კეიპტაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კეიპტაუნი
ინგლ. Cape Town
აფრ. Kaapstad
კოს. iKapa

კეიპტაუნის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პროვინცია დასავლეთი კაპლანდი
კოორდინატები 33°55′00″ ს. გ. 18°29′00″ ა. გ. / 33.91667° ს. გ. 18.48333° ა. გ. / -33.91667; 18.48333
ქალაქის მერი Geordin Hill-Lewis[1]
დაარსდა 1652
ადრეული სახელები კაპსტადი
ფართობი 2444,97 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1590,4
მოსახლეობა 3 740 026 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1529,68 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +2721
საფოსტო ინდექსი 8099
ოფიციალური საიტი capetown.gov.za
კეიპტაუნი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
კეიპტაუნი

კეიპტაუნი (ინგლ. Cape Town, აფრ. Kaapstad, კოს. iKapa) — მოსახლეობის მხრივ მეორე ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ქალაქი კეიპტაუნი შედის ამავე სახელწოდების საქალაქო ოლქის შემადგენლობაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კეთილი იმედის კონცხთან სიახლოვეს. ქალაქი დასავლეთი კაპლანდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. კეიპტაუნი წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო დედაქალაქს, აქ არის პარლამენტის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების შენობები. ქალაქი ცნობილია თავისი ნავსადგურით და მთელ მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა მაგიდის მთა, კეთილი იმედის კონცხი, კეიპ-პოინტი. კეიპტაუნის სიახლოვეს არსებული კაპის ოლქი 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული. ქალაქის ტერიტორიაზე მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ფორბსის მიერ ეს ქალაქი, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებადაა აღიარებული[2]. კეიპტაუნი წარმოადგენს სარ-ში ჩამსვლელი ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქს.

ისტორიულად არ არის ცნობილი თუ როდის მოხდა ამ ტერიტორიაზე ადამიანის დასახლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთები 12 000 წლით თარიღდება. ევროპელებიდან ეს ტერიტორია პირველად პორტუგალიელებმა მოინახულეს. 1487 წელს ბართოლომეუ დიაში პირველი ევროპელი გახდა, რომელიც კეთილი იმედის კონცხამდე მივიდა. მიუხედავად ამისა კეიპტაუნის ტერიტორიას ევროპასთან ინტენსიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამყარებული. უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიას ნიდერლანდელები იყენებდნენ თავიანთი საზღვაო ნაოსნობისთვის ევროპიდან აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთში და აზიის სხვა ნაწილებში, რომელიც ამ საკითხში მთავარ როლს თამაშობდა მთელი 200 წლის მანძილზე, 1869 წელს სუეცის არხის გახსნამდე. 1652 წელს ნიდერლანდელმა იან ვან რიბეეკმა დააარსა პირველი ევროპული დასახლება. საუკუნეების განმავლობაში კეიპტაუნი მნიშვნელოვნად განვითარდა. ვიდრე იოჰანესბურგი დაარსდებოდა, ეს დასახლება სამხრეთ აფრიკაში უდიდეს ქალაქად ითვლებოდა.

დღეისთვის კეიპტაუნში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს. 2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 3 740 026 ადამიანი[3]. ქალაქ კეიპტაუნის ფართობი შეადგენს 2444,97 კილომეტრ კვადრატს, ამ მაჩვენებლით ის პირველი ქალაქია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, აქ კვადრატულ კილომეტრზე 1529,68 კაცი ცხოვრობს.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადასტურებული ცნობები იმის შესახებ, თუ როდის გაჩნდა აქ ადამიანთა პირველი დასახლებები, არ არსებობს. ყველაზე ადრინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები (პირს-კეივის გამოქვაბული, ფიშ-ჰუკის სიახლოვეს) მიეკუთვნება დაახლოებით 12 000 წლის უკანდელ დროს. ამ რეგიონის ადრინდელი ისტორიის შესახებ ცოტა რამეა ცნობილი. პირველი წერილობითი წყაროები მიეკუთვნება მხოლოდ 1486 წელს, როდესაც კეთილი იმედის კონცხი მოინახულა პორტუგალიელმა ბარტოლომეუ დიაშმა.

ვასკო და გამამ ასევე შემოუარა კონცხს 1497 წლის 20 ნოემბერს, მაგრამ რეგულარული კონტაქტი ევროპელებთან ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო მხოლოდ 1652 წელს იან ვან რიბეეკის ექსპედიციის მოსვლის შემდეგ. იმავე წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ქალაქი და პორტი კაპსტადტი, როგორც ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის (ნიდერლ. Verenigde Oost-indische Companie) გემების ახალი პროდუქტებით და ხორცით უზრუნველყოფის ბაზა. რიბეკი მუშაობდა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიაში და უნდა უზრუნველყო გასაჩერებელი ადგილი ამ კომპანიის გემებისათვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სამხრეთ აფრიკის უკიდურესი სამხრეთი იმ დროს დასახლებული იყო უპირატესად ჰოტენტოტებით, რომლებსაც აღმოსავლეთიდან უტევდა კოსა — ხალხი, რომელიც მიეკუთვნება ბანტუს ოჯახს.

საწყის პერიოდში ქალაქი ნელა იზრდებოდა, რადგანაც განიცდიდა მუშა ძალის ნაკლებობას. მის შესავსებად ნიდერლანდელებმა დაიწყეს მონების შემოყვანა ინდონეზიიდან და მადაგასკარიდან. ამ მონებიდან ბევრი შეერწყა კოლონიალურ საზოგადოებას, ხოლო ინდონეზიელების, ევროპელების და ადგილობრივი მოსახლეობის შერეული ქორწინების შედეგად წარმოშობილმა შთამომავლებმა შექმნეს რამდენიმე განსაკუთრებული ეთნიკური ჯგუფი, რომლებსაც «სამხრეთაფრიკელ ფერადკანიანებს» ეძახიან, თანაც კაპლანდის ფერადკანიანები გამოირჩევიან განსაკუთრებულ თემად. კეიპტაუნში მალაიზიიდან და ინდონეზიიდან ჩამოსულმა მუსლიმებმა ააშენეს არქიტექტურულად საკმაოდ უჩვეულო ქალაქის კვარტალი. დღეს მას ჰქვია ბო-კააპი, ძველი დასახელება — მალაიური კვარტალი, იქ დღემდე კომპაქტურად ცხოვრობს ფერადკანიანთა დიდი თემი.

1795 წელს დიდი ბრიტანეთის ჯარმა დაიპყრო ქალაქი მეიზენბერგის ბრძოლის შემდეგ. ომის დამთავრების შემდეგ დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობებით 1803 წელს კაპსტადი დაუბრუნდა ჰოლანდიელებს, მაგრამ იმავე წელს კონფლიქტი განახლდა და 1806 წელს ბრიტანელებმა ბლაუბერგის ბრძოლის შემდეგ ხელახლა დაიპყრეს კაპსლანდი. 1814 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ეს რეგიონი გახდა ბრიტანეთის იმპერიის განუყრელი ნაწილი. ბრიტანელების ხელისუფლების ქვეშ არსებული ტერიტორია იზრდებოდა და შეიქმნა კაპის კოლონია, რომლის დედაქალაქი გახდა კეიპტაუნი.

1869 წელს დასავლეთ გრიკვალენდში ალმასის საბადოების და ვიტვატერსრანდში (დღევანდელი იოჰანესბურგის სიახლოვეს) ოქროს მარაგის აღმოჩენამ გამოიწვია სამხრეთაფრიკული ოქროს ციებ-ცხელების დაწყება და იოჰანესბურგის სწრაფი ზრდა იმიგრანტების ჩამოსვლის ხარჯზე. ამას გარდა, ურთიერთობა გამწვავდა ბურები სახელმწიფოებს და ბრიტანულ კოლონიალურ ადმინისტრაციას შორის. ამ კონფლიქტის კულმინაცია გახდა 1899—1902 წლების ინგლის-ბურების ომი. ინგლისელებმა გაიმარჯვეს ბურების სახელმწიფოებზე (ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო და ტრანსვაალის რესპუბლიკა) და გაიმყარეს კონტროლი ოქროს და ალმასების მოპოვებაზე, მათ გააერთიანეს ბურების რესპუბლიკები კაპის კოლონიასთან და ბრიტანეთის სამფლობელო — ნატალის რესპუბლიკასთან, რითაც შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი. იგი გამოცხადდა 1910 წელს და კეიპტაუნი გახდა მისი საკანონმდებლო დედაქალაქი; ეს ფუნქცია მან შეინარჩუნა მას შემდეგაც, როდესაც 1961 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

1948 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა პარტიამ, რომელმაც შემოიღო სეგრეგაცია რასობრივ პრინციპებზე, რომელიც ცნობილია, როგორც აპარტეიდი. ჯგუფური ოლქების შესახებ კანონის თანახმად, შერეული მოსახლეობის მქონე ქალაქის შემოგარენები ან უნდა გაწმენდილიყვნენ იქ «უკანონოდ» მყოფი მოსახლეებისგან, ან საერთოდ დანგრეულიყო. ამ კამპანიასთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა კეიპტაუნის მეექვსე ოლქმა, რომელიც 1965 წელს დაინგრა. რადგანაც ეს ზონა გამოცხადდა თეთრკანიანთა რაიონად, 60 000-ზე მეტი შავკანიანი მაცხოვრებელი იძულებით იქნა გამოსახლებული[4]. კეიპტაუნში აპარტეიდის ეპოქაში სამუშაოზე მოწყობისას კანონით უპირატესობა ეძლეოდათ ფერადკანიანებს და არა შავკანიანებს.

1967 წლის 3 დეკემბერს — კეიპტაუნის გროტე-სხუურის ჰოსპიტალში ჩატარდა მედიცინის ისტორიაში პირველი ოპერაცია გულის გადანერგვის დარგში; იგი ჩაატარა პროფესორმა კრისტიან ბარნარდმა, რომელმაც სასიკვდილოთ დაჭრილი 25 წლის ქალისაგან გული გადაუნერგა 55 წლის ავადმყოფს.

კეიპტაუნში ცხოვრობდა აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ბევრი ადამიანი; მათი ნაწილი (მათ შორის ნელსონ მანდელა) შემდგომში დაპატიმრებული იყო ციხეში რობენის კუნძულზე, რომელიც კეიპტაუნის სანაპიროდან 10 კმ-ში იმყოფება. 1990 წლის 11 თებერვალს მანდელამ, ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კეიპტაუნის რატუშის აივანზე მდგომმა წარმოთქვა განთქმული სიტყვა. მას შემდეგ, რაც 1994 წელს გაუქმდა აპარტეიდი, კეიპტაუნს მოუწია ბევრ პრობლემებთან შეჯახება, აივ-ვირუსის და შიდსის, ტუბერკულოზის და დამნაშავეობის ჩათვლით, მათ შორის დაკავშირებული ნარკოტიკებთან. ამავე დროს ქალაქის ეკონომიკაში შეიმჩნევა ნამდვილი ბუმი, განსაკუთრებით ტურიზმის და სწრაფად მზარდი უძრავი ქონების ბაზრის ხარჯზე.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიპტაუნის ცენტრი მდებარეობს კაპის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ უკიდურეს რაიონში. მაგიდის მთა ქმნის მხატვრულ ფონს, ზღვის დონიდან მაღლდება 1000 მეტრ მანძილზე მაღლა. მას გარს ერტყმის თითქმის მართი კუთხის კლიფებით, ისეთები როგორებიცაა ეშმაკის პიკი და ლომის თავი. ზოგჯერ მთის თავზე ყალიბდება თხელი ღრუბელი.

თვითონ ნახევარკუნძული მცირე მთის ჯაჭვია (700-ზე მეტ მწვერვალს აქვს სიმაღლე 300 მეტრზე მეტი) და მთავრდება კეიპ-პოინტის კონცხით. კეიპტაუნის ბევრი შემოგარენი მდებარეობს კეიპ-ფლეტსის დიდ ვაკეზე, რომელიც ნახევარკუნძულს აერთებს მატერიკთან. კეიპ-ფლეტსი აგებულია ქვიშოვანი ნიადაგისგან, შემორჩენილი ყოფილი მეჩეჩი: ადრე თეფშის მთა კუნძულს წარმოადგენდა.

ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, ფალსბაის უბეში, მდებარეობს საიმონსტაუნის სამხედრო-საზღვაო ბაზა, სადაც შეიძლება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუზეუმის მონახულება.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სიმჭიდროვე კეიპტაუნში
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
ენების გეოგრაფიული განაწილება კეიპტაუნში (2011)
  ან მოსახლეობა არ არსებობს ან არ არსებობს დომინანტი ენა

ქალაქის მთლიანი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 3 740 026 ადამიანს.[3] მოსახლეობის 42,39 % — ფერადკანიანია, 38,63 % შავკანიანი, 15,66 % — თეთრკანიანი, 1,38 % — ინდოელი.[3] ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია — აფრიკაანსი — 35,69 %, კოსა — 29,82 %, ინგლისური — 28,40 %.[3]

რასობრივი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიპტაუნი გამოირჩევა მოსახლეობის რასობრივი მრავალფეროვნებით, ასევე ქალაქის საკმაოდ შეზღუდული ეკონომიკური რესურსებისათვის ერთმანეთთან ტრადიციულად მოქიშპე ძირითად რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტური, ურთიერთწინააღმდეგობრივი ურთიერთობით. როგორც აშშ-ში, ძველად რასებს შორის ურთიერთობა ხასიათდებოდა აშკარა, დაკანონებული რასისტული გამოვლინებებით, რომელმაც დღეისათვის შეიძინა ფარული ფორმა (დისკრიმინაცია, უკუ დისკრიმინაცია, საცხოვრებლის სეგრეგაცია და ა. შ.).

ფერადკანიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასობრივი თვალსაზრისით ქალაქში შედარებით სჭარბობს ფერადკანიანი მოსახლეობა — აზიელი (ძირითადად მოსამსახურეებად და მონებად შემოყვანილი მალაელები), თეთრკანიანი (ნიდერლანდელები, გერმანელები და იშვიათად პორტუგალიელები) და შავკანიანი რასის მოსახლეობის შერეული ქორწინების შედეგად წარმოშობილი შთამომავლები. ფერადკანიანები შეადგენენ მოსახლეობის 42,39 %-ს (1 585 286 ადამიანი). კეიპტაუნი — ფერადკანიანი მოსახლეობის კულტურული დედაქალაქია, რომელთა მშობლიური ენა აფრიკაანსია.

შავკანიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაოდენობის მიხედვით შემდეგ მოდის შავკანიანი მოსახლეობა. შავკანიანების წილი კეიპტაუნში 38,63 %-ია (1 444 939 ადამიანი), რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საერთოდ ქვეყანაში (79,2 %). შავკანიანების ძირითადი რაოდენობა — ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ეთნიკური სოფლებიდან ჩამოსული მიგრანტებია, ასევე სხვა, კიდევ უფრო ნაკლებად კეთილმოწყობილი აფრიკის რეგიონებიდან ჩამოსულებია. 1994 წელს ხელისუფლებაში შავკანიანების მოსვლის შემდეგ, თანამედროვე ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი იყო — შავკანიანი მოსახლეობის წილის გაზრდა ქალაქში და მათთვის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მართვის მიცემა.

თეთრკანიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიპტაუნის რაოდენობით მესამე რასობრივი კომპონენტია — თეთრკანიანები, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის 15,66 %-ს (585 831 ადამიანი). მათი წილი ქალაქში თითქმის ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე მთლიანად ქვეყანაში (8,9 %), მაგრამ თეთრკანიანები თავიანთი წარმოშობით და ენით არაერთგვაროვანები არიან. ზღვისპირა რაიონებში (განსაკუთრებით კონცხთან) — მოსახლეობის ძირითად მასას აქვს ბრიტანული წარმოშობა და ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე. მათთან ერთად ცხოვრობენ ევროპიდან შედარებით უფრო გვიან ჩასული მოსახლეობის დიდი ნაწილი. ქალაქში თეთრკანიანების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია — XVII-XVIII საუკუნეებში ჰოლანდიელი და გერმანელი გადასახლებულების შთამომავლები (აფრიკანერები ან ბურები), რომლებიც ლაპარაკობენ აფრიკაანსის ენაზე. ქალაქში თეთრკანიანების წილი და რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულში მათი აშშ-ში, ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში ინტენსიური ემიგრაციის და ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების დაკარგვასთან შეჩვევის სურვილის არქონის გამო. მაგრამ კეიპტაუნი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და ქვეყანის სხვა ქალაქებს შორის ყველაზე უფრო ძველი ისტორიის გამო ინარჩუნებს მომავალში თეთრკანიანი მოსახლეობის თუნდაც რაიმე ნაწილის შენარჩუნების საკმაოდ კარგ პირობებს.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიპტაუნის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის მხრივ მეორეა სამხრეთ აფრიკაში. იგი ემსახურება ქვეყნის შიგნით არსებული რეისების მიმართულებების უმრავლესობას და ზოგიერთ საერთაშორისო რეისებს.

ქალაქში ფუნქციონირებს რამდენიმე პორტი და ნავსადგური, რომელთაგან ყველაზე დიდია მაგიდის უბეში მდებარე კეიპტაუნის პორტი. ეს პორტი ქვეყანაში სიდიდით მეორეა დურბანის პორტის შემდეგ. 2008 წელს კეიპტაუნის პორტის საშუალებით გაიარა 330 000 ტონა არასაკონტეინერო ტვირთმა. 2006 წელს საკონტეინერო ტერმინალმა გადატვირთა 782 878 ოცფუტიანი ეკვივალენტი (ინგლ. twenty-foot equivalent unit)[5].

ამას გარდა, შიდა და საქალაქთაშორისო კავშირისთვის არსებობს და ფუნქციონირებს განვითარებული სარკინიგზო და საავტომობილო ქსელი. ქალაქიდან იწყება 3 ფედერალური ავტოტრასა, განვითარებულია საავტობუსო და ტაქსის სისტემა.

ექსკურსიების დასაკვეთად შესაძლებელია კერძო გიდების და ტურისტული კომპანიების დაქირავება * გიდი კეიპტაუნში

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეფშის მთის ხედი კეიპტაუნის პორტიდან
ფორშორის შოსეს ხიდი

კეიპტაუნის სიმბოლოა ზღვის დონიდან 1087 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მაგიდის მთა (ინგლ. Table Mountain). მრავალი წლის განმავლობაში მისი განუმეორებელი სილუეტი ხვდებოდა შორეული ქვეყნებიდან მომავალ ზღვაოსნებს, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქის პორტის უბეში შეევსოთ წყლის და საკვების მარაგი.

ვიქტორიის და ალფრედის სანაპირო (ინგლ. Victoria & Alfred Waterfront) — პორტის ყოფილი ნავსადგურის სანაპიროა ადრე ჭუჭყიანი და უბადრუკი საპორტე ნაგებობებით; თანამედროვეობაში — გიგანტური გასართობი და სავაჭრო ცენტრი, რომელიც მოიცავს 200-ზე მეტ მაღაზიას, გალერეებს, კინოდარბაზებს, ოტელებს, რესტორნებს და ლუდის ბარებს, ქალაქის მაცხოვრებლების და ტურისტების სასეირნო პოპულარული ადგილი.

ორი ოკეანის აკვარიუმი (ინგლ. Two Oceans Aquarium) — ყველაზე დიდი სამხრეთ ნახევარსფეროში. 11 მეტრის სიმაღლის მინის იქით დაცურავენ ატლანტის და ინდოეთის ოკეანეების 300-ზე მეტი წარმომადგენლები.

1913 წელს, სამხრეთ აფრიკის ფლორის შენარჩუნების მიზნით, მაგიდის მთის აღმოსავლეთ ფერდოზე დაარსებული კირსტენბოშის ბოტანიკური ბაღი (ინგლ. Kirstenbosch Botanical Gardens). აღიარებულია მსოფლიოში 7 საუკეთესო და ცნობილი ბოტანიკური ბაღიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. ბაღის ტერიტორია შეადგენს 528 ჰექტარს. ზაფხულში აქ რეგულარულად ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები[6].

კეთილი ნების ციხე-სიმაგრე (ინგლ. Castle of Good Hope) — ერთ-ერთი უძველესი შენობაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1679 წელს და გახდა ჰოლანდიის ოსტ-ინდური კომპანიის ბაზა (ინდოეთში სავაჭრო გზაზე), ასევე დასახლებულების თავდაცვითი ფორტი. 1936 წელს ფორტი გახდა მუზეუმი და დღემდე დასავლეთი კაპლანდის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეგიონალური ცენტრია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული გალერეა — ქვეყნის ერთ-ერთი დიდი მუზეუმია.

იზიკო-მუზეუმები — 12 ეროვნული მუზეუმის გაერთიანება აფრიკაში ყველაზე დიდი ექსპონატების ექსპოზიციებით ზოოლოგიაში, პალეონტოლოგიაში და არქეოლოგიაში.

ბოსტნეულის ბაზრის მოედანი (ინგლ. Greenmarket Square) — დიდი ბაზარი, ყველა მხრიდან გარშემორტყმული სახლებით, რომლებიც აშენებულია თავისებურ სამხრეთაფრიკულ არტ-დეკოს არქიტექტურულ სტილში. ამას გარდა მოედანზე დგას ქალაქის საკრებულოს (ინგლ. Old Town House) ძველი შენობა, სადაც იმყოფება XVII საუკუნის ნიდერლანდელი ოსტატების სამხატვრო ნამუშევრების დიდი გამოფენა, მათ შორის რემბრანდტის გრავიურები.

ორანჯ სტრიტის და უეილ სტრიტის ქუჩებს შორის მდებარე ლონგ სტრიტის ქუჩის ნაწილზე მდებარეობენ მთლიანად რესტავრირებული დედოფალ ვიქტორიას დროინდელი სახლები. აივნების მხატვრული გაფორმების და ნათელი ფასადების გამო ქუჩა ძალიან გვაგონებს ახალი ორლეანის ფრანგულ კვარტლებს. ლონგ სტრიტის ქუჩის ამ ნაწილზე მდებარეობენ მრავალრიცხოვანი ბუტიკები (ფრანგ. boutique), ანტიკვარული და ბუკინისტური მაღაზიები.

ფორშორის შოსეს ხიდი შენდებოდა 1970-იანი წლების დასაწყისში და შუაში, მაგრამ ვერ დამთავრდა არასაკმარისი დაფინანსების გამო. დღეისათვის იგი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა: მის ფონზე იღებენ კინოფილმების ეპიზოდებს, სარეკლამო როლიკებს[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.iol.co.za/capeargus/news/watch-geordin-hill-lewis-officially-becomes-cape-towns-youngest-mayor-after-council-vote-b56e46eb-336d-41fa-8486-32085841e63f
  2. World's Most Beautiful Cities.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  4. Recalling District Six. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2016-07-12.
  5. South African Port Operations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2010-11-03.
  6. კირსტენბოშის ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2016-07-20.
  7. Cape Town’s unfinished highway დაარქივებული 2016-02-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) southafricaweb.co.za-ის საიტზე, 12 ოქტომბერი 2012