ლენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ლენა (მდინარე))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლენა
Lena watershed.png
მდინარე ლენას აუზი
ქვეყნები რუსეთი
ქალაქები უსტ-კუტი, ვიტიმი, ლენსკი, იაკუტსკი
სათავე ბაიკალის ქედი
სიგრძე 4400 კმ
აუზის ფართობი 2 490 000 კმ²

ლენა (იაკუტ. Өлүөнэ – დიდი მდინარე) — მდინარე რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ერთვის ლაპტევების ზღვას. რუსეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მდინარე, სიგრძე 4400 კმ. აუზის ფართობი 2 490 ათ. კმ2.

ძირითადად მდინარე მიედინება იაკუტიის რესპუბლიკისა ტერიტორიაზე, ხოლო ლენის შენაკადების ნაწილი ეკუთვნის ირკუტსკის ოლქს, იმიერბაიკალეთის მხარეს და რესპუბლიკა ბურიატეთიას. სათავე აქვს ბაიკალის ქედის დასავლეთ კალთაზე მდებარე ტბაში, ზღვის დონიდან 930 მეტრ სიმაღლეზე.

ლენის აუზის დიდი ნაწილი მრავალწლოვანი მზრალი ქანების გავრცელების მხარეშია და დაფარულია ტაიგით. ლენის ზემოთი და მარჯვენა შენაკადთა აუზების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ბაიკალისპირა, იმიერბაიკალისა და ალდანის მთიან რაიონებს, მარცხენანაპირეთის ძირითადი ნაწილი შუა ციმბირის ზეგანზეა.

ხეობისა და კალაპოტის ხასიათის მიხედვით ლენა 3 ნაწილად იყოფა:ზემო დინებაში (სათავიდან მდინარე ვიტიმის შესართავამდე) ხეობა ვიწრო, ღრმა და კლდოვანია, სიგანე 2-დან 10 კმ-მდეა. ალაგ-ალაგ 200 მეტრამდე ვიწროვდება. შუა დინებაში (მდინარეების ვიტიმისა და ალდანის შესართავებს შორის) მდინარის კალაპოტის სიგანე 2 კმ-მდეა, ხეობისა 30 კმ-მდე. მდინარე ოლიოკმის შესართავს ქვემოთ ხეობა კირქვებშია ჩაჭრილი და უცნაური ფორმის ციცაბო კლდოვანი ფერდობები აქვს (აქაა ე.წ. „ლენის სვეტები“). ქვემო დინება (მდინარე ალდანის შეერთებიდან შესართავამდე) ცენტრალური იაკუტიის დაბლობზეა. ხეობა კვლავ განივრდება 20-25 კილომეტრამდე, ჭალის სიგანე 7-15 კმ. მდინარის სიღრმე 16-20 მ აღწევს. ჭალაში მრავალი ტბა და ჭაობია. შესართავში ლენა იტოტება და აჩენს დელტას (ფართობი 30 ათ. კმ2). ნაოსნობისათვის მნიშვნელოვანია ბიკოვის ფშანი (სიგრძე 106 კმ.), რომელიც ლენას ტიქსის უბესთან აერთებს.

ლენას მთავარი შენაკადებია:

ლენა უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - ზაფხულში, წყალმცირეა - ზამთარში. წყლიანობით ლენა მეორე ადგილზეა რუსეთში (მდინარე ენისეის შემდეგ). საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17 ათ. მ3/წმ, მაქსიმალური 200 ათ. მ3/წმ. ლენას ლაპტევების ზღვაში წლიურად ჩააქვს 540 კმ3 წყალი, 12 მილიონი ტ მყარი ნატანი და 41 მლნ. ტ გახსნილი ნივთიერება. ზემო დინებაში იყინება ოქტომბრის ბოლოს, ქვემო დინებაში სექტემბრის ბოლოს; ყინულძვრა შესაბამისად მაისის დასაწყისსა და ივლისის დასაწყისშია. გაზაფხულის ყინულსვლის დროს ჩნდება ყინულხერგილები, რაც წყლის დონის მკვეთრ აწევას იწვევს.

ლენა სანაოსნოა კაჩუგიდან შესართავამდე. ნავიგაცია გრძელდება ზემოთში 160 დღემდე, ქვემოთში 120 დღემდე. მთავარი ნავმისადგომებია: კაჩუგი, ჟიგალოვო, უსტ-კუტი, კირენსკი, ვიტიმი, ლენსკი, ოლიოკმინსკი, იაკუტსკი, ჟიგანსკი, ბულუნი. შენაკადებიდან სანაოსნოა: კირენგა, ოლიოკმა, ვიტიმი, ალდანი, ვილიუი.

ლენის აუზის მდინარეები მდიდარია ჰიდროენერგიით. ვილიუისა და მამაკანზე აგებულია ჰესები. ლენის აუზშია ოქროს, ალმასის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირის, რკინის მადნის, ქარსის და სხვა საბადოები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლენა&oldid=2686011“-დან