დაკარი — სენეგალის რესპუბლიკის დედაქალაქი. დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო და სავაჭრო-საფინანსო ცენტრი. მდებარეობს მწვანე კონცხის ნახევარკუნძულზე, მნიშვნელოვანი საზღვაო გზების გზაჯვარედინზე. ჰავა - სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22°, ივლისისა - 28°. ნალექები 570 მმ წელიწადში. მოსახლეობა 1 030 594 ადამიანი (2005). აქდან 90 % აფრიკელია, ევროპელებიდან ძირითადად ცხოვრობენ ფრანგები.
დაკარი დაარსდა 1857 წელს, როგორც ფრანგული ციხესიმაგრე. 1895 წელს შევიდა საფრანგეთის კოლონია სენეგალის შემადგენლობაში. 1895-1960 წწ. ამ კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 1904-1959 წწ. პარალელურად საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის ადმინისტრაციული ცენტრიცაა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარი დაიკავეს ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა (1942). ქალაქი გახდა მათი საზღვაო ოპერაციების მნიშვნელოვანი ბაზა ატლანტის ოკეანეში და „მებრძოლი საფრანგეთის" მოძრაობის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი. 1960 წლიდან სენეგალის რესპუბლიკის დედაქალაქია.