ბაიკალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაიკალი
რუს. Байкал
შამან-კლდე ოლხონის კუნძულზე
შამან-კლდე ოლხონის კუნძულზე
კოორდინატები:

53°13′00″ ჩ. გ. 107°45′00″ ა. გ. / 

მდებარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირი
რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია
სიმაღლე ზღვის დონიდან 455,5[1] 
სიგრძე 636 კმ
სიგანე 80 კმ
ფართობი 31 722[1] კმ²
მოცულობა 23 615,390[1] კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 2100 კმ
მაქსიმალური სიღრმე 1642 
საშუალო სიღრმე 744,4[1] 
გამჭირვალობა 40 მ, სიღრმეზე — 60-მდე 
ჩამდინარე მდინარეები სელენგე, ზედა ანგარა, ბარგუზინი და ა.შ.
სულ 336
გამომდინარე მდინარე ანგარა
მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა

ბაიკალი მდებარეობა რუსეთი

Blue pog.svg
ბაიკალი
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ბაიკალი (რუს. Байкал; ბურ. Байгал далай, Байгал нуур) — ტექტონიკური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი1 მაისი), ტბა იყინება [2]. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი[3].

[რედაქტირება] რელიეფი

ბაიკალის სანაპირო.
ბაიკალის ტბის ერთ-ერთი მონაკვეთი.
ბაიკალი გაზაფხულზე.

ბაიკალის ტბას გააჩნია წაგრძელებული ნამგლისებური ფორმა. მისი უკიდურესი წერტილები მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 51° 29′ (მურინო) და 55° 46′ (კიჩერის შესართავი) და სამხრეთ გრძედის 103° 44′ (კულტუკი) და 109° 51′ (დაგარის უბე) შორის. ტბის უდიდესი სიგრძეა 636 კმ, მაქსიმალური სიგანე 79,5 კმ, მინიმალური სიგანე 25 კმ.

წყალშემკრები აუზის ფართობია 570 კმ², რომელიც საკუთრივ ტბის ფართობთან მიმართებაში ძალზე არათანაბრადაა გავრცელებული. მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ამ ფართობის საზღვარი გადის ტბის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი შემოზღუდულია თითქმის ყველგან წყალგამყოფი მთებით, რომელიც ტბიდანაც მოჩანს. უშუალოდ ამ წყალგამყოფთან მიდის მდინარე ლენის აუზი, რომელიც ბაიკალის ტბის სანაპიროდან სულ რაღაც 7 კილომეტრში იღებს სათავეს, პოკოინიკის კონცხთან. წყალშემკრები აუზი ყველაზე მეტად გავრცელებულია სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდინარე სელენგის აუზის მხარეს. მდინარე სელენგის აუზის ფართობია 469940 კმ², რომელზედაც მოდის მთელი ბაიკალის ტბის წყალშემკრები აუზის 83.4%. შემდეგ მოდის მდინარე ბარგუზინი, რომლის აუზის ფართობი შეადგენს 20025 კმ²-ს და შეადგენს ბაიკალის ტბის წყალშემკრები აუზის 3.5%-ს. დანარჩენ შენაკადებს უკავიათ 72035 კმ², რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს 13.1%-ს.

საკუთრივ ბაიკალის ტბა მდებარეობს შედარებით არაფართო ქვაბულში, რომელიც შემოსაზღვრულია კლდოვანი მთათა ჯგუფით, კერძოდ, საიანის განშტოებებით, რომელიც ადგილ-ადგილ ჩაჭრილია შედარებით ვიწრო მდინარეული ხეობებით, რომლებიც ტბაში ჩაედინებიან. სამხრეთით, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, გადაჭიმულია ხამარ-დაბანის ქედი (სიმაღლე 2000 მ-მდე), რომლის მწვერვალები თითქმის მთელი წლის განმავლობაში თოვლითაა დაფარული.

სამხრეთი ბაიკალის დასავლეთ ნაპირებთან ვრცელდება ბაიკალისპირეთის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრია. მცირე ზღვიდან დაწყებული ბაიკალის დასავლეთი ნაპირების უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებამდე გადაჭიმულია ბაიკალის ქედი, რომლის სიგრძე 300 კმ-ია, ხოლო სიმაღლე 2572 მ-მდე (მთა ჩერსკი). ბაიკალის ტბისკენ მოქცეული კალთები ციცაბოა, 900-1000 მ-მდე დაფარულია ტყესტეპით და ფიჭვის კორომებით. ბაიკალის ქედის თითქმის მთელ სიგრძეზე აღმართული მწვერვალები მარადი თოვლითაა დაფარული, ხოლო მრავალ ადგილას შეინიშნება ძველი მყინვარების კვლები. ქედი გადაკვეთილია რიგი ღრმა ჩაჭრილი ხეობით, რომლებშიც მთის ნაკადები გაედინება. ლანდშაფტების თვალსაზრისით ბაიკალის ტბის ჩრდილოეთის მონაკვეთის დასავლეთი ნაპირები არის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი რაიონი მთელ ბაიკალზე. აღმოსავლეთ ნაპირებთან, დაწყებული ჩივირკუის ყურიდან ტბის უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებამდე გადაჭიმულია ბარგუზინის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრია. ქედის მთისწინეთები მიკრულია ტბის ნაპირებთან, რომლებიც ადგილ-ადგილ ქმნიან კლდოვან მთებს.

ბაიკალის ტბის სანაპირო ხაზის ყველაზე უფრო მეტად გამოკვეთილი ნახევარკუნძულია სვიატოი-ნოსი, რომელიც ბარგუზინისა და ჩივირკუის ყურეებს შორისაა მოქცეული. სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძული, რომელიც მასიური კლდოვანი სახითაა წარმოდგენილი და ზღვის დონიდან ამაღლებულია 1684 მეტრამდე ტბის ნაპირებთან ეშვება ციცაბო კლდოვანი კალთებით. ეჭვს არ იწვევს, რომ წარსულში სვიატოი-ნონის ნახევარკუნძული იყო კუნძული, ხოლო ჩივირკუისა და ბარგუზინის ყურეების წყლები ქმნიდნენ საერთო ყურეს, რომლებიც შემდგომ აივსო მდინარე ბარგუზინის ნაყარით. ბაიკალის ტბაზე არის 19 მუდმივი კუნძული, რომელთგან უდიდესია ოლხონი. უკანასკნელის სიგრძეა 71,7 კმ, ფართობი 729, 4 კვ.კმ. ოლხონი კონტინეტისაგან გამოყოფილია ერთ კილომეტრზე ნაკლები სიგანის სრუტით, რომელსაც „ოლხონის ჭიშკარი“ ეწოდება. აღსანიშნავია აგრეთვე უშკანის კუნძულების ჯგუფი, რომელიც ტბის დაახლოებით შუა ნაწილშია განლაგებული. აღნიშნული კუნძულთა ჯგუფი შედგება ოთხი კუნძულისაგან, რომელთაგან უდიდესია დიდი უშკანის კუნძული (ფართობი 9,41 კვ. კმ). დანარჩენი (ვიწრო, მრგვალი და გრძელი უშკანის კუნძულების) ფართობი არ აღემატება ნახევარ კვადრატულ კილომეტრსაც. დიდი უშკანის კუნძულის სიმაღლეა 150 მეტრი, ხოლო დანარჩენი კუნძულების სიმაღლე სულ რამდენიმე მეტრია. უშკანის კუნძულების ჯგუფი კდლოვანია, აგებულია ძირითადად კირქვებით, დაფარულია ხშირი ტყით. აღნიშნული ყველა კუნძული ძლიერ ნგრევას ექვემდებარება.

სულ ბაიკალის ტბაში 27 კუნძულია, რომელთაგან 5 ხანგამოშვებით წყლის იფარება, ხოლო დანარჩენი კუნძულები მუდმივია. ჩივირკუის ყურეში მდებარეობს 4 მომცრო კუნძული, მცირე ზღვაში 6 კუნძულია, დანარჩენი მომცრო კუნძულები ბაიკალის ტბის ნაპირების სიახლოვესაა. ბაიკალის ტბის კუნძულების საერთო ფართობია 742, კვ.კმ. მათი დიდი ნაწილი დიდი კონცხების ერთობლიობაა, გარდა ამისა, ბაიკალზე არის რამდენიმე დაბალი ქვიშიანი კუნძული, რომელიც წყლით იფარება.

ყურეები და უბეები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია მცირე გემების სადგომად, ბაიკალის ტბაზე იშვიათი მოვლენაა, ამასთანავე ისინი განლაგებული არიან სანაპიროს გასწვრივ ძალზე არათანაბრად. ყველაზე დიდი ყურეები ჩივირკუისა და ბარგუზინისა წარმოქმნილი არიან სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულის ტბაში ღრმად შემოჭრის ხარჯზე. თითქმის ყურეს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული მცირე ზღვა, რომელიც ღია ბაიკალიდან გამოყოფილია ოლხონის კუნძულით და პროვალის ყურით. თვალწარმტაცი ლანდშაფტებით არის განთქმული პესჩანაიას და ბაბუშკის ყურეები სამხრეთ ბაიკალში. თავისებურ ყურეების ჯგუფს ქმნიან (უფრო ზუსტად ლაგუნებს) პოსოლისა და ისტოკის უბეები (ბაიკალზე მათ "სორებს" უწოდებენ), რომლებიც ბაიკალიდან გამოყოფილი არიან ხმელეთის ვიწრო მონაკვეთებით. აღსანიშნავია ანგარის სორი. სორები გვხვდება აგრეთვე ჩივირკუის ყურეში. თითოეული მათგანი ბაიკალიდან გამოყოფილია ვიწრო ხაზობრივი ნაყარით; ზოგჯერ სორები დიდწყლიანობის დროს სავსებით წყლითაა დაფარული. ბაიკალის ტბის სანაპიროს მრავალ ადგილას ეშვება რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის კლდეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოსნოვკისა და ჩივირკუის ყურის მონაკვეთი, აგრეთვე მონაკვეთი ონგურენისა და კოჩერიკოვსკის კონცხს შორის.

ბაიკალის ტბის ფსკერის რელიეფი იყოფა 3 ძირითად ნაწილად - სამხრეთის ღრმული, შუა ღრმული და ჩრდილოეთის ღრმული.

პირველი მათგანია - სამხრეთი ღრმული, რომელიც იკავებს მთელ სამხრეთ ბაიკალს. ამ ღრმულის მაქსიმალური სიღრმე აღწევს 1473 მეტრს, საშუალო სიღრმე 810 მეტრია. სამხრეთ ღრმულში ტბის დანალექებმა არც თუ ისე შეარბილეს ფსკერის პირვანდელი რელიეფი. ფსკერზე გვხვდება წყალქვეშა ჭიუხები, რომლებიც მკვეთად არის გამოყოფილი ღრმულის იმ ნაწილში, რომელიც მდინარე სელენგის დელტისკენაა მიქცეული; ჭიუხები აქ სელენგის ნაყარითაა დაფარული. ერთ-ერთი ჭიუხი ზედაპირზე იმდენად არის ამოწეული, რომ სოფლებს გოლოუსტნისა და პოსოლსკის შორის წარმოქმნის თავთხელს, რომელშიც სიღრმე მხოლოდ 94 მეტრია. აღნიშნული თავთხელი, სავარაუდოდ, წარმოადგენს კუნძულ სტოლბოვის რელიქტს, რომელიც ბაიკალის წყლებით იყო დანგრეული.

ბაიკალის ტბაში გამოიყოფა აგრეთვე შუა ღრმული, რომელიც სამხრეთის ღრმულის გადაკვეთის ადგილზე სიღრმეში 428 მეტრს აღწევს. შუა ღრმულში ბაიკალის ტბა აღწევს თავის მაქსიმალურ სიღრმეს - 1741 მ-ს. აღნიშნული სიღრმე განლაგებულია ოლხონის კუნძულზე მდებარე უხანის კონცხის საპირისპიროდ 10 კილომეტრის მანძილზე. შუა ღრმულის საშუალო სიღრმეა 803 მ. გამოკვეთილი ჩაღრმავებები მდებარეობს ოლხონის კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ფსკერზე; დიდი სიღრმეები აღრიცხულია აგრეთვე უშკანის კუნძულების აღმოსავლეთ რაიონში, სადაც ფსკერის ზოგიერთ მონაკვეთზე დახრის კუთხის სიდიდე 80-ზე მეტრია. ფსკერის რელიეფის განსაკუთრებული სირთულე ახასიათებს ბარგუზინის ყურეს, რომელიც წარმოადგენს შუა ღრმულის შემადგენელს ნაწილს. წყალქვეშა ქედებით იგი გაყოფილია ორ ღრმულად. შუა ღრმული ჩრდილოეთი ღრმულისაგან გამოყოფილია აკადემიის ქედის მეშვეობით, რომელიც გადაჭიმულია ოლხონის კუნძულის ჩრდილოეთი დაბოლოებიდან უშკანის კუნძულებამდე და შემდეგ გრძელდება ვალუკანის კონცხამდე. ამრიგად, უშკანის კუნძულები წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ წყლის ზედაპირზე ამოზიდულ აკადემიის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს. ქედის კალთები ციცაბოდ ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ბაიკალის ტბის შუა ღრმულის რაიონამდე და ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ ჩრდილოეთი ღრმულისაკენ.

ჩრდილოეთი ღრმული იკავებს სივრცეს, რომელიც ვრცელდება აკადემიის ქედის ჩრდილოეთით და მოიცავს მცირე ზღვის აკვატორიას. ღრმულის მაქსიმალური სიღრმე უდრის 988 მ-ს, საშუალო სიღრმე - 564 მ-ს. ჩრდილოეთი ღრმულისათვის დამახასიათებელია ფსკერის ნაზი რელიეფი, რომლის სიღრმეები იზრდება მცირე ზღვის სამხრეთი მონაკვეთიდან კოტელნიკოვის კონცხის რაიონამდე. ღრმულის დასავლეთი ნაპირების სიახლოვეს ფსკერი უფრო ციცაბოდ ეშვება სიღრმეში, ვიდრე აღმოსავლეთ ნაპირებთან, სადაც დამახასიათებელია მნიშვნელოვანი მცირე სიღრმეები. ბაიკალის ტბის ფსკერის ზედაპირის დიდი ნაწილი (100 მეტრზე მეტი სიღრმეები) დაფარულია სქელი ფენის დანალექი შლამით, რომელიც ძირითადად შედგება მრავალრიცხოვანი მცენარეული ნარჩენებისაგან. ზოგან, მაგალითად, აკადემიის ქედზე, ბაიკალის ფსკერი შედგება დედაქანისაგან, მოიპოვება აგრეთვე ფსკერის ისეთი მონაკვეთები, სადაც დიდ სიღრმეებზე შეიძლება შევხვდეთ რიყის ქვებსა და კენჭებს. ბაიკალის მცირე სიღრმეების დიდი ნაწილი (განსაკუთრებით მდინარეთა დელტისკენ მოქცეული მონაკვეთები) შედგება ქვიშისგან ან ისეთი ქვიშისაგან, რომელიც შლამთან ერთადაა აღრეული. ნაპირებთან უფრო ახლოს მდებარე ფსკერის მონაკვეთები უმეტესწილად დაფარულია ქვებით და ასე თუ ისე მსხვილი კენჭით. მხოლოდ ფსკერის მცირეოდენი მონაკვეთებია ისეთი, რომლებიც ქვიშითაა დაფარული.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე


[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 A new bathymetric map of Lake Baikal. INTAS Project 99-1669. Ghent University, Ghent, Belgium; Consolidated Research Group on Marine Geosciences (CRG-MG), University of Barcelona, Spain; Limnological Institute of the Siberian Branch of the Russian Academy of Sciences, Irkutsk, Russian Federation; State Science Research Navigation-Hydrographic Institute of the Ministry of Defense, St. Petersburg, Russian Federation. Morphometric data. [1]
  2. Озеро Байкал, myedge.ru — ირკუტსკის ოლქის ღირსშესან. (რუსული).
  3. ირკუტსკის ოლქის ელექტროენერგია, მეცნიერება ციმბირში (რუსული).


იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 754
რუს.ინგლ.ფრ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე