შინაარსზე გადასვლა

კალიგულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიგულა
GAIVS IVLIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS

კალიგულას რეკონსტრუირებული ბიუსტი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 18 მარტი, 37
მმართ. დასასრული: 24 იანვარი, 41 (3 წელი და 10 თვე)
წინამორბედი: ტიბერიუსი
მემკვიდრე: კლავდიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 აგვისტო, 12
გარდ. თარიღი: 24 იანვარი, 41 (28 წლის)
გარდ. ადგილი: პალატინის ბორცვი, რომი
დაკრძ. ადგილი: ავგუსტუსის მავზოლეუმი, რომი
დინასტია: იულიუს-კლავდიუსები
მამა: გერმანიკუსი
დედა: აგრიპინა უფროსი
რომის საიმპერატორო დინასტიები
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ავგუსტუსი ძვ. წ. 27-ახ. წ. 14
ტიბერიუსი 14-37 წწ.
კალიგულა 37-41 წწ.
კლავდიუსი 41-54 წწ.
ნერონი 54-68 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
რომის რესპუბლიკა
მემკვიდრე
ოთხი იმპერატორის წელი

კალიგულა, ნამდვილი სახელი — გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (GAIVS IVLIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS; დ. 31 აგვისტო, 12 – გ. 24 იანვარი, 41) — რომის იმპერატორი 37-41 წლებში. გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსის სახელით დაბადებული კალიგულა მმართველთა იმ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელსაც დღეს იულიუს-კლავდიუსების დინასტიის სახელით მოიხსენიებენ. მისი ბიოლოგიური მამა იყო გერმანიკუსი, თუმცა იგი პაპის ძმამ, ტიბერიუსმა იშვილა. მეტსახელი „კალიგულა“ (ნიშნავს „ჯარისკაცის ჩექმას“. მომდინარეობს კალიგასგან, სამხედრო ჩექმისგან) მომავალ იმპერატორს მამამისის ჯარისკაცებმა შეარქვეს, როდესაც იგი გერმანიაში მოწყობილ კამპანიაში თან ახლდა მას.

როდესაც გერმანიკუსი 19 წელს ანტიოქიაში გარდაიცვალა, მისი ცოლი, აგრიპინა უფროსი, ექვს შვილთან ერთად რომში დაბრუნდა, სადაც იგი ტიბერიუსს დაუპირისპირდა და ინტრიგების ქსელში აღმოჩნდა გახვეული. კონფლიქტი საბოლოოდ აგრპინას ოჯახის განადგურებით დასრულდა. კალიგულა ერთადერთი მამაკაცი გადარჩენილი იყო. სასიკვდილო ინტრიგებისაგან თავდაღწეული 31 წელს დათანხმდა მიწვევას შეერთებოდა იმპერატორს კუნძულ კაპრიზე, სადაც ტიბერიუსი ხუთი წლით ადრე გადასახლდა. 37 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, საიმპერატორო ტახტი კალიგულამ დაიკავა.

კალიგულას ზეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე შემორჩენილი წყარო გვაწვდის, რომლებიც მას თავდაპირველად ღირსეულ და ზომიერ მმართველად წარმოაჩენენ, თუმცა პირველი ექვსი თვის შემდეგ წყაროები მთელ ყურადღებას მის სისასტიკეზე, სადიზმზე, ახირებულობასა და სექსუალურ აღვირახსნილობაზე ამახვილებენ და ჭკუიდან გადასული ტირანის პორტრეტს ხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ წყაროების უტყუარობა საეჭვოა, ცნობილია, რომ თავისი ხანმოკლე ზეობისას კალიგულამ გაზარდა იმპერატორის პირადი ძალაუფლება, რამდენადაც დაუპირისპირდა პრინციპატის სისტემაში არსებულ მეტოქე ძალებს. მან ყურადღება ძირითადად ამბიციურ სამშენებლო პროექტებსა და საკუთარი თავისათვის მდიდრული საცხოვრებლების შენებას მიაპყრო. რომში წამოიწყო ორი აკვედუკის, აკვა კლავდიასა და ანიო ნოვუსის მშენებლობა. მისი მმართველობის პერიოდში რომის იმპერიამ მოახდინა მავრიტანიის სამეფოს ანექსია და იგი თავის პროვინციად აქცია.

41 წლის დასაწყისში კალიგულა პრეტორიანელთა გვარდიის ოფიცრების, სენატორებისა და სასახლის კარის მოხელეთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად მოკლეს. შეთქმულებმა უშედეგოდ სცადეს შანსის გამოყენება რესპუბლიკის აღსადგენად. კალიგულას მკვლელობის დღესვე პრეტორიანელებმა ამ უკანასკნელის ბიძა, კლავდიუსი, ახალ იმპერატორად გამოაცხადეს.

ცხოვრების ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიუს იულიუს კეისარი (ეს სახელი ცნობილი სეხნიის პატივსაცემად დაარქვეს) დაიბადა ანტიუმში (თანამედროვე ანციო და ნეტუნო[1]), 12 წლის 31 აგვისტოს. მშობლების, გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ექვსი გადარჩენილი შვილიდან იგი მესამე იყო.[2] გაიუსს ჰყავდა ორი უფროსი ძმა (ნერონი და დრუზუსი[2]) და სამი უმცროსი და (აგრიპინა უმცროსი, იულია დრუზილა და იულია ლივილა[2]). იგი იყო კლავდიუსის, მომავალი იმპერატორის ძმისწული.[3]

აგრიპინა უმცროსი მარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის ქალიშვილი იყო[2] და ამდენად, დედის მხრიდან, ავგუსტუსისა და სკრიბონიას შვილიშვილი. აგრიპინას ხაზით, ავგუსტუსი გაიუსის დიდი პაპა იყო.[2]

სიყმაწვილე და ადრეული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალიგა.
თავდაპირველ ფერებში აღდგენილი კალიგულას მარმარილოს ბიუსტი. ფერების დადგენა მარმარილოში შემორჩენილი ნაწილაკების საშუალებით მოხერხდა.
იულია დრუზილა, კალიგულას და

როდესაც გაიუსი ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის იყო, იგი თან ახლდა მამას, გერმანიკუსს ჩრდილოეთ გერმანიაში მოწყობილ ლაშქრობაში.[4] ჯარისკაცები აღაფრთოვანა იმან, რომ გაიუსი მეომრის მინიატურულ აღჭურვილობაში იყო გამოწყობილი და ჩექმები და ჯავშანიც კი ეცვა.[4] ცოტა ხანში სწორედ ამ ჩექმების გამო მიიღო მან თავისი ცნობილი მეტსახელი, კალიგულა, რომელიც ლათინურად „პატარა (ჯარისკაცის) ჩექმებს“ ნიშნავს.[5] თუმცაღა უნდა ითქვას, რომ გავრცელებული ცნობებით, გაიუსი ისე გაიზარდა, რომ ეს მეტსახელი სულაც არ მოსწონდა.[6]

სვეტონიუსი ამტკიცებს, რომ გერმანიკუსი სირიაში ტიბერიუსის აგენტმა მოწამლა, რომელიც მას პოლიტიკურ მეტოქედ მიიჩნევდა.[7]

მამის გარდაცვალების შემდეგ კალიგულა დედასთან ერთად ცხოვრობდა, სანამ ამ უკანასკნელის ტიბერიუსთან ურთიერთობა არ გაუარესდა.[8] ტიბერიუსი ნებას არ დართავდა აგრიპინას ხელახლა დაქორწინებულიყო, რადგანაც ეშინოდა რომ მისი ახალი ქმარი იმპერატორისთვის მეტოქედ იქცეოდა.[9] 29 წელს აგრიპინა და კალიგულას ძმა, ნერონი, ღალატის ბრალდებით გააძევეს.[10][11]

სიჭაბუკის ასაკში კალიგულა თავის დიდ ბებიასთან (და ტიბერიუსის დედასთან), ლივიასთან გაგზავნეს საცხოვრებლად.[8] ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ გაიუსი საცხოვრებლად ბებიასთან, ანტონიასთან გაგზავნეს.[8] 30 წელს მისი ძმა დრუზუს კეისარი ღალატის ბრალდებით დაატუსაღეს, მეორე ძმა კი, ნერონი, გადასახლებაში გარდაიცვალა შიმშილით ან თვითმკვლელობის შედეგად.[11][12] სვეტონიუსი წერს, რომ დედისა და ძმების განდევნის შემდეგ კალიგულა და მისი დები ტიბერიუსის პატიმრები იყვნენ და მეტი არაფერი, რომლებიც ჯარისკაცების ახლო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.[13]

31 წელს კალიგულა ტიბერიუსის პირადი ყურადღების ქვეშ კაპრიზე გადაიყვანეს, სადაც მან ექვსი წელი გაატარა.[8] ბევრის გასაოცრად, ტიბერიუსმა გაიუსი შეიწყალა.[14] ისტორიკოსების თანახმად, კალიგულა შესანიშნავი ბუნებრივი მსახიობი იყო და საფრთხის გააზრების გამო ტიბერიუსის მიმართ არსებულ ყოველგვარ გულისწყრომას მალავდა.[8][15] მისი მაყურებელი იტყოდა, რომ „ქვეყნად არ იყო მასზე უკეთესი მონა და მასზე უარესი ხელმწიფე.“[8][15]

კალიგულა ამტკიცებდა, რომ იგი ტიბერიუსის მოკვლას აპირებდა ხანჯლით, რათა შური ეძია დედისა და ძმისათვის, თუმცაღა იმპერატორის საძინებელში იარაღის შეტანის შემდეგ, მისი მოკვლის ნაცვლად იგი იატაკზე დააგდო. შესაძლებელია ტიბერიუსმა იცოდა ამის შესახებ, თუმცაღა ამასთან დაკავშირებით არასდროს არაფერი მოუმოქმედებია.[16] სვეტონიუსი ამტკიცებს, რომ კალიგულა ამ დროისთვის უკვე სასტიკი და ბიწიერი იყო. იგი წერს, რომ ტიბერიუსის მიერ მისი კაპრიზე წაყვანის მიზანი იყო ის, რომ მისთვის სიცოცხლის უფლება მიეცა, რათა დაემტკიცებინა, რომ „გაიუსი ცხოვრობს საკუთარი თავის და სხვების დასაღუპად, და რომ ექიდნეს ზრდის რომის ხალხისთვის და ფაეტონს მთელი დედამიწის წრისათვის.“[17]

33 წელს ტიბერიუსმა მას საპატიო კვესტორობა უბოძა, თანამდებობა, რომელსაც იგი იმპერატორის ტახტზე ასვლამდე ფლობდა.[18] ამასობაში კალიგულას დედაც და ძმაც ციხეში გარდაიცვალნენ.[19][20] გაიუსი მოკლე ხანში, 33 წელს, იუნია კლავდილაზე დაქორწინდა, რომელიც მომდევნო წელს მშობიარობას გადაყვა.[21] კალიგულა მნიშვნელოვანი მოკავშირის, პრეტორიანელთა პრეფექტის, ნევიუს სუტორიუს მაკრონის დამეგობრებას ცდილობდა.[21] მაკრონი დადებითად საუბრობდა კალიგულაზე ტიბერიუსთან და ცდილობდა აღმოეფხვრა ნებისმიერი ბოროტი განზრახვა ან ეჭვი, რომელიც იმპერატორს კალიგულას მიმართ ჰქონდა.[22]

35 წელს კალიგულა ტიბერიუს გემელუსთან ერთად ტიბერიუსის მემკვიდრედ გამოცხადდა.[23]

მმართველობის ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

37 წლის 16 მარტს, ტიბერიუსის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება და ტიტულები კალიგულასა და გარდაცვლილი იმპერატორის შვილიშვილს, გემელუსს ერგოთ, რომლებსაც მემკვიდრეობა ერთობლივად უნდა ემართათ. მიუხედავად იმისა, რომ ტიბერიუსი გარდაცვალების მომენტში 77 წლის იყო, ანტიკური პერიოდის ზოგიერთი ისტორიკოსი მაინც ვარაუდობს, რომ იგი მოკლეს.[21][24] ტაციტუსი მიუთითებს, რომ პრეტორიანელთა პრეფექტმა, მაკრონმა, ტიბერიუსი ბალიშით დაახრჩო, რათა კალიგულას ტახტზე ასვლა დაეჩქარებინა, რამაც დიდად გაახარა რომაელი ხალხი,[24] ხოლო სვეტონიუსი აღნიშნავს, რომ მკვლელობა შესაძლოა თავად კალიგულას ჩაედინა, თუმცა ხსენებულს არ ადასტურებს არც ერთი სხვა ანტიკური პერიოდის ისტორიკოსი.[21] სენეკა უფროსი და ფილონი, რომლებმაც თავიანთი ნაშრომები ტიბერიუსის ზეობისას დაწერეს, ისევე, როგორც იოსებ ფლავიუსი, მიიჩნევენ, რომ ტიბერიუსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.[25] მაკრონის მხარდაჭერით, სიგიჟის მომიზეზებით, კალიგულამ გააუქმა ტიბერიუსის ანდერძის ის ნაწილი, რომელიც გემელუსის მემკვიდრეობას ეხებოდა, გარდაცვლილი იმპერატორის დანარჩენი სურვილები კი აღასრულა.[26]

კალიგულამ მიიღო სენატის მიერ ნაბოძები პრინცეპსის ძალაუფლება და 28 მარტს ბრბოსთან ერთად რომში შევიდა, რომელიც ესალმებოდა როგორც „შვილსა“ და „ვარსკვლავს“ სხვა მეტსახელებთან ერთად.[27] კალიგულას აღწერდნენ, როგორც პირველ იმპერატორს, რომლითაც აღტაცებული იყო „ყველა მსოფლიოში, მზის აღმოსავალიდან დასავალამდე“.[28] ბევრის მიერ კალიგულასადმი სიყვარულს ის ფაქტი განაპირობებდა, რომ იგი უაღრესად პოპულარული გერმანიკუსის ვაჟი იყო,[27] ასევე ისიც, რომ ის ტიბერიუსი არ იყო.[29] სვეტონიუსი ამბობს, რომ კალიგულას გაიმპერატორებისას სახალხო გართობებს 160 000-მდე ცხოველი შეეწირა.[30][31] ფილონი კალიგულას ზეობის პირველ შვიდ თვეს სრულყოფილი ნეტარების ხანად აღწერს.[32]

  1. Paola Brandizzi Vittucci, Antium: Anzio e Nettuno in epoca romana, Roma, Bardi, 2000 ISBN 88-85699-83-9
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 7.
  3. Cassius Dio, Roman History LIX.6.
  4. 4.0 4.1 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 9.
  5. "Caligula" is formed from the Latin word caliga, meaning soldier's boot, and the diminutive infix -ul.
  6. Seneca the Younger, On the Firmness of a Wise Person XVIII 2–5. See Malloch, 'Gaius and the nobiles', Athenaeum (2009).
  7. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 2.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 10.
  9. Tacitus, Annals IV.52.
  10. Tacitus, Annals V.3.
  11. 11.0 11.1 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Tiberius 54.
  12. Tacitus, Annals V.10.
  13. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Tiberius 64.
  14. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Tiberius 62.
  15. 15.0 15.1 Tacitus, Annals VI.20.
  16. The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 12
  17. The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 11
  18. Cassius Dio, Roman History LVII.23.
  19. Tacitus, Annals VI.25.
  20. Tacitus, Annals VI.23.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 12.
  22. Philo of Alexandria, On the Embassy to Gaius VI.35.
  23. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Tiberius 76.
  24. 24.0 24.1 Tacitus, Annals VI.50.
  25. Philo of Alexandria, On the Embassy to Gaius IV.25; Josephus, Antiquities of the Jews XIII.6.9.
  26. Cassius Dio, Roman History LIX.1.
  27. 27.0 27.1 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 13.
  28. Philo of Alexandria, On the Embassy to Gaius II.10.
  29. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Tiberius 75.
  30. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Caligula 14.
  31. Philo mentions widespread sacrifice, but no estimation on the degree, Philo of Alexandria, On the Embassy to Gaius II.12.
  32. Philo of Alexandria, On the Embassy to Gaius II.13.
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
იულიუს კეისარი | ოქტავიანე ავგუსტუსი | ტიბერიუსი | კალიგულა | კლავდიუსი | ნერონი
წინამორბედი:
ტიბერიუსი
რომის იმპერატორი

37–41
შემდეგი:
კლავდიუსი