ფრიტაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფრიტაუნი
Freetown
გერბი

ქვეყანა სიერა-ლეონეს დროშა სიერა-ლეონე
კოორდინატები 8°30′00″ ჩ. გ. 13°13′00″ დ. გ. / 8.50000° ჩ. გ. 13.21667° დ. გ. / 8.50000; -13.21667
ქალაქის მერი Yvonne Aki-Sawyerr[1]
დაარსდა 1787
ფართობი 357 კმ²
ცენტრის სიმაღლე 26
მოსახლეობა 820.000 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
ფრიტაუნი — სიერა-ლეონე
ფრიტაუნი

ფრიტაუნი (ინგლ. Freetown) — სიერა-ლეონეს დედაქალაქი. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ნავსადგურსა და უმსხვილეს ქალაქს. მდებარეობს სიერა-ლეონეს კლდოვან ნახევარკუნძულზე, ზღვის დონიდან 26 მ სიმაღლეზე. ფრიტაუნი სიერა-ლეონეს მთავარი ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ეკონომიკა უმეტესწილად ეფუძნება საკუთარ ნავსადგურს — უკავია მდინარე სიერა-ლეონეს შესართავისპირა რაიონი და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესსა და ღრმა წყლის ბუნებრივ ნავსადგურს. 2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ფრიტაუნის მოსახლეობა შეადგენდა 820.000 ადამიანს.[2]

მოსახლეობა ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. იგი ქვეყანაში არსებული ყველა ეთნიკური ჯგუფების მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელია. ქალაქის მთავარ მოსახლეობას შეადგენს სიერა-ლეონეს კრიოლის ხალხი, რომლებიც დღეისათვის რაოდენობის მიხედვით უმცირესობაში არიან. ისინი ფრიტაუნში XVIII–XIX საუკუნეებში დასახლდნენ. ისევე როგორც მთლიანად სიერა-ლეონესთვის, კრიო ენა დედაქალაქისთვისაც არის საქალაქო კომუნიკაციის მთავარი საშუალება და ამჟამად წარმოადგენს ქალაქის მთავარ, ძირითად სასაუბრო ენას.

ფრიტაუნში განლაგებულია დასავლეთი აფრიკის უძველესი უნივერსიტეტი — ფურა-ბეის კოლეჯი, რომელიც დაარსდა 1827 წელს. უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიერა-ლეონეს კოლონიური ეპოქის ისტორიაში, აგრეთვე დასავლეთ აფრიკის ხალხის ინგლისურენოვანი განათლების საკითხშიც.

ქალაქში მდებარეობს ქვეყნის პარლამენტი, სიერა-ლეონეს უზენაესი სასამართლო და საშტატო სახლი — ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და სამუშაო ადგილი. გარდა ამისა, აქვეა წარმოდგენილი სამინისტროს შენობა (მთავრობის დეპარტამენტი) და ყველა არსებული უცხოეთის საელჩოები.

ფრიტაუნი სიერა-ლეონეს 6 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია. ქალაქს უშუალოდ მართავს საარჩევნო საბჭო, რომელსაც ქალაქის მერი უდგას სათავეში. ამასთანავე მერი ადგილობრივი მმართველობის პასუხისმგებელიცაა.

ფრიტაუნი დაარსდა 1792 წელს ინგლისელების მიერ. 1808–1961 წლებში იყო ინგლისის კოლონია სიერა-ლეონეს ადმინისტრაციული ცენტრი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მნიშვნელოვანი ცენტრი. 1961 წლის აპრილიდან დამოუკიდებელი სიერა-ლეონეს დედაქალაქი.

ტურიზმი სუსტად არის განვითარებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი სახეობებია: მიკროავტობუსი და ტაქსი. არის მეჩეთი და ეკლესიები, ეროვნული მუზეუმი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს.

ფრიტაუნი გაშენებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჰავა ეკვატორული მუსონურია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24°C, აპრილის 27°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 3630 მმ წელიწადში. ქალაქის სიახლოვეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]