მარია კასტილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კასტილიელი
არაგონის, მაიორკის, ვალენსიისა და სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 აპრილი, 1416
მმართ. დასასრული: 27 ივნისი, 1458
წინამორბედი: ელეანორ ალბუკერკე
მემკვიდრე: ხუანა ენრიკესი
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 ივნისი, 1442
მმართ. დასასრული: 27 ივნისი, 1458
წინამორბედი: იზაბელ ლოთარინგიელი
მემკვიდრე: იზაბელა კლერმონელი
სხვა წოდებები: ასტურიის პრინცესა
ბარსელონის გრაფინია
კასტილიისა და ლეონის ინფანტა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 სექტემბერი, 1401
დაბ. ადგილი: სეგოვია, კასტილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 4 ნოემბერი, 1458, (57 წლის)
გარდ. ადგილი: ვალენსია, არაგონის სამეფო
მეუღლე: ალფონსო V, არაგონის მეფე
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ენრიკე III, კასტილიის მეფე
დედა: კათრინ ლანკასტერელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია კასტილიელი (ესპ. María de Castilla; დ. 14 სექტემბერი, 1401, სეგოვია, კასტილიის სამეფო — გ. 4 ნოემბერი, 1458, ვალენსია, არაგონის სამეფო) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის მეფე ენრიკე III-ისა და დედოფალ კათრინ ლანკასტერელის უფროსი ასული. არაგონის, მაიორკის, ვალენსიის, სიცილიისა და სარდინიის დედოფალი როგორც მეფე ალფონსო V-ის ერთადერთი მეუღლე. ასტურიის პრინცესა 1402-1405 წლებში.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1401 წლის 14 სექტემბერს სეგოვიაში. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კათრინ ლანკასტერელის პირველი შვილი. მისი ნათლია მისივე ბებიდა, მონაზონი მარია დე აიალა იყო, რომელიც იყო დედოფალ კათრინის დედის, კონსტანსიას ნახევარ და და მეფე პედრო I-ის უკანონო შვილი. ძმის გაჩენამდე, როგორც მეფის უფროსი შვილი, მარია ასტურიის პრინცესა, ანუ ტახტის პირველი მემკვიდრე იყო. უკვე 1402 წელს მცირეწლოვანი მარია მისსავე ბიძაშვილ ალფონსო არაგონელზე დანიშნეს. 1405 წელს დაიბადა მისი ძმა, ხუანი, რის გამოც მარიას ჩამოერთვა ასტურიის პრინცესის წოდება და უბრალოდ კასტილიის ინფანტა გახდა.

კასტილიის სამეფო კარზე მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. 1406 წელს მამამისი, მეფე ენრიკე გარდაიცვალა და ტახტზე მარიას მცირეწლოვანი ძმა, ხუან II ავიდა, რამაც იგი კვლავ ასტურიის პრინცესად აქცია, რადგანაც ხუანს ჯერ შვილი არ ჰყავდა. იმავდროულად, კასტილიის სამეფოს დედა-დედოფალი კათრინი მართავდა რეგენტის სტატუსით. იგი ძალიან ახლოს იყო მარიასთან. სწორედ მან ჩაუნერგა მას ბავშვობიდანვე თავისი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გრძნობა. დედა-შვილი იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ მათ წერილებით კონტაქტი მარიას გათხოვების შემდეგაც არ შეუწყვეტიათ.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიას ქმარი, ალფონსო არაგონელი

მარიასა და ალფონსოს ნიშნობა მანამდე არ შემდგარა, სანამ იგი შვიდი წლის არ გახდა, რაც მეფე ენრიკეს ანდერძით იყო გათვალისწინებული. ეს იყო სამმაგი დინასტიური ქორწინება კასტილიისა და არაგონის სამეფო კარებს შორის, რა დროსაც მარიას ძმაც, მეფე ხუანიც უნდა დაქორწინებულიყო ალფონსოს დაზე, ინფანტა მარიაზე, მათ გარდა კი მარიას კიდევ ერთი და, ინფანტა კატალინა უნდა მისთხოვებოდა ალფონსოს ძმას, ინფანტ ენრიკეს. 1415 წლის 12 ივნისს ვალენსიის საკათედრო ტაძარში მარია კასტილიელმა და ალფონსო არაგონელმა ჯვარი დაიწერეს. წყვილს ჯვარი ანტიპაპმა ბენედიქტე XIII-მ დასწერა და მანვე დართო მათ ქორწინების უფლება, რადგან ისინი ბიძაშვილები იყვნენ და პაპის კურთხევა იყო საჭირო. მარიას მზითვში დიდძალი ოქრო და მამულები გაატანეს, მეტიც, მის ქმარს კასტილიის ინფანტობაც უბოძეს. მოგვიანებით მისმა ძმამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დას იმაზე დიდი მზითვი გაატანა, ვიდრე საჭირო იყო. ასევე მისი თქმით, ამაზე დიდი მზითვი კასტილიის არცერთ ინფანტას არ წაუღია.

არაგონის სამეფო კარზე ხშირი იყო ოჯახური კონფლიქტი მარიას მამამთილს, მეფე ფერდინანდსა და დედამთილს, დედოფალ ელეანორ ალბუკერკეს შორის. ამასთან ერთად, მას თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მაზლებთან: ენრიკესთან, პედროსთან და განსაკუთრებით ხუანთან.

მარიას ერთობ დელიკატური ჯანმრთელობა ჰქონდა. რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტზე დაყრდნობით დგინდება, რომ იგი ეპილეფსიით იტანჯებოდა. ამასთან, პირველივე ორსულობისას ჩუტყვავილა შეეყარა. მას მუცელიც მოეშალა და სახეზე ნაწიბურებიც დარჩა. ჩუტყვავილისა და ბავშვის დაკარგვის შემდეგ მარიას მენსტრუაციული ციკლი 16 წლის ასაკში შეუწყდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წყვილს მემკვიდრე არასოდეს ეყოლებოდა. უშვილობამ, ცხადია, დიდი გავლენა იქონია როგორც მათ ქორწინებაზე, ისე ალფონსოს მმართველობაზე. 1423 წელს, ალფონსოს ნეაპოლიდან დაბრუნების შემდეგ მათმა ურთიერთობამ აშკარად დაიწყო გაუარესება. მარიამ გაიგო, რომ მისმა ქმარმა იტალიიდან ახალი საყვარელი ჩამოიყვანა, სახელად ჯირალდონა კარლინო, რომელთანაც მას 1425 წელს ვაჟით შეეძინა. ალფონსოს ღალატმა მათ შორის არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა. ცნობილია, რომ მისთვის ტკივილის მისაყენებლად მარიამ მოატყუა ალფონსო, რომ დედამისი გარდაიცვალა. მათი განქორწინება არც კი განიხილებოდა და წყვილი ასეთ ურთიერთობაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიას გერბი

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 1416 წლის 1 აპრილს ფერდინანდ I გარდაიცვალა და ტახტი ალფონსო V-მ დაიკავა, რითაც მარია დედოფალი გახდა. ავადმყოფობის გამო მარია ვერც სიმამრის და ვერც სიდედრის (ელეანორ ალბუკერკე 1435 წლის დეკემბერში აღესრულა) დაკრძალვას ვერ დაესწრო. მსგავსად არაგონის სხვა დედოფლებისა (მარიას დედამთილის ჩათვლით), მარია არასოდეს ყოფილა გვირგვინოსანი დედოფალი (არაგონის ისტორიაში მხოლოდ ხუთ დედოფალს ჰქონდა კორონაცია). ამასთან, პოლიტიკურად აქტიური დედა-დედოფალი ელეანორა რძალს ამ პოსტისათვის არ ამზადებდა, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვდა. ელეანორამ ქმრის სიკვდილის შემდეგაც შეინარჩუნა დიდი პოლიტიკური ძალაუფლება, მარია კი მის ჩრდილში ცხოვრობდა. ახალგაზრდა დედოფალი საზოგადოებაში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩნდებოდა და მაშინაც ცდილობდა, რომ მის ნაცვლად ელეანორა გასულიყო. მას შემდეგ, რაც დედა-დედოფლის ჯანმრთელობა შეირყა, საზოგადოების ყურადღება ნელ-ნელა გადავიდა მარიასკენ.

1420 წელს ალფონსომ დატოვა არაგონი და იტალიაში წავიდა ნეაპოლის ტახტის მისაღებად. მას არ სურდა რეგენტად თავისი რომელიმე ამბიციური ძმის დანიშვნა, რის გამოც არაგონის ფაქტობრივი მმართველი მარია გახდა რეგენტის სტატუსით. გამგზავრებამდე მან გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მარიას ენიჭებოდა მეფის ყველა უფლება და ქვეშევრდომებს ევალებოდათ მისთვის ისე სამსახური „როგორც ჩემთვის“, წერდა ალფონსო.

ვინაიდან ალფონსომ თითქმის მთელი თავისი მეფობა ნეაპოლში გაატარა, არაგონის სამეფოს მთლიანად მარია მართავდა. დედოფალი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა და სულ მალე მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც. მიუხედავად იმისა, რომ მარიას გარშემო კასტილიელები ჰყავდა შემოკრებილი, სამეფო საბჭოსა და სხვა ორგანოებში მხოლოდ არაგონელებს ასაქმებდა, რამაც ხელი შეუწყო დედოფლის პოპულარიზაციასა და მის მიმართ ნდობით აღჭურვას.

პირველად მისი რეგენტობა 1420 წელს დაიწყო და 1423 წლამდე გაგრძელდა, თუმცა მეორედ 1432 წელს გახდა რეგენტი და ეს სტატუსი მან ქმრის გარდაცვალებამდე შეინარჩუნა. იგი იძულებული გახდა მოეგვარებინა მისი ქმრის დროს დაწყებული დიდი კონფლიქტი გლეხებსა და ფეოდალებს შორის. როდესაც 1435 წელს ალფონსო პონცას ბრძოლაში მარცხის შემდეგ ტყვედ ჩავარდა, მისი გამოსასყიდიც მარიამ გადაიხადა. ერთხელ მან და მისმა რძალ-მულ-ბიძაშვილმა, კასტილიის დედოფალმა მარიამ სამშვიდობო მოლაპარაკებები დამოუკიდებლად, ქმრების ჩაურევლად აწარმოეს და წარმატებითაც მოაწერეს ხელი ვალიადოლიდის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამბობდნენ იმასაც, რომ კასტილიის დედოფალს არაგონის დედოფლის მსგავსი ძალაუფლება რომ ჰქონოდა მთელს ესპანეთში მშვიდობა დაისადგურებდა. 1454 წელს, როდესაც მარიას ძმა, მეფე ხუან II გარდაიცვალა იგი კასტილიაში ჩავიდა, დაესწრო მის დაკრძალვას და თანაც ახალ მეფესთან, თავის ძმისწულ ენრიკე IV-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებიც აწარმოა. იგი კასტილიის ქალაქ არევალოში საკმაოდ დიდ ხანს დარჩა და არაგონში მხოლოდ 1457 წელს დაბრუნდა. ამ ამბიდან სულ მალე, 1458 წლის 27 ივნისს ალფონსო V გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძმამ, ხუან II-მ დაიკავა, რამაც მარია ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც მან დატოვა სარაგოსას სამეფო კარი. დედოფალი მარია სულ რამდენიმე თვეში, 1458 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა სევილიაში, 57 წლის ასაკში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Earenfight, Theresa. (2010). The King's other Body: María of Castile and the Crown of Aragon. University of Pennsylvania Press. ISBN 0-8122-4185-1.
  • Jansen, Sharon L. (2002). The Monstrous Regiment of Women: Female Rulers in Early Modern Europe. Palgrave Macmillan. ISBN 0-312-21341-7.
  • Previte-Orton, C.W. (1912). The Shorter Cambridge Medieval History. Volume 2. Cambridge at the University Press.