ბლანკა ნავარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბლანკა ნავარელი
Blanche in Saint-Denis.jpg
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 1350
მმართ. დასასრული: 22 აგვისტო, 1350
წინამორბედი: ჟანა ბურგუნდიელი
მემკვიდრე: ჟანა I ოვერნელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1330
გარდ. თარიღი: 5 ოქტომბერი, 1398, (67-68 წლის)
მეუღლე: ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე
შვილები: ჟანა ფრანგი
მამა: ფილიპ III, ნავარის მეფე
დედა: ჟანა II, ნავარის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ბლანკა ნავარელი (ბას. Zuria Nafarroakoa, ფრანგ. Blanche de Navarre; დ. 1330 — გ. 5 ოქტომბერი, 1398) — ნავარის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, ნავარის დედოფალ ჟანა II-ის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1350 წლის იანვრიდან აგვისტომდე როგორც ფილიპ VI-ის მეორე ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანკა დაიბადა 1330 წელს პამპლონაში. იგი იყო ნავარის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, ნავარის დედოფალ ჟანა II-ის მესამე შვილი. ბლანკას ბავშვობის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს.

თავდაპირველად იგეგმებოდა მისი მითხოვება კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო XI-ის უფროს ვაჟ პედროზე. მაგრამ კასტილიელებთან ნიშნობა ჩაიშალა, რის შემდეგაც მისი დანიშვნა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის უფროს ვაჟ ჟანზე მოისურვეს. იმ პერიოდის ევროპაში, საყოველთაოდ იყო ცნობილი ბლანკას სილამაზისა და გონიერების შესახებ. თუმცა მიუხედავად ამისა ჟანმა მისი ცოლად შერთვა არ ისურვა და მის ნაცვლად ბონა ბოჰემიელზე იქორწინა. 1349 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის დედოფალი ჟანა ბურგუნდიელი, რის შემდეგაც დაქვრივებულმა ფილიპ VI-მ თავად მოისურვა ბლანკაზე დაქორწინება და დაინიშნა კიდეც მასზე. 1350 წლის 29 იანვარს ბლანკა მასზე 40 წლით უფროს ფილიპეს შერთეს ცოლად.

ეს ქორწინება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ქორწილიდან სულ რაღაც შვიდ თვეში, 1350 წლის 22 აგვისტოს მეფე ფილიპი გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი ჟან II ავიდა. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, დაქვრივებისას ბლანკა ორსულად ყოფილა, 1351 წლის მაისში კი მან გოგონა გააჩინა, რომელსაც ჟანა დაარქვეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ბლანკა ნორმანდიაში მდებარე ციხესიმაგრეში გადასახლდა. ახალგაზრდა, გონიერ და მომხიბლავ ქვრივ ბლანკას ცხადია თავისუფლად შეეძლო ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში ბედნიერად გათხოვილიყო, თუმცა ასე არ მოქცეულა და გარდაცვალებამდე ფილიპს გლოვობდა. დაქვრივებიდან მალევე მისი ხელი კასტილიის მეფის ვაჟმა პედრომ კვლავ ითხოვა, თუმცა ბლანკამ მას უარი თავისი ლეგენდარული ფრაზით უპასუხა: "საფრანგეთის დედოფლები მეორედ არ თხოვდებიან". საუკუნეების შემდეგ ეს ფრაზა კვლავ გამოიყენა მეფე შარლ IX-ის ქვრივმა ელიზაბეთ ავსტრიელმა, რომელმაც უარი ესპანეთის მეფეს უთხრა. დაქვრივებული ბლანკა საფრანგეთის სამეფო კარზე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რის გამოც იგი სამეფო კარზე ჩავიდა, იყო დედოფალ იზაბელა ბავარიელის კორონაცია. ბლანკამ ასევე ითამაშა დიდი პოლიტიკური როლიც, როდესაც მან შუამავლის როლი შეასრულა საფრანგეთის მეფესა და თავის ძმას, ნავარის მეფე შარლ II-ს შორის.

1371 წელს არაგონის მეფე პედრო IV-მ ბლანკას ერთადერთი ქალიშვილის, პრინცესა ჟანას ხელი ითხოვა, რაზეც ყველამ ერთხმად განაცხადა თანხმობა, თუმცა ჟანა 1371 წლის 16 სექტემბერს არაგონისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა.

ბლანკა ნავარელი გარდაიცვალა 1398 წლის 5 ოქტომბერს, 67-68 წლის ასაკში. დაკრძალულია სენ-დენის სამეფო ბაზილიკაში ფილიპის გვერდით.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Patrick Van Kerrebrouck, Les Capetiens 987-1328, Villeneuve d'Ascq, 2000,184.
  • Marguerite Keane, Material Culture and Queenship in 14th-century France: The Testament of Blanche of Navarre (1331-1398), (Brill, 2016), 43-44.
  • Mortimer, Ian (2008). The Perfect King The Life of Edward III, Father of the English Nation. Vintage. p. 276.