შინაარსზე გადასვლა

კარლო II (ნეაპოლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლო II
ნეაპოლის მეფე
პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფი
კორონაცია: 29 მაისი, 1289
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1285
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1309
წინამორბედი: კარლო I
მემკვიდრე: რობერტო
ანჟუსა და მაინის გრაფი
მმართ. წლები: 1285-1290
წინამორბედი: შარლ I
მემკვიდრე: მარგარიტა და შარლ III
სხვა წოდებები: აქაიის პრინცი
ალბანეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1254
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1309, (54-55 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: მარია უნგრელი
(ქ. 1270)
შვილები: კარლ მარტელი, სალერნოს პრინცი
რობერტო, ნეაპოლის მეფე
მარგარიტა, ანჟუს გრაფინია
ბლანკა, არაგონის დედოფალი
ელეონორა, სიცილიის დედოფალი
მარია, მაიორკის დედოფალი
დინასტია: ანჟუები
მამა: კარლო I, ნეაპოლის მეფე
დედა: ბეატრის პროვანსელი
რელიგია: კათოლიციზმი

კარლო II (იტალ. Carlo II), აგრეთვე ცნობილია, როგორც კარლო კოჭლი (იტალ. Carlo lo Zoppo; დ. 1254 ― გ. 5 მაისი, 1309, ნეაპოლი, იტალია) ― ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. მეფე კარლო I-ისა და დედოფალ ბეატრის პროვანსელის ძე. ნეაპოლის მეფე, პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფი 1285-1309 წლებში, ანჟუსა და მაინის გრაფი 1285-1290 წლებში, ალბანეთის მეფე 1285-1301 წლებში და აქაიის პრინცი 1285-1289 წლებში.

კარლო დაიბადა 1254 წელს. იგი იყო ანჟუს გრაფ შარლ I-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია ბეატრის პროვანსელის უფროსი ვაჟი. მამამისი საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის ძე და მეფე ლუი IX-ის უმცროსი ძმა იყო. 1266 წელს მამამისი სიცილიის მეფე ხდება კარლო I-ის სახელით, თავად კარლოს კი, როგორც თავის მემკვიდრეს, სალერნოს პრინცის წოდებას ანიჭებს. 1283 წელს მას მამამისმა იგი ჯარების მეთაურად დანიშნა, რათა დაეცვა კუნძული სიცილია არაგონის მეფე პედრო III-ის შემოჭრისაგან. აღნიშნული შემოჭრა გამოწვეული იყო 1282 წელს დაწყებული „სიცილიის მწუხრით“, რაც გამოიხატებოდა სიცილიელთა ამბოხებაში ფრანგების წინააღმდეგ, არაგონის მეფის სასარგებლოდ, რომელმაც იმავე წელს დაიკავა სიცილია და თავი მის მეფედ გამოაცხადა, კარლო I-ს კი ნეაპოლიღა შერჩა. 1284 წლის 5 ივნისს ბრძოლისას პრინცი კარლო ესპანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. იგი ჯერ ჩეფალუში წაიყვანეს, შემდეგ კი კატალონიაში გადაიყვანეს. მისი პატიმრობის პერიოდში, 1285 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა მამამისი, რის შემდეგაც ის გახდა ნეაპოლის მეფე კარლო II-ის სახელით, თუმცა არსებული პირობების გამო რეგენტად არტუის გრაფი რობერ II დაენიშნა.

კარლო ტყვეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც მისმა ბიძაშვილმა, საფრანგეთის მეფე ფილიპ III-მ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო არაგონის წინააღმდეგ. სწორედ საფრანგეთის მეფე ფილიპისა და ინგლისის მეფე ედუარდ I-ის შუამავლობით, 1288 წელს ესპანელებმა კარლო გაათავისუფლეს. გათავისუფლების სანაცვლოდ მან აიღო ვალდებულება, რომ არაგონის მეფეს 30,000 მარკას გადაუხდიდა და ასევე შეარიგებდა საფრანგეთის მეფესა და რომის პაპთან, ამის გარანტიად კი მან მძევლებად თავისი სამი ვაჟი და სამოცი პროვანსელი დიდებული დატოვა. მას ასევე მოუწია, რომ თავისი ბიძაშვილის, ვალუის გრაფ შარლისათვის 20,000 გირვანქა ვერცხლი დაებრუნებინა, რომელიც მან პაპ მარტინ IV-ს გადაუხადა იმისათვის, რომ კარლოს გასათავისუფლებლად კათოლიკური ქვეყნის წინააღმდეგ ლაშქრობის მოსაწყობად ნება დაერთო. ვინაიდან კარლოს ამის სახსრები აღარ გააჩნდა, მან შარლ დე ვალუას თავისი უფროსი ქალიშვილი, მარგარიტა მიათხოვა და მზითვად ანჟუსა და მაინის საგრაფოები გაატანა.

საბოლოოდ, იგი ახალმა პაპმა, ნიკოლოზ IV-მ ყველა დაკისრებული მოვალეობისაგან გაათავისუფლა და 1289 წელს ნეაპოლის მეფედაც აკურთხა, თუმცა სანაცვლოდ კარლომ ალფონსო III არაგონელი სიცილიის მეფედ აღიარა. იმავდროულად მისი სიძე, შარლ დე ვალუა კასტილიასთან კავშირს კრავდა არაგონში კიდევ ერთხელ შესაჭრელად. ამ პირობებში ალფონსო დათანხმდა იმაზე, რომ ჯარებს გაიყვანდა სიცილიიდან, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ მისი ძმის, ხაიმე II-ის კანდიდატურას სიცილიის მეფედ და ამასთან, გაათავისუფლებდნენ პაპის ხარკისაგან. კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ცოტა ხნით ადრე, 1291 წელს ალფონსო უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძმამ, ხაიმე II-მ დაიკავა, რის გამოც სიცილიის მეფე მათი მესამე ძმა, ფედერიკო III გახდა.

პაპმა ბონიფაციუს VIII-მ, რომელიც 1294 წელს კარლოს დახმარებით აირჩიეს, 1295 წელს წამოიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ნეაპოლ-სიცილიის კონფლიქტის ჩაცხრობასა და კათოლიკე მონარქების შერიგებას, რისთვისაც ხაიმე II არაგონელი ცოლად შეირთავდა კარლოს ქალიშვილს, პრინცესა ბლანკას.

მართალია ფედერიკო, როგორც ხაიმეს ძმა, ემხრობოდა მათი ქორწინებისა და ნეაპოლთან დაახლოვების იდეას, მაგრამ სიცილიელი ხალხის ზეგავლენით იგი მათ წინააღმდეგ გამოვიდა, რათა ტახტი შეენარჩუნებინა. თავის მხრივ კარლომ, რომელიც დიდად დაინტერესებული იყო არაგონთან ურთიერთობის დალაგებით, თავისი კეთილგანწყობის საჩვენებლად ამ იდეისადმი, გათავისუფლებიდან რამდენიმე წელიწადში საფრანგეთის გავლით კვლავ დაბრუნდა არაგონში, სადაც ამჯერად იგი არა როგორც ტყვე, არამედ როგორც საპატიო სტუმარი ისე მიიღეს. მან საფრანგეთშივე მიაღწია წარმატებას და დაითანხმა თავისი სიძე, გრაფი შარლ დე ვალუა, რომ უარეყო არაგონში გამეფების იდეა (ეს ამბიცია იმიტომ გააჩნდა, რომ დედამისი, დედოფალი იზაბელა, არაგონის მეფის ასული იყო). ამის შემდეგ მან გზა გააგრძელა და ბლანკა ხაიმეზე დააქორწინა.

ნეაპოლში დაბრუნებისთანავე, ზურგგამაგრებულმა კარლომ ფედერიკოს ომი გამოუცხადა და, მიუხედავად საფრანგეთისა და არაგონის სამხედრო დახმარებისა, კუნძულის დაპყრობა ვერ შეძლო. მეტიც, 1299 წელს სიცილიელებმა ფალკონარას ბრძოლაში მისი ძე, პრინცი ფილიპე ტარანტოელი ტყვედ ჩაიგდეს. პაპის წაქეზებით, 1300 წელს შარლ დე ვალუამ გაანადგურა ნეაპოლის სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფი ქალაქი ლუჩერა (ფოჯას მახლობლად), რომელიც იტალიაში არსებული მუსლიმების უკანასკნელი დასახლება იყო. ამ დროს შარლმა მთლიანად გაწყვიტა ქალაქის მუსლიმი მოსახლეობა. 1302 წელს ფედერიკოსთან დავა კალტაბელოტოს ხელშეკრულებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარლომ საბოლოოდ თქვა უარი სიცილიაზე და თავისი ქალიშვილი, ელეონორა ფედერიკოს მიათხოვა.

ამის შემდეგ კარლომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიმშვიდეში გაატარა ნეაპოლში. იგი ძირითადად ქალაქის რესტავრაციითა და გალამაზებით იყო დაკავებული. ამისა და გადასახადთა შემცირების გამო, ფრანგული ფესვების მიუხედავად, მან საბოლოოდ დაიმსახურა იტალიელი ხალხის კეთილგანწყობა. იმავდროულად, იგი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა პაპსა და ჩრდილოიტალიურ სამთავროებს შორის მიმდინარე დაპირისპირებებში. იგი ასევე ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩა, როდესაც საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-მ ტყვედ აიყვანა პაპი და ავინიონში გადაასახლა. 1307 წელს მან ფილიპს ასევე მხარი დაუჭირა ტამპლიერთა ორდენის განადგურების საქმეში. იგი გარდაიცვალა 1309 წლის 5 მაისს ნეაპოლში, დაკრძალეს სან-დომენიკოს ბაზილიკაში. მის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, რობერტომ დაიკავა.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარლო ცოლთან და შვილებთან ერთად

1270 წელს კარლომ ცოლად შეირთო უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იშტვან V-ისა და დედოფალ ელიზაბეტა კუმანელის ქალიშვილი, პრინცესა მარია უნგრელი (1257-1323), რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი:

  1. კარლ მარტელი (1271-1295), სალერნოს პრინცი, უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე. ცოლად შეირთო გერმანიის მეფე რუდოლფ I-ის ასული, კლემენტია ფონ ჰაბსბურგი, რომელთანაც შეეძინა უნგრეთის მეფე კარლ რობერტი და საფრანგეთის დედოფალი კლიმენცია;
  2. მარგარიტა (1272-1299), ანჟუსა და მაინის გრაფინია, ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შუათანა ძეს, ვალუას გრაფ შარლს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის მეფე ფილიპ VI;
  3. ლუი (1274-1298), ტულუზის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიის მიერ იგი წმინდანადაა შერაცხული;
  4. რობერტო (1276-1343), ნეაპოლის მეფე მამის შემდეგ. ცოლად შეირთო მეფე არაგონის მეფე პედრო III-ის ასული იოლანდა, რომელთანაც შეეძინა ორი ძე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მაიორკის მეფე ხაიმე II-ის ქალიშვილ სანჩიაზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია;
  5. ფილიპე I (1278-1331), აქაიისა და ტარანტოს პრინცი, რუმინეთის დესპოტი, კონსტანტინოპოლის ტიტულარული იმპერატორი და ალბანეთის მეფე. პირველად იქორწინა ეპირის დესპოტ ნიკიფორე I-ის ასულ თამარ ანგელინა კომნენაზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, თუმცა მას შემდეგში გაეყარა და ცოლად შეირთო კონსტანტინოპოლის იმპერატრიცა ეკატერინე II დე ვალუა, რომელთანაც კიდევ ოთხი შვილი ეყოლა;
  6. ბლანკა (1280-1310), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ხაიმე II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის არაგონის მეფე ალფონსო IV, კასტილიის დედოფალი მარია და გერმანიის დედოფალი იზაბელა;
  7. რაიმონდ ბერენგარი (1281-1307), პროვანსის გრაფი, პიემონტისა და ანდრიის პრინცი, ცოლად შეირთო მარგარიტა კლერმონელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  8. ჯოვანი (1283-1308), ბერი;
  9. ტრისტანი (1284-1288), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. ელეონორა (1289-1341), ცოლად გაჰყვა სიცილიის მეფე ფედერიკო III-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის სიცილიის მეფე პიეტრო II, ათენისა და ნეოპატრიის ჰერცოგი მანფრედი, კვიპროსის დედოფალი კონსტანცია, ბავარიის ჰერცოგინია ელიზაბეტა და პფალცის კურფიურსტი მარგერიტა;
  11. მარია (1290-1346), ცოლად გაჰყვა მაიორკის მეფე სანჩო I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  12. პიეტრო (1291-1315), გრავინას გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  13. ჯოვანი (1294-1336), დურაცოს ჰერცოგი, პირველად იქორწინა მატილდა ენოელზე, რომელსაც უშვილობის გამო გაეყარა და ცოლად შეირთო აგნესა პერიგროდელი, რომელთანაც შეეძინა შვილები. იგი იყო ნეაპოლის მეფე კარლო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგერიტას დიდი პაპა;
  14. ბეატრიჩე (1295-1321), ცოლად გაჰყვა ფერარის მარკიზ აცო VIII-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დაქორწინდა ანდრიის გრაფ ბერტრან III-ზე;
  • Salvatore Fodale: Karl II. von Anjou. In: Lexikon des Mittelalters (LexMA). Band 5. Artemis & Winkler, München/Zürich 1991, ISBN 3-7608-8905-0, Sp. 985.
  • Andreas Kiesewetter: Die Anfänge der Regierung König Karls II. von Anjou (1278–1295). Das Königreich Neapel, die Grafschaft Provence und der Mittelmeerraum zu Ausgang des 13. Jahrhunderts. Matthiesen, Husum 1999, ISBN 3-7868-1451-1. (Dissertation Würzburg 1993)
  • August Nitschke: Carlo II d'Angiò. In: Alberto M. Ghisalberti (Hrsg.): Dizionario Biografico degli Italiani (DBI). Band 20: Carducci–Carusi. Istituto della Enciclopedia Italiana, Rom 1977, S. 227–235.