა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ მისი და მისი ცოლის დაღუპვის შემდეგ ესპანური ნიდერლანდები ფილიპე III-ის მმართველობაში გადავიდოდა. 1619 წლის მარტში მას შემდეგ რაც ალბერტის უფროსი ძმა, იმპერატორი მატიასი უშვილოდ დაიღუპა ზემო და ქვემო ავსტრიის ტახტი ალბერტს დარჩა, რომელიც ოქტომბერში თავისი ბიძაშვილის, იმპერატორ ფერდინანდ II-ის სასარგებლოდ გადადგა. საბოლოოდ 1621 წლის 31 მარტს ფილიპე III გარდაიცვალა, ტახტზე მისი ვაჟი ფილიპე IV ავიდა, რის შემდეგაც სწორედ ის გახდა ალბერტის მემკვიდრე.

1620 წლის ბოლო თვეებში ალბერტის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა. იგი ძალიან იმედგაცრუებული მიდიოდა იმ ქვეყნად, რადგან ჰოლანდია მაინც ვერ დაიპყრო. 1621 წლის 13 ივლისს, 61 წლის ასაკში ალბერტი გარდაიცვალა. ქვეყნის მართვა ისაბელ კლარა ეუხენიამ დამოუკიდებლად განაგრძო გარდაცვალებამდე, რის შემდეგაც მათი სამფლობელოები ფილიპე IV-ს გადაეცა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარდინალი: 1577-1598;
  • პორტუგალიის ვიცეროი: 1583-1593;
  • პორტუგალიის დიდი ინკვიზიტორი: 1586-1593;
  • ტოლედოს არქიეპისკოპოსი: 1595-1598;
  • ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი: 1596-1598;
  • ალბერტის გერბი
    ლოთერის ჰერცოგი: 1598-1621;
  • ბრაბანტის ჰერცოგი: 1598-1621;
  • ლიმბურგის ჰერცოგი: 1598-1621;
  • ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი: 1598-1621;
  • გელდერსის ჰერცოგი: 1598-1621;
  • ნაიმურის მაკგრაფი: 1598-1621;
  • ბურგუნდიის პფალცგრაფი: 1598-1621;
  • ფლანდრიის გრაფი: 1598-1621;
  • არტუას გრაფი: 1598-1621;
  • ენოს გრაფი: 1598-1621;
  • მეხელენის ლორდი: 1598-1621;
  • სალინსის ლორდი: 1598-1621;
  • ფრიზიის ლორდი: 1598-1621;
  • ზუტპენიის გრაფი: 1598-1621;
  • ზელანდიის გრაფი: 1598-1621;
  • ჰოლანდიის გრაფი: 1598-1621;
  • უტრეხტის ლორდი: 1598-1621;
  • ოვერიხლესის ლორდი: 1598-1621;
  • გრონინგენის ლორდი: 1598-1621;
  • კარინტიის გრაფი: 1619;
  • კარნიოლას გრაფი: 1619;
  • ტიროლის გრაფი: 1619;
  • ჰაბსბურგის გრაფი: 1619;
  • ზემო და ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი: 1619;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Allen, Paul C. (2000). Philip III and the Pax Hispanica, 1598-1621: The Failure of Grand Strategy. Yale University Press. ISBN 0-300-07682-7.
  • Duerloo, Luc (2012). Dynasty and Piety: Archduke Albert (1598-1621) and Habsburg Dynastic Culture in an Age of Religious Wars. Ashgate. ISBN 9780754669043. online review
  • Feros, Antonio (2000). Kingship and Favoritism in the Spain of Philip III, 1598–1621. Cambridge University Press. ISBN 0-521-56113-2.
  • Morgan, Hiram (1993). Tyrone’s Rebellion: The Outbreak of the Nine Years’ War in Tudor Ireland. Boydell Press. ISBN 978-0-86193-224-5.
  • Other languages
  • Caeiro, Francisco (1961). O arquiduque Alberto de Áustria: Vice-rei e inquisidor-mor de Portugal, cardeal legado do papa, governador e depois soberano dos Países Baixos: Historia e arte. Neogravusa.
  • Duerloo, Luc (editor); Thomas, Werner (editor) (1998). Albrecht & Isabella, 1598–1621: Catalogus. Brepols. ISBN 2-503-50724-7.
  • Thomas, Werner (editor); Duerloo, Luc (editor) (1998). Albert & Isabella, 1598–1621: Essays. Brepols. ISBN 2-503-50726-3.
  • Duerloo, Luc; Wingens, Marc (2002). Scherpenheuvel: Het Jeruzalem van de Lage Landen. Davidsfonds. ISBN 90-5826-182-4.
  • Otto Brunner (1953), "Albrecht VII. (Albert)", Neue Deutsche Biographie (NDB), 1, Berlin: Duncker & Humblot, p. 170; (full text online)
  • Copia Ihrer Hochfurstlicher Durchleuchtigkeit des Ertz-Herzogen zu Österreich etc. Dem Furstenthumb Cleve, Graffschafft von der Marck ... Ertheilte Neutralitet. Verstegen, Cleve 1621. (digital version by the University and State Library, Düsseldorf)