მცირე ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდე „მცირე ზღვაში“

„მცირე ზღვა“ (რუს. Малое Море) — ბაიკალის აკვატორიის ნაწილი, თითქმის ყურე, რომელიც ღია ბაიკალიდან გამოყოფილია ოლხონის კუნძულით და პროვალის ყურით. სიგრძე დაახლოებით 70 კმ, სიგანე 5-იდან 16 კმ-მდე. ჩრდილოეთ ნაწილში წყლის სიღრმე 210 მ აღწევს. ნაპირები ამაღლებულია. ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ ვრცელდება ზღვისპირა ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1746 მ-მდეა. არის კუნძულები და კონცხები. კლიმატი საერთო ტბის ჰავასთან შედარებით რბილია. დამახასიათებელია სტეპური მცენარეულობა. ერთვის მდინარე სარმა. განვითარებულია თევზჭერა. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება ზუთხი, გოლომიანკა, ბაიკალური ომული, სიგი, ქორჭილა და სხვ. ნაპირებზე მდებარეობს რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომელთა შორის აღსანიშნავია: ხუჟირი, ხარანცი, პესჩანაია. არის მრავალრიცხოვანი ტურბაზები. „მცირე ზღვა“ მოქცეულია იმიერბაიკალეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

სამხრეთ-დასავლეთით გამოიყოფა მცირე ყურე მუხორი. აქვე იწყება „ოლხონის ჭიშკარი“, რომლის მეშვეობით „მცირე ზღვა“ უერთდება ბაიკალის დანარჩენ ნაწილს. სანაპირო წარმტაცი ლანდშაფტებით გამოირჩევა. ბურიატები „მცირე ზღვას“ ნარინ დალაის უწოდებენ, რათ ითარგმნება როგორც „ვიწრო ზღვა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]