ნიკოლოზ ღოღობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღოღობერიძე.
ნიკოლოზ ღოღობერიძე

ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე (დ. 29 აპრილი, 1838, ქუთაისი — გ. 27 მარტი, 1911, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზი იყო მეორე ვაჟი ბესარიონ ღოღობერიძისა. ბესარიონი თავისი დროის შესაფერად განათლებული კაცი იყო, სასულიერო სემინარიაში იყო ნასწავლი და დანიშნული იყო მდივნად იმერეთის ეპისკოპოსისა. აგრეთვე იყო მდივანბეგი ძველ სასამართლოში. ნიკოლოზს დედა — ეკატერინე აბაშიძე, ცხრა წლის ასაკში ადრე გარდაეცვალა.

სწავლა დაიწყო ქუთაისში, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში, სადაც 1857 წელს დაამთავრა გიმნაზია. თბილისში ის ცხოვრობდა იმ დროს განთქმულ დავუს პანსიონში, სადაც მისი აღმზრდელი იყო ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ლ. ზაგურსკი. გიმნაზიის კურსის დამთავრების შემდეგ, შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, აგრეთვე მეგობრობდა შემდეგში ცნობილ რუს მოღვაწეებთან: ნ. დობროლუბოვთან, ნ. პანტელეევთან, დ. ხოროშევსკისთან და სხვა.

1861 წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ მშობლიური ხალხის სამსახური არჩია და საქართველოში დაბრუნდა — ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. სამი წლის შემდეგ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ამავე ხანებში ეს ორი მოღვაწე სტეფანე მელიქიშვილსა და ვახტანგ თულაშვილთან ერთად თბილისში აარსებენ ქართულ სტამბას, ბეჭდავენ ქართულ წიგნებსა და ჟურნალ გაზეთებს, მათვე გამოსცეს „დროება“, რომლის შრიფტი სპეციალურად ვენიდან გამოიწერეს.

1868 წლის 19 თებერვლიდან ნ. ღოღობერიძე მუშაობა დაიწყო სასამართლო სისტემაში. ის დაინიშნა ჯერ მომრიგებელ მოსამართლის თანაშემწედ თბილისის მაზრაში, შემდეგ ქუთაისის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ, ბოლოს კი ქუთაისის ოლქის სუდის წევრობა მისცეს. ერთი პერიოდი სამსახურს თავი დაანება და ნაფიც ვექილად ჩაირიცხა, მაგრამ მალე თავი დაანება და ისევ სასამართლოში დაბრუნდა, სადაც დაინიშნა ქუთაისის საოლქო სუდის უფროს ნოტარიუსად. მამამისის გარდაცვალების შემდეგ იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ მან დატოვა ბანკი და მალევე საკუთარ მამულში ს. რგანში ჩაება მარგანეცის მოპოება-დამუშავების საქმეში. პირველ ეტაპზე ის ეწეოდა მხოლოდ მარგანეცის ექსპორტს ევროპაში. შემდეგ შეიძინა მღვიმეში ადგილები, სადაც თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უშურველად ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 352, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]