ლიხაური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ლიხაური
ლიხაურის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხაური
კოორდინატები 41°53′10″ ჩ. გ. 42°01′18″ ა. გ. / 41.88611° ჩ. გ. 42.02167° ა. გ. / 41.88611; 42.02167
ადრეული სახელები რეხუელი, ლეხოური
ზღვის დონიდან 120
მოსახლეობა 700 კაცი (2010)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები

ozurgeti.png

Red pog.svg

ლიხაური მდებარეობა გურიის მხარე

Red pog.png

ლიხაურისოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). სოფელში არის საჯარო სკოლა[1], საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ჭიდაობის კლუბი, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 5 კმ. სოფლის ერთერთი უბანია ოქროსმუხურო, რომელიც სოფლის ცენტრიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ცენტრისგან მდინარე აჭისწყლითაა გამოყოფილი. ლიხაური ოქროსმუხუროს გავლით უკავშირდება მაკვანეთს.

ისტორია[რედაქტირება]

ლიხაურის ტერიტორიაზე ადამიანს ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. სოფლის ძველი სახელწოდებაა რეხუელი. მოგვიანებით იწოდებოდა ლეხოურად. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. აქ იყო მთავრის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია, აგრეთვე ლიხაურის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქვემო გურიიდან მომავალ გზებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ვიკიციტატა
„...სოფელი ლეხოური საუკეთესო ადგილად ითვლებოდა გურიაში თავის მდებარეობით, ჰავით, ძველი, კარგად დაცული ციხით, ეკლესიებით და მათში შენახული სიძველენით ... ლეხოურს ჩქარი აჭისწყალი ჩამოუდის. წყალს სათავე უდევს ადგილ აჭიაში. ჩემ დროს აჭისწყალი კალმახით იყო განთქმული. იგი ერთვის მდინარე ბჟუჯს, ოზურგეთის მახლობლად. ლეხოურის საზოგადოებაში შედის, ლეხოურის გარდა, კიდევ სოფლები: აჭი, ნიაბაური, ქაქუთი და ჭანიეთი. თვით ლეხოურს შუა ადგილი უჭირავს ჩამოთვლილ სოფლებს შორის, აჭი და ნიაბაური გაშენებულია აჭისწყლის ზემოებში, გურია-აჭარის სამხრეთის ქედებზე, ქაქუთი — მდინარე ჩოლოქის პირზე. ეს მდინარე 1879 წლამდე რუსეთს საზღვრავდა ოსმალეთისაგან.“

მეცხრამეტე საუკუნეში ლიხაური მოინახულეს და აღწერეს დიმიტრი ბაქრაძემ და თედო სახოკიამ. ამ პერიოდში ლიხაური წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოების ცენტრს, რომლებშიც შეიდიოდნენ ქაქუთი, აჭი, ნაცხავატევი, კვაჭალათი და ნიაბაური, ხოლო ჭანიეთი წარმოადგენდა ლიხაურის ერთ-ერთ უბანს. ლიხაურის მოსახლეობა ჭანიეთითურთ იყო 140 კომლი. სოფელში მოქმედებდა სკოლა, სადაც სწავლობდა 50-მდე მოსწავლე. სოფლეში ცხოვრობდნენ აზნაურები თაყაიშვილები, ბებურიშვილები და გოგოლიშვილები. 1878 წლისთვის ლიხაურის საზოგადოებაში შედიოდნენ მაკვანეთი და ექადია. 1912 წელს ლიხაურში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი იყო ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი ნესტორ კონტრიძე. საზოგადოებამ გახსნა სამკითხველო, რომელსაც 404 ქართული და 302 რუსული წიგნი ჰქონდა, გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული და რუსული გაზეთი. სამკითხველო 790 ადამიანს ემსახურებოდა. 1918 წელს ოსმალების შემოსევის დროს განადგურდა ლიხაურის სამკითხველო. არ გადარჩა არცერთი წიგნი და ავეჯი. ამის გამო 1919 წლის 10 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლიხაურში 500 მანეთის წიგნები გაგზავნა. 1920 წელს ლიხაურში გაუქმდა საზოგადოების ფილიალი, სამკითხველოს ხარჯების გაღება მთლიანად თემმა იკისრა.

1933-35 წლებში ლიხაურს გამოეყო ჭანიეთი, ქაქუთი და ვაშტიალი, რომლებიც ცალკე სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბდა. საბჭოთა პერიოდში ლიხაურის ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 257 ჰექტარი ჩაის და 87 ჰექტარი ციტრუსების პლანტაციას. 1958 წლის 14 მაისს ლიხაურის კოლმეურნეობაში, ჭანიეთისა და ლაითურის პარალელურად, პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.[3]1960 წელს სოფლის ცენტრში დაიდგა ლენინის ძეგლი, 1964 წელს აშენდა ჩაის ფაბრიკა. 1982 წლის 30 მაისს გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ექვთიმეობა“, რომელიც ტრადიციად იქცა. სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი). 2010 წელს გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 535 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 700 კაცი. მათი 100% ქართველია. მოსახლეობის 9% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 12%.[4]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება]

სოფელში დაიბადაა მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი და მისი ძმა ვარლამ თაყაიშვილი. სოფელში დგას მისი სახელობის მუზეუმი [5] და 16 იანვარს აღინიშნება ყოველწლიური დღესასწაული „ექვთიმეობა“. ლიხაურში აგრეთვე დაიბადა ალექსანდრე წუწუნავა - სცენარისტი და რეჟისორი. ლიხაურში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი, მგალობელი ნესტორ კონტრიძე.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ეკლესია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლიხაურის ეკლესია.

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე , ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის ხატები.

ციხე[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლიხაურის ციხე.

თამარის ციხე მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით. ციხე გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე გეგმით ოვალურია. ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987 წ.
  • სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ლიხაურის საჯარო სკოლა
  2. ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული გვ. 41 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0
  3. მ. კილაძე, გ. ჭელიძე „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N57 გვ 1. — 1958 წ.
  4. სტატისტიკური ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების შესახებ, თანდართული ფაილი
  5. ილია მეორემ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი გახსნა
PrincipalityGuria.GIF გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.