ბენიამინ ჩხიკვიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბენია ჩხიკვიშვილი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვიშვილი.
ბენია ჩხიკვიშვილი
Benia Chkhikvishvili.jpg
დაბ. სახელი ბენიამინ ჩხიკვიშვილი
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1880
დაბადების ადგილი საყვავისტყე, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1924
გარდაცვალების ადგილი სუზდალი, რსფსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
მამა გრიგოლ ჩხიკვიშვილი

ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი (დ. 15 იანვარი, 1880, საყვავისტყე — გ. 1924, სუზდალი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ გიგო ბეჟანის ძე ჩხიკვიშვილი და ნატალია კაციას ასული. 22 იანვარს მონათლა სოფლის მღვდელმა იესე ცინცაძემ, ნათლობის რიტუალი აღასრულა მღვდელმა სოფრომ კეკელიძემ. ჰყავდა ხუთი და და ერთი ძმა. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში. ქუთაისში სწავლისას გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ქუთაისელ მესამედასელებთან. ამის გამო 1900 წელს გარიცხეს დამამთავრებელი კლასიდან. გადმოცემის მიხედვით, ქუთაისში ჩხიკვიშვილი დროებით მუშაობდა პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელთან. ოლდენბურგელმა ჩხიკვიშვილს სთხოვა მასთან ერთად წასულიყო გერმანიაში, თუმცა ბენიამ უარი უთხრა. მეგობრობის ნიშნად პრინცმა მას ფორდის მარკის ავტომობილი და კაბინეტი აჩუქა. ავტომობილის ბედი უცნობია, ხოლო კაბინეტს ჩხიკვიშვილი ფლობდა 1924 წლამდე, დაპატიმრებამდე.[1]

სკოლიდან დათხოვნის შემდეგ ჩხიკვიშვილმა მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-1902 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. ითვლებოდა ერთ-ერთ კარგ მასწავლებლად. პარალელულად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა გურიის გლეხების მოძრაობისთვის და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ თედო ჟორდანიასთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა ჭიათურაში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა მანგანუმის მაღაროში, პარალელურად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

1903 წლის შემოდგომაზე ჩხიკვიშვილი მიიწვია ახალ ჩამოყალიბებულმა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტმა. ჩხიკვიშვილი გახდა ამ კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოე რამიშვილთან და ნოე ხომერიკთან ერთად. როგორც კარგ ორატორს, ჰქონდა დიდი გავლენა მუშებში. ამავდროულად დღიურ მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში. ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე დებატებში შესვლას, თუმცა უხდებოდა დრამის საეკლესიო გადასახადის წინააღმდეგ გამოსვლა. მან ციხიდან გააპარა სოციალ-დემოკრატი სამხედრო იაშვილი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩხიკვიშვილის პოპულარობა ბათუმის მუშათა წრეებში, მას „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. 1903 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ გურიის კომიტეტი და ჩხიკვიშვილი გახდა მისი წევრიც. 1903 წლის 9 მარტს ხელმძღვანელობდა მუშათა ფართო დემონსტრაციას. 1903 და 1904 წელს გურიის კომიტეტის მიერ დელეგატად იყო მივლინებული რსდმპ მე-2 ყრილობაზე. 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების წინ ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ ორგანიზება გაუწია კონტრაქციას და პრაქტიკულად ჩაშალა სამთავრობო აქცია, ამის გამო მოუხდა შეტაკება პოლიციასთან. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა მისი გაჩერება ბათუმში, ამიტომ გადავიდა თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. იყო ტიპოგრაფიების და პროპაგანდისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სამი წლის განმავლობაში კახეთის სამაზრო ქალაქებში, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულებში აამუშავა ადგილობრივი კომიტეტები. 1904 წლის ოქტომბერში დაიჭირეს და გაგზავნეს ბათუმში. მას ბრალად ედებოდა ბათუმის დემონსტრაციის და საიდუმლო სტამბის ორგანიზება.[2]

ბენიამინ ჩხიკვიშვილი ციხეში. 1905

1905 წელს გამოუშვეს თავდებობით. რსდმპ-ის თბილისის კომიეტის დავალებით დასახლდა გურიაში და გახდა იქ მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ „გურიის პრეზიდენტს“ და „გურიის მეფესაც“.[3] ჰქონდა დიდი გავლენა, რომელიც ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ რკინიგზაზეც, რომელიც დროებით გადადიოდა რევოლუციონერთა ხელში. ჩხიკვიშვილი თავად ანაწილებდა ნავთსა და სურსათს, ამარაგებდა ოზურგეთს. მისი განკარგულების შემთხვევაში მატარებელს ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში.[4] იყო ნასაკირალის ბრძოლის გამართვის წინააღმდეგი, რადგან მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნესტორ ერქომაიშვილთან ერთად უძღვებოდა ბრძოლას. 21 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდა ხიდისთავის მიტინგზე, სადაც დაგმო 17 ოქტომბრის მანიფესტი.

ვიკიციტატა
„ბენია ჩხიკვიშვილი, ცნობილი როგორც გურიის პრეზიდენტი, ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ჩახლეჩილი ხმა, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები ჰქონდა, ვეებერთელა კაცი იყო“

რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან არ გაიქცა და აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას, რის გამოც მალევე დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გურიის რესპუბლიკის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე და პროცესს მოჰყვა დემონსტრაცია, ამიტომ პროცესი ოდესაში გადაიტანეს და ბრალდებულებიც იქ გადაიყვანეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი კატორღა და სამუდამო გადასახლება ციმბირში, ირკუტსკში. 1912 წელს გაათავისუფლეს ციხიდან და 1917 წლამდე ცხოვრობდა ციმბირში გადასახლებულის სტატუსით, ატარებდა კერძო გაკვეთილებს, მუშაობდა აგრონომად კოოპერაციის ხაზით.

ნოე ჟორდანია და ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1920

ციმბირიდან დაბრუნდა 1917 წელს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა „მოგზაურ პროპაგანდისტად“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს 1917-18 წლებში ეკავა სოხუმის ქალაქის თავის თანამდებობა. 1917 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს სოხუმის ოკრუგის საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში. 1917 წლის ნოემბეში გამართულ აფხაზეთის გლეხთა I ყრილობაზე აირჩიეს ყრილობის დელეგატად აკაკი ჩხენკელთა და ვალიკო ჯუღელთან ერთად და ასევე აირჩიეს სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარედ. ლეჩხუმსა და სამეგრელოში ბოლშევიკების აჯანყების შემდეგ დანიშნეს ქუთაისის საგუბერნიო კომისრად და დაევალა დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული წესრიგის აღდგენა. წესრიგის დამყარების შემდეგ გაგზავნილ იქნა აფხაზეთში.

1919 წლის თებერვალში ჩატარებულ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა თბილისის ქალაქის თავად. ამით ის გახდა თბილისის პირველი მერი, რომელიც დემოკრატიული წესით, საყოველთაო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. ამავე წლის მარტში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. თბილისის ქალაქის თავად ყოფნის პერიოდში ებრძოდა სპეკულაციას, ქოლერას. ჩხიკვიშვილს ფიცხი და ფეთქებადი ხასიათის გამო კონფლიქტი მოუვიდა დამფუძნებელი კრების წევრ, ოპოზიციონერ თედო ღლონტთან, რომელსაც რესტორანში ქეიფის დროს სცემა.[6] 1920 წელს საქართველოს მიერ ბათუმის ოლქის შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ჩხიკვიშვილი გეგმავდა ოლქში აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაგრამ მისი გეგმა არ განხორციელდა და 1920 წლის 7 ნოემბერს გადადგა.[7]1921 წლის 1 თებერვალს კონფლიქტი მოუვიდა ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა ნუცუბიძესთან, რა დროსაც ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. ინციდენტს მოჰყვა სტუდენტების პროტესტი და ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნით.

1921 წლის თებერვალში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში, მცირე ხნით იყო გერმანიაშიც. საფრანგეთში იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.[8]

1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს ჩეკას რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით, შემდგომში კი საქჩეკას კოლეგიისთვის შეტყობინება შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს ფელიქს ძერჟინსკიმ გასცა გოგიტა ფაღავას, ნოე ხომერიკის, ვასილ ნოდია, გიორგი წინამძღვრიშვილის და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს შევსებულ ანკეტაში ჩხიკვიშვილი ასახელებდა ოჯახის შემდეგ წევრებს: მეუღლეს, ხუთი და სამი წლის ასაკის შვილებს, დედას, დას და ძმას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე, დ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 507-508, თბ., 2018 წელი.
  • ხვადაგიანი ი, „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 437-440, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020, ISBN 978-9941-8-2176-9.
  • მახარაძე, ი., გურიის რესპუბლიკა, თბილისი, 2016.
  • შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. IV, თბილისი, 2003.
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. III, თბილისი: მერანი, 1993. — გვ. 110.
  • სტაროსელსკი ა. „გლეხთა მოძრაობა ქუთაისის გუბერნიაში“, თბილისი, 1928 წ.
  • ჟორდანია ნ. „ბენია ჩხიკვიშვილი“, // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 16-18.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მახარაძე, 2020, გვ. 10
  2. მახარაძე, 2020, გვ. 14
  3. ჯონსი ს., „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917“ = Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005. — გვ. 149, ISBN 0-674-01902-4..
  4. მახარაძე, 2020, გვ. 15
  5. მაღლაკელიძე შ., მოგონებები, „პეგასი“, თბილისი, 2012 გვ. 163
  6. მახარაძე, 2020, გვ. 11
  7. ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 88, ISBN 978-9941-13-712-9.
  8. Leuville-sur-Orge: a little Georgia 25 kilometers away southward from Paris, by Eva Csergo. CAUCAZ.COM - Article published in 27 December 2004 Issue.