იაუნდე
დედაქალაქი | |
---|---|
იაუნდე ფრანგ. Yaoundé | |
ქვეყანა | კამერუნი |
რეგიონი | ცენტრალური რეგიონი |
კოორდინატები | 3°52′00″ ჩ. გ. 11°31′00″ ა. გ. / 3.86667° ჩ. გ. 11.51667° ა. გ. |
დაარსდა | 1888 |
ფართობი | 180 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 1 817 524 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 10 097,36 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
იაუნდე (ფრანგ. Yaoundé) — კამერუნის დედაქალაქი. ცენტრალური რეგიონისა და მფუნდის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. დედაქალაქის თითქმის მთელი ტერიტორია უკავიათ რაიონებს, რომლებიც მდებარეობენ ცენტრალური ქუჩის — კენედის ავენიუს გასწვრივ და ასევე მასთან მიმდებარე ბორცვებს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს კამერუნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კამერუნის მთიანეთზე, ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზე. კლიმატი სუბეკვატორულია. არსებობს ორი გრძელი ნოტიო და ორი მოკლე მშრალი სეზონი (იანვარ-თებერვალი და ივლისი). ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურაა იანვარში + 23 °C, ივლისში + 21 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა — დაახლოებით 1600 მმ. წვიმების სეზონია სექტემბერი-ნოემბერი და აპრილი-ივნისი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დაარსდა გერმანიის პროტექტორატის პერიოდში 1888 წელს[1] და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა გერმანიის კოლონიური ადმინისტრაციის ცენტრს. 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქში შევიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის სამხედრო ნაწილები და მოახდინეს მისი ოკუპაცია. 1919 წელს კამერუნი დაანაწილეს ბრიტანეთისა და საფრანგეთის გავლენის სფეროებად, ხოლო 1922 წელს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი გადავიდა საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ და იაუნდე გახდა ფრანგული კამერუნის დედაქალაქი.[1]
1940—1946 წლებში დედაქალაქი იყო დუალა, მაგრამ 1960 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იაუნდე გახდა აღმოსავლეთ კამერუნის დედაქალაქი. 1972 წლიდან გაერთიანებული კამერუნის დედაქალაქია.[1].
მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის აღწერის მონაცემებით იაუნდეს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 817 524 ადამიანს[2][3] ქალაქში ცხოვრობენ ბამილეკეს (ქალაქის მთელი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი), ფულანის (დაახლოებით 10 %), ასევე ფანგის, დუალას, ფულბეს ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. სახელმწიფო ენებია ინგლისური და ფრანგული, ასევე გავრცელებულია სხვადასხვა აფრიკული ენები (პირველ რიგში ბანტუს ენები). დედაქალაქის მოსახლეობის მორწმუნეთა ნახევარი — კათოლიკეა, დანარჩენი — ისლამის და ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის მიმდევარია.
მოსახლეობის რაოდენობა წლების მიხედვით[4] | ||||
აღწერის თარიღი | 1976 | 1979 | 1987 | 2005 |
---|---|---|---|---|
მოსახლეობის რაოდენობა | 313 706 | 400 000 | 649 252 | 1 817 524 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი დედაქალაქში თავმოყრილია სამოქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში და დიპლომატიურ სამსახურებში. ასეთი ცენტრალური სტრუქტურების გამოისობით დედაქალაქი გამოირჩევა შედარებით უფრო მეტი უსაფრთხოებით და დიდი ცხოვრების დონით, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონები.
იაუნდეში მრეწველობის ძირითადი დარგებია თამბაქოს ნაწარმი, რძის პროდუქტები, ლუდი, თიხა, შუშის ნაკეთობები და ხე-ტყის ნაწარმი. დედაქალაქი ასევე წარმოადგენს ყავის, კაკაოს, კოპრის, შაქრის ლერწმის და კაუჩუკის რეგიონალურ გამანაწილებელ ცენტრს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქის პირობებში დაკავებულები არიან მიწათმოქმედებით. დედაქალაქში მოსახლეობას სავარაუდოდ ჰყავს "50 000 სული ღორი და მილიონზე მეტი წიწილა".[5]
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ყველაზე უფრო დიდი საავადმყოფოა იაუნდეს ცენტრალური საავადმყოფო 650 საწოლით[6]. 1985 წელს აშენებულ იაუნდეს საერთო საავადმყოფოში დგას 302 საწოლი[7].
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს იაუნდეში გაიხსნა უნივერსიტეტი[1]. ქალაქში არსებობს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიც: უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა, უმაღლესი ეროვნული პოლიტექნიკური სკოლა, უმაღლესი პედაგოგიური სკოლა, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი[1]. უდიდესი საზოგადოებრივი ბიბლიოთეკებია ეროვნული[1] და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ქალაქში მდებარეობს კამერუნის სახელმწიფო არქივი[1].
1996 წელს აქ გაიმართა აფრიკის ჩემპიონატი მძლეოსნობაში.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განთქმული საეკლესიო შენობა — ნჯონგ მელენის ეკლესია (N’Djong Melen)
- იაუნდეს ცენტრში მდებარე ბენედიქტელების მონასტერი, ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ღირსშესანიშნაობა.
- მონასტერიდან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარე კამერუნის ხელოვნების მუზეუმი. მისი ექსპოზიციები შეიცავენ კამერუნისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს.
- შავი აფრიკის ხელოვნების მუზეუმი, რომლის ექსპოზიციები გარკვეულ ინტერესს იწვევს.
- ხელნაკეთობათა ცენტრი, რომლის მონახულებითაც შესაძლებელია კამერუნის კუსტარული წარმოებისა და დეკორატიული ხელოვნების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.
- იაუნდედან ჩრდილოეთით, ქალაქ ობალასთან სიახლოვეს, მდებარეობს ლუნა-პარკი.
- იაუნდეს არქიეპისკოპოსის რეზიდენცია — ნოტრ-დამ დე ვიქტორის ტაძარი[8].
- კამერუნში პირველი მისიონერული ეკლესიის ადგილას აშენებული მარი-რენე დე აპოტრის ბაზილიკა[9].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 «Yaoundé.» Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Ultimate Reference Suite. Chicago: Encyclopædia Britannica, 2012
- ↑ მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
- ↑ მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ GeoHive — Cameroon population statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
- ↑ Cameroon: Taming Waters for Health, Jobs in Yaounde. AllAfrica (December 1, 2014). ციტირების თარიღი: January 8, 2015.
- ↑ საერთო ინფორმაცია. იაუნდეს ცენტრალური საავადმყოფო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
- ↑ Montois Partners: Selected and Current Works / Binder, George, Images Publishing, 2001. — P. 126, 256 p, ISBN 978-1-86470-069-5.
- ↑ იაუნდეს არქიეპისკოპოსის რეზიდენცია, კამერუნი. Gcatholic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2913-04-19.
- ↑ რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის გზავნილი. Vatican.va (2009-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
|