თბილისის სამხატვრო აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
დაფუძნდა 8 მარტი, 1922
ტიპი საჯარო
რექტორი ყარამან ქუთათელაძე
კანცლერი ლალი თარიმანიშვილი
მისამართი ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა № 22, თბილისი, საქართველო
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
თბილისის სამხატვრო აკადემია — საქართველო
თბილისის სამხატვრო აკადემია
http://www.art.edu.ge/

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (თსსა)კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უნივერსიტეტი. მდებარეობს თბილისში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა № 22-ში.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე XIX საუკუნის 1850-იანი წლების ბოლოს აშენდა არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტით. 1869-1886 წლებში ამ სახლში „საარტისტო წრე“ იყო მოთავსებული. სამხატვრო აკადემია დაარსების დღიდან, 1922 წლიდან ამ შენობაში ფუნქციონირებს.

სამხატვრო აკადემიის შესასვლელი ვესტიბიული გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან

შენობა გეგმით ბერძნული დიდი ასო П-ს ფორმისაა. ნაგებობის ხაზგასმულად გრძივი ფასადი ფრონტალურად გასდევს გრიბოედოვის ქუჩას. მხატვრული გადაწყვეტით იგი ეკლექტურია და ეფუძნება კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკოულ სტილიზაციას. ინტერიერში მუშარაბებიანი ღიობები, ბუხრების მოყვანილობა, აღმოსავლური მინიატურების გამოყენება კედლის მხატვრობაში და სხვ. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის აზრით, ეს ყველაფერი თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების ხელით უნდა იყოს შესრულებული.

1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი (იგი ამ დროს უკვე ქობულაშვილებს ეკუთვნოდათ) გადაკეთდა არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის პროექტით, რომელმაც შეინარჩუნა ღიობთა ფორმა, ფასადი კი ბაროკო ელემენტებით მორთო (ნაძერწი ნიჟარები, გირლანდები, ნიღბები, ქალის თავის გამოსახულებები, მაღალი „კრონშტეინები“ და სხვ.).

არქიტექტურული მორთულობით ნაგებობა XIX ს-ის თბილისური სასახლეების ტრადიციას მისდევს. სამსართულიანი ფასადი ევროპულია, ინტერიერში კი გვიანირანული დეკორია გამოყენებული (სტუკოს ორნამენტები სარკეებიან ფონზე, სპარსულწარწერიანი მედალიონები, სტალაქტიტური ფრიზები). ეზოსკენ თბილისური, ხის გადახურული შეკიდული აივნებია მიმართული.

ადრე სასახლეს ჩრდილოეთით წმ. გიორგის სახელობის კარის ეკლესიაც ჰქონდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX —XX სს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსების წინარე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს „სამხატვრო საზოგადოებამ“ თბილისში დააარსა საქართველოში პირველი დაწყებითი სამხატვრო სკოლა

1901 წელს თბილისში გაიხსნა საშუალო სამხატვრო სასწავლებელი — ფერწერისა და ქანდაკების სკოლა, რომელსაც პატრონაჟს პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო სასწავლებელი უწევდა.

1921 წლამდე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებობდა რამდენიმე კერძო სამხატვრო სკოლაც.

წარუმატებლად დამთავრდა ხელოვნების მოღვაწეთა მცდელობა საქართველოში უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის დასაარსებლად.

ვიკიციტატა
„„…არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთი, თავის ხასიათით საოცარი ქვეყანა არ შობდეს მხატვრულ ძალებს. მე მჯერა, რომ კავკასიის სამხატვრო ხანაა წინაა. ეს მშვენიერი ქვეყანა მოგვცემს მხატვრებს, რომლებიც ღირსეულად ასახავენ მას““
(ი.რეპინის წერილი „საჭიროა თუ არა ხელოვნების სკოლა თბილისში?“, გაზეთი „კავკაზი“ 1897 9.01, 10.01)

.

1918-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში 1916 წელს დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება (დ. შევარდნაძე) აგრძელებს კონკრეტული მუშაობას სამხატვრო აკადემიის დასაარსებლად.

1921 წლის ბოლოს დაარსდა ე.წ. უმაღლესი სამხატვრო სახელოსნოები

1922 წლის დასაწყისში მოსე თოიძემ დააარსა „სახალხო სტუდია“

დაარსების თარიღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა 1884 წელს

1922 წლის 8 მარტს, განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია (ასე ერქვა მას თავდაპირველად) დადგენილების ტექსტის ფრაგმენტი:

„აკადემია, აგებული ცოცხალი ბუნების შესწავლის პრინციპებზე, არსდება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა დარგის შესწავლას საქართველოში!. აკადემიაში მიწვეულ იქნა იმ დროს საქართველოში მოღვაწე ყველა მნიშვნელოვანი მხატვარი.

აკადემიის სტრუქტურა. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების. 1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავს პროფესორთა საბჭო. მხატვრები: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ჰენრიხ (ჰენრიკ) ჰრინევსკი, იოსებ შარლემანი, არქიტექტორები: ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი.

აკადემიის ფოტოარქივიდან. ცენტრში - გიგო გაბაშვილი. 1922 წ.

1922 წლის 14 მაისს აკადემიის საბჭოს საზეიმო სხდომაზე აირჩიეს აკადემიის პირველი რექტორი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი. საზეიმო აქტზე მისი შესავალი სიტყვით ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს სამხატვრო აკადემია — პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში. საბჭოთა კავშირის არსებობისას იგი შედიოდა სამხატვრო აკადემიების სამეულში (რიგა, თბილისი, ლენინგრადი). პედაგოგთა შემადგებლობას მალე შეუერთდნენ არქიტექტორი მიხეილ მაჭავარიანი, ლენინგრადში განსწავლული ნიკოლოზ კანდელაკი (1926 წლის ნოემბრიდან ასისტენტი, 1927 წლიდან პედაგოგი), ა.ფიცხელაური (1927), საფრანგეთიდან დაბრუნებული ლ.გუდიაშვილი (1926), დავით კაკაბაძე (1928) და სხვა.

თეორიულ დისციპლინებს ასწავლიდნენ პროფესორი დ. უზნაძე (1925), შ.ამირანაშვილი (1926 წლიდან ასისტენტი, 1928 წლიდან ლექტორი), ვ.კოტეტიშვილი (1928), ა.დუდუჩავა (1927), პროფ.შ.ნუცუბიძე (1929) და სხვა აკადემიის პირველ თანამშრომლებს შორის იყვნენ ქვის ოსტატი ნეოფიტე აგლაძე, მოქანდაკე და კერამიკოსი ბ.შებუევი.

1925 წელს კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო. კერამიკას ბორის შებუევი ასწავლიდა, 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკული განყოფილება. 1928 წლიდან გამგედ დაინიშნა ინჟ. ალ. ფიცხელაური, ხოლო ლაბორატორიის გამგედ — ინჟ. მ.ხანანაშვილი. 1925-26 სასწავლო წელს პრორექტორად აირჩიეს ი.ნიკოლაძე.

1922-1923 სასწავლო წელს აკადემიაში 156 სტუდენტი სწავლობდა, 1946-1947 სასწავლო წელლს — 270; 1973 წელს აკადემიის 4 ფაკულტეტზე სწავლობდა 848 სტუდენტი; პროფესორ მასწავლებელთა ოდენობა შეადგენდა 204-ს.

პირველი მიღების სტუდენტებმა სწავლა 1927 წელს დაასრულეს.

ოფიციალური გამოშვება — 100-მდე ფერმწერი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, არქიტექტორი შედგა 1930 წელს.

XX საუკუნის 30-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლიდან საქართველოს სამხატვრო აკადემიამ რეფორმები განიცადა — 1929/30 სასწავლო წელს იგი ჯერ მკვეთრად გამოსახული საწარმოო განხრის უმაღლეს სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტად (უსტექინი) გადაკეთდა — შეიქმნა არქიტექტურული, ფერწერულ-საქანდაკო, კერამიკის და ლითოგრაფიის (პოლიგრაფიის) ფაკულტეტები.

1931 წელს ინსტიტუტი დაიხურა. იმავე წლის ზაფხულში კი სრულიად გაუქმდა. მის ნაცვლად თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც მოკლებული იყო სათანადო ბაზას და შესაფერის პედაგოგებს. არქიტექტურული ფაკულტეტი შეუერთეს სამშენებლო ინსტიტუტს. ორი სხვა საერთოდ გააუქმეს.

1933 წლის 1 თებერვალს სამხატვრო აკადემია აღდგენილ იქნა, მხოლოდ ამიერიდან მას თბილისის სამხატვრო აკადემია ეწოდა. აღდგენილ იქნა ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის, კერამიკის ფაკულტეტები. ის არქიტექტურის ფაკულტეტი კვლავ დაარსდა მხოლოდ 1937 წელს. პედაგოგებს აღდგენის შემდეგ ფერწერის კათედრის გამგე იყო დ. კაკაბაძე, ქანდაკების — ი.ნიკოლაძე, ნახატის — მ. თოიძე, კერამიკის — დოცენტი ალ.ფიცხელაური ხელოვნების ისტორიის — შ. ამირანაშვილი. რექტორად დაინიშნა გ.ბუხნიკაშვილი. მოადგილედ სამეცნიერო სასწავლო დარგში დ.კაკაბაძე.

პედაგოგებს შორის აკადემიის აღზრდილები გამოჩნდნენ: გ.სესიაშვილი, ა.ქუთათელაძე, ლ.გრიგოლია, ს.ნადარეიშვილი, კ.სანაძე, ს.კაკაბაძე, კ.მერაბიშვილი.

1933 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენები. სსრკ- ში მიმდინარე პროცესებმა თავისი კვალი დააჩნიეს სამხატვრო აკადემიასაც. XX საუკუნის 30-იანი წლებში რეპრესიების ტალღამ აკადემიასაც გადაუარა: დახვრიტეს ვ. კოტეტიშვილი, ა.დუდუჩავა, სტუდენტი მოქანდაკე ოთარ კრემერი, აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ქალი რ.ვაშაკიძე. გადაასახლეს ქანდაკების ფაკულტეტის პირველი კურსდამთავრებულები რ. აბრამია-მიქაძე, ი. პატარიძე და სხვები.

ატმოსფეროს კარგად ახასიათებს ერთ-ერთი ბრძანება:

„გაირიცხოს ასისტენტი ი. გაბაშვილი (მომავალი ცნობილი ილუსტრატორი) ტროცკისტ X-სთან ურთიერთობის გამო“ ახალგაზრდა პედაგოგი ვ. შერპილოვი აკადემიიდან დაითხოვეს არასწორი იდეების (იმპრესიონიზმის) სტუდენტებს შორის პროპაგანდის გამო.

XX საუკუნის 40-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხატვრო აკადემიის არქივიდან.

მძიმე კვალი დატოვა II მსოფლიო ომმაც. მასში 80-ზე მეტი მხატვარი მონაწილეობდა. დაიღუპნენ აკადემიის პროფესორი რ.თავაძე, სტუდენტები კ.კოლჩინი, ბ. მადათოვი, ნ.კუკულაძე, კ.ხოფერია და სხვები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ; თსა 1941 წლის კურსდამთავრებული, მოქანდაკე გიორგი ვარაზაშვილი (კაპიტანი მონტი) იტალიის გმირი გახდა. ბლოკადის დროს პეტერბურგში დაიღუპნენ მოქანდაკე გ.ცომაია, თეატრალური მხატვარი, ჯ.ბალანჩინის და თ.ბალანჩივაძე ამ დანაკარგების, სხვა სირთულეების მიუხედავად აკადემია განაგრძობდა მუშაობას და განვითარებას. 1943 წელს დაარსდა ხატვის სპეციალური კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ს.ქობულაძე 1947 წელს შეიქმნა თეატრალური სახელოსნო დავით კაკაბაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით;

40-იანი წლების ბოლოს 50-იანი წლების დასაწყისში აკადემიის რექტორ მ.დუდუჩავას მმართველობის დროს საკმაოდ შეიზღუდა სტუდენტთა და პედაგოგთა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს გამოჩენილი მხატვარი და პედაგოგი დავით კაკაბაძე.

XX საუკუნის 50-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს 60-იანი წლების დასაწყისში აკადემიაში პედაგოგ-მხატვართა ახალი თაობა მოვიდა. გამოცდილ ოსტატებთან თანამშრომლობა განაპირობებდა სკოლის მაღალ დონეს და ავტორიტეტს. რაც იმ პერიოდის ქართულ ხელოვნებაში მომხდარი კარდინალური გარდაქმნებთან ერთად საინტერესო პერსპექტივებს ქმნიდა.

სსრკ განათლების სფეროს მართვის უმაღლეს სფეროებში ვითომც სამხატვრო განათლების მოდერნიზაციის იდეის გამო, XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს შეიქმნა სამხატვრო აკადემიის დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორის (1959-72) პროფ. აპ. ქუთათელაძის აქტიური მცდელობით, დ. ციციშვილის და სხვათა იდეების (აკადემიის გარდაქმნის) გათვალისწინებით, მოსკოვში ვიზიტებისას უმაღლეს ინსტანციებში მხარდამჭერთა მოძიების შედეგად თბილისის სამხატვრო აკადემია დახურვას გადაურჩა. დიდი ყურადღება მიმართული იქნა გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარებისაკენ. 1959 წელს შეიქმნა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა მხატვრული დამუშავებისა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები.

XX საუკუნის 60-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს — პლასტმასის ნაკეთობათა გაფორმების განყოფილება. 1961 წელს ეს განყოფილებები გაერთიანდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტად.1966 დაარსდა რესტავრაციის განყოფილება. 1967 წელს პროფ. ლ.რჩეულიშვილის დიდი მცდელობით, ვ.ბერიძის და სხვათა მხარდაჭერით შეიქმნა ხელოვნების ისტორისა და თეორიის ფაკულტეტი, რომლის პირველი გამოშვება 1972 წელს შედგა.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს დაარსდა მედია ხელოვნების განყოფილება. 2005 წელს ფოტოგრაფიის ინსტიტუტი. დღესდღეობით სამხატვრო აკადემიაში ხუთი ფაკულტეტია

  • სახვითი ხელოვნების, დეკანი მეგი წითლიძე;
  • არქიტექტურის, დეკანი ირაკლი პირმისაშვილი;
  • რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, დეკანი თამარ ხუნდაძე;
  • დიზაინის, დეკანი გიორგი იაშვილი;
  • მედიახელოვნების. დეკანი ნანა იაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ქართულ ენაზე. აპლიკანტებს, რომელთაც უცხოეთში აქვთ მიღებული ზოგადი სასკოლო განათლება და არასრულყოფილად ფლობენ ქართულ ენას, არ ჩაუბარებიათ ეროვნული გამოცდები, მოეთხოვებათ ტესტის ჩაბარება და გასაუბრება.

სამხატვრო აკადემიაში ფუნქციონირებს: დიდი საგამოფენო დარბაზი'; აკადემიის მუზეუმი (აკადემიის კურსდამთავრებულთა 618 ფერწერული, საკურსო თუ სადიპლომო ნამუშევარი. მათ შორის არის გიგო გაბაშვილის (რვა ნამუშევარი, ელენე ახვლედიანის, ლუდვიგ ლუიჯი ლონგოს, კირილ ზდანევიჩის, თამარ ბალანჩივაძის, მოსე თოიძის, ალექსანდრე ციმაკურიძის, კორნელი სანაძის, რენო თუქრიას, კოკი მახარაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, გოგი თოთიბაძის და სხვათა ნამუშევრები.); გობელენის მუზეუმი შარდენზე; 2010 წლიდან გამოიცემა ჟურნალი „აკადემია“, გააჩნია სტუდენტური თოჯინური თეატრი. 2014 წლიდან წლიდან მაუწყებლობს სამხატვრო აკადემიის რადიო „მელომანი“.

სამხატვრო აკადემიის რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხატვრო აკადემიის რექტორებად არჩეული იყვნენ:

სხვადასხვა დროს აკადემიის პედაგოგები იყვნენ აგრეთვე ბ.ფოგელი, ა.ციმაკურიძე, ნ.სკლიფასოვსკი, ა.ბაჟვეუქ-მელიქოვი და ა.შ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია [The Tbilisi State Academy of Arts]. Tbilisi. 2002. ISBN 99928-0-430-0.
  • საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი (second ed.). 2006. ISBN 99940-0-923-0.
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია [The Tbilisi State Academy of Arts]. Tbilisi. 2011. ISBN 978-9941-0-3304-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]