ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი — ისტორიული სკოლა ოზურგეთის მაზრაში, ამჟამად ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სასულიერო სამრევლო სასწავლებელი (1846-1876)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ბიუროკრატია შეუდგა საქართველოში სასულიერო სამაზრო სასწავლებლების გახსნას. იმპერიას სჭირდებოდა რუსული ენის მცოდნე მღვდლები. გურიაში რუსული მმართველობა დამყარდა 1830-იანი წლებიდან. სასულიერო სასწავლებლის გახსნის პირველი მცდელობა გურიაში ჰქონდათ 1833 წელს. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა არსენ მგალობლიშვილმა თბილისში ყოფნისას სიტყვიერი თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს სასწავლებლის გახსნის შესახებ. ეგზარქოსმა მას თანხმობა მისცა, თუ სასწავლებელს ადგილობრივი მოსახლეობა შეინახავდა. 1835-40 წლებში გამოყოფილმა კომისიებმა დაადგინა, რომ გურიის ეკლესია-მონასტრების შემოსავლები სასწავლების შესანახად საკმარისი არ იყო. სასწავლებლის გახსნა ივარაუდებოდა 1838 წელს, მაგრამ გადაიდო. 1839 წელს საქართველოს ეგზარქოსი მთავარმართებელ გოლოვინს წერდა, რომ ქუთაისის სასწავლებელი საკმარისი არ იყო და იმერეთსა და გურიაში დამატებითი სკოლები იყო საჭირო. სასწავლებლის გახსნა კვლავ ივარაუდებოდა 1841 წელს, მაგრამ ამ წელს დაწყებულმა გლეხთა აჯანყებამ დააყოვნა ეს საქმე. საბოლოოდ გურიის სამრევლო სასწავლებელი გაიხსნა 1846 წლის 14 აპრილს. გურიის ეპისკოპოს ექვთიმეს განკარგულებით ის გაიხსნა ჯუმათის მონასტერთან. ხელმძღვანელად დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ივანე ბეშქენაძე.[1]სასწავლებელი ორკლასიანი იყო და ისწავლებოდა ქართული და რუსული ენა, საღვთო სჯული და არითმეტიკა. მასწავლებელი იყო გიორგი კიკვაძე.

ჯუმათში სასწავლებლის შენახვა შეუძლებელი შეიქნა და 1848 წელს ის გადაიტანეს ოზურგეთში. სასწავლებლის ზედამხედველი 1854 წლიდან იყო დეკანოზი სვიმონ ქიქოძე, ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა. წყაროების მიხედვით ზედამხედველი მეფის რეჟიმის ერთგული მსახური იყო. მას სურდა სკოლა საკუთარი შემოსავლის წყაროდ ექცია და სასწავლებელი საკუთარ ორსართულიან ხის სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან ბინის ქირა აეღო. სკოლა იქცა ქიქოძის კერძო დაწესებულებად, მოსწავლეები მუშაობდნენ მის ბაღსა ბოსტანში, უვლიდნენ შინაურ ცხოველებს. ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში. მისი ფინანსური საქმიანობით უკმაყოფილო იყვნენ ადგილობრივი მღვდლები და 1870-1876 წლებში სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავდნენ მის წინააღმდეგ. სასწავლებელი 1874 წელს გადააკეთეს სამკლასიანად.

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი (1876-1917)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Inscription on Ozurgeti first School Building.jpg

1876 წელს სასწავლებელი გახდა ოთხკლასიანი და ეწოდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. ეს სახელი დარჩა 1917 წლამდე. 1876 წლის სექტემბერში სკოლას შეემატა რამდენიმე შესაფერისი უნარის მქონე მასწავლებელი, მათ შორის იყო თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე, რომელიც სამეგრელოდან მიავლინეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორად. მასთან ერთად სკოლაში მივიდა მასწავლებელი ანდრო ბენაშვილი. 1877 წელს ზედამხედველმა მოითხოვა დაეცალა სკოლას სახლი. ქალაქის ყველა შენობა დაკავებული იყო რიონის რაზმების მიერ 1877-78 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომის გამო. გრიგოლ გურიელმა საკუთარი სახლი, ნახევარ ფასად მიჰყიდა მთავრობას სასულიერო სასწავლებლისთვის. სასწავლებელი ზედამხედველის სახლიდან გურიელის სახლში გადავიდა 1878 წლის შუაში. სასწავლებელი ხშირად იყო მაშინდელი პრესის კრიტიკის საგანი.[2]

1878 წლის თებერვალში სასწავლებლის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ლიაძის გაძევების შესახებ. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სწავლის პირობების გაუმჯობესება. ინფორმაცია მოსწავლეთა გაფიცვის შესახებ მთელ პრესას მოედო. გაფიცვების ორგანიზატორები ეგნატე ნინოშვილი და სილიბისტრო ჯიბლაძე სასწავლებლის ადმინისტრაციამ 1878 წლის სექტემბერში გარიცხა. ლიაძემ თავისი სიმართლე მაინც დაადასტურა, ლიაძე დააბრუნეს, ქიქოძეს კი მოხსნეს. ორი წელი ზედამხედველის თანამდებობა ვაკანტური იყო. 1881 წლიდან კი დანიშნეს მიხეილ ილურიძე. 1885-1890 წლებში ზედამხედველი იყო შიო შიუკოვი. 1890-1896 წლებში — ნიკოლოზ ტატიევი

1896 წლის 1 იანვრისთვის სასწავლებელში 208 მოსწავლე ირიცხებოდა. მის შენახვაზე გურიის სამღვდელოება წელიწადში 11 120 მანეთს ხარჯავდა. 1896-1899 წლებში ზედამხედველი იყო არსენ თოხაძე, 1899-1906 წლებში — სოლომონ ანდღულაძე,1907-1910 წლებში — ტარას ჭიჭინაძე. 1910 წლისთვის სასწავლებელში გალობას ასწავლიდა ფილიმონ ქორიძე. 1910-1911 წლებში ზედამხედველი იყო ანდრეი ჩერნიკოვო, 1912 წელს — ლავროვი, 1915 წელს — ანტონ ბიკოვი.

1917 წლიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

N1 საჯარო სკოლის ძველი შენობა

1917-1922 წლებში სასწავლებელს ოზურგეთის გიმნაზია ეწოდებოდა. 1922 წლიდან მას ეწოდა N1 შვიდწლიანი სკოლა და 1928 წელს შეიერთა საქალაქო სასწავლებლის მოსწავლეების ნაწილი. 1930 წელს მიენიჭა ეგნატე ნინოშვილის სახელი. დღეს სკოლას N1 საჯარო სკოლა ეწოდება.

ცნობილი მოსწავლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ცნობილი მოსწავლეები იყვნენ ისიდორე რამიშვილი (1871-1878), სილიბისტრო ჯიბლაძე (1872-1879), ეგნატე ნინოშვილი (1874-1878), ფილიპე მახარაძე (1878-1884), ნოე ჟორდანია (1879-1884), აპოლონ წულაძე (1880), სოლომონ ჭეიშვილი (1882), თედორე კიკვაძე (1884), ავქსენტი მეგრელიძე (1885), ფილიპე გოგიჩაიშვილი (1880-1887), ვალერიან კანდელაკი (1891-1892), გიორგი გოგელია (1895), გერასიმე მახარაძე (1889-1895), ნოე რამიშვილი (1890-1894), ვასილ დუმბაძე, კონსტანტინე ლესელიძე (1919-1921).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხარტიშვილი ც. „პირველი სასულიერო სამრევლო სასწავლებელი გურიაში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1(12), გვ. 506-513 —თბილისი, „უნივერსალი“, 2013, ISSN 1512-3154
  • ხოხლენკო გ. „ქალაქ მახარაძის პირველი საშუალო სკოლა (110 წლისთავი)“ —თბილისი, 1962

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]