იახსრის ხატი (დართლო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იახსრის ხატი.
იახსრის ხატი
იახსრის ხატი (დართლო) — საქართველო
იახსრის ხატი (დართლო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°26′16″ ჩ. გ. 45°35′11″ ა. გ. / 42.43778° ჩ. გ. 45.58639° ა. გ. / 42.43778; 45.58639
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

იახსრის ხატი — კომპლექსი, სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ დართლოს აღმოსავლეთით, დართლოს მთის კალთაზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იახსარი წარმართული ღვთაებაა. საკულტო ცენტრი ფშავში იყო. ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით, იგი ავსულებთან (დევები, ქაჯები, ეშმაკები) შეურიგებელი მებრძოლია, საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველი. იახსრის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისგან ბოროტი ძალის განდევნას, არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპული, მეხდაცემული, წყალში დამხრჩვალი) „სულის გამოხსნას“ და ასე შემდეგ.

ხატის კომპლექსში შედის: დარბაზი, საბრძანისი, სადროშე კოშკი, მილიონა, ხატის ტყე და ყანები, საქალებო მხარე, რომლისკენაც მიდის საქალებო ბილიკი; იგი ეყრება საკაცებო ბილიკს, რომელიც ხატის ნაგებობას უვლის დასავლეთ მხრიდან. დარბაზი, საბრძანისი და მილიონა ნაგებია ფიქლით, სადროშე კოშკი - ქვითკირით. ყველა ნაგებობის წყობა, გარდა სადროშე კოშკისა, მშრალია.

დარბაზი მოგრძო სათავსია. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარის თაღი შეისრულია. შიგნით, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა ნიშია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ხის ძელებზე დაწყობილი ფიქლის მოზრდილი ფილებით.

საბრძანისი მოქცეულია დარბაზსა და სადროშე კოშკს შორის. ვიწრო და დაბალი შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. შესასვლელს აფარებული აქვს სიპი. სათავსში დაბრძანებული იყო დროშა.

სადროშე კოშკი უშუალოდ საბრძანისზეა მიდგმული. იგი ოთხკუთხა პრიზმის ფორმის ყრუ ნაგებობაა. მის აღმოსავლეთ წახნაგში პატარა სასანთლე ნიშია. ნაგებობას პირამიდისებრი ექვსსაფეხურიანი სახურავი აქვს.

მილიონა სადროშე კოშკის მსგავსი ნაგებობაა, დგას სადროშე კოშკის აღმოსავლეთით რამდენიმე ნაბიჯზე. გადახურულია საფეხუროვანი პირამიდით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]