ანგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგარა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე ბაიკალი
51°52′00″ ჩ. გ. 104°49′10″ ა. გ. / 51.86667° ჩ. გ. 104.81944° ა. გ. / 51.86667; 104.81944
სიგრძე 1779 კმ
აუზის ფართობი 1 040 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ანგარა ვიკისაწყობში

ანგარა (რუს. Ангара; უწინ ქვემო დინებაში ზემო ტუნგუსკა ეწოდებოდა) — მდინარე რუსეთში. მიედინება აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე, ირკუტსკის ოლქსა და კრასნოიარსკის მხარეში. სიგრძე 1779 კმ, აუზის ფართობი 1 040 000 კმ². გამოედინება ბაიკალის ტბიდან, ერთვის მდინარე ენისეის მარჯვნიდან. მიედინება ჩრდილოეთისაკენ, შემდეგ დასავლეთის მიმართულებას იღებს. ზემო დინებაში ირკუტსკისა და ბრატსკის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ ძირითადად წყალსაცავად არის გადაქცეული. 56 კმ სიგრძეზე ქმნის ირკუტსკის წყალსაცავის ზედა ბიეფს, ხოლო დაახლოებით 524 კმ-ზე ბრატსკის წყალსაცავის მთავარ ნაწილს.

წყალსაცავებს შორის არსებულ მონაკვეთზე ხეობა ასიმეტრიული აღნაგობისაა, სადაც მარცხენა ფერდობი მაღალი და ციცაბოა, ხოლო მარჯვენა — დამრეცი. 1,5-2 კმ სიგანის კალაპოტი დაყოფილია კუნძულებად. შუა და ქვემო დინებაში ანგარა კვეთს შუა ციმბირის ზეგნის ინტრუზიულ ტრაპებსა და ენისეის ჭიუხს, რის გამოც ხეობა ზოგან ჭორომიანია. ანგარის წყლის რეჟიმს ძირითადად ბაიკალის ტბა და წყალსაცავები არეგულირებენ. ბაიკალის ტბის გარდა ანგარას ასაზრდოებს ატმოსფერული ნალექები (წვიმის წყალი, თოვლი). საშუალო წლიური ხარჯი ირკუტსკის ჰესთან 1700 მ³/წმ, ბრატსკის ჰესთან 2900 მ³/წმ, ხოლო შესართავთან 4500 მ³/წმ.

ანგარის ზემო დინებაში ყინულის საფარი იანვრის შუა რიცხვებში ჩნდება, ხოლო ყინულსვლა მაისის პირველ რიცხვებში იწყება. წყალშიგა ყინულები და თოში თოშხერგილებს აჩენს, რის გამოც წყლის დონე მდინარეში მერყეობს. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა — ილიმი, ჩადობეცი, ირკინეევა; მარცხენა — ირკუტი, კიტოი, ოკა, ია, ტასეევა და დიდი ბელაია. ქალაქ ირკუტსკიდან ბაიკალის ტბამდე და ბრატსკის ჰესამდე ნაოსნობა რეგულარულია. ანგარა მდიდარია თევზით. მოიპოვება თართი, ცქვრინი, კაპოეტი და სხვ. მთავარი ნავსადგურებია: ირკუტსკი, ანგარსკი, ბალაგანსკი, ბრატსკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]