სოლომონ ჭეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოლომონ ჭეიშვილი
Solomon Cheishvili.jpg
დაბ. თარიღი 1851[1]
ასკანა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1925[1]
ალმა-მატერი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი
საქმიანობა მეღვინე
მეუღლე(ები) ნანა შევარდნაძე

სოლომონ ჭეიშვილი (დ. 1851, ასკანა ― გ. 1925) — ქართველი მეღვინე და მეცენატი. მისი გვარით ცნობილი ვაზის ჰიბრიდული ჯიში დღესაც ცნობილია გურიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ასკანის ორკლასიანი სასწავლებელი. 1882 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1883 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა ასკანაში მასწავლებლად, სადაც ასწავლიდა 1894 წლამდე. 1895-1910 წლებში იყო ამ სკოლის მზრუნველი. ასევე იყო სოფლის მამასახლისი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ფირმის „შუამავალის“ წარმომადგენელი რუსეთის ქალაქებში. ჩრდილოეთ კავკასიაში, ველოკოკნიაჟესკაიაში (შემდგომ პროლეტარსკაია) მას ჰქონდა ქართული რესტორანი გურული კერძებით. 1900-04 წლებში იყო ოზურგეთის საკრებულოს წევრი, დააარსა სავაჭრო ფირმა „შხამკალა“, ბახმაროს კეთილმოწყობის საზოგადოება „ჯანმრთელობა“.

დიდ ყურადღებას უთმობდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გასაშენებლად არჩევდა პრესტიჟულ და პერსპექტიულ ჯიშებს. ასკანაში შეიტანა ჩაის კულტურა. აწარმოებდა ჩაის და გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. სოლომონ ჭეიშვილის წარმოებულა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში. მისი ძირითადი საქმიანობა მაინც ვაზის გაშენება და ღვინის დაყენება-რეალიზაცია იყო. გაშენებული ჰქონდა ციცქა, ცოლიკოური, ჯანი, საფერავი. XIX საუკუნის დამლევს გაემგზავრა საფრანგეთში, შამპანიასა და ბორდოში. გაეცნო ფრანგი მეღვინეების საქმიანობას. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დააარსა კომპანია „ძმები ჭეიშვილები“. მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები მან ბორდოდან ჩამოიტანა და ოჯახში მიკრო-ქარხანა მოაწყო. ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა სქელ ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოებს „ასკანის ნატურალური ღვინო“ ერქვა. 1911 წელს დონის როსტოვის მოწყობილ საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მან 1903 წლის მოსავლის ასკანური ღვინო წარადგინა. ღვინოს ვერცხლის დიდი მედალი და სპეციალური დიპლომი მიენიჭა.

ჰქონდა კარგი ბიბლიოთეკა, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ლიტერატურასთან ერთად ჰქონდა მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ალმობომები, ჟურნალები „თეატრი და ცხოვრება“ „ტარტაროზი“, „მოამბე“, „ცნობის ფურცელი“ „ჯეჯილი“ „ნაკადული“. მისი თაოსნობით დაარსდა ასკანის ბიბლიოთეკა 1893 წელს. ჭეიშვილი ასევე თაოსნობდა წარმოდგენა-სანახაობების მოწყობას. იყო ასკანის სცენისმოყვარულთა დასის დამაარსებელი, ხელმძღვანელი და რეჟისორი. დასმა პირველი წამორდგენა გამართა 1895 წელს. ასკანის დასი წარმოდგენებს მეზობელ სოფლებში ფიჩხისჯვარსა და ვანისქედში მართავდა. დასს სოლომონ ჭეიშვილი გარდაცვალებამდე, 1924 წლამდე დგა სათავეში.

იყო მეცენატი. აფინანსება ნათესავებისა და თანასოფლებელის განათლებას. მისი სტიპენდიანტი იყო ძმისშვილი ალექსანდრე ჭეიშვილი, რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო (შემდგომში მწერალი, მოთხრობა „ლელოს“ ავტორი) და ოზურგეთელი ექიმი პედიატრი კაკი ნაკაშიძე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლად ჰყავდა ნანა შევარდნაძე. მისი უფროსი ვაჟი ალექსანდრე თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის დასრულების შემდგომ 1926 წელს საფრანგეთში გაემგზავრა და სწავლა გრენობლის უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდეგ გადავიდა პარიზში. მუშაობდა ქართველთა მიერ დაარსებულ რძის და მაწვნის ქარხანაში. 1930-იან წლებში ნიცაში გაიცნო სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სიტყვიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მზია პაპავა, რომელიც იყო ემიგრანტი მწერლების, თამარ და აკაკი პაპავების უმცროსი ქალიშვილი.

ჰქონდა ბინა თბილისში, ვერაზე, ვარდისუბნის (დღეს ჯანაშია) ქუჩაზე. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. ჭეიშვილის ოჯახი და სახლ-კარი ასკანაში 1951 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე და შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. განადგურდა სახლი და ნივთები. ეზოს ტერიტორიაზე ააშენეს სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოლომონ ჭეიშვილი — ჟურნალი „ოზურგეთი“, 2000 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოლომონ ჭეიშვილი — საქართველოს მეღვინეები
  • საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 203 გვ. - 2015.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სოლომონ ჭეიშვილი. „საქართველოს მეღვინეები“. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2018.