შინაარსზე გადასვლა

მატნის გუმბათოვანი საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატნის გუმბათოვანი საყდარი — ეკლესია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 8-9 კილომეტრზე, მდინარე კურტანაძეულის ხეობაში. თარიღდება IX საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (8,9 X 8,7 მ, მინაშენიანად 13,8 X 8,7 მ), ნაგებია რიყის ქვით და შირიმით. ძეგლზე 1978-1982 წლებში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. კედლები გაიწმინდა მცენარეებისაგან; კედლების და გუმბათის გადახურვების ბზარები ამოივსო ცემენტის ხსნარით; აღდგა სამხრეთ მკლავის კამარის ჩამონგრეული ნაწილი, ფასადებზე კუთხეები, ლავგარდანი და საპირე წყობა.

ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან — თაღოვანი. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აბსიდია, რომლის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ოთხკუთხა ნიშია. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ, დასავლეთით — კარი. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მაღალი გუმბათი, რომელიც აღმოსავლეთით აბსიდის შვერილებს, ხოლო დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა ბურჯები და აბსიდის შვერილები ერთმანეთთან ორსაფეხურიანი ნახევარწრიული თაღებითაა შეერთებული. თაღები მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა. თაღებს შორის საფეხურიანი ტრომპებით იქმნება გუმბათქვეშა წრე, რომელზეც დგას გუმბათის ყელი. ეკლესიის ფუძეს რელიეფური ლილვი შემოუყვება. გუმბათის ყელში, ფუძიდან საკმაოდ მაღლა, ოთხი ვიწრო სარკმელია. ნაგებობის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. ეკლესიას სამხრეთითა და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს. ორივე მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ორივეს ნალისებრი აბსიდი აქვს. ჩრდილოეთ მინაშენში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. მის აბსიდში ერთი მცირე სარკმელია. სამხრეთ მინაშენი ეკლესიაზე მოკლეა. აქ შესასვლელი სამხრეთიდანაა. კედლებს საფეხური გასდევს. ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან ღრმა ნიშია.

ფასადებზე კარ-სარკმლებს თვალსაჩინოს ხდის ქვის წყობა. გუმბათის ყელის წახნაგები შემკულია ღრმა ნალისებრი თაღებით დასრულებული თაღედით. ეკლესიას დახრილი სიბრტყისა და ლილვისგან შედგენილი ორსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.

მატნის გუმბათოვან საყდარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].