მოგადიშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მოგადიშო
სომალ. Muqdisho
არაბ. مقديشو‎‎‎
Mogacapital.jpg
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ბენადირის რეგიონი
კოორდინატები 2°02′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 2.033° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 2.033; 45.350
დაარსდა XII საუკუნე
ფართობი 91 კმ²
მოსახლეობა 2 120 000 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 23 296,70 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
მოგადიშო (სომალი)
Red pog.svg

მოგადიშო (სომალ. Muqdisho; არაბ. مقديشو‎‎‎; იტალ. Mogadiscioშაჰის ქალაქი) — სომალის დედაქალაქი, უმსხვილესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი პორტი. იგი ასევე ქვეყნის კულტურული და ფინანსურ-ინდუსტრიული ცენტრია. მდებარეობს ბენადირის რეგიონში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე; საუკუნეთა განმავლობაში დიდ როლს ასრულებდა როგორც პორტი.

ქალაქის მოსახლეობა — 2 120 000 ადამიანი (2015 წელი)[1]. ფართობი — 91 კმ²[1].

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგადიშოს დასახელება წარმოდგება სპარსული სიტყვისაგან — Maq'ad-i-Shah (مقعد شاه), რაც ნიშნავს "ადგილი, სადაც იმყოფება შაჰი." ესაა ძველი სპარსული გავლენის გამოხატულება ქალაქზე. ქალაქი ასევე ცნობილია ჰამარის (англ. Hamar) დასახელებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი და შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ჩანაწერები მოწმობენ, რომ სამხრეთ სომალიში და მათ შორის მოგადიშოს მიმდებარე ტერიტორიებზე მონადირე-შემგროვებელი ბუშმენთა ხალხები სახლობდნენ. შემდეგში მათ შეუერთდნენ მიწათმოქმედება-მესაქონლეობის მიმდევარი ქუშიტები, რომელთაც ადგილობრივი არისტოკრატია ჩამოაყალიბეს.[2][3] IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში რეგიონში დასახლება იწყეს ასევე არაბმა და სპარსმა ვაჭრებმა.[4]

თავის ოქროს ხანაში, შუა საუკუნეებში მოგადიშოს სომალელი არაბი მუზაფარების დინასტია მართავდა, რომლებიც აჯურანის სახელმწიფოს ვასალები იყვნენ.[5]

ევროპელების ბატონობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1500-იან წლებში მოგადიშო იმყოფებოდა პორტუგალიის კონტროლ ქვეშ. მერკატორ-ჰონდიუსის ატლასში (1607 წელი) მოგადიშო მოხსენებულია Magadoxo-ს სახელით.

ზანზიბარის სულთანმა ქალაქი დაიპყრო 1871 წელს. 1800-იანი წლების ბოლოს სულთნის ხელდასმული პირისთვის აშენებული გარესას სასახლე დღეისათვის მუზეუმი და ბიბლიოთეკაა.

1892 წელს ზანზიბარის სულთანმა ქალაქი სარგებლობაში გადასცა იტალიას. იტალიამ გამოისყიდა ქალაქი 1905 წელს და მოგადიშო გახადა იტალიის სომალის დედაქალაქად. მიმდებარე ტერიტორიები გადავიდა იტალიის კონტროლ ქვეშ 1936 წელს.

როდესაც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის დროს მოემართებოდა კენიიდან, მან დაიკავა ქალაქი 1941 წლის 26 თებერვალს. ბრიტანელები ქალაქს მართავდნენ 1952 წლამდე, როდესაც იტალიამ დააბრუნა თავისი ყოფილი პროტექტორატი. 1954 წელს დაარსდა სომალის ეროვნული უნივერსიტეტი, 7 ფაკულტეტის (სამედიცინო, ვეტერინარული, გეოლოგიური, პედაგოგიური, იურიდიული, აგრონომიული და ჰუმანიტარული) შემადგენლობით. 1960 წელს სომალიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო მოგადიშო გახდა მისი დედაქალაქი.

მთავრობის ჩამოგდება და გაეროს ჯარების შემოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბოხებულთა ჯარი მოჰამედ ფარაჰ აიდიდის მეთაურობით შევიდა ქალაქში და დაიკავა იგი 1990 წელს, რითაც აიძულა პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადამდგარიყო და გაქცეულიყო ნიგერიაში 1991 წელს. ამას მოჰყვა უნივერსიტეტის დაკეტვა.

1991—1992 წლების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, გვალვისგან გაწამებულმა ათობით ათასმა მშიერმა ადამიანმა გაანადგურა სომალის სოფლის რაიონები.

1992 წლის 9 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი გადაჯდა მოგადიშოს სიახლოვეს გაეროს სამშვიდობო ძალების გადასხმის მოსამზადებლად. მაგრამ სომალიში სამშვიდობო ოპერაცია დამთავრდა სრული კრახით იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ჯარმა 1993 წლის ზაფხულში დაიწყო უშუალო მონაწილეობა სამოქალაქო ომში. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებამ და ადამიანების დანაკარგმა აიძულა ამერიკული ჯარი დაეტოვებინა მოგადიშო 1994 წელს, ხოლო 1995 წლის 3 მარტს სომალი დატოვეს უკანასკნელმა სამშვიდობოებმა სხვა ქვეყნებიდან. 1995 წლის ივნისში მოჰამედ ფარაჰ აიდიდმა საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიიღო მძიმე ჭრილობა ბრძოლაში და გარდაიცვალა.

ისლამური სასამართლოების კავშირი და ეთიოპიის შემოჭრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს სომალიში შეიქმნა ეგრედ წოდებული გარდამავალი ფედერალური მთავრობა (გფმ), რომელიც, როგორც ლეგიტიმური, აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და აფრიკის კავშირმა. პრეზიდენტად აირჩიეს აბდულაჰი იუსუფ აჰმედი. დაპირისპირების ახალი მიმართულება გახდა გარდამავალი ფედერალური მთავრობის ბრძოლა გაძლიერებული ისლამური ორგანიზაცია — ისლამური სასამართლოების კავშირის (ისკ) წინააღმდეგ.

2006 წელს მოხდა ახალი ბრძოლა მოგადიშოსთვის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სასამართლოების კავშირის რაზმებმა მთლიანად დაიპყრეს ქალაქი, ხოლო გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები გაიქცა ქალაქ ბაიდოაში. მაგრამ 2006 წლის 20 დეკემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარის მხარდასაჭერად კონფლიქტში აქტიურად ჩაერია ეთიოპია. ეთიოპიის ჯარი უფრო მრავალრიცხოვანი და უკეთესად შეიარაღებული იყო, და უკვე 27 დეკემბერს ეთიოპელებმა და საველე მეთაურების კავშირის ძალებმა უკან დაიბრუნეს მოგადიშო ისლამისტებისგან. ეთიოპელების ჩარევის შედეგად ისლამური სასამართლოების კავშირმა შეწყვიტა თავისი არსებობა, მაგრამ მის ნაცვლად მოვიდა კიდევ უფრო მეტად რადიკალური ორგანიზაცია — ჰარაკატ აშ-შაბააბი, რომელიც გადავიდა ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე ეთიოპელთა და სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.

2007 წლის აგვისტოს დასაწყისში მოგადიშოში ჩამოვიდნენ AMISOM-ის სამშვიდობოები, მათი რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და 2012 წლისთვის მიაღწია 12 000 ადამიანს.

2009 წლის იანვარში ეთიოპელებმა გამოიყვანეს საკუთარი ჯარები მოგადიშოდან და დანარჩენი სომალიდან.

ბრძოლა გარდამავალ ფედერალურ მთავრობასა და აშ-შაბააბს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007—2011 წლებში ქალაქი იყო ბრძოლის არენა ეთიოპიია ჯარის მიერ მხარდაჭერილი (2009 წლამდე) გარდამავალ ფედერალურ მთავრობასასთან ერთად მებრძოლ აფრიკის კავშირის სამშვიდობოებსა და ორგანიზაცია აშ-შაბააბის («ახალგაზრდობა») რადიკალურ ვაჰაბისტებს შორის. მთავრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკონტროლებდა მხოლოდ მთავარ სტრატეგიულ შენობებს (მთავრობის შენობას, აეროპორტს, საზღვაო პორტს და ასე შემდეგ) და დედაქალაქის ტერიტორიის არაუმეტეს 40 %-ს, მაშინ როდესაც ისლამისტები აკონტროლებდნენ მოგადიშოს დიდ ნაწილს და თან მუდმივად ახორციელებდნენ ტერაქტებს და ცეცხლს უხსნიდნენ სამთავრობო ძალებს და სამშვიდობოებს.

1990-იან-2000-იან წლებში მოგადიშო იყო მსოფლიოს ერთადერთი დედაქალაქი, სადაც გაერო ვერ ახორციელებდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო.

2010 წლის მარტში ქალაქის მმართველმა, აბდურისაკ მუჰამედ ნურმა, მოუწოდა დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი ახალი შეტაკებების გამო «აშ-შაბააბის» ისლამურ ბოევიკებსა და შარიფ შეიხ აჰმედის ზომიერი ისლამური მთავრობის მხარდამჭერებს შორის[6]. 2010 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 100 000 მაცხოვრებელმა დატოვა ქალაქი. ვაჰაბისტებმა დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი სომალის ტელევიზიის დიქტორებს.

დროის რაღაც მომენტში ისლამისტები ახლოს იყვნენ დედაქალაქის მთლიანად ხელში ჩასაგდებად, მაგრამ სამშვიდობო კონტიგენტის რაოდენობის ზრდამ, ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმართვაში მისი გამოცდილების ამაღლებამ, ასევე სამთავრობო ჯარების რაოდენობის ზრდამ შეცვალა სიტუაცია.

წარმატებების თანდათანობითი განვითარების დროს, 2011 წლის აგვისტოსთვის AMISOM-მა და სამთავრობო ჯარებმა მთლიანად გაათავისუფლეს მოგადიშო ისლამისტებისგან. მაგრამ ქალაქის შემოგარენი მაინც რჩება «აშ-შაბააბის» ხელში, რომელიც ახორციელებს აქტიურ მცდელობებს დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.

2010 წლის ბოლოს ადმინისტრაციის შეცვლას ქალაქზე ფედერალური მთავრობის კონტროლის ზრდა მოჰყვა. 2011 წლის აგვისტოში, სამთავრობო ჯარებმა და AMISOM-ის ძალებმა წარმატებით განდევნეს აშ-შაბააბის რადიკალური ჯგუფი, რომელიც მანამდე ქალაქის გარკვეულ ტერიტორიას აკონტროლებდა. ამას მოგადიშოში სწრაფად მოჰყვა ინტენსიური სარეკონსტრუქციო სამუშაოები.[7]

2011 წლის 4 ოქტომბერს ქალაქში მოხდა დიდი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.

მოგადიშო დღეისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აგვისტოში AMISOM-ის სამშვიდობოებმა შეძლეს დაემყარებინათ კონტროლი მთელ ქალაქზე და გაყარეს ორგანიზაცია აშ-შაბააბის რადიკალური ისლამისტები ქალაქის ფარგლებს გარეთ. დღეისათვის ქალაქს აკონტროლებს აფრიკის კავშირის სამშვიდობოები და სამთავრობო ძალები. მაგრამ მოგადიშოში მაინც დიდია ტერაქტების ალბათობა, სამშვიდობოების პოზიციები ხშირად განიცდიან დივერსიული ჯგუფების ხშირ თავდასხმებს. იმავე დროს შეიძლება აღინიშნოს, რომ უსაფრთხოება ქალაქში 2011—2012 წლების ბოლოს მნიშვნელოვნად ამაღლდა სამოქალაქო ომის დროინდელ იმავე პერიოდთან შედარებით. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოქმედების გამოისობით ქალაქის საკვები პროდუქტებით შედარებითი უზრუნველყოფის შედეგად, სოფლად მცხოვრები ბევრი მოშიმშილე სომალელი ჩამოვიდა მოგადიშოში. 2011 წლის მაისისთვის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1,8 მილიონიდან 2 მილიონამდე, სულ 8 თვის განმავლობაში[8]. დღეისათვის ქალაქი წარმოადგენს ციხე-სიმაგრეს, რომელიც შედგება სამშვიდობოების მიერ აშენებული მრავალი ბლოკპოსტებისაგან და გამაგრებული ადგილებისგან და ერთმანეთთან შეერთებული დაცული ავტოგზებისგან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგადიშო მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 9 მეტრ სიმაღლეზე.

მდინარე უები-შაბელე, რომელიც ეთიოპიიდან მოედინება, გადის ქალაქის სიახლოვეს, 30 კმ-ის მანძილზე ინდოეთის ოკეანედან და უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ. მდინარე, რომელიც ჩვეულებრივ შრება თებერვალში და მარტში, გამოიყენება შაქრის ლერწმის, ბამბის და ბანანის პლანტაციების მოსარწყავად.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგადიშოს აქვს ნახევრადმშრალი სუბეკვატორული კლიმატი, ნალექების მცირე რაოდენობით, რომელიც ხშირად მერყეობს წლიდან წლამდე. წლიური სხვაობა ჰაერის ტემპერატურაში საკმაოდ პატარაა: აგვისტო (ყველაზე გრილი თვე) 3 გრადუსით გრილია აპრილზე. ცხელა მთელი წლის განმავლობაში. გამოირჩევა დომინანტული ნოტიო სეზონი (აპრილი-აგვისტო), მეორე ნოტიო სეზონი (სექტემბერი-დეკემბერი) და მშრალი სეზონი (იანვარი-მარტი). მშრალი სეზონის დროს ნალექები გამორიცხულია. ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურა შეადგენდა +36 °C-ს (აპრილი), ხოლო ყველაზე დაბალი +15 °C-ს (ივლისი).

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა ქალაქი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი Emblem of Kazakhstan.svg ალმათი[9]
თურქეთის დროშა თურქეთი TurkishEmblem.svg ანკარა[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Demographia World Urban Areas. Demographia. წაკითხვის თარიღი: 19 March 2015.
  2. Oliver, Roland Anthony; J. D. Fage (1960). „The Journal of African history“. The Journal of African history 1. წაკითხვის თარიღი: 11 August 2011. 
  3. (1953) „Man“. Man 53: გვ. 50–51. წაკითხვის თარიღი: 11 August 2011. 
  4. I.M. Lewis, Peoples of the Horn of Africa: Somali, Afar, and Saho, Issue 1, (International African Institute: 1955), p.47
  5. I.M. Lewis, The modern history of Somaliland: from nation to state, (Weidenfeld & Nicolson: 1965), p. 37
  6. Bevölkerung soll Mogadiscio verlassen 12 მარტი 2010 (გერმანული)
  7. Mulupi, Dinfin. Mogadishu: East Africa’s newest business destination?. წაკითხვის თარიღი: 26 June 2012.
  8. Voice of America: Life Returning to Normal in Mogadishu
  9. (1973) USSR and Third World, Volume 3. Central Asian Research Centre, გვ. 209. 
  10. Twin Cities of Ankara. Greater Municipality of Ankara. წაკითხვის თარიღი: 12 October 2014.